შერილ სენდბერგის „იმოქმედე:“ უთანასწორობის უხილავი სახეები

შერილ სენდბერგის „იმოქმედე:“ უთანასწორობის უხილავი სახეები

რეცენზიის ავტორი: ქრისტი ჟღენტი

25 თებერვალი 2024

გასულ საუკუნეში, როდესაც სუფრაჟისტებმა ქუჩები დაიკავეს, ისინი იბრძოდნენ სამყაროსთვის, სადაც ქალი და კაცი ნამდვილად თანასწორი იქნებოდა, სამყაროსთვის, თანასწორი შესაძლებლობებით, თანასწორი საზოგადოებრივი თუ სამუშაო სივრცეებით. მას შემდეგ საუკუნე გავიდა და თანასწორობა კვლავ მიუღწეველ მიზნად რჩება. შერილ სენდბერგის წიგნმა „იმოქმედე“ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამ ყველაფერზე. მართლაც და ვისზეა მორგებული საზოგადოებრივი სივრცეები?

ქალები თავს იკავებენ პროფესიულ გამოწვევებზე საუბრისგან, რადგან პრობლემებზე საჯარო მსჯელობა შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. ასე მაგალითად, კაცების ცხოვრების წესზე მორგებულ ანუ ანდროცენტრულ რეალობაში, რომელიც ქალის საჭიროებებს გამორიცხავს, ამ საჭიროებებზე საუბარი და მათი გათვალისწინება სპეციალური მოპყრობის მოთხოვნად აღიქმება. ვინაიდან კაცების მიერ განსზღვრული სტანდარტები ნორმად აღიქმება, ქალებს საზოგადოებრივ სფეროებში თვითგანხორციელებისთვის უწევთ ამ სტანდარტებზე „მორგება.“ შესაბამისად, პროფესიულ სფეროში ადამიანის საქმიანობა და ქცევა კვლავ კაცზესწორებული მიდგომებითა თუ სტანდარტითაა განისაზღვრული. შედეგად ჩნდება შიში, რომ ქალების პერსპექტივით დანახულ რეალობაზე ხმამაღლა საუბრისას, ქალის თვალთახედვა კვლავ მარგინალიზებული, ვიწრო ჯგუფის ხმად იქნება აღქმული, არადა მაგალითად თუნდაც ორსულობა ხომ კაცობრიობის არცთუ ისე მცირე ნაწილის გამოცდილებაა. მაშინ რატომ უნდა იტანჯებოდნენ ქალები სიჩუმეში და თავიანთ პრობლემებთან მარტო დაჩენილები, ცდილობდნენ კაცზესწორებულ სივრცეებზე მორგებას, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო გამოცდილება მათზე იყოს მორგებული? რატომ არ საუბრობენ ამაზე ხმამაღლა?

შერილ სენდბერგი საუბრობს ქალთა წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე, რაც თავისთავად ცვალებადია დროსა და სივრცეში. აი, თუნდაც პირველ თავს მოტივად გასდევს პროფესიული ამბიციის მიხედვით სქესთა შორის სხვაობა. შერილი ბებიის მაგალითზე გვიყვება წარსულის რეალობას. მაგალითად, თუ რა განსხვავებული მოლოდინები არსებობდა საზოგადოებაში ქალებისა და კაცებისაგან. თუ ბიჭის განათლება ოჯახის იმედი იყო, ფინანსური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გოგოებისგან ნაკლებად მოელოდნენ, რომ მათ წვლილი შეეტანათ ოჯახის შემოსავალში და პირველ რიგში, მათ ევალებოდათ “სათანადოდ სახლის” მართვა. შერილის ცხვორებაში კი იყო ბებია, ინდივიდუალური აქტორი, რომელმაც ყურადღება ყველა შვილისთვის, განურჩევლად სქესისა, განათლების ხელმისაწვდომობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა. მსგავსი წახალისების მიუხედავად, შერილის დედისთვის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არჩევანი მაინც, ქალისთვის მეტად “შესაფერისად“ მიჩნეულ, ორი საქმიანობით შემოიფარგლა: მასწავლებლობა ან ძიძობა. დედამ მასწავლებლობა აირჩია. ამ მიდგომებმა და გარემოებებმა განსაზღვრეს ქალთა ცხოვრება წლების განმავლობაში. შერილ სენდბერგი პროფესიული არჩევანის გენდერულ ასპექტებზე მსჯელობისას ყურადღებას ძირითადად დამოკიდებულებებსა და ცრუ წარმოდგენებზე ამახვილებს, ისევე როგორც ინდივიდუალური აქტორების როლზე, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩება სტრუქტურული შრეები, რომლებიც ამ განწყობებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან. მხოლოდ დამოკიდებულებებია, რაც ქალის პროფესიულ არჩევანს შემოსაზღვრავს თუ გარკვეული სტრუქტურული პირობები, მათ შორის მატერიალური, რაც განსაზღვრავს შრომის გენდერულ გადანაწილებას? ქალთა წინაშე არსებული შემზღუდავი ბარიერები ხომ მრავალგვარია?!

სენდბერგის თითქმის ყველა თანაკლასელი კაცი პროფესიულ სფეროშია დასაქმებული, ხოლო მისი თანაკლასელი ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობს სრულ განაკვეთზე ან ნახევარ განაკვეთზე სახლს გარეთ, ნაწილი კი დიასახლისი და მოხალისეა, მაგალითად, როგორც დედამისი. შერილი კარიერული წინსვლისთვის ხშირად რისკის საკუთარ თავზე აღების აუცილებლობაზეც გვიყვება, მათ შორის საკუთარი თავის ადვოკატირებაზე, მაგრამ ეს ის თვისებებია, რომელთა არა გამოვლენას, არამედ ჩახშობას ასწავლიან ქალებს. შესაბამისად, კარგი აკადემიური მიღწევების მქონე გოგოები, ავტომატურად არ გულისხმობს იმავე რაოდენობით მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულ ქალებს. ირონიულია, რომ ის პროცესი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს განათლებულ პროფესიონალებს, საწყის ეტაპზე თანაბრადაა კაცებითა და ქალებით დაკომპლექტებული, მაგრამ ამავე დროს, იგივე პროცესი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს უმეტესწილად კაცებს უთმობს.

ამ მოცემულობის განმაპირობებელ მრავალ მიზეზთა შორის, სენდბერგისთვის მთავარი პროფესიული ამბიციის მიხედვით სქესთა შორის სხვაობაა. რა თქმა უნდა, ბევრი ქალი ინდივიდუალურად, პროფესიულად ამბიციურია, როგორც ალბათ, ნებისმიერი კაცი, მაგრამ ობიექტური რეალობა კრიტიკული გადასინჯვის საჭიროებას კვლავ გვიტოვებს. მაგალითისთვის კი შერილს მოჰყავს, კოლეჯის სტუდენტების გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს, რომ სწავლის დამთავრებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში, უფრო მეტმა კაცმა აირჩია „მენეჯერულ დონეზე“ კარიერის გაგრძელება, ვიდრე ქალმა. განათლებულ, პროფესიონალ კაცებსა და ქალებს შორისაც კი, უფრო მეტი კაცი აღწერს საკუთარ თავს, როგორც „ამბიციურს“, ვიდრე ქალი. როდესაც, ეს ყველაფერი ტენდენციურ ხასიათს ატარებს, მნიშვნელოვანია შეფასდეს მსგავსი გადაწყვეტილების უკან მდგარი სტრუქტურული და სისტემური გარემო ფაქტორები, ის რაც აღრმავებს მსგავს ტენდენციას და ქმნის ჩაგვრის სისტემას.

სენდბერგი სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის შესახებ საუბრობს ერთ კვლევაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც ქალებს, რომლებსაც მორგებული აქვთ მრავალი როლი, თითქოს შფოთვის დაბალი დონე აქვთ და მენტალურად უფრო ძლიერები არიან, რაც დაკავშირებულია ფინანსური უსაფრთხოების, სტაბილური ქორწინების, უკეთესი ჯანმრთელობის და ზოგადად, ცხოვრების კმაყოფილების დონის ფაქტორებთან. ეს თავისთავად საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მოდით სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ ამბავს. სხვადასხვა როლის მორგება, შესაძლოა მართლაც პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს ზოგისთვის, თუმცა ყველა ქალისგან მრავალი როლის მორგების მოლოდინი, კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ ასიმეტრიას. ეს მიდგომა, რომ ქალს მრავალი როლი უნდა ჰქონდეს, რეალიზებული იყოს სამსახურსა და სახლშიც, კვლავ ახალი ტიპის სტანდარტებს უყენებს ქალებს. უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ქალთა სხვადასხვა ჯგუფებსაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ მრავალი როლის მორგება. ამასთან, სენდბერგისთვის გამოსავალი არა სახლის საქმის თანაბარი გადანაწილებაა, არამედ ისეთი პროფესიული ამბიციის ქონაა, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ქალს და სახლის საქმისგანაც ათავისუფლებს მას ამ საქმის დაქირავებულ მშრომელთან გადამისამართებით. ამგვარად, სენდბერგის ანალიზი უგულებელყოფს სახლის საქმის გენდერულ გადანაწილებას და მასზე დახარჯულ დროს, რომელსაც ნაკლებად პირივილეგირებული ქალები ვერავისთან გადაამისამართებენ. როგორც სილვია ფედერიჩი ამბობს, „თუ რაღაცების კეთება ბუნებრივია, ყველა ქალის მიმართ ჩნდება მოლოდინი, რომ ისიც იმავეს გააკეთებს და მოეწონება კიდეც ამის კეთება – იმ ქალების მიმართაც კი, რომლებმაც საკუთარი სოციალური პოზიციის წყალობით, შეძლეს ნაწილობრივ ან სრულად დაეღწიათ თავი სახლის სამუშაოსგან (მათ ქმრებს საშუალება აქვთ დაიქირაონ მოახლეები და ფსიქოლოგები, მიმართონ განტვირთვისა და დასვენების სხვა გზებს). შესაძლოა არ ვემსახურებით ერთ კაცს, მაგრამ მოსამსახურის პოზიციაში ვრჩებით კაცების მთელი სამყაროს მიმართ“ (ფედერიჩი, 2016).

შერილ სენდბერგის წიგნი ჯერ დაგაფიქრებს, შემდეგ თავსაც მოგაწონებს. მოგაწონებს და მოგხიბლავს ერთი ქალის ინდივიდუალური ბრძოლა ცვლილებებისთვის, რაც ნამდვილად შთამაგონებელია. თითოეული პატარა წარმატება, რასაც სენდბერგი ბრძოლის შედეგად ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აღწევს, რასაკვირველია, დადებითად აისახება, როგორც პიროვნულად მასზე, ასევე, იმ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაზე. თუმცა მას ჩვენ ვერ განვაზოგადებთ და ვერ იქნება ყველა ქალისთვის ცხოვრების გზამკვლევი. სენდბერგის წარმატება, ასევე, არაა ხელმისაწვდომი სხვა ქალებისთვის, ვინც დღეს, გეოგრაფიულად, ეკონომიკურად, კულტურულად და სოციალურად განსხვავებულ პირობებში ცხოვრობს და მათ საზოგადოებაში არსებული პრობლმები ერთიორად აწვებათ ტვირთად. და მაინც აუცილებელია ასეთი გამოცდილების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, რათა უთანასწორობასთან და კაცზესწორებულ სისტემასთან დაპირისპირების მეტი და მეტი მაგალითი არსებობდეს, რათა ინდივიდუალური ძალისხმევა უთანასწორობის წინააღმდეგ, არ დარჩეს მხოლოდ ინდივიდის უხილავ ბრძოლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

Sandberg, Sheryl. 2013. Lean in: Women, work, and the will to lead. Published by Alfred A. Knopf.

იანგი, აირის მერიონ. 2016. ჩაგვრის ხუთი სახე. აირის მერიონ იანგი. Retrieved from https://femcomingout.files.wordpress.com/2016/10/e183a9e18390e18392e18395e183a0e18398e183a1-e183aee183a3e18397e18398-e183a1e18390e183aee18394.pdf

ფედერიჩი, სილვია (2016). ანაზღაურება საშინაო შრომისთვის. Retrieved from https://socialjustice.org.ge/ka/products/anazghaureba-sashinao-shromistvis