6 ივლისი 2023
ამერიკელი ანთროპოლოგისა და ანარქისტის, დევიდ გრებერის წიგნი „დემოკრატიის პროექტი: ისტორია, კრიზისი და მოძრაობა“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თავიდანვე ვიტყვი, ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვისთვისაც შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, უშუალოდ პროცესია, ამ წიგნმა ბევრი რამ შეცვალა და უახლეს წარსულზე სულ სხვა კუთხით შეახედა.
წიგნი ერთგვარი დღიურია, რომელიც აღწერს თუ რა ხდებოდა მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ შიგნით, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები და ზოგადად, რა იყო მოძრაობის მთავარი მიღწევა. ჩვენთან ამ მოძრაობაზე თითქმის ვერაფერს წაიკითხავთ და ამერიკისა და ამერიკელი ხალხის შესახებ მხოლოდ მედიისა და პოპ-კულტურის მიერ კონსტრუირებული წარმოდგენები გვაქვს და არავინ გვეუბნება იმას, რომ ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრების დიდი ნაწილი სტუდენტური სესხების გასტუმრების საზრუნავითაა დაღდასმული.
ბლუმბერგვილი, სადაც 2011 წლის ზაფხულში, კარვებში 40-მდე აქტივისტი ცხოვრობდა ქალაქის მერიის წინ, არაფრით მოასწავებდა იმას, რომ უკვე შემოდგომაზე, ზუკოტის პარკში ათასობით სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანის შეკრებისა და პირდაპირი მოქმედების ადგილად იქცეოდა. ყველაფერი კი 17 სექტემბერს, უოლ სტრიტის ოკუპაციით დაიწყო. რამდენიმე კვირაში მოძრაობა 600 ქალაქში გავრცელდა, ნიუ-იორკში კი რამდენიმე ათასი ადამიანი აპროტესტებდა იმას, რომ სისტემა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, რეალურად ადამიანთა 1%-ის სიხარბესა და კორუმპირებულობას ემსახურება. სწორედ ეს გახდა მოძრაობის მთავარი ლოზუნგი: “ჩვენ 99% ვართ.”
აქ იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, ასევე პენსიონერები, მუშები, უმუშევრები და სხვები, რომელთაც ერთი რამ აკავშირებთ – თვალსაზრისი, რომ სისტემა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მდიდრებისთვისაა.
თვალსაზრისი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მთელ წიგნს გასდევს ლაიტმოტივად, სინამდვილეში კი გარდა იმისა, რომ ეს სისტემა მხოლოდ მდიდრების სამსახურში დგას, ყველაფერთან ერთად სიმულაციურია. სიმულაციურია თავად უოლ სტრიტიც, სადაც ყველა ჩვენგანის ბედი წყდება. ფინანსური კრიზისის შემდეგ, ახალგაზრდები, რომლებიც დიდ გარდაქმნებს ელოდნენ, იმედგაცრუებულები დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, გრებერი ამით საერთოდ არ აფასებს მოძრაობას. რადგან ამ სისტემაშივე არსებული გამარჯვება არაფრად ფასობს. მეტიც, სინამდვილეში, რასაც ამდენი წელია დემოკრატიად „გვასაღებენ“, სულაც არ არის დემოკრატია.
გრებერი თვლის, რომ დემოკრატია – უფრო სწორედ, ის, რასაც ჩვენ დემოკრატიას ვუწოდებთ, თავისი პოლიტიკოსებით, პოლიტიკური პარტიებითა და დოვლათზე დამოკიდებულებით – მთლიანად მოცულია ფინანსური კაპიტალიზმით. OWS (Occupy Wall Street)-მა დაგვანახა პოლიტიკის სრულიად განსხვავებული მხარე, თავისუფალი, ინტერაქციული, ზოგჯერ ქაოსური, კრეატიული დისკუსია, რომელიც არასდროს იცი, საით წავა, განსხვავებული ხალხები, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებიან თავიანთ ბრძოლებზე – სწორედ ეს იყო მისი მთელი აზრი: ამან კი თავისთავად აჩვენა, რომ რეალურმა დემოკრატიამ შეიძლება თითქმის ყველგან იფეთქოს, თუკი მას ეს შანსი მიეცემა.
იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ახშობს საარჩევნო დემოკრატია ყოველდღიური წუხილებისა და წინააღმდეგობის გამოხატვას, გრებერი გვაწვდის მოკლე ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოვჩნდით დღევანდელ უთანასწორო სამყაროში. მისი აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი პოლიტიკური სისტემა ზემდიდრების ინტერესებს თითქმის ყველა დანარჩენის ხარჯზე იცავს. ჩვენი დემოკრატია არ არის იდეალურის რაღაც არასრულყოფილი ვერსია. ეს იდეალურის საპირისპიროა. ნამდვილი დემოკრატია საშუალებას აძლევს ჩვეულებრივ ადამიანებს გათავისუფლდნენ იმ პირობებისა და შეთანხმებებისგან, რომლებიც ზღუდავს მათ შესაძლებლობას წარმართონ სრულფასოვანი ცხოვრება. ჩვენს დემოკრატიაში შეზღუდვები გამყარებულია, რადგან კონვენციების მიზანი დოვლათის ძალაუფლების დაცვაა.
გრებერისთვის, იმედგაცრუების სიმბოლო სტუდენტური ვალების ბოლოდროინდელი მასიური ზრდაა. გრებერი გვიყვება კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს უნივერსიტეტი და რომლებიც ყიდიან სხეულს სესხის დასაფარად: დოქტორანტურა გახდა გზა პროსტიტუციისკენ და არა ინტელექტუალური ჯილდო. OWS-ი იმიტომაც იყო ამაღელვებელი, რომ მან მოიყვანა ეს სტუდენტები პროფკავშირებთან და მუშებთან – ახალდამთავრებულები – ახალშემცირებულებთან – და აიძულა ისინი ესაუბრათ იმაზე, რაც საერთოა. გამოდის, რომ ვალი და წართმეული მომავალი – რომელიც გრებერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნია – აერთიანებს საზოგადოების უმრავლესობას.
ავტორი მნიშვნელოვან დაკვირვებას აღმოაჩენს რასმუსენის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, რომელიც ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და უჩვეულოა. შედეგების მიხედვით, რომელთანაც ერთი 2008 წლის დეკემბერში ჩატარდა, მეორე კი 2011 წლის აპრილში: ამერიკელებს დაუსვეს კითხვა, თუ რომელ ეკონომიკურ სისტემას უჭერდნენ მხარს – კაპიტალიზმს თუ სოციალიზმს. 2008 წელს 15% თვლიდა, რომ შეერთებული შტატებისთვის უმჯობესი იქნებოდა სოციალისტური სისტემის შემოღება, სამი წლის შემდეგ ყოველი მეხუთე ასე მიიჩნევდა. კიდევ უფრო საკვირველ მონაცემებს იძლეოდა სტატისტიკა, რომელიც ასაკობრივ კლასიფიკაციას ეყრდნობოდა: რაც უფრო ახალგაზრდა იყო რესპონდენტი, მით უფრო ეწინააღმდეგებოდა იდეას, დარჩენილი ცხოვრება კაპიტალისტურ სისტემაში გაეტარებინა. თხუთმეტიდან ოცდახუთ წლამდე ამერიკელთა შორის უმრავლესობას მაინც კაპიტალიზმი ერჩია: მათი რიცხვი 37% იყო, ხოლო სოციალიზმის მომხრეებისა – 33% (დანარჩენ 30%-ს არჩევანის გაკეთება გაუჭირდა).
ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი კაპიტალისტური სისტემის გაუქმების იდეას განიხილავს. ეს მართლაც უჩვეულოა იმ ქვეყანაში, რომელშიც მოსახლეობას არც კი უნახავს, რომ რომელიმე პოლიტიკოსი, ექსპერტი, ტელეგადაცემის წამყვანი თუ მოწვეული სტუმარი, პრინციპში, ეწინააღმდეგებოდეს კაპიტალიზმის იდეას, ან იყენებდეს ტერმინ “სოციალიზმს” რაიმე კონტექსტში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უნდა მის მიმართ თავისი შემწყნარებლური და დამცინავი დამოკიდებულება გამოხატოს. ცხადია, სწორედ ამ მიზეზის გამო ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, კონკრეტულად რას გულისხმობენ ახალგაზრდები, როდესაც ამბობენ, რომ “სოციალიზმი” ურჩევნიათ. შესაძლოა, ბევრმა ამერიკელმა არც კი იცის, რას გულისხმობს ეს ცნება, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრი რამ იცის კაპიტალიზმის შესახებ. და თუ სოციალიზმი მათთვის რაიმეს ნიშნავს, ეს არის “სხვა რაღაც”, ან უკეთ რომ ვთქვათ, “სულერთია რა, ოღონდ ეს არა”.’
სტუდენტებისა და მუშების ალიანსის სახით ორმა უმნიშვნელოვანესმა კლასმა იპოვა ერთმანეთი. აუდიტორია 115-ის დროსაც ასე იყო, რომლის ნაწილიც ვიყავი 2016 წელს, მშრომელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი სტუდენტები იყვნენ და პირიქითაც, ცხადია. ამიტომაც, გასაკვირიც არ არის, რომ სწორედ ტყიბულის გაფიცვიდან ჩამოსულებმა და დამუხტულებმა შევძელით გაერთიანება. მაშინ, ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ 8 საათიანი, ხშირად მოსაწყენი განხილვებისა და კონსენსუსამდე მისვლის გზები, ბევრად უფრო ღირებული იყო, ვიდრე რაიმე კანონში მისი ქვეპუნქტის მე-15 დამატება. სულ რამდენიმე დღით თუ კვირით, შეიქმნა ადგილი, სადაც ადამიანებმა თავიანთი თავი იპოვეს და როგორც ზუკოტის პარკში, „სახალხო მიკროფონში“ ლაპარაკობდნენ ამას.
მნიშვნელოვანი დამატება ამ პროცესში ისაა, რასაც სრულიად ვიზიარებ, რომ ყველანაირი კავშირი სისტემასთან, მათ შორის „კარგ პოლიციელებთან ურთიერთობა“, კონტრპროდუქტიულია. „პოლიცია“ არ გახლავთ ინდივიდთა ნაკრები, რომელიც პირადი გრძნობების, მოსაზრებებისა და მორალური შეფასებების კარნახით მოქმედებს. ეს არის ჯგუფი სახელმწიფო ფუნქციონერებისა, რომლებიც, თავიანთი სამსახურიდან გამომდინარე, თანახმანი არიან, გვერდზე გადადონ საკუთარი შეხედულებები და გრძნობები და ისე მოიქცნენ, როგორც ეტყვიან.
“დაიკავე უოლ სტრიტი” პროცესია და გრებერი არ ერიდება ამ რევოლუციას უწოდოს “ჩავარდნილი” და დაუმთავრებელი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი პროცესი. წარმოგიდგენიათ სივრცე, სადაც ათასობით სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანი სხვადასხვა საკითხზე საკუთარ აზრს აფიქსირებს და გადაწყვეტილებებიც კონსენსუსის გზით მიიღება? ვერა, იმიტომ რომ ერთადერთი, რაც გვაგრძნობინებს, რომ ე.წ “დემოკრატიის ნაწილი” ვართ, არჩევნებია, რისი რწმენაც დიდი ხანია ყველამ დავკარგეთ. ჩვენთვის სამსახურის დაკარგვის შიში გაცილებით დიდია, ვიდრე ჭეშმარიტად დამაკმაყოფილებელი სამუშაოს პოვნის იმედი.
წლების განმავლობაში ხალხის მიღმა მიმდინარე ე.წ. დემოკრატიულმა პროცესებმა და კრიზისულმა პოლიტიკამ ყველას დაგვიტოვა აპათიისა და მუდმივი დაღლილობის გრძნობა. ეს წიგნი კი გამოღვიძებაა ყველასთვის, რომ ყოველი წაგებული ბრძოლის შემდეგ, კვლავ გავაგრძელოთ ის, რისიც გვჯერა.
გამოსავალსა და პასუხებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, როგორც ავტორი თავად ამბობს, რევოლუციების ხანა ჯერ დასრულებული არ არის ამ სისტემაში, რომელმაც თავის მხრივ, ჩვენს კოლექტიურ შემოქმედებით წარმოსახვას საკმაოდ მძიმე ბორკილები დაადო. როგორც კი საკმაო რაოდენობის ადამიანები გავთავისუფლდებით ამ ბორკილებისაგან, “ჩვენი სტერეოტიპული შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა არის პოლიტიკური საშუალებებით შესაძლებელი და რა – არა, ერთი ხელის მოსმით გაცამტვერდება.”