შესავალი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ყოველწლიურად არჩევს და აქვეყნებს ინფორმაციას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ. ჩემი დაკვირვებით რეიტინგები ორი ძირითადი კრიტერიუმით შეირჩევა: ის რეიტინგები, რომელშიც საქართველო წარმატებულია და ის, რომელიც ემთხვევა მთავრობის იდეოლოგიურ ორიენტირებს და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს. მაგალითად, შერჩეულ რეიტინგებს შორისაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ინდექსი“, ასევე, „Fraser Institute“-ის (საქართველო იმყოფება 26-ე საუკეთესო ადგილზე) და „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსები. მეორე მხრივ, სამინისტრო ყურადღების გარეშე ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან რეიტინგებს, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტულობის ინდექსი, გაეროსინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის, UNIDO-ს, ინდუსტრიული კონკურენტულობის ინდექსი, ჰარვარდის ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსი და სხვა.
სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრებ ფრეიზერის ინსტიტუტის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ შესახებ და ვაჩვენებ, რომ იდეოლოგიური მიკერძოების გამო ის არასწორად ზომავს „ეკონომიკურ თავისუფლებას“, რის გამოც მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკების თავისუფლების მაჩვენებლები გადაჭარბებულია, ხოლო უფრო ღარიბი ქვეყნების მაჩვენებლები შემცირებულია. ეს, საბოლოო ჯამში, ქმნის ეკონომიკური თავისუფლების დონესა და ცხოვრების დონეს შორის მტკიცე მიზეზობრივი კავშირის ილუზიას.
სტატიის მეორე ნაწილში შევეხებით ისეთ რეიტინგებს, რომლებიც შეეხება როგორც ეკონომიკის შესაძლებლობებს, ისე საზოგადოებრივ განწყობებს და მაჩვენებლებს.
ფრეიზერის ინსტიტუტის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“
ფრეიზერის ინსტიტუტის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ზომავს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ხუთ ძირითად სფეროში: [1] მთავრობის ზომა; [2] საკუთრების უფლება და სამართლებრივი სისტემა; [3] მყარი ფული; [4] საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; [5] რეგულაციები. ეს ხუთი ძირითადი სფერო 26 კომპონენტს აერთიანებს. ეს კომპონენტები, თავის მხრივ, შედგება ქვეკომპონენტებისგან. მთლიანობაში, ინდექსი 44 განსხვავებულ ცვლადს მოიცავს. თითოეული კომპონენტი და ქვეკომპონენტი მოთავსებულია 0-10 ქულიან შკალაზე, რომელთა საშუალოც საბოლოო ჯამში ადგენს ქვეყნის საბოლოო ქულას. საქართველო, ამ ინდექსის ბოლო 2021 წლის მონაცემების მიხედვით 165 ქვეყანას შორის 26-ე ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის მქონე ქვეყანაა, რაც მთავრობის მიერ წარმატების წარმოსაჩენად ხშირად გამოიყენება.
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ კრიტიკა გარედან
ფრეიზერის ინსტიტუტის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მთავარი იდეოლოგიური გზავნილი ისაა, რომ ის ათანაბრებს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ თავისუფლებას[1] და მეორე მხრივ, საზოგადოებრივ კეთილდღეობას. 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია: „ქვეყნების ზედაპირული შედარებაც კი მარტივადავლენს, რომ რაც უფრო თავისუფალია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო აყვავებულია ის და შესაბამისად უფრო მაღალია ცხოვრების დონე“. ზემოთ მოყვანილ წინადადებაში სიტყვები „რაც უფრო“, გულისხმობს მიზეზობრივ კავშირს ეკონომიკურ თავისუფლებასა და ცხოვრების დონეს შორის, მაგრამ ეს მტკიცება მეტად სათუოა. მაგალითად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ეკონომიკურად უფრო თავისუფალ ამერიკაში 2020 წელს 77 წელი იყო, ნაკლებად თავისუფალ სლოვენიაში 81 (55-ე ადგილი ფრეიზერის რეიტინგში), ესპანეთში 82 (37-ე ადგილი) ნორვეგიაში 83 (29-ე ადგილი), ხოლო საერთოდ „არათავისუფალ“ კუბაში კი 78 წელი (რეიტინგში არ იძებნება). თანამეგობრობის ფონდის მონაცემებით, აშშ ბოლო ადგილზეა 11 მაღალშემოსავლიან ქვეყანას შორის ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობით, მათ შორის ხელმისაწვდომობის, სერვისებზე თანაბარი წვდომის და ჯანმრთელობის შედეგების მიხედვით. ეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯები მშპ-თან მიმართებით ყველაზე მაღალია, უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით – აშშ-ში ჯანდაცვის მომსახურება ყველაზე ძვირია. ასეთი მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის მოწყობასთან, რომლის მთავარი ლოგიკა მოგებაზე ორიენიტირებული, დაურეგულირებელი კერძო ჯანდაცვის სისტემაა (რაც სხვათა შორის ადმინისტრაციულ ხარჯებსაც ზრდის), რომელიც დიდი კორპორაციების ინტერესებით იმართება. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით აშშ-ში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების პროცენტული წილი მთლიან ჯანდაცვის დანახარჯებში მინიმალურია და სექტორში, კერძო კომპანიები დომინირებენ. გამოდის რომ თუ ცხოვრების დონეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხიდან შევხედავთ შესაძლოა მისი დადებითი კავშირი ეკონომიკურ თავისუფლებასთან როგორც მინიმუმ საეჭვო, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფითიც აღმოჩნდეს.
კეთილდღეობის და ეკონომიკური თავისუფლების ასეთი გათანაბრება არასწორია, რამდენადაც პირველ რიგში, საზოგადოებრივად გაგებული თავისუფლება ყოველთვის მიმართებითია და მას აბსოლუტური გაგება არ აქვს. სხვა სიტყვებით, თავისუფლება საზოგადოებრივად განისაზღვრება. შესაძლოა საზოგადოებრივ დონეზე ერთი ადამიანის თავისუფლება მეორე ადამიანის დაქვემდებარებას გულისხმობდეს. ეს განსაკუთრებით ასეა, როდესაც საქმე ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. მაგალითად, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით 2012 წლამდე, შრომის კოდექსი საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „თავისუფალი“ იყო. ამ მაჩვენებელს უზრუნველყოფდა 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსი, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად გულისხმობდა სამსახურიდან დათხოვნის უფლებას ახსნა-განმარტების გარეშე, პროფესიული კავშირების შექმნაში დაბრკოლებებს, შრომის ინსპექციის და სხვა ორგანოების გაუქმებას და ა.შ. ასეთი თავისუფლებაერთის მხრივ გულისხმობს სახელმწიფოს ჩარევისგან კაპიტალის მფლობელის თავისუფლებას, თუმცა მეორეს მხრივ დასაქმებულის დაქვემდებარების შესაძლებლობას, რამდენადაც მას არ გააჩნია პირდაპირი ბერკეტი იმოქმედოს შრომით პირობებზე. ფრეიზერის ინსტიტუტის და მის უკან მდგარი ფილოსოფოსების თავისუფლების გაგება ეფუძნება, საკუთრების მქონე კლასის თავისუფლების გაგებას და მას აბსოლუტური მნიშვნელობა არ გააჩნია. ინდექსის ფილოსოფია გვკარნახობს, რომ მისთვის (ძალიან ზოგადი ცნება) „ეკონომიკური თავისუფლების“ ნაცვლად მესაკუთრეთა, დამქირავებელთა ან მეწარმეთა თავისუფლების ინდექსი გვეწოდებინა.
ფიგურა 1. შრომის ბაზრის დერეგულირების ხარისხი საქართველოში „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიხედვით, დროით მწკრივში. წყარო: www.fraserinstitute.org/studies/economic-freedom-of-the-world-2022-annual-report
ინდექსის ავტორების აზრით სახელმწიფო გადასახადები, დანახარჯები, ტრანსფერები და სუბსიდიები წარმოადგენს ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვას. რეალურ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი არის საერთო რესურსების მობილიზების მექანიზმი, რომელიც ერთი მხრივ ხელმისაწვდომს ხდის ისეთ სერვისებს, რომელიც გადასახადების ერთად მოგროვების გარეშე, უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი თუ გადასახადებს არ გადაიხდიდა. შესაბამის ინსტიტუციურ პირობებში, თავისუფლების ლიბერტარიანული გაგება (მაგ. გადასახადებისგან თავისუფლება) უპირისპირდება სხვა თავისუფლებას – მაგალითად ავადმყოფობისგან თავისუფლებას, უმუშევრობის ტვირთისგან თავისუფლებას, სამუშაო ადგილის არჩევის თავისუფლებას და ა.შ. მეორე მხრივ, მტკიცება იმის შესახებ რომ ვიწროდ განსაზღვრული „ეკონომიკური თავისუფლება“ აბსოლუტური სიკეთეა, არ გულისხმობს იმას, რომ ის აუცილებლად სასარგებლოა საზოგადოებისთვის ან ინდივიდისთვის. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფოები საპენსიო სისტემებს ნებაყოფლობით შენატანებზე აფუძნებენ[2] რა მოხდებოდა იმ ადამიანების ხანდაზმულობაში, რომელთაც არ გააჩნიათ შემოსავლები საკუთრებიდან და სხვა აქტივებიდან (უმრავლესობა).
სახელმწიფოს მიერ გადასახადები და დანახარჯები ამცირებს ლიბერტარიანული გაგების ეკონომიკურ თავისუფლებას, მაგრამ ამასთანავე, შესაბამის ინსტიტუციურ დიზაინში, უზრუნველყოფს მეტ-ნაკლებად თანაბარ სასტარტო პირობებს, რომელიც შესაძლებელს ხდის კაპიტალის ერთეულების ხელში კონცენტრაციის (იქნება ეს მემკვიდრეობის გზით თუ თავად საბაზრო მექანიზმებით ) გავლენის შემცირებას. ვერავინ იტყვის, რომ ფინეთის (ესპანეთის, ბელგიის, ნორვეგიის ავსტრიის და სხვა) ნაკლებად თავისუფალი ეკონომიკა, რომელიც საშემოსავლო უთანასწორობას გადასახადების და ტრანსფერების შემდგომ თითქმის ანახევრებს, უფრო ცუდ საზოგადოებას ქმნის ვიდრე საქართველოს უფრო თავისუფალი ეკონომიკა, რომელშიც ანალოგიური მაჩვენებელი უფრო მცირეა (იხ. ფიგურა 2.) ვიღაცამ, შეიძლება თქვას, რომ საქართველოს პრობლემა ეკონომიკის ზომაა და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ეკონომიკის პირობებში და არსებული ეკონომიკური თავისუფლებით უკეთეს საზოგადოებას შექმნიდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვანახეთ ამერიკის მაგალითი და სხვა მრავალი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ.
ფიგურა 2. საშემოსავლო უთანასწორობა სახელმწიფოს ჩარევამდე და მის შემდეგ, 2018 წ. წყარო: ILO, Luxembourg Income Study (LIS) database.
სწორედ სახელმწიფოს გონივრული ჩარევა უზრუნველყოფს სტაბილურ კეთილდღეობას და გაზიარებულ კეთილდღეობას. ამიტომაა, რომ მაგალითად, სკანდინავიური ქვეყნები გამოირჩევიან კაპიტალის მაღალი კონცენტრაციით[3], თუმცა მათში საშემოსავლო უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ეს მხოლოდ კეთილდღეობის სახელმწიფოთი არ მიიღწევა – ასევე უმნიშვნელოვანესია კაპიტალსა და შრომას შორის ძალაუფლებრივი ბალანსი. მაგრამ იქ სადაც დემოკრატიული და მუშათა მოძრაობები სუსტია სახელმწიფოს მეტი როლი ეკისრება.
ჩნდება კითხვა – რატომ არის საჭირო უთანასწორობის უფრო დაბალი დონე? ამაზე პასუხი შეიძლება სხვადასხვა პერსპექტივიდან, მათ შორის ჰუმანისტური, პოლიტიკური და ეკონომიკური პერსპექტივებიდან. ეკონომიკური პერსპექტივიდან უთანასწორობის დაბალი დონე სახელმწიფოს მიერ მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდების პირობებში, უზრუნველყოფს შესაძლებლობათა მაღალ თანასწორობას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანებს წარმატების შანსები უფრო მეტად ეძლევათ არა მათი წარმომავლობის, არამედ საკუთარი შესაძლებლობების და თუ გინდათ, მონდომების მიხედვით, რაც საბოლოო ჯამში ახდენს საზოგადოების ეკონომიკური პოტენციალის მეტ რეალიზაციას.
ფიგურა 3. თაობათა შორისი სოციალური მობილობა და საშემოსავლო უთანასწორობა წყაროები: Corak 2016; და IMF-ის პერსონალის გათვლები.
ზემოთ მოყვანილია გრაფიკი (ფიგურა 3) მსოფლიო სავალუტო ფონდის კვლევიდან. გრაფიკზე ჩვენ ვხედავთ კავშირს უთანასწორობასა და თაობათა შორის საშემოსავლო მობილობას შორის. X- ღერძი (დამოუკიდებელი ცვლადი) აღნიშნავს უთანასწორობას და რაც უფრო მარცხნივაა ქვეყანა მით უფრო თანასწორია ის ეკონომიკურად და პირიქით. Y- ღერძზე (დამოკიდებული ცვლადი) გადმოცემულია შემოსავლების ელასტიკურობა, რაც გულისხმობს მშობლების შემოსავლების გავლენას შვილების მომავალ შემოსავლებზე. რაც უფრო ზემოთაა ქვეყანა მით უფრო დიდია ეს გავლენა და პირიქით. თქვენ, ხედავთ რომ მშობლების შემოსავლები შედარებით ნაკლებად განსაზღვრავს შვილების შემოსავლებს იმ ქვეყნებში სადაც უთანასწორობა დაბალია. უთანასწორობა, თავის მხრივ, დაბალია იქ სადაც სახელმწიფოს გადანაწილებითი ფუნქცია და საჯარო სიკეთეებზე თანაბარი წვდომა შედარებით დიდია, მაგ, ფინეთი, დანია, ნორვეგია და სხვა [4].
თუ შევხედავთ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ქულებს ევროპულ ქვეყნებში და მათ რეიტინგებს ცხოვრებით კმაყოფილების სხვადასხვა კატეგორიებს[5] შევადარებთ, ვნახავთ, რომ კავშირი სტატისტიკურად საკმაოდ სუსტია. მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სახელმწიფოს დიდი ზომა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ყოველთვის კარგი არაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციურ დიზაინს,[6] ხარისხს და დემოკრატიას.
ფიგურა 4. კავშირი ცხოვრების დონესა და სახელწიფო ხარჯებს შორის.
რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები მნიშვნელოვან და დადებით გავლენას[7] ახდენს ცხოვრების დონეზე[8]. სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ, რომ სახელმწიფო ხარჯები დადებითად აისახება არა მარტო ცხოვრების ხარისხზე, არამედ პიროვნების თავისუფლებაზეც, ირლანდია (წითლად მონიშნული) წარმოადგენს აშკარა გამონაკლისს, იქ სახელმწიფო ხარჯები მინიმალურია (24%-ი სახ. ხარჯები მშპ-სთან მიმართებით), ხოლო ცხოვრების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. საქმე იმაშია, რომ ირლანდიის ეკონომიკის უკიდურესად გლობალური ხასიათიდან გამომდინარე მისი მშპ იმაზე უფრო დიდი ჩანს, ვიდრე ირლანდიის რეალური ეკონომიკაა და მისი სახელმწიფო ხარჯები უკეთესია შედარდეს მოდიფიცირებულ ეროვნულ შემოსავლებთან, რაც მეთოდოლოგიური საკითხია [9]. რეალურად, თუ შევხედავთ სახელმწიფოს ხარჯებს ერთ სულზე, აღმოვაჩენთ, რომ ირლანდია ერთ-ერთი მოწინავეა ევროპულ ქვეყნებს შორის და მშპ-სთან სახელმწიფო ხარჯების შეფარდება ნამდვილ სურათს ამახინჯებს. მეორე, აშკარა, გამონაკლისი (შავად მონიშნული) ლესოთოა, რომელშიც სახელმწიფო ხარჯები მაღალია, მაგრამ, ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბალი. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ დიდი სახელმწიფო ყოველთვის და აუცილებლად კარგი არაა. როდესაც დემოკრატია და ინსტიტუციები სუსტია შეიძლება ის ელიტების მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების ერთ-ერთ ფორმაზე და არა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, მიუთითებდეს. და მაინც, თანამედროვეობაში ცხოვრების საყოველთაო კეთილდღეობა წარმოუდგენელია მიიღწეს მხოლოდ საბაზრო მექანიზმებით[10].
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კრიტიკა შიგნიდან
მოდით გავაგრძელოთ ინდექსის გარჩევა, თუმცა ამჯერად დავაკვირდეთ თავად ინდექსს და მის შემადგენლობას. დავიწყოთ რეგულაციების ნაწილის ერთ-ერთო კომპონენტით – შრომის რეგულაციებით.
ფიგურა 5. ფრეიზერის ინსტიტუტი – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2021 წ. შრომის ბაზრის რეგულაციები
შრომის ბაზრის რეგულაციების საერთო ქულის მიხედვით, გერმანიას, იტალიას, დანიას, ბელგიას, კანადას და სხვა ქვეყნებს, უფრო მეტად, დაურეგულირებელი შრომის ბაზრები აქვთ ვიდრე საქართველოს და რა თქმა უნდა, აქაც გვებადება კითხვა ინდექსის კომპონენტების მართებულობის შესახებ. მოვიყვანოთ ბელგიის მაგალითი, რომელიც ასევე სხვა ბევრ ქვეყანაზე ვრცელდება. ინდექსის ქულის მიხედვით საქართველოს უფრო რეგულირებული შრომის ბაზარი აქვს, ვიდრე ბელგიას, მაგრამ, როგორც კი მოვაცილებთ ჯარის კომპონენტს, ვნახავთ რომ სურათი იცვლება და საქართველოს მეტი ქულა გამოსდის – შესაბამისად ის უფრო და შესაბამისად უფრო თავისუფალი შრომის ბაზრის მქონე ქვეყანაა. გადაწყვეტილებები თავდაცვის პოლიტიკის შესახებ, არ მიიღება ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების მიხედვით, შესაბამისად ის ვერ ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს ეკონომიკაში. ანალოგიური წესით, ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ 42 ცვლადს და კრიტიკულად განვიხილოთ ისინი, თუმცა ამისთვის არც დროა და არც ადგილი. ფრეიზერის შრომის ბაზრის რეგულაციის ინდექსის სიღრმისეული კრიტიკისთვის მკითხველს შეუძლია გაეცნოს „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ანალიზს[11].
განვაგრძოთ, ფიგურა 6-ზე გადმოცემულია საქართველოს და სამი სკანდინავიური ქვეყნის მაჩვენებლები „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ („ეთი“) კომპონენტების მიხედვით.
ფიგურა 6. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მთავარი კომპონენტების მონაცემები სხვადასხვა ქვეყნისთვის
სპეციალურად შევარჩიე სკანდინავიური ქვეყნები, რომლებიც ინდექსის მიხედვით საქართველოზე უფრო თავისუფალი ეკონომიკებია. ასეთი მონაცემები ინტუიციურად გვაკვირვებს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს ქვეყნები ევროპაში ყველაზე სოციალ-დემოკრატიულ, შერეული ეკონომიკის მქონე და რეგულირებული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან. ეს კარგად ჩანს პირველ კომპონენტში, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს საკუთრებას, გადასახადებს, ტრანსფერებს სახელმწიფო ინვესტიციებს და ხარჯებს, რომელშიც საქართველოს უფრო მაღალი ქულა აქვს (ანუ ამ კომპონენტში სახელმწიფოს ჩარევა უფრო მცირეა და უფრო „თავისუფალია“). საქართველო ამ ქვეყნებს ასევე უსწრებს საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების ქულით. სხვა დანარჩენ სამ კომპონენტში საქართველო ჩამორჩება, თუმცა ჩამორჩენა არც ისე დიდია, როგორც პირველი კომპონენტის შემთხვევაში უპირატესობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ახდენენ ბევრად ღრმა ინტერვენციებს ბაზრებზე ვიდრე საქართველო, ჯამურად მაინც უფრო დერეგულირებულ და თავისუფალ ეკონომიკებად მიიჩნევიან ინდექსის მიხედვით და მოწინავე პოზიციები უკავიათ. მაშ რაშია საქმე?
ინდექსის მთავარი პრობლემაა ისაა, რომ მასში გაერთიანებულია ბევრი ისეთი ცვლადი, რომელიც არაა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მთავრობების ეკონომიკურ კურსთან, მაგრამ მეთოდოლოგიის მიხედვით ისინი ისეთივე გავლენას ახდენენ საბოლოო ქულებზე, როგორსაც ის ცვლადები, რომელთაც პირდაპირი კავშირშია ზემო აღნიშნულ ფენომენთან. მაგალითად, ინფლაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, მიუკერძოებელი მოსამართლეები, კანონმდებლობის ინტეგრაცია, კონტრაქტების აღსრულება, სამხედროების ჩარევა, სამხედრო სავალდებულო სამსახური, პოლიცია, დანაშაული. მაგალითად, ინფლაცია[12] დამოკიდებულია როგორც ეროვნული ბანკის ბიუროკრატიის კომპეტენციაზე (რაც ნაკლებ კავშირშია ეკონომიკურ თავისუფლებასთან), ისე ქვეყნის ეკონომიკურ დივერსიფიკაციაზე, განვითარების დონეზე და სხვა, რაც არაა ხშირად არაა დამოკიდებული არჩეულ პოლიტიკურ კურსზე და ის უფრო შედეგია კომპლექსური ეკონომიკური პროცესების ვიდრე უშუალოდ გატარებული პოლიტიკური კურსი. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ინდექსის მიხედვით 0%-იანი ინფლაცია მიჩნეულია სასურველ მაჩვენებლად, რაც სინამდვილეში დინამიკური ეკონომიკის პირობებში არც შესაძლებელია და არც სასურველი, ხშირად კი შესაძლოა ეკონომიკურ დეგრადაციაზეც მიუთითებდეს. კიდევ ერთი – საშუალოდ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა მით ნაკლებია დანაშაული, უკეთესია პოლიციის დაფინანსებაც და მომზადებაც. საკუთრების დაცულობა არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ყველაზე ლიბერალური, ისე ყველაზე სოციალ-დემოკრატიული მმართველობის პირობებში, თუ ასეთი უფლება აღიარებულია კონსტიტუციურად. ზემოთ თქმული შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და მოსამართლეების მიუკერძოებლობას. კვლევა ძიება არ სჭირდება იმას, რომ უფრო ღარიბ და უთანასწორო ქვეყანაში უფრო მაღალი იქნება დანაშაულის დონე და დაბალი პოლიციის ხარისხი ვიდრე უფრო მდიდარ და თანასწორ ფინეთში. ერთი სიტყვით, ინდექსში ეკონომიკური თავისუფლების ჯამურ ქულებზე მოქმედებს ისეთი მაჩვენებლები, რომლებიც
- უფრო მაღალ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესთან, მმართველობის ხარისხთან და ნაკლებ კავშირში არჩეულ ეკონომიკურ კურსთან.
- სასურველია და თავსებადია როგორც ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყნისთვის ისე ყველაზე სოციალ-დემოკრატიული ქვეყნისთვის.
არ ვამბობ იმას, რომ ეს კომპონენტები საერთოდ არ უნდა იყოს გათვალისწინებული. პრობლემა იმაშია, რომ ინდექსის შემადგენელი კომპონენტები და ქვეკომპონენტები არ არის სტატისტიკურად შეწონილი და ყველა თანაბრად განსაზღვრავს საბოლოო ქულას, რაც იწვევს საერთო სურათის დამახინჯებას[13]. მაგალითად, საბოლოოდ ასეთი მეთოდოლოგიის შედეგად გამოდის, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები, რომლებიც როგორც წესი გამოირჩევიან ძლიერი ინსტიტუციებით, ნაკლები დანაშაულის მაჩვენებლით და უკეთესი მმართველობით იღებენ ბონუსს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკონომიკები შეიძლება უფრო მეტად „არათავისუფალი“ იყოს, ხოლო შედარებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნები ჯარიმდებიან და შედარებით უკან იწევენ რეიტინგში. რადგან ინდექსს „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ეწოდება ბუნებრივია, რომ ხდება წარმატების ეკონომიკურ თავისუფლებასთან გათანაბრება, რაც იდეოლოგიური მიკერძოებაა. სწორედ ამ მეთოდოლოგიური არათანმიმდევრულობის გამოა, რომ სკანდინავიური ქვეყნები იმყოფებიან ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სათავეებში – მათ უბრალოდ აქვთ ძლიერი ინსტიტუციები და დემოკრატიის მაღალი დონე და არა ლიბერტარიანულად განსაზღვრული „ეკონომიკური თავისუფლება“. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში ხედავთ, მათი მაჩვენებლები ლიბერტარიანულად განსაზღვრულ „ეკონომიკურ თავისუფლებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ კომპონენტში „სავალალოა“, ხოლო ყველაზე ნაკლებ დაკავშირებულ კომპონენტში „ლეგალური სისტემა და საკუთრების უფლებები“ (ამ კომპონენტის შიგნით შემავალი ქვეკომპონენტების დიდი ნაწილი შეეხება ან არაეკონომიკურ ინსტიტუციებს ან ეკონომიკურ ინსტიტუციებს, რომელიც მისაღებია ყველანაირი დემოკრატიისთვის) ერთ-ერთი საუკეთესო.
ცხრილი 1. სკანდინავიური ქვეყნების საერთაშორისო პოზიციები ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსის ორი კომპონენტის მიხედვით
მოდით, ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი: გამოვყოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეკონომიკის „თავისუფლება“ -„არათავისუფლებისთვის“ – მთავრობის ზომა. მივანიჭოთ მას შედარებით მაღალი (0.3) წონა ხოლო სხვა ცვლადებს თანაბრად გადავუნაწილოთ (0.17) [14]. არ დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა მით უფრო მოსალოდნელია უკეთესი ინსტიტუციები, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს ქვეყნის ქულა „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ სხვადასხვა კომპონენტები, როგორიცაა სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები, რეგულირება და მონეტარული სტაბილურობა.
ფიგურა 7. ფრეიზერის ინსიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. საერთაშორისო რეიტინგი შეწონვამდე და შეწონვის შემდგომ შერჩეული ქვეყნებისთვის
ფიგურა 7-ის თანახმად, როდესაც „მთავრობის ზომას“ მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის კურსის განსაზღვრაში ვიდრე მაგ. სასამართლოს დამოუკიდებლობა, ან კრიმინალი, ბევრი ევროპული ქვეყანა და განსაკუთრებით მაღალი საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნები კარგავენ პირვანდელ პოზიციებს. მათ შორის სლოვენია 55-ე პოზიციიდან გადადის 76-ე პოზიციაზე, ბელგია 46-ე პოზიციიდან გადადის 63-ე პოზიციაზე, ფინეთი მე-17 პოზიციიდან 34-ე პოზიციაზე, შვედეთი მე-19 პოზიციიდან 36-ზე, ნორვეგია 28-ე პოზიციიდან 45-ე პოზიციაზე, საქართველო 26-ე პოზიციიდან მე-8 პოზიციაზე წინაურდება და ა.შ
ზემონახსენები კრიტიკის გარდა, ინდექსს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები აქვს, რომლებიც ამახინჯებენ რეალურ სურათს და შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგულაციები, შრომის ბაზრის მონაცემები, მაგრამ ეს სხვა სტატიის საგანია. ასევე უნდა ითქვას, რომ უფრო სრულყოფილი სურათისთვის ასევე აუცილებელია „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ შემავალი ქვეყნების მშპ-ს და სხვა მაჩვენებლების სტატისტიკური კონტროლიც რასაც რეიტინგის შემდგენლები არ ითვალისწინებენ.
შევაჯამოთ:
- „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ეკონომიკურ თავისუფლებასა და საზოგადოების კეთილდღეობას შორის, ნაგულისხმევ, მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე მიუთითებს, რაც მცდარია ევროპული და სხვა კეთილდღეობის სახელმწიფოების მაგალითზე, რომლებშიც სწორედ მაღალი სახელმწიფო გადასახადები და ხარჯები წარმოადგენენ შედარებით თანასწორი შესაძლებლობის გარანტს ყველასთვის.
- ინდექსში მოცემული კომპონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი არაა პირდაპირ კავშირში ეკონომიკური პოლიტიკის რაგვარობასთან და ერგება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებას მიუხედავად ეკონომიკური პოლიტიკისა. ინდექსის კომპონენტების ეკონომიკური თავისუფლების ცნების ქვეშ მოქცევა მეტყველებს იდეოლოგიურ მიკერძოებაზე, იმ დაშვებით რომ ჩვენ ვაღიარებთ ეკონომიკური პოლიტიკის საზოგადოებრივად განსაზღვრულობას.
- რადგან ეს კომპონენტები დაკავშირებულია დემოკრატიის ხარისხთან, მშპ-სთან და ინსტიტუციურ შესაძლებლობებთან და რამდენადაც, ინდექსის კომპონენტები არაა შეწონილი მათი მნიშვნელობების მიხედვით (რაც არა უბრალოდ სტატიკური არამედ თეორიული საკითხია), შედეგად ვიღებთ რომ მდიდარი და დემოკრატიული ქვეყნები იღებენ ბონუს ქულებს, ხოლო შედარებით ღარიბი და ნაკლებ დემოკრატიული ქვეყნები კი ჯარიმდებიან, რაც საბოლოო ჯამში აჩენს ილუზიას თითქოს წარმატებული ქვეყნები აუცილებლად ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკის მატარებლები არიან.
საქართველო სხვა საერთაშორისო ინდექსებში
შემთხვევითი არაა, რომ თანამედროვეობის ძლევამოსილ და მდიდარ ქვეყენებს ინდუსტრიულ ქვეყნებს უწოდებენ. დღეს ბევრი საუბრობს პოსტ-ინდუსტრიულ საზოგადოებაზე, რაც თითქოს გულისხმობს ინდუსტრიის მნიშვნელობის შემცირებას, მაგრამ ფაქტია, რომ მდიდარი ქვეყნების დე-ინდუსტრიალიზაცია, სინამდვილეში მათი ზე-ინდუსტრიალიზაციის მეორე მხარეა და სწორედ ამიტომაც, ერთ სულ მოსახლეზე დამამუშავებელი მრეწველობის დამატებული ღირებულებით ისინი კვლავ მოწინავეები არიან მსოფლიოში (რაც მიღწეულია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული სექტორის მეშვეობით).
ცხრილი 2. სამრეწველო დამატებული ღირებულება ერთ სულზე (UNIDO).
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეიტინგი, რომელიც მთავრობას არასდროს შეჰყავს თავის ყოველწლიურ მიმოხილვაში, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის ინდექსია (CIP). ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის ინდექსი „შედგენილი ინდექსია“ და ზომავს ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს. ის აერთიანებს რვა ცვლადს, რომლებიც სამ სხვადასხვა განზომილებაში ნაწილდება.
ცხრილი 3 გაეროს ინდუსტრიული კონკურენტულობის ინდექსის შემადგენელი კომპონენტები
საქართველო 150 ქვეყანას შორის 96 -ე ადგილას იმყოფება, რაც სახარბიელო შედეგი ნამდვილად არაა. საქართველოს პოზიცია რეიტინგში ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება, მაგრამ რამდენადაც ჯამური ქულა არ უმჯობესდება (მეტიც 2014 წლის შემდეგ უარესდება), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო პოზიცია უმჯობესდება სხვა კონკურენტი ქვეყნების პოზიციების უფრო სწრაფი გაუარესების გამო. ასეთი გაუმჯობესებაც კი არც ისე შთამბეჭდავია – საქართველო 2004 წელს საქართველო იმყოფებოდა 114 ადგილას.
მნიშვნელოვანია ერთი დეტალი – ინდექსი არ განასხვავებს მთლიან ექსპორტს (რომელიც აერთიანებს რე-ექსპორტს, ანუ სხვა ქვეყნებში წარმოებულ საქონელს) და ადგილობრივ ექსპორტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის. 2023 წლისთვის, ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 45%-ი იყო.
ფიგურა 8. საქართველოს მთლიანი და ადგილობრივი ექსპორტი (წყარო: საქსტატი)
ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივ ექსპორტში დომინირებს ნედლეული და ბუნებრივი რესურსები, შესაბამისად ინდექსში საქართველოს ქულა სავარაუდოდ იმაზე მაღალია ვიდრე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების გათვალისწინებით იქნებოდა. ინდექსის საბოლოო ქულაზე ექსპორტის სხვადასხვა კომპონენტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
ფიგურა 9. ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობის ინდექსის კომპონენტები. წყარო: https://www.unido.org/
ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ თავად მთლიან ექსპორტშიც საშუალო და მაღალ ტექნოლოგიური პროდუქტის წილი ბოლო წლების განმავლობაში მცირდება, რაც დიდი პრობლემა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ დამატებულ ღირებულებაში ანალოგიური მაჩვენებლის წილი გაიზრდებოდა, თუმცა როგორც მეცხრე გრაფიკზე ვხედავთ ეს ასე არაა. გრაფიკზე ასევე მოცემულია ინდუსტრიალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც იზომება სამრეწველო დღგ-ს წილით მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ), და საშუალო და მაღალტექნოლოგიური (MHT) საქმიანობის წილით სამრეწველო დღგ-ში. პირველი ასახავს წარმოების როლს ეკონომიკაში, მეორე კი წარმოების ტექნოლოგიურ სირთულეს, ამიტომ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ექსპორტის კომპონენტი ჩვენ არ შეგვიძლია სრულყოფილად გავაანალიზოთ. ამ მხრივაც საქართველოს შედეგები უარყოფითი და დაღმავალია.
მეორე ინდექსი, რომელზეც ასევე ღირს ყურადღების გამახვილება ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკური კომპლექსურობის ინდექსია, რომელიც საექსპორტო კალათაზე დაკვირვებით განალაგებს ქვეყნებს საერთაშორისო რეიტინგში. საქართველო 2021 წლის მონაცემებით, 136 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს. 2021 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მცირედით აღემატებოდა 30%-ს მთლიან ექსპორტში. სამწუხაროდ ეს ინდექსიც არ განასხვავებს ადგილობრივ და მთლიან ექსპორტს და თუ ამ განსხვავებას გავითვალისწინებთ, მაშინ საქართველოს პოზიციები რადიკალურად გაუარესდება.
ფიგურა 10. საქართველოს ექსპორტის კომპლექსურობის შკალა, 2021 წელი,
წყარო: https://atlas.cid.harvard.edu/countries/82/export-complexity
მაგალითისთვის, შევხედოთ საქართველოს ექსპორტის კომპლექსურობის შკალას, სადაც ჩანს რომ ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს ქულას, თუმცა ვიცით რომ ჩვენ ავტომობილებს არ ვაწარმოებთ და სინამდვილეში მის რე-ექსპორტს ვეწევით. შესაბამისად, საქართველოს 59-ე პოზიცია სათუოა. რა თქმა უნდა შესაძლებელია კვლევის ჩატარება კონკრეტულად საქართველოს ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობების შესასწავლად რომ დაგვედგინა ქვეყნის უფრო მეტად რეალისტური მაჩვენებლები, თუმცა აქ ამის ადგილი არაა. ამ პრობლემის მიუხედავად, ეს ინდექს თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავრობის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, ისევე როგორც ინდუსტრიული კონკურენტულობის ინდექსი.
მოდით, ახლა შევხედოთ სხვა გამოტოვებულ რეიტინგებს და მონაცემებს, რომლებიც კავშირშია ეკონომიკასთან. პირველ რიგში, შევხედოთ გამოგონებების და პატენტების ტენდენციას ბოლო სამ დეკადაში. მოდით, გავეცნოთ საქართველოს მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული საპატენტო და სასარგებლო განაცხადების სტატისტიკას.
ფიგურა 11. სასარგებლო მოდელები და საპატენტო განაცხადები საქართველოში. წყარო: https://www3.wipo.int/
როგორც ფიგურა 11-ზე ვხედავთ საქართველოში შეუქცევადად მცირდება სამეცნიერო საქმიანობის შედეგები, რაც აისახება პატენტებში და სასარგებლო მოდელებში. დაწვრილებით საქართველოს პოზიციები პატენტების და გამოგონებების შესახებ იხილეთ აქ. ჩვენი მხრივ კი შეგვიძლია დავძინოთ, რომ ასეთი ტენდენცია ვერ აიხსნება მხოლოდ განათლების სისტემის სისუსტით. აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურა რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის, თუმცა დაღმავალს – დაბალ ტექნოლოგიური და მეცნიერება ტევადი დარგებისკენ. ასეთი ეკონომიკის პირობებში (რომელიც ნაწილობრივ ჩანს ზემოთ მოყვანილ “UNIDO”-რეიტინგში) განათლების ფუნდამენტური რეფორმა კრახისთვისაა განწირული და ამას ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის გარეშე ვერ უშველის ვერც ტექნოლოგიური უნივერსიტეტები და ვერც ტექნოლოგიური პარკები.
ახლა შევხედოთ ამ საკითხს გლობალურ ჭრილში. მთავრობის ანგარიშებში ასევე არ ხვდება „გლობალური ინოვაციების ინდექსი“ (GII) , რომელსაც გამოსცემს „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (WIPO). 2023 წლის მონაცემებით საქართველო 132 ეკონომიკას შორის 65-ე ადგილზეა. საქართველო ინოვაციური პროდუქტის (output) მიხედვით იკავებს 77-ე პოზიციას, ხოლო ინოვაციებზე მიმართული შენატანების მიხედვით 54-ე პოზიციას. ქვემოთ მოყვანილია „WIPO“-ს მიერ შექმნილი დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს ინოვაციურ შენატანებსა (ინვესტიციებს) და ინოვაციურ შედეგებს შორის კავშირს.
ფიგურა 12. შენატანები ინოვაციაზე და მისი შედეგები. საქართველო 2023. წყარო: https://www.wipo.int/global_innovation_index/en/
წყვეტილი ხაზის ქვემოთ არიან ქვეყნები, რომელთა შენატანების ოდენობა არ ითარგმნება შესაბამისი ხარისხის შედეგებში და პირიქით. საქართველო ხაზის ქვემოთ იმყოფება. როგორც, ზემოთ ვთქვით მისი სარეიტინგო ქულა შედეგებში უფრო დაბალია ვიდრე შენატანებში, რაც ცალსახად მიუთითებს ეროვნული ინოვაციური სისტემის დაბალ ეფექტიანობას (ეს რა თქმა უნდა კავშირშია ეკონომიკის სტრუქტურასთანაც).
ასევე შეგვიძლია შევხედოთ კომპონენტებს, რომლებშიც ყველაზე ძლიერი და სუსტია ესა თუ ის ქვეყანა. საქართველოს დადებით ფაქტორებში შედის შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი, ტარიფების დაბალი მაჩვენებელი, მასწავლებელი-მოსწავლის თანაფარდობა, სამუშაოდან გათავისუფლების ხარჯების სიმცირე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება, კომუნიკაციურ ტექნოლოგიებზე წვდომა, ბიზნესის კეთების სიმარტივე და უმაღლეს განათლებაში ჩართული სტუდენტების წილი.
ცხრილი 2.”ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად აისახება ქვეყნის რეიტინგზე.”
წყარო: https://www.wipo.int/publications/en/details.jsp?id=4679
ცხრილზე კი გადმოცემული ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ქვეყნის მაჩვენებლებზე. ამ დადებითი და უარყოფითი ფაქტორების სიღრმისეული განხილვა საინტერესოა, თუმცა აქ ამის ადგილი არაა, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უარყოფითი ფაქტორების დიდი ნაწილი სახელმწიფო პოლიტიკის რაგვარობაზე მიგვითითებს და მნიშვნელოვან მითითებებს იძლევა სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის საჭირო მიმართულებებზე.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს არ გააჩნია ეკონომიკის შიდა დინამიკური ელემენტი, რაც გამოიხატება ეკონომიკის სტრუქტურის ჩამორჩენილობაში და ეროვნული ინოვაციური სისტემის არარსებობაში, ტექნოლოგიური განახლების და დინამიკური განვითარების უნარის სიმცირეში. შესაბამისად ის დამოკიდებულია სხვა ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროცესებზე[15]. ეს რა თქმა უნდა კავშირშია ქვეყნის ნაადრევ დე-ინდუსტრიალიზაციასთან, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ადამიანური განვითარების ინდექსი (HDI), რომელიც შედგება მშპ-ს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის და განათლების მაჩვენებლების მაჩვენებლებისგან. საქართველო 193 ქვეყნიდან და მე-60 ადგილზეა, თუმცა როდესაც გამოიყენება უთანასწორობით შეწონილი ინდექსი (IHDI), საქართველოს ქულების 12.5% აკლდება. ერთი შეხედვით ამ მაჩვენებლით საქართველო შედარებით უკეთეს პოზიციაზეა, თუმცა ამის დასადასტურებლად საჭიროა დამტკიცდეს რომ პროგრესი მიიღწა არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე (90-იანების კრიზისის შემდგომ საქართველომ დიდი ნახტომი გააკეთა), არამედ საკუთარ წარსულთან შედარებით, ანუ გაუარესდა თუ არა შიდა ფაქტორების გამო, საქართველოს შედარებითი პოზიცია საბჭოთა პერიოდთან შედარებით, თუმცა ამას ცალკე კვლევა ესაჭიროება.
ასევე საინტერესოა “მსოფლიო ბედნიერების ანგარიში”, რომელიც არის Gallup-ის, ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელისა და მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის სარედაქციო კოლეგიის პარტნიორობის შედეგი. ანგარიში მზადდება მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის სარედაქციო კოლეგიის სარედაქციო კონტროლის ქვეშ. 2024 წლის ანგარიშში შესწავლილ იქნა 143 ქვეყანა, რომელთაგანაც ბედნიერების, ანდაც სუბიექტურად აღქმული კეთილდღეობის მაჩვენებლით, საქართველო 90-ე ადგილს იკავებს და მას მოსდევენ ერაყი, ნეპალი, ლაოსი და გაბონი. იმისთვის, რომ შეგვეფასებინა ე.წ “ობიექტურ” და “სუბიექტური” კეთილდღეობას შორის კავშირი, ბედნიერების მსოფლიო ანგარიშის მონაცემებს დავუკავშირე “ადამიანური განვითარების ინდექსის” (HDI) იმავე წლის რეიტინგები, გავფილტრე ქვეყნები ისე რომ ყველა ქვეყანას ჰქონოდა მონაცემი ორივე ინდექსში, შედეგად მივიღეთ 126 ქვეყანა. ზედმეტად გამარტივებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ადამიანური განვითარების ინდექსი წარმოადგენს ცხოვრების ხარისხის „ობიექტურ” მაჩვენებს, ხოლო ბედნიერების ინდექსი „სუბიექტურ” მაჩვენებელს.
ფიგურა 13. ბედნიერების ინდექსი VS ადამიანური განვითარების ინდექსი (პოზიციები)
ანალიზის შედეგად გამოაშკარავდა ერთგვარი ტენდენცია – პოსტ-სოციალისტური ქვეყნები იმაზე ნაკლებ „ბედნიერები“, ანდაც კმაყოფილები არიან ცხოვრებით, ვიდრე ამას „ობიექტური“ კეთილდღეობის მაჩვენებელი ვარაუდობს. საქართველოს შემთხვევაში ეს მონაცემი განსაკუთრებით მაღალია და 34 პოზიციით განსხვავებულია. თუ ავიღებთ იმ 25 ქვეყანას, რომლებსაც ჩვენს მიერ დარქმეულ ობიექტურ და სუბიექტურ მაჩვენებელში საშუალოზე მეტი ნეგატიური სხვაობა გააჩნიათ, მათ შორის 8 პოსტ-სოციალისტური ქვეყანაა, რაც ცალკე ინტერპრეტაციის საკითხია. რა თქმა უნდა ეს ორი ინდექსი განსხვავდება მეთოდოლოგიურად და კვლევის ფოკუსით, თუმცა იმის თქმა შეგვიძლია რომ ცხოვრებით კმაყოფილება, ვერ დაიყვანება მხოლოდ ე.წ. ობიექტურ მონაცემებზე (როგორიცაა, მშპ, ცხოვრების ხანგრძლივობა და განათლება HDI-ს შემთხვევაში), აუცილებელია იმის გაცნობიერება რომ სუბიექტურად აღქმული კმაყოფილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრების დონის აღწერითი მონაცემები, რადგან ის გადის საზოგადოებრივად არსებული ღირებულებების, წარმოდგენების და სოციალური ურთიერთობების „ფილტრს“, რომლებზედაც დაკვირვება ბევრ საინტერესო საკითხზე დაგვაფიქრებს.
დასკვნის მაგიერ
საერთაშორისო რეიტინგები რამდენადაც მნიშვნელოვანია, წარმატება და წარუმატებლობა ნებისმიერ სფეროში შედარებითია როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე საკუთარ წარსულთან მიმართებაში. სხვადასხვა რეიტინგი და მისი შემადგენელი ნაწილები მიუთითებენ ქვეყნების ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირებისა და საპასუხო პოლიტიკის შემუშავებისთვის. ამასთან, ერთად როდესაც ვსაუბრობთ რეიტინგებზე აუცილებელია, კარგად გავეცნოთ მის შემადგენლობას და მეთოდოლოგიას, რადგან ეს რეიტინგები როგორც წესი ამა თუ იმ იდეოლოგიურ ჩარჩოში იქმნება და თავისთავად შეიცავს მიკერძოებულობის ტენდენციებს, როგორც ეს ფრეიზერის ინსტიტუტის შემთხვევაში ვაჩვენეთ. პრობლემა ჩვენს შემთხვევაში ისიცაა, რომ მთავრობა ეყრდნობა მხოლოდ რამდენიმე რეიტინგს და გამოტოვებს სხვებს, რომლებიც არანაკლებ და ხშირად მეტად ყურადსაღებია და უკეთ ააშკარავებენ ქვეყანაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს.
შენიშვნები
[1] ეკონომიკური თავისუფლება კი გულისხმობს მცირე სახელმწიფოს და ჩაურევლობის პოლიტიკას.
[2] საპენსიო დანაზოგებზე ემპირიული კვლევების თანახმად (რასაც ეთანხმება OECD-ის კვლევითი ცენტრი), ადამიანები ნაკლებად ახერხებენ სიბერეზე ფიქრს და შესაბამისად, მიდრეკილნი არიან მიმდინარე ხარჯვისაკენ და ნაკლებად დაზოგვისაკენ, იმის მიუხედავად, რომ დაზოგვა რაციონალურია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში მცირე საპენსიო დანაზოგზე ზრუნვა მათსავე პირველად ინტერესებშია. ასეთ ქცევაზე მიუთითებს ბიჰევიორისტული ეკონომიკის და ფსიქოლოგიური კვლევები, რომლებიც ისეთ არაეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრობენ, როგორიცაა პროკრასტინაცია და ქცევითი მიოპია. თუ ყოველივე ამას კეინსის ფსიქოლოგიურ კანონს დავუმატებთ, რომლის მიხედვითაც დაბალი შემოსავლების შემთხვევაში უფრო მაღალია მიდრეკილება მოხმარებისადმი და არა დაზოგვისადმი, მივხვდებით, რომ ჩვენს ვითარებაში, სადაც შემოსავლები მასიურად დაბალია, საპენსიო სქემის ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნება უბრალოდ მოქალაქეების გაწირვაა. თუ გსურთ, ასე ვთქვათ: სახელმწიფომ უნდა აიძულოს მოქალაქე, დაზოგოს, რათა მას ჰქონდეს ღირსეული სიბერე.
[3] იხ: https://cepr.org/voxeu/columns/capitalist-systems-and-income-inequality
[4] მეთოდოლოგია იხილეთ აქ : https://www.imf.org/en/Publications/FM/Issues/2017/10/05/fiscal-monitor-october-2017 .
[5] მკითხველს ეს თავად შეუძლია გააკეთოს. მაგალითად, იხილეთ, ცხოვრებით კმაყოფილების სტატისტიკა: https://shorturl.at/JSUrK. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი : https://www.heritage.org/index/pages/report
[6] იხ: https://www.researchgate.net/publication/255583959_The_Welfare_State_and_Redistribution
[7] მშპ-ს კონტროლის გათვალისწინებით R² შეადგენს 0.53-ს. უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს მაღალი ხარჯების, დემოკრატიის დაბალი დონის და ინსტიტუციური ჩავარდნების დროს მოსალოდნელია, რომ ცხოვრების დონეზე სახელმწიფო ხარჯვას დადებითი გავლენა არ ექნება.
[8] ცხოვრების დონისთვის აღებულია „Legatum Prosperity Index“-ის შემდეგი კატეგორიები: საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და განათლება. დეტალები იხ: https://prosperity.com/about/resources . სახელმწიფოს ზომისთვის მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემები : https://www.imf.org/external/datamapper/exp@FPP/ZAF/NOR/BOL/BEL . კორელაცია მშპ-ს და სახ. ხარჯებს შორის სუსტია, მაგრამ პოზიტიური, ეს დამატებით ამცირებს ცვლადების გადაფარვის ეფექტს. რეგრესიის და სხვა გამოთვლების ტექნიკური და მეთოდოლოგიური ნაწილისთვის მიმართეთ ავტორს: tornike.chivadze@gipa.ge
[9] იხ: https://archive.nytimes.com/krugman.blogs.nytimes.com/2017/11/08/leprechaun-economics-and-neo-lafferism/
[10] ზოგიერთ აზიურ ქვეყანას ახასიათებს დაბალი სახელმწიფო დანახარჯები, თუმცა ხშირად ამ ქვეყნებში არსებობს ძლიერი პატერნალისტური ურთიერთობების ტრადიციები დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის, რამაც გამოიწვია სადაზღვევო მომსახურების და სხვადასხვა კერძო სერვისების კომპანიების მიერ მიწოდება (დამსაქმებელი კომპანიების ხარჯზე), რამაც შეამცირა მოთხოვნა კეთილდღეობის ევროპული ტიპის ინსტიტუციებზე. დამეთანხმებით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ასეთი ტრადიციები ნაკლებად არსებობს.
[11] ამ და სხვა სახის სიღრმისეული კრიტიკისთვის იხილეთ: Conditions of Work and Employment Series No. 50 – Comparing indicators of labour market regulations across databases: A post scriptum to the employing workers debate.
[12] ამასთან, ერთად ინდექსში მიჩნეულია, რომ 0 ინფლაცია, კარგია რაც არაა მართებული და მეორე ინფლაცია არის პოლიტიკის (და არა მარტო) შედეგი და არა ინსტიტუცია, რომელსაც ინდექსი მათივე მტკიცებით არ უნდა ზომავდეს – იხ. https://www.niskanencenter.org/how-economic-freedom-indexes-misunderstand-sound-money-and-inflation/
[13] ამასთან ერთად, ქვეყნებს შორის სახელმწიფოს ხარჯვაში უფრო დაბალი ვარიაციაა ვიდრე სხვა, ეკონომიკურ თავისუფლებასთან ნაკლებ კავშირში მყოფ მაჩვენებლებში, რაც შეუწონლობის პირობებში კიდევ უფრო ამახინჯებს რეალურ სურათს.
[14] რა თქმა უნდა უფრო სრულყოფილი სურათისთვის საჭიროა ყველა ქვე კომპონენტის ცალ ცალკე შეწონვა, დამატებითი სტატისტიკური ტექნიკების გამოყენება და იქამდე მათთვის მტკიცე თეორიული საფუძვლის ჩამოყალიბება, თუმცა აქ ამისთვის არც ადგილია და არც საჭიროება.
[15] რა თქმა უნდა დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიური პროცესები საერთაშორისო ხასიათს ატარებს, და სულაც არ გვინდა იმის თქმა რომ ამ მხრივ ჩაკეტილობა კარგია, პირიქით პირიქით, ამით იმას უფრო ვუსვამთ ხაზს, რომ როდესაც ქვეყანას არ გააჩნია ძლიერი შიდა ინოვაციური სისტემა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის გამოთიშული იქნება საერთაშორისო პროცესებისგან.