„მაუწყებელი" დამოუკიდებელი ონლაინ მედია პლატფორმაა, რომელიც შეიქმნა იმ ადამიანების, თემებისა და ბრძოლების გასაშუქებლად, რომლებიც ხშირად დომინანტური მედიის დღის წესრიგს მიღმა რჩება. ჩვენი მიზანია კრიტიკული ჟურნალისტიკისა და სოციალური თხრობის საშუალებით საზოგადოებრივ დებატებში შემოვიტანოთ სოციალური უთანასწორობის, შრომითი ექსპლუატაციის, მიგრაციის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხები.

„მაუწყებელი" მუშაობს პრინციპით, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის, არამედ პასუხისმგებლობა, ზრუნვა და წინააღმდეგობის ფორმაა. ჩვენ ვაკავშირებთ ყოველდღიურობას ფართო სტრუქტურულ პროცესებთან — გლობალურ კაპიტალიზმთან, იმპერიალიზმსა და კოლონიალურ ძალაუფლების ფორმებთან, რომლებიც განსაზღვრავენ შრომის პირობებს, რესურსების განაწილებასა და ადამიანების გადაადგილებას. ჩვენ უარვყოფთ ნეიტრალურობის ილუზიას და ღიად ვიკავებთ მხარეს სოციალური სამართლიანობის სასარგებლოდ.

„მაუწყებელი" ფუნქციონირებს არაიერარქიული პრინციპებით. ჩვენ არ გვაქვს მკაცრი სარედაქციო ვერტიკალი, გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად, თანამშრომლობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის საფუძველზე. ეს მიდგომა წარმოადგენს როგორც სამუშაო მეთოდს, ისე პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც ეწინააღმდეგება ძალაუფლების კონცენტრაციასა და დახურულ ინსტიტუციურ სტრუქტურებს.

პლატფორმა მუშაობს დამოუკიდებლად, კომერციული და პოლიტიკური გავლენის გარეშე. „მაუწყებელი" არ ემსახურება ელიტურ ინტერესებს, ჩვენი ერთგულება მიმართულია საზოგადოებრივი ინტერესის, შრომითი ღირსებისა და სოციალური სამართლიანობისკენ.

ჩვენ გვჯერა, რომ მედია შეიძლება იყოს სივრცე სოლიდარობისთვის, კრიტიკული აზრისთვის და კოლექტიური წინააღმდეგობისთვის.