„… მდინარის დინება ნელდება, ერთ-ერთ მამულს კვეთს, რომლის კარიც მეპატრონეს მუდამ ღია ჰქონდა; იქ დიდი გატაცებით წყლის მებაღეობას ეწეოდა და ვივონის წარმოქმნილ პატარ-პატარა გუბეებში დუმფარას ნამდვილი ბაღები გაეშენებინა. რადგან ამ ადგილას ნაპირები ძალზე დაბურული იყო, ხეების დიდი ჩრდილები წყალს ჩვეულებრივ, მუქმომწვანო ფონს უქმნიდა, თუმც ზოგ საღამოს… ქარბუქიანი შუადღით გასხივოსნებული, ფირუზისფერი და მკვეთრი, იისფერში გადასული, მინანქრისებრი ტიხრებით – იაპონურ სტილში მინახავს.“
მარსელ პრუსტი, „სვანის მხარეს“ – „დაკარგული დროის ძიებაში“.
სახეობა Homo sapiens-ის ბუნებასთან კომუნიკაციის უნიკალური ფორმა პოეზია უნდა ყოფილიყო, რაც, პირველ რიგში, კედლის მხატვრობასა და სკულპტურაში გამოიხატა. თუმცა, ამას წინ უძღოდა ჩვენი უშუალო ევოლუციური წინაპრების მიერ ბუნებასთან შრომითი კომუნიკაციის დამყარება და ამ ურთიერთობაში უპირველეს კულტურათა წარმოშობა. ამ მომენტიდან, ადამიანის პირველმა უახლოესმა წინაპარმა, სახეობამ Homo-ს გვარიდან, Homo habilis-მა ანუ „ხელმარჯვე ადამიანმა“, პირველად იგრძნო თავისუფლების გემო, როდესაც მის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო, ამ გარემოში არსებული ბუნებრივი საგნების ავტონომიურობა და მათი არსის განმსაზღვრელი ტექნიკური მახასიათებლები გაიაზრა. სწორედ აქ დაიწყო კაცობრიობის მიერ ბუნების შრომითი/კულტურული მეტაბოლიზაცია – ბუნებრივი საგნების შრომითა და ტექნოლოგიებით გარდაქმნა.
ბუნება თავისთავადი და კომპლექსურია, მას გააჩნია ისტორია, ადამიანი კი ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ამ ცოდნით გაჟღენთილი, ისტორიული და საზოგადოებრივი ფაქტორებით გაშუალებული შრომის პროცესით ადამიანი ბუნებისგან იმდენადვე თავისუფლდება, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული. ეს დაძაბულობა ვერ იქნება ცალსახად წინააღმდეგობრივი, რადგან გონიერ პროცესთან გვაქვს საქმე. მეტიც, ამ შინაარსის კომპლექსურ დაძაბულობას შეუძლია მუდმივად შვას გარემოსთან ურთიერთობის ალტერნატიული გზები, რადგან რამდენადაც ის გონიერია, იმდენად – თავისუფალი და რეალურია. ეს ყველაფერი შეიძლება გავიგოთ, როგორც ჰარმონია – გარემოსთან იმგვარი ურთიერთკავშირი, რომელიც სამყაროს კომპლექსური მთელის ლოგიკით გარდაქმნის.
ამ ლოგიკით, ბუნებრივი საგნები რესურსის შინაარსს იძენს, თუმცა გარემო პირველად მას ადამიანის მონაწილეობის გარეშე აწარმოებს, ნედლ მდგომარეობაში. ბუნებრივი რესურსის ტექნიკური მახასიათებლების შემეცნება, მისი მოპოვება და გამოყენება ადამიანის ეკონომიკური საქმიანობისა და ბუნებასთან ადაპტაციის საბაზისო ელემენტია: ერთი მხრივ, ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება განსაზღვრავს ადამიანის ყოფას, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანის ისტორიულ-სოციალური ფორმაცია და ტექნოლოგიური განვითარების დონე განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსების მეტაბოლიზაციის ხასიათს – ადამიანი თვითგაშუალებული არსებაა.
თანამედროვე ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, ირღვევა მეტაბოლიზმის ჰარმონიულობა, რადგან გარდაქმნილი საგნები ბუნებას შებოჭილი სახით უბრუნდება, რითაც ბუნებას გადამუშავების, ხოლო ადამიანს მეტაბოლიზმის შესაძლებლობა ეზღუდება. წარმოიქმნება კრიზისი, რომელიც იმდენადვეა ისტორიული და სოციალური, რამდენადაც ეკოლოგიურია. ადამიანის მიერ ბუნების მეტაბოლიზმის რღვევა და მასთან ასოცირებული კრიზისები ისტორიას ახსოვს, ასევე, არქეოლოგიური კულტურების ტექნოლოგიური განუვითარებლობით გამოწვეული მეტაბოლიზმის შეუძლებლობით, განსაკუთრებით კი გლობალური კლიმატისა და გარემოს ცვლილებების ფონზე, რაც ამ ცივილიზაციათა გაქრობით სრულდება.
კულტურას აქ განვსაზღვრავთ, როგორც სოციალურ ქცევათა, ურთიერთობათა, ექსტრა-სომატურ ადაპტაციურ მექანიზმთა და საშუალებათა ერთობლიობას. კულტურული ადაპტაციის მექანიზმების ფუნქციონირება განისაზღვრება ისტორიული სოციალური და გარემო პირობების სხვადასხვა კომბინაციით. ამ ადაპტაციურ მექანიზმთა ეფექტური ფუნქციონირება დამოკიდებულია საზოგადოებაში სხვადასხვა ტექნოლოგიათა განვითარებაზე. ტექნოლოგია საზოგადოებრივ სისტემაში არსებულ ურთიერთობათა და ქმედებათა ის ერთობლიობაა, რომელიც შედგება ბუნებრივი რესურსის მოპოვების, მოხმარების საგნების წარმოების, წარმოების პროცესის ორგანიზებისა და მოხმარების აქტივობებისაგან – გამოყენებით დაწყებული, დასრულებული საგნების ნარჩენად ქცევისა და გადამუშავების პროცესით. ერთი სიტყვით, წარმოების ნარჩენის ხასიათი განსაზღვრავს მისივე ციკლურობის ხარისხსაც, რაც გადამწყვეტია მეტაბოლიზაციისთვის. ტექნოლოგიურ განვითარებაში ინოვაციებსა და გამოგონებებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმოების საშუალებების განვითარებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ცვლილებასთან, ისევე, როგორც, პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ჰეგელის ბუნების ფილოსოფიისა და მარქსის კაცობრიობის ბუნებასთან ურთიერთობის მეტაბოლიზმისა თუ მისი რღვევის/კრიზისის იდეებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვისაუბროთ ბუნებრივი რესურსების, კერძოდ წყლის რესურსის ფლობისა და მოპოვების უფლების ისტორიულ ხედვაზე, რომელიც ცდილობს არქეოლოგიური გადმოსახედიდან განიხილოს კაცობრიობის ბუნებასთან მეტაბოლური ურთიერთობის რღვევის ფენომენი და ტექნოლოგიური განვითარების ისტორიული როლი.
წყალი სიცოცხლის ფუნდამენტური ელემენტია და ორგანიზმების ცხოველქმედების ყველა დონეზე მონაწილეობს. მტკნარი წყალი დედამიწაზე არსებული წყლის მარაგის მხოლოდ 4 %-ს შეადგენს – ყინულის, მიწისქვეშა წყლების, მდინარეებისა და ტბების სახით. კლიმატური ცვლილებების ფონზე, მტკნარი წყალი ამოწურვად რესურსად გვევლინება. მდინარე მტკნარი წყლის ფუნდამენტური რესურსია, რომელიც ეკოსისტემებსა და ადამიანებს ასაზრდოებს. პალეოლითიდან მოყოლებული, ადამიანის გადარჩენა წყალსატევებსა და მდინარეებზე იყო დამოკიდებული, Homo-ს გვარისა და ჩვენი წინაპარი სახეობის, Homo erectus-ის, ანუ გამართული ადამიანის აფრიკის მიღმა პირველი გავრცელების პროცესი შედარებით წყალუხვი ტერიტორიების ძიებითაც ხასიათდებოდა, გარდა სხვა კლიმატური და ეკოლოგიური ფაქტორებისა, რისთვისაც გადამწყვეტია გლობალური წყლის ცირკულაციის როლი. ეს პერიოდი დაემთხვა გლობალურ კლიმატურ ცვლილებებსაც – 2.7 მლნ. წლის წინ გვიან პლიოცენურ კლიმატურ კოლაფსს და დაახლ. 1 მლნ. წლის წინ გამყინვარებების ინტენსიურობის ზრდას. საქართველოში აღმოჩენილი, ევრაზიის უძველესი Homo erectus-ის დმანისისა და ოროზმანის ადგილსაპოვებლებიც წყალსატევებისა და მდინარეების გარშემოა კონცენტრირებული. მოგვიანო პერიოდებშიც, ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა განსახლებასა და მის ხასიათზე გამყინვარებებმა და გვალვებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. ეს პროცესი დიდი ზომის წყალსატევებთან, მდინარეებთან და წყლის მიერ გამომუშავებულ კარსტულ მღვიმეებთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. პლეისტოცენის [1] ჰომინინებისთვის [2] სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ როლს ასრულებდა, რადგან კომპლექსური ხასიათისა და მრავალფეროვნების მიუხედავად, კლიმატური ცვლილებები აქ არ განვითარებულა ისე დრამატულად, როგორც ჩრდილოეთ კავკასიასა და ჩრდილო-ცენტრალურ ევროპაში. მაშინ, როდესაც ზედა პლეისტოცენის [3] გამყინვარების პერიოდებში რეგიონის ყველაზე დიდი ზომის მყინვარები სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობდა, დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ხასიათდებოდა მოზაიკურობით, გაშლილი მინდვრებით, ღრმა ხეობებით, მთის სტეპებით, წყალუხვობითა და ჭარბტენიანი, ტყიანი გარემოთი. ამ რეგიონში გამყინვარების დროს სივრცულად შემჭიდროებული და მცირე ფართობებზე გავრცელებული თავშესაფრები ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა სითბოს მოყვარული მცენარეებისთვის, რომლებიც გამყინვარებათაშორისი პერიოდების დროს აღარ იყო შეზღუდული და გაცილებით დიდ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ პროცესებს თან სდევდა მცენარეული საფარის სიმაღლებრივი ზონალობების ცვლილებებიც, რაც ადამიანებსა და ცხოველთა სამყაროზე ახდენდა გავლენას. ნესტიანმა გარემომ და მძლავრი კირქვული მასივების არსებობამ კარსტული რელიეფისა და მღვიმეების ფორმირებას შეუწყო ხელი. როგორც ჩანს, ამგვარმა ხელსაყრელმა პირობებმა განაპირობა სწორედ ნეანდერტალელებისა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანის მიერ საქართველოს მჭიდრო განსახლება და მდინარეთა ხეობების დაკავება.
საქართველოს პალეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი მასალისა და კვლევების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეანდერტალელები, სამხრეთ კავკასიაში, სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთიდან, დაახლოებით 260 ათასი წლის წინ მოვიდნენ და 47 ათასი წლის წინ გადაშენდნენ; 46 ათასი წლის წინ კი სამხრეთ კავკასიაში გავრცელდა თანამედროვე ადამიანი, რომელმაც ნეანდერტალელები ჩაანაცვლა. ეს პროცესი კარგად არის აღბეჭდილი ცუცხვათის მღვიმური სისტემის, ორთვალა კლდის, საკაჟიას, ძუძუანას [4] და სხვა მღვიმეების დროის კაფსულებში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიისა და მისი მთათაშორისი ბარის ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა მდინარეები, ამიტომ, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიის ლანდშაფტი მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ რეფუგიუმს [5] ქმნიდა, მთათა სისტემები კი, თავისთავად, ბარიერებს ქმნიდა გამყინვარებების პერიოდში ადამიანთა გადაადგილებისთვის და არა მხოლოდ. ჰოლოცენში [6] უკანასკნელი გამყინვარების კულმინაციის დროს შეზღუდული ურთიერთობების გახსნამ გააძლიერა ახლო აღმოსავლეთთან კავშირი და ადამიანების იმ ჯგუფთა შეჯვარებას შეუწყო ხელი, რომლებმაც გამყინვარებას რეფუგიაში შეაფარეს თავი. სწორედ ამ პროცესებმა შეადგინა კავკასიის გენეტიკური სურათიც.
ვინაიდან ამ მცირე მიმოხილვაში კაცობრიობის ისტორიას ადამიანის მიერ ბუნების მეტაბოლიზაციისა და მისი კრიზისების კონტექსტში განვიხილავთ, უადრესი ცივილიზაციების მაგალითის მოშველიებაც მოგვიწევს. პირველი ადრეული ცივილიზაციები, ე.ი კომპლექსური საზოგადოებები ადრეულ და შუა ჰოლოცენში დაახლოებით 10-6 ათასი წლის წინ იწყებს გამოჩენას, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დედამიწას უდაბნოს სახით აქვს შემორტყმული ქამრად ჩრდილოეთ აფრიკიდან – სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიამდე. ეს ნეოლითური რევოლუციაა, გლობალური ინფორმაციული სისტემისა და ინოვაციების შექმნის პირველი ნაბიჯები: ადამიანი იწყებს წარმოებას, მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას, მისდევს დამჯდარი ცხოვრების წესს, საზოგადოება სტრატიფიცირდება და შრომა ნაწილდება, ადამიანი ეწევა მაღალორგანიზებულ სამუშაოებს, იბადება ურბანული ცენტრები და ქალაქები. ეს ცივილიზაციები გარს ერტყმიან მდინარეებს: ნილოსს, ევფრატს და ტიგროსს, განგს, ხუანხეს. სწორედ ამ დროს იქმნება საირიგაციო სისტემები და შენდება სხვადასხვა სახის ჰიდრავლიკური ნაგებობები, მათ შორის პირველი წყალსაცავები.
ეგვიპტური, მესოპოტამიური, ეგეოსური, ხეთური, ლონგშანის, ჰარაპას ცივილიზაციების აღმასვლა და კოლაფსი ჰოლოცენის კლიმატურ და გარემოს ცვლილებებს დაემთხვა, რომელიც გაზრდილი გვალვიანობის ტენდენციით ხასიათდებოდა. როგორც ჩანს, თავდაპირველმა არიდიფიკაციის [7] პროცესმა აამუშავა ადამიანის კულტურული ადაპტაციის მექანიზმები და გამოიწვია კომპლექსური და მაღალორგანიზებული ქცევების სტიმულირება, რაც ყოველივე ზემოთქმულში გამოიხატა. მაგრამ მომდევნო პერიოდებში განვითარებულმა კლიმატურმა ცვლილებებმა, ხალხთა გადასახლებებმა, ომებმა და ცივილიზაციების განვითარების პირველ საფეხურებზე ადაპტაციური ტექნოლოგიების ნაკლოვანებებმა, 3200 წლის წინ, ბრინჯაოს ხანის დასასრულს, მმართველთა მცდელობების მიუხედავად, მოეხდინათ წყლის რესურსის ეკონომია, მთელი რიგი საირიგაციო სისტემები უსარგებლო გახადა და გამოიწვია ცივილიზაციათა კოლაფსი – ეს გვიან ბრინჯაოს ხანის კოლაფსია.
სამხრეთ კავკასია ცოცხალი ორგანიზმებისთვის და ადამიანთა განსახლებისთვის მუდამ მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ თავშესაფარს წარმოადგენდა, მათ შორის, მუდამ ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა მძიმე კლიმატური ცვლილებების დროსაც. კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა წინა აზიის, მესოპოტამიის, ირანისა და ეგეოსის ტერიტორიებზე გავრცელებულ ცივილიზაციებთან. ამ პირველი ცივილიზაციების გაჩენასთან ერთად, კავკასიის ტერიტორიაზე ადგილობრივი მეზოლითური კულტურის საზოგადოებების განვითარებისა და დასავლეთ აზიურ კულტურებთან კომუნიკაციის საფუძველზე, ნეოლითური ადრესამიწათმოქმედო კულტურები დაახლოებით 8000 წლის წინ იწყებს გამოჩენას. დასავლეთ საქართველოში ნეოლითის ხანის ნამოსახლარები უპირატესად შავიზღვისპირეთშია თავმოყრილი. რამდენიმე ნამოსახლარი მდინარეთა ხეობებშიც მდებარეობს, სადაც გვხვდება ოთხკუთხა, თიხით შელესილი წნულებისგან შეკრული ქოხის ტიპის ნაგებობები, რომლებშიც კერები იყო გამართული. აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითი აღმოსავლეთ კავკასიური ადრესამიწათმოქმედო კულტურის არეალში ვითარდება. ამ კულტურისთვის დამახასიათებელი დასახლებები მდინარეების, ხრამისა და დებედას გასწვრივ მჭიდროდ არის კონცენტრირებული. აქ გვხვდება მრგვალი ან ელიფსური, გუმბათოვანი, ალიზ-აგურის [8] ორგანყოფილებიანი შენობები. ამ პერიოდში ჩნდება სამიწათმოქმედო იარაღებიც. არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებული ძვლოვანი მასალა მეცხოველეობის განვითარებაზე მიუთითებს, ვითარდება მეთუნეობა, გვხვდება ხელით ნაძერწი, ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი.
აზიის სხვა, კომპლექსური საზოგადოების ცენტრებისგან განსხვავებით, სადაც საირიგაციო და ჰიდრავლიკური სისტემები შედარებით განვითარებული იყო, ამიერკავკასიაში მხოლოდ რამდენიმე ნამოსახლარზე გვხვდება ჰიდრავლიკური ფუნქციის არხები, თუმცა, მათი ფუნქცია ჯერაც არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მიწის მორწყვას არარეგულარული ხასიათი უნდა ჰქონოდა და მარტივი მიწის არხების მეშვეობით ყოფილიყო შესაძლებელი, რასაც ხელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალუხვი, ჰიდროლოგიური რეჟიმი უწყობდა.
ნეანდერტალელისა და ჰომო საპიენსის მიერ განსახლებული, მღვიმეებით მდიდარი მდინარე ჯრუჭულას ხეობა, ჭიათურა – დრონით გადაღებული ლანდშაფტი; © ილია გოგიავა, 2020
კარიერული წყლებით დაბინძურებული მდინარე ფოლადაური, ქვემო ქართლის რეგიონი. ბოლნისის მუნიციპალიტეტი; © ნიკოლოზ წიქარიძე, 2017
დასავლეთ საქართველოში ენეოლითის, ე.ი სპილენძ-ქვის ხანის პერიოდი უფრო ადრე იწყება, ვიდრე აღმოსავლეთში. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი წარმოდგენას იქმნის ლითონების პირველად ტექნიკურ მახასიათებლებზე და მათ ნედლი მდგომარეობიდან გარდაქმნის ცივი ჭედვით, მაგალითად, ნივთებს, როგორიცაა: სადგისი, ისრისპირი და სათევზაო ნემსკავი – ეს უკანასკნელი ადამიანის მდინარესთან აქტიურ ურთიერთობაზე მიგვანიშნებს. ამ დროს ადამიანი მნიშვნელოვნად იკავებს გამოქვაბულებსაც და შესაბამისად, ისევ იწყებს მდინარის ხეობების ათვისებას. როგორც ჩანს, მღვიმურ სადგომებში ადამიანი უფრო მეტად მეცხოველეობას, ხოლო ღია ნამოსახლარებზე – მიწათმოქმედებას მისდევდა. ღია ნამოსახლარებიც მდინარეების გასწვრივ არის განლაგებული. ჩანს, რომ ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ათვისებული კოლხეთის დაბლობის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ ამ ტერიტორიების დაჭაობების გამო. აღმოსავლეთ საქართველოს შემთხვევაში კი არქეოლოგები დღემდე დავობენ ენეოლითური კულტურის წარმოშობის საკითხებზე. თუმცა, დიდი ალბათობით, აქაც ადგილობრივ ადრესამიწათმოქმედო ნეოლითში აღმოცენებულ კულტურასთან გვაქვს საქმე, რომელიც შედარებით მწირადაა წარმოდგენილი არქეოლოგიური მონაცემებით. მომდევნო პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება მდინარეების, მტკვრის და არაქსის შუამდინარეთში ჩამოყალიბებული [9] ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ე.წ. „მტკვარ-არაქსის“ კულტურა, რომელიც აღმოსავლეთ ამიერკავკასიური და დასავლეთ აზიური, მრავალეთნიკური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ნაწარმი უნდა იყოს. მტკვარ-არაქსელებს გარკვეული ურთიერთობები უნდა ჰქონოდათ მესოპოტამიელ ურუქელებთან, თუმცა, მათ კულტურაზე არ არეკლილა ის მახასიათებლები და ინოვაციათა ნაწილი, რომლებმაც გილგამეშის ქალაქს ძლევამოსილება მოუტანა. მტკვარ-არაქსულმა კულტურამ, IV ათასწლეულის მიწურულს, სამხრეთის მიმართულებით გაფართოება დაიწყო, რაც, შესაძლოა, ამავე პერიოდში ურუქის კულტურის დაღმასვლით იყო განპირობებული. ამ დროისთვის, ეს კულტურა უკვე გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიაში, ასევე, დასავლეთ საქართველოს ყვირილის აუზში, ჩრდილო დასავლეთ ირანში, ანატოლიასა და ლევანტში.
მიუხედავად იმისა, რომ მტკვარ-არაქსის კულტურა მრავალეთნიკურობის ელფერს ატარებს და რეგიონულობით გამოირჩევა, ის ძლიერი საერთო სოციალური იდენტობის მატარებელიც არის და საცხოვრებელი სივრცის მოწყობის ფორმალიზებითაც იწონებს თავს.
როდესაც ურუქში მეთუნეობის ძირითადი მამოძრავებელი ძალა მორგვი და ყალიბები იყო, მტკვარ-არაქსის კულტურაში ჯერ კიდევ ხელით ნაძერწი ჭურჭელი გვქონდა.
მოსახლეობა მჭიდროდ არის განსახლებული მდინარეების გასწვრივ მდებარე კონცხებზე, წყალგამყოფ მთაგრეხილებსა და ფერდობებზე, მათი ურბანული სტრუქტურა კარგად დაგეგმარებული და ლანდშაფტის შესაბამისია. საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდება ახალი არქიტექტურული ტრადიცია. წრიულ ნაგებობებს ოთხკუთხა, ხის ბოძებით, წნულებით, სარებითა და ქვებით ნაშენები ნაგებობები ანაცვლებს. მტკვარ-არაქსის ეპოქაში მიწათმოქმედება საკმაოდ განვითარებული იყო და ვინაიდან ურუქისთვის დამახასიათებელი მაღალორგანიზებული საირიგაციო და ჰიდრავლიკური სისტემები არქეოლოგიურად არ დასტურდება, ვარაუდობენ, რომ აქ ურწყავ მიწათმოქმედებასთან ან არარეგულარული ხასიათის საირიგაციო სისტემებთან უნდა გვქონოდა საქმე.
მართალია მტკვარ-არაქსელები მეცხოველეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ, მაგრამ მეტალურგია უკვე ცალკე დარგად იყო გამოყოფილი. ამაზე მეტყველებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, რომელიც 2014 წელს, სამთამადნო რუსულმა კომპანია „RMG“-მ, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მადნის მოპოვების მიზნით ააფეთქა. საყდრისის მაღაროსა და ძეძვების ნამოსახლარზე ოქროს მოპოვების სრული სამთამადნო ციკლი დასტურდება. საყდრისის ნაპრალებში გაჭრილი გვირაბებიდან ისევე ამოჰქონდათ ცეცხლისა და წყლის ძალით მოპოვებული ოქროს შემცველი მადანი, როგორც ჯუჯები ეზიდებოდნენ ძვირფას ქვებსა და ლითონებს ხაზად-დუმის დიდებული მიწისქვეშა მაღაროებიდან.
დასავლეთ საქართველოს ბრინჯაოს ხანაში, მიწისა და ლითონის ძიებისას, ადამიანი მიუყვება მდინარის ხეობებს, ავითარებს მეტალურგიასა და სამთამადნო საქმეს, ითვისებს კოლხეთის დაბლობის ჭაობიან გარემოს, ამ პროცესში კი ვითარდება ჭაობიანი, მდინარის ჭარბტენიან და ნესტიან ჭალებში ადაპტაციის კულტურული მექანიზმები. ნამოსახლარები ხელოვნურ ბორცვებზე შენდებოდა, სამშენებლო მოედანი მოზვინული მიწისა და ხის ბოძებისგან იმართებოდა. აქ, ძირითადად, ძელური ნაგებობების ნაშთები გხვდება – ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანი ხიმინჯებზეც იდგა. ეს ხელოვნური ბორცვები გარშემორტყმული იყო სადრენაჟო თხრილებითა და წყლის არხებით, რომლებსაც თავდაცვითი და საკომუნიკაციო ფუნქცია ჰქონდათ. ამ ბორცვებს გარს თხრილშემოვლებული სამეურნეო მოედნებიც ეკრა, რომლებიც არხებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ადამიანმა ამ დროს ისწავლა როგორც მდინარის ჭაობიანი ჭალების ჰიდროლოგიური სისტემის გამოყენება, ისე მისი სამეურნეო სავარგულებად გარდაქმნა. საარხე სისტემა უზრუნველყოფდა მდინარის წყლით დაჭაობებული ტერიტორიების მდინარეული შლამით შევსებას და ამ პროცესის კონტროლს. მოგვიანებით, ჰიპოკრატე იტყვის, რომ კოლხები არხების მეშვეობით გადაადგილდებიან ხეში ამოღებული ნავებით.
გარდა ამისა, მდინარეების აყოლებაზე, ღრმა ხეობებში, კავკასიონის კალთებზე ადამიანი მაღაროული წესით მოიპოვებდა ძვირფას ლითონებს, მდინარეებს კი ოქრო მოჰყვებოდა, ისევე, როგორც დღემდე მოჰყვება. ანტიკურ ხანაში მდინარეებს, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს, ეს მისტიკურობას მატებდა და ღვთაებებად აქცევდა, რომლებიც ოდითგან ქალაქთა მფარველებად და ეპონიმებად გვევლინებოდნენ. მაგალითად, მდინარე ფაზისს – ე.ი რიონს ხშირად ვაწყდებით ლეგენდებსა და უძველეს ისტორიულ წყაროებში. ის არგონავტების თქმულებაშიც ჩნდება, სადაც აღწერილია ამბავი ბერძნების მიერ მეფე აიეტის სამფლობელოდან – კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებისა და არგონავტების ლიდერის და გრძნეული მედეას სიყვარულის შესახებ.
მომდევნო პერიოდებში, გვიან ბრინჯაოს კოლხურ და აღმოსავლეთ საქართველოს გვიან ბრინჯაო – ადრერკინის ხანაში ყალიბდება ქართველ ტომთა დიდი პოლიტიკური გაერთიანებები. პოლიტიკური კონფლიქტებისგან განსხვავებით, კლიმატური ცვლილებების ზეგავლენა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გაერთიანებებზე დადასტურებული არ არის, მაშინ, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ აზიაში კლიმატური ცვლილებები გვიან ბრინჯაოს კრიზისის დადგომისთვის გადამწყვეტ ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ პერიოდებიდან, გრანდიოზული ჰიდრავლიკური ნაგებობები საქართველოს ტერიტორიაზე არ დასტურდება, თუ არ ჩავთვლით რომაული და მოგვიანო პერიოდის აბანოებს, საირიგაციო, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემებს. ამის მაგალითია ძვ. წ. II-I საუკუნეების დედოფლის მინდვრის ტაძარი (მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტი) სადაც დადასტურებულია შიდა ბაღების სარწყავი სისტემის ნაშთები. ეს ჯადოსნური ბაღები, როგორც რეკრეაციული სივრცეები, ღვთაებათა ტაძრებსა და მმართველთა სასახლეებს ამშვენებდა.
ახ. წ. I-IV საუკუნეების მნიშვნელოვანი წყლის ინფრასტრუქტურული სისტემები არმაზის ხევისა [10] და ძალისას [11] რომაული ტიპის აბანოებია, სადაც დადასტურებულია ჰიპოკაუსტური, ე.ი იატაკქვეშა გათბობა და სხვადასხვა განყოფილებები. მაგალითად, ძალისაში დადასტურებულია ჰიდრავლიკური ხსნარით მოლესილი საცურაო აუზი, გამართული წყალსადენები და საკანალიზაციო სისტემა. ძალისა ცნობილია მოზაიკური იატაკითაც, სადაც გამოსახულია დიონისე და არიადნა. შუა საუკუნეების საქართველოში, გვხვდება აღმოსავლური ტიპის აბანოებიც, რომელთა ნაწილიც თბილისში დღემდე მოქმედებს.
მდინარეები საქართველოში სავაჭრო და სატრანსპორტო ფუნქციასაც ითავსებდა, რაც მოგვიანო საისტორიო წყაროებით დასტურდება. საქართველოში მდინარეებს ეტანებიან მთელი ისტორიის განმავლობაში – შეიძლება ითქვას, კავკასიური კულტურები მდინარეული კულტურებია. როგორც ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი, სტრაბონი ამბობდა, „ეს ქვეყანა უფრო მეტად ირწყვის მდინარეთა და სხვა წყლებით, ვიდრე თვით ბაბილონი და ეგვიპტე“.
თუ დავუშვებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიწათმოქმედება უძველესი დროიდან საკმაოდ განვითარებული იყო და შესაბამისად, აქ გავრცელებული კულტურებისთვის წყლის მართვის ტექნოლოგიები – კარგად ნაცნობი გახლდათ, თვალსაჩინო გახდება, თუ რატომ გვხვდება უძველესი ცივილიზაციის მასშტაბური ჰიდრავლიკური პროექტები მხოლოდ მოგვიანო პერიოდის ელინისტურ სამყაროსა და რომის იმპერიაში. როგორც ჩანს, წყალუხვობის, მდინარეთა სიმრავლისა და წყლის ხელმისაწვდომობის გამო, საქართველოში ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მიუხედავად სხვადასხვა საზოგადოებრივი ფორმაციებისა, მკაცრი ხელით წყლის რესურსის მართვის აუცილებლობის საკითხი და წყლის რესურსთან მიმართებაში ადამიანის გამოწვეული ბუნების მეტაბოლიზაციის კრიზისი აქ ისტორიულად არ დამდგარა. საქართველოს პოლიტიკური დეცენტრალიზაციისა და დასუსტების ეპოქაში, მდინარეებისა და წყლის გამოყენება, წყლის სიუხვისა და პოლიტიკური ხელისუფლების კრიზისის გამო, დიდი ალბათობით, მკაცრად ცენტრალიზებული არ ყოფილა. საქართველოს დედაქალაქში წყალმომარაგების სისტემა, XIX-XX საუკუნის პირველ ნახევარში, ნელ-ნელა თულუხჩებს ანაცვლებს; 1861 წელს ჩნდება მცირე სიმძლავრის ცენტრალიზებული ორთქლის მანქანა, რომელიც 62 სახლს ემსახურებოდა; 1866 წელს გაიხსნა ავჭალის წყალსადენი; 1951 წელს კი გაიხსნა თბილისის ზღვის წყალსაცავი . XX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისი უკვე სრულად მარაგდებოდა სასმელი წყლით.
I – II საუკუნით დათარიღებული წყალგაყვანილობა გონიოს ციხეში; წყარო: ვიკიპედია
მტკვრის ჯებირებში მოქცევას, თავის მხრივ, შეეწირა მდინარეზე მოცურავე წისქვილების საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც VIII საუკუნის არაბი მოგზაურის, იბნ ჰაუქალის წერილობით წყაროებშიც მოიხსენიება. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, კომუნისტური წყობის დამყარების გამო, წყლის რესურსის გასაქონლება არ მომხდარა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დიდი სარწყავი სისტემები მწყობრიდან გამოვიდა და გაიძარცვა, ხოლო წყლის სარწყავად გამოყენება უკონტროლოდ ხდებოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, სამხრეთ კავკასიაში ენერგოსისტემები და ინფრასტრუქტურა ერთიან საბჭოთა ენერგოსისტემაში რეგიონული მიდგომით დაიგეგმა, სადაც საქართველო ჰიდრორესურსების ენერგეტიკულ ნიშას იკავებდა სომხეთის ატომური ენერგიისა და აზერბაიჯანის წიაღისეულის ენერგეტიკულ ნიშებთან მიმართებით. XX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელდა მსხვილმასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, აშენდა „ენგურჰესი,“,„ჟინვალჰესი“, „ლაჯანურჰესი“ და ა.შ.
საბჭოთა კავშირის დაშლამ საბოლოოდ გაუხსნა გზა გლობალურ კაპიტალიზმს, სრულად ჰქონოდა წვდომა მსოფლიო რესურსებზე. ამ პროცესების ნაწილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაც. თანამედროვე კლიმატის ცვლილებამ და ადამიანის საქმიანობამ მდინარეებზე ზეგავლენის ტემპები გაზარდა – ისინი საგრძნობლად შეცვალა და მათში წყლის კრიზისები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მდინარეების შესწავლის პროცესი მულტიდისციპლინური, ყოვლისმომცველი და მაღალტექნოლოგიური მიმართულებით წარიმართა, მდინარეთა მდგომარეობა მაინც უარესდება.
ამ ფონზე, 2003 წლის შემდეგ, საქართველოში იწყება ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკა. უნდა ითქვას, რომ დღემდე ვერ მოხერხდა იმ ენერგოსისტემის ეფექტურად ამუშავება და რეგიონული მნიშვნელობის გააზრება, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ მემკვიდრეობით დარჩა ქვეყანას. სისტემა გაუმჭვირვალე, არაკონკურენტული და არადემოკრატიულია, სახელმწიფო ასრულებს იშტვან მესაროშის [12] მიერ აღწერილი „მეორე რიგის მედიატორის“ როლს, როგორც ადამიანის მიერ ბუნების შრომის მეშვეობით მეტაბოლიზმის დესტაბილიზაციისა და გათიშვის გარანტს კაპიტალის ხელში – აქტიურდება წყლის, როგორც ბუნებრივი რესურსის სწრაფი გასაქონლებისა და ათვისების პროცესი, რომელიც ადამიანის მიერ ბუნების მეტაბოლიზმის კრიზისში გადადის. ეს ხდება კლიმატური ცვლილებებისა და წყლის კრიზისის პერიოდში: მაშინ, როდესაც იცვლება გლობალური ჰიდროლოგიური ციკლი, დნება მყინვარები, გაუდაბნოება და წყალზე ხელმისაწვდომობა კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსოფლიოსთვის.
საზოგადოება ვერ იქნება მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების იმედად, რადგან მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, კაპიტალის დაგროვებაზე დაშენებული ხედვები არ აღიარებს ბუნებრივი საგნების ავტონომიურობას და შესაბამისად, ვერ აღიქვამს ბუნების მნიშვნელოვან ტექნიკურ მახასიათებლებს. მეტროპოლიის პერიფერიულ ქვეყნებში ეს მშენებლობები ისეთივე მყიფეა, როგორც თავად კაპიტალისა და ბუნების ურთიერთობა. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში ათამდე დაზიანებული, ახალაშენებული ჰესი. ამ ტერიტორიაზე ადამიანის წყალთან ურთიერთობის ისტორიული ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ბუნებრივ რესურსებზე კოლექტიური უფლების პოლიტიკური აქტივაცია დემოკრატიზაციის გზით, რაც სახელმწიფოს კაპიტალის ლოგიკის რელსებიდან გადაიყვანს და აიძულებს, გაითვალისწინოს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესი. სწორედ აქ, ადამიანის მიერ ბუნების ავტონომიურობისა და მისი ობიექტური ტექნიკური მახასიათებლების გააზრებით მიღწეული თავისუფლებიდან ამუშავდება მრავალმხრივი კულტურული ადაპტაციის რეალური მექანიზმები; შემსუბუქდება ადამიანის მიერ ბუნების მეტაბოლიზაციის კრიზისი, ამ დაძაბულობაში კი, საზოგადოებამ, შესაძლოა, გარემოსთან ურთიერთობის ალტერნატიული გზებიც შვას. სხვა შემთხვევაში, ქართული საზოგადოების ისტორიულ წიაღში ჩაქსოვილი წყალთან ურთიერთობის ტრადიციები რღვევას დაიწყებს და დამდგარი მეტაბოლიზაციის კრიზისის პირობებში, დროებით სარგებელს მხოლოდ ცალკეული ელიტარული ჯგუფები მიიღებენ.
ადამიანის მიერ ბუნების მეტაბოლიზმის თანამედროვე რღვევა, ერთი მხრივ, გამოწვეულია არა საზოგადოების კულტურული ადაპტაციის მექანიზმებისა და ტექნოლოგიების განუვითარებლობისაგან, არამედ, სწორედაც კაპიტალის ლოგიკით განვითარებისა და მათი ჭარბი გამოყენების მეშვეობით. ამავდროულად, ამ რღვევაში კლიმატისა და გარემოს ცვლილებები ორმაგად მონაწილეობს. თანამედროვე წარმოების შედეგად დედამიწა ბინძურდება, წარმოებული საგნები კი აღარ უბრუნდება გარემოს – პლანეტა, განსაკუთრებით, ამოწურვადი რესურსებისგან იცლება. ეს უკვე აღარ არის მეტაბოლიზმი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუნებრივი რესურსებისგან პლანეტის გამოხშირვა კაპიტალის ლოგიკით ერთიანად თიშავს ადამიანს და ბუნებას წარმოების პროცესიდან. ადამიანის მიერ სამყაროს გარდაქმნის პროცესი საზოგადოებაზე ბატონობის პოლიტიკური მექანიზმებით ნაცვლდება, ხდება შრომითი გაუცხოება და წარმოების საშუალებები – ჩვენ შემთხვევაში კულტურული ადაპტაციის მექანიზმები და ტექნოლოგიები – ამ ძალის ქვეშ ექცევა; ბუნება კი იმ მომენტიდან განიდევნება, როდესაც ის ეკონომიკის გარეგან ეფექტად განიხილება. ამგვარ წარმოებით პროცესში ბუნება ვეღარ გადაამუშავებს ნარჩენებს, ვეღარ აწარმოებს იმ რესურსებს, რომლებიც შემდეგ ადამიანის მიერ ბუნების მეტაბოლურ ციკლში ერთვება. ბუნება კარგავს ავტონომიურობას, ადამიანი კი – თავისუფლებას. ამ კრიზისიდან ლოგიკური გამოსავალი მეტაბოლური ციკლის აღდგენაა, ე.ი საზოგადოების ისეთ მდგომარეობაში გადასვლა, სადაც კულტურული ადაპტაციის მექანიზმები ეფექტურად ამუშავდება ბუნებასთან ჰარმონიაში. ამის გარანტი დღეს მეცნიერების, ინოვაციებისა და წარმოების საშუალებების/ტექნოლოგიების დემოკრატიზაცია – პოლიტიკური გარდაქმნაა. ეს გახლავთ საჭიროებებით განსაზღვრული ქმედებების ერთობლიობა, რომელიც საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესს გაითვალისწინებს.
მეთულუხჩეები თბილისში, XX საუკუნის დასაწყისი; ©საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი”.
მნიშვნელოვანია, აქვე მოვიხმოთ ბუნებრივი რესურსების გარდაქმნისა და წარმოების დემოკრატიულობის არგუმენტიც. ჩვენ უკვე დავასაბუთეთ, რომ ბუნებრივი რესურსები ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტებს შეიცავს, ამ რესურსების გარდაქმნის პროცესი კი განსაზღვრავს ადამიანის არსს და გადამწყვეტია მისი არსებობისთვის. გამოდის, რომ ადამიანის უფლება რესურსებზე უნივერსალური და ფუნდამენტურია. შესაძლოა, ეს დებულება ისევე გახდეს ცხარე დებატების საგანი, როგორც ოდესღაც სოციალური და ეკონომიკური უფლებების აღიარება გახდა, თუმცა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზება ზუსტად ისევეა რესურსებზე უფლების გარეშე წარმოუდგენელი, როგორც ეკონომიკური და სოციალური უფლებების გარეშე. საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ მაშინ იქცევა რეალობად, თუ ის, რაზეც მისი ცხოვრება პირდაპირ არის დამოკიდებული, მისსავე ხელში აღმოჩნდება, როგორც გონება. ამ ლოგიკით, თავისუფლების მიღწევა შეუძლებელია რესურსებზე, ანუ დედამიწაზე ადამიანის კოლექტიური უფლების აღიარების გარეშე, რადგან ადამიანი კოლექტიური შრომით ისაკუთრებს საკუთარი ბიოლოგიური არსებობისთვის აუცილებელ ბუნებრივ რესურსებს, ამ რესურსს კი ბუნება ადამიანის მონაწილეობის გარეშე აწარმოებს. ამიტომ, ის ვერ ინდივიდუალიზდება. რესურსების მოპოვებისა და გამოყენების სოციალური ხასიათის გამო – და, ასევე, იმის გამო, რომ ამ ხასიათს ეკოლოგიური ლიმიტი და კომპლექსურ ერთიანობასთან მჭიდრო ურთიერთკავშირი გააჩნია – ეს უფლება კოლექტიურია.
უადრესი ცივილიზაციების ჩამოყალიბება, ამის საპირისპიროდ, გარკვეული ცენტრალიზაციის მეშვეობით მოხდა, მაგალითად, დიდი ჰიდრავლიკური მშენებლობების ორგანიზებითა და მართვით. თუმცა, ცივილიზაციების გადასარჩენად, ძლიერი კლიმატური ცვლილებების პროცესში ეს ცენტრალიზაცია საკმარისი არ იყო. ტექნოლოგიური რევოლუციები ამოქმედებას მაშინ უნდა იწყებდეს, როცა ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული მმართველი კლასი რეალობის შეგრძნებას კარგავს, არსებული წესრიგი საზოგადოებას ადაპტაციის უნარს ართმევს, თავს იჩენს მეტაბოლიზმის კრიზისი ან ჩნდება გადაულახავი ეკოლოგიური ლიმიტი, ამავდროულად კი კლიმატი დრამატულად იცვლება. თუმცა, ტექნოლოგიური რევოლუციისთვის საჭირო გარემოს არსებობა და მისი აუცილებლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ეს საზოგადოების მოქმედებებზეა დამოკიდებული: ან მოხდება ადაპტაცია, ან დადგება კოლაფსი.
შენიშვნები
1. დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქა, რომელიც დაიწყო 2,588 მლნ. წლის წინ და დამთავრდა 11,7 ათ. წლის წინ
2. ჰომინინთა ჯგუფი მოიცავს ანატომიურად თანამედროვე ადამიანს, მის უახლეს გადაშენებულ სახეობებსა და გვარებს
3. 129-11 ათასი წლის წინ
4. ყველა ეს მღვიმე მდებარეობს იმერეთის რეგიონში
5. ეკოლოგიური თავშესაფარი
6. თანამედროვე გეოლოგიური ეპოქა როემლიც 11700 წლის წინ დაიწყო
7. ხანგრძლივი გვალვიანობა, კლიმატის გამშრალიანება
8. მზეზე გამომშრალი თიხის აგური
9. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი
10. მდებარეობს ქალაქ მცხეთასთან, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე
11. მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთიდან 20 კილომეტრში
12.უნგრელი ფილოსოფოსი, ავტორი წიგნებისა: „კაპიტალის მიღმა: ტრანზიციის თეორიის მიმართულებით“ და „მარქსის გაუცხოების თეორია“
იხილეთ პუბლიკაციის ბმული:
მთავარი ფოტო: კადრი 1971 წლის ფილმიდან La classe operaia va in paradiso,
რეჟისორი ელიო პეტრი.