რა გვაჩვენა “ევოლუშენის” გაფიცვამ?

რა გვაჩვენა “ევოლუშენის” გაფიცვამ?

ავტორები: ანი გიორგაძე, გიორგი ჩაგელიშვილი

3 ოქტომბერი 2024

– ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აქ ვხედავთ და ვინაობას არ ასახელებენ, თქვენ ხომ არ იცით?- ეკითხება ჟურნალისტი “ევოლუშენის” მენეჯერს.

–   არ ვიცი.

– თქვენ უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ათობით შავებში ჩაცმული პირი, აქ [“ევოლუშენის” შესასვლელში] დგას?

– თქვენ რომ მოდიხართ და მეუბნებით, რომ ხართ “მაუწყებლის” წევრი, ხომ შეგიძლიათ, არ მითხრათ, შენი არჩევანია, თავისუფალი ქვეყანაა.”

 

უკვე კვირებია, რაც “ევოლუშენის” ოფისებს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი ადამიანების ჯგუფები ამაგრებენ. ისინი საკუთარ ვინაობასა და პოზიციას არ ასახელებენ. ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ მიაყენეს გაფიცულებს და მათ მხარდამჭერებს სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. მათზე პასუხისმგებლობას არც კომპანია იღებს და არც პოლიცია. ამგვარი ჯგუფების გამოჩენა მოულოდნელი სიახლეა მათთვის, ვისაც ბოლო წლების გაფიცვები ახსოვს.

 

12 ივლისს “ევოლუშენ ჯორჯიას” 4000-ზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები კომპანიაში ღირსების შემლახველ სამუშაო გარემოს და პირობებს აპროტესტებდნენ. გაფიცვამდე “ევოლუშენში” დასაქმებულთა პროფკავშირი, “ევო-კავშირი”, აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირ “ლაბორთან” ერთად, ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიის მენეჯმენტთან, თუმცა, უშედეგოდ. 40-მდე მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მოლაპარაკებების დასრულებიდან ერთ თვეში პროფკავშირი გაიფიცა. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა, რომელმაც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე სოლიდარობის დიდი ტალღა მოჰყვა.

 

 

რატომ ირჩევს “ევოლუშენი” საქართველოს?

“ევოლუშენ ჯორჯია” აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებლის, შვედური კომპანია “ევოლუშენ გეიმინგის” შვილობილი კომპანიაა. 2023-2024 წლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, მათი შემოსავალი 2 მილიარდამდეა, ხოლო მოგება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის სათავო ოფისი სტოკჰოლმში მდებარეობს, ხოლო წილები მსოფლიოს ფინანსური ბაზრის გიგანტებს, საინვესტიციო ფონდებს და გლობალურ კორპორაციებს ეკუთვნით. ასეთია, მაგალითად, კალიფორნიაში დაფუძნებული “კაპიტალ გრუფი”, რომელიც 5 კონტინენტზე ოპერირებს. სხვა შვედურ კომპანიებთან ერთად, “ევოლუშენის” წილს ფლობს, ნორვეგიის ბანკიც. ყველაზე დიდი აქციონერების ათეულშია მსოფლიოში უდიდესი მულტინაციონალური საინვესტიციო კომპანია “ბლექროკი”, რომელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი საეჭვო რეპუტაციის კომპანიების აქციონერობის გამო – კომპანიების, რომლებიც დაბალი შრომითი პირობებით და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით გამოირჩევიან. კორპორაციის მასშტაბიდან გამომდინარე, საგანგაშოდაა მიჩნეული მისი გავლენა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ფინანსურ ბაზრებზე და ეკონომიკაზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებზე.

 

გამჭვირვალეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სათამაშო ბიზნესში. ქართულ ბაზარზე, სადაც აზარტული თამაშების კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი აქვთ შექმნილი და მათი მფლობელები პოლიტიკური ელიტები არიან, ბიზნესში ჩართული აქტორების რეალური შემოსავლების დადგენა რთულია. სათამაშო ბიზნესის ბრუნვა რეკორდულ ნიშნულზეა და 2023 წელს 53 მილიარდს გადააჭარბა. სახელმწიფოს სრული ჩაურევლობა “ევოლუშენ ჯორჯიას” და გაფიცულების დაპირისპირებაში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ხელისუფლების და მთლიანად პოლიტიკური ელიტის მჭიდრო კავშირს სათამაშო ბიზნესთან. ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა საგანგაშო რაოდენობასთან ერთად, სათამაშო ბიზნესს ჩვენი შრომის ბაზარიც იზიდავს.

 

აღსანიშნავია, რომ “ევოლუშენში” დასაქმებულთა უმრავლესობა ახალგაზრდები, სტუდენტები არიან. “ევოლუშენ ჯორჯია” რამდენიმე ენაზე აწვდის კაზინოებს სერვისს. მრავალეთნიკური მუშახელი და დაბალი ანაზღაურების სტანდარტი ხელსაყრელი წინაპირობაა ხარისხიანი სერვისის იაფად შესაქმნელად. “ევოლუშენი”, კაზინოებისგან განსხვავებით, თავისუფალია დამატებითი მოსაკრებლის გადახდისგანაც და ხარჯებს აქაც ზოგავს. უფუნქციო შრომის ინსპექცია, დაბალი გადასახადები და კორუფციული გარიგებები საქართველოს სამოთხედ აქცევს უცხოური კაპიტალისთვის.

 

პირველი სამსახური თუ შრომითი ექსპლუატაცია?

საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობა სერვისის სფეროშია დასაქმებული – კონსულტანტებად, კურიერებად, მიმტანებად. მათი ანაზღაურება არათუ ევროპული სტანდარტით, არამედ რეგიონშიც დაბალია და ხშირად მეზობელ ქვეყნებში განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს ჩამორჩება. “ევოლუშენ ჯორჯია” საქართველოში 2018 წელს გამოჩნდა და მინიმალური საჭირო უნარების და მოქნილი გრაფიკის გამო, მალევე, სტუდენტებისთვის ხელსაყრელი სამსახური გახდა. . თუმცა, აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით სტუდენტებზე მორგებული სამსახური ბევრად მეტ ენერგიას და შრომას მოითხოვს.

 

კომპანიაში არსებული პრობლემები და საერთო გამოცდილებები, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ხილული გახდა. სტუდენტებისთვის “პირველ სამსახურად” დაბრენდილი “ევოლუშენი”, არც ისეთი შემოსავლიანი გამოდგა, როგორც კომპანიის მომაჯადოებელი რეკლამებიდან ჩანდა, არც გარემო იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული გაპრიალებული ფოტოებისა და ვიდეორგოლების შესაბამისი.

 

დასაქმებულების უმრავლესობას “ევოლუშენი” სუპერმარკეტებში არსებულ ანაზღაურებაზე ოდნავ მეტს სთავაზობს. “ევოლუშენში” მოსულ ახალ თანამშრომელს, ე.წ. “ნიუქამერს” შეიძლება თვეები დასჭირდეს, რომ სისტემაში კარგად გაერკვეს. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული სწავლისა და მუშაობის შეთავსებაა. სწავლის გადასახადთან ერთად, უმრავლესობას ქირის გადახდაც უწევს, რაც მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო ამ მხრივაც იხსნის პასუხისმგებლობას და, სტუდენტების არაერთი პროტესტის მიუხედავად, სტუდენტური საცხოვრებლის აშენება ჯერ კიდევ დაპირებად რჩება.

 

იმისათვის, რომ ახალმა თანამშრომელმა 650 ლარზე მეტის გამომუშავება შეძლოს და, უკეთეს შემთხვევაში, 1000 ლარს აცდეს, თვის განმავლობაში რამდენიმე ღამის ცვლის შესრულება და დამატებითი საათების აღება სჭირდება. განსაკუთრებული მონდომებისა და არცერთი დარღვევის (ე.წ. “Violation”-ის) გამოვლენის შემთხვევაში, დასაქმებულებს ბონუსის აღების შანსი აქვთ. მაგალითისთვის, ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე მომუშავე ლანა ძაგანია ჰყვება, რომ ერთ-ერთ თვეში, 160 საათი მუშაობის შემდეგ, საიდანაც ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში ზეგანაკვეთურის სახით ორმაგი ანაზღაურება მიიღო და გარკვეული დღეები ღამის ცვლაში იმუშავა, მაქსიმალური ბონუსის – 30 ლარის მიღების ჩათვლით, თვიური შემოსავალი 1030 ლარი გამოუვიდა. მისივე შეფასებით, ეს თანხა მხოლოდ არსებობისთვის შეიძლება ეყოს.

 

“ევოლუშენ ჯორჯიას” კიდევ ერთი თანამშრომელი  აივარ ფრანავი ჰყვება, რომ, სანამ კომპანიაში არსებულ პრობლემებს გააცნობიერებდა, ცდილობდა კომპანიას დამატებითი საათების აღებით დახმარებოდა. “იყო დრო, აქ მეძინა, სამსახურში კბილის ჯაგრისით მოვდიოდი, ჩემი აღქმით, კომპანიას ვეხმარებოდი კრიზისულ პერიოდში. საპასუხოდ, კი, ე.წ. დარღვევის, ანუ მეზობელ მაგიდასთან გადალაპარაკების გამო, ორქულიანი საყვედური მივიღე. გარშემო მაგიდების უმრავლესობა ცარიელი იყო, უბრალოდ ვცდილობდი არ ჩამძინებოდა.” ორი საყვედური საკმარისია, რომ იმ დღის ბონუსი დაკარგო, შესაბამისად, მთელი დამატებითი შრომა წყალში ჩაგეყაროს. ერთ-ერთმა თანამშრომელმა კონფიდენციალურ საუბარში გაგვიზიარა, რომ საყვედური, რომელმაც ბონუსი დააკარგვინა, სკამის რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილების გამო მიიღო.

 

უფლებების დარღვევები “ევოლუშენ ჯორჯიაში”

თანამშრომლების უმრავლესობა, ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, ღირსების შემლახველ გარემოზე საუბრობს. “ევოლუშენის” ყველა შენობაში წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება რწყილები. ნაკბენებით გამოწვეული დისკომფორტის გარდა, არსებობს დაავადების გავრცელების რისკიც.

 

ანტისანიტარიასთან დაკავშირებულ პრობლემებს მენეჯმენტიც არ უარყოფს. ჯერ კიდევ 2022 წელს “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ევოლუშენ ჯორჯიას“ ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი, ქეთი გოლიაძე ამტკიცებდა, რომ კომპანიაში ყველაფერს აკეთებენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 

დასაქმებულები წლებია საუბრობენ ვენტილაციის და ტემპერატურის კონტროლის პრობლემაზე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც თანამშრომელი პირდაპირ ეთერში მუშაობისას ცუდად გამხდარა, თუმცა, მიმართვის მიუხედავად, მენეჯმენტისგან დაგვიანებული რეაქცია მიუღიათ. რამდენიმე თვის წინ საჯაროდ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოშიც ჩანს თანამშრომელი, რომელსაც მაგიდაზე ბანქოს დარიგებისას გული მისდის, თუმცა მენეჯმენტი დახმარების აღმოჩენას და მისი სამუშაო სივრციდან გაყვანას არ ჩქარობს.

 

ზემოხსენებულ პრობლემებთან ერთად, პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების მიმოწერის გავრცელება გახდა, რომლებშიც ისინი ქვემდგომ თანამშრომლებს დისკრიმინაციულად მოიხსენიებენ კანის ფერის, სქესის, გარეგნობის და სხვა მახასიათებლების გამო.

 

მიმოწერების გავრცელების შემდეგ, დასაქმებულებმა ღიად დაიწყეს საუბარი კომპანიაში არსებულ დისკრიმინაციულ გარემოზე, ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ გავრცელებული მიმოწერები მხოლოდ მცირე ნაწილია კომპანიაში სისტემური რასიზმის, სექსიზმის თუ ჰომოფობიისა.

 

ამაზე საუბრობს “ევოლუშენის” გაფიცული ერთადერთი უფროსი მენეჯერი, გიორგი ქაჯაიაც. მისი თქმით, მენეჯერების გასაჯაროებული მიმოწერები კომპანიაში არსებული სისტემური ჩაგვრის ერთ-ერთი მაგალითია. მისთვის ნაცნობია საზღვარგარეთ “ევოლუშენის” სტუდიებში არსებული მდგომარეობაც. ქაჯაია “მაუწყებელს” უყვება, რომ “ევოლუშენ ჯორჯიას” სტუდიაში დასაქმებულებს, სხვა სტუდიებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ. მაგალითად მოჰყავს ამერიკის და ევროპის სტუდიები, სადაც თანამშრომლების ხელფასები მინიმუმ სამჯერ მეტია.

 

სხვადასხვა სამუშაო ცვლა და კომპანიების ძალაუფლება, ადვილად ჩაანაცვლოს მუშახელი, კიდევ უფრო ართულებს მშრომელების კოლექტიურ ორგანიზებას. 12 ივლისის გაფიცვამ და “ევოლუშენ ჯორჯიაში” პროფკავშირული ორგანიზების პრაქტიკამ, კომპანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია. 

 

გაფიცვა 

“ევო-კავშირი” 2022 წლის 21 ივლისს შეიქმნა. იმავე წლის ნოემბრიდან პროფკავშირის წევრებმა კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოება დაიწყეს. პროფკავშირ “ლაბორის” თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, შეთანხმება მხოლოდ მინიმალურ საკითხებზე მოხდა, ხოლო ძირითადი ორმოცამდე საკითხი, რომლის გამოსწორებასაც დასაქმებულები ითხოვენ, დღემდე მოუგვარებელია. გაფიცვის დაწყებამდე “ევო-კავშირი” 4621 თანამშრომელს აერთიანებდა. უწყვეტი პროტესტის დაწყების პირველ დღეებში გაფიცულებს დანარჩენი თანამშრომლებიც უერთდებოდნენ. 

 

მოგვიანებით გაფიცულები პროტესტის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში მათ “სოლიდარობის ჯაჭვი” შექმნეს – პროტესტის მონაწილეები ოფისის შესასვლელებში სხდებოდნენ, სამუშაოდ მოსულ თანამშრომლებს, მხოლოდ მათზე გადაბიჯებით შეეძლოთ შენობაში შესვლა. თანამშრომლებისთვის გადაბიჯება ბევრისთვის მორალურად მიუღებელი აღმოჩნდა. დასაქმებულთა დიდი ნაწილი დღეების განმავლობაში თავს არიდებდა სამსახურში გამოცხადებას და ამით გაფიცულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა. თუმცა, კომპანიამ დეზინფორმაციის კამპანიით, მუქარით თუ, ზოგ შემთხვევაში, დამატებითი სარგებლის შეთავაზებით, მოახერხა მუშაობის მსურველთა მობილიზება. მალევე “ევოლუშენის” ადმინისტრაციამ ზემოხსენებული პირები დაიქირავა, რომლებსაც სამუშაოდ მოსული თანამშრომლების შენობაში შეყვანა უნდა უზრუნველეყოთ. გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, გაფიცულებმა მოხსნეს “სოლიდარობის ჯაჭვი” და სამმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა.

 

საბოლოოდ შიმშილობა ერთ თვეზე დიდხანს გაგრძელდა. საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, კომპანია არათუ მოთხოვნების შესრულებაზე ამბობს უარს, არამედ ზრდის დაცვის წევრების რაოდენობას, რომლებიც გაფიცულების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას აგრძელებენ. 

 

სად არის სახელმწიფო?

აღსანიშნავია პროცესში სახელმწიფოს სრული უფუნქციობა. “ლაბორის” იურისტი, თამილა გაბაიძე გვიყვება, რომ მათ არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათ შორის ჯანდაცვის და შრომის სამინისტროს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მათ მედიატორის როლი ეკისრათ კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესში. თუმცა, უშედეგოდ. პროცესში დღემდე არ ჩართულა შრომის ინსპექცია.

 

კომპანიას მოლაპარაკებების დაწყებისკენ საჯაროდ მოუწოდა სახალხო დამცველის აპარატმა. ლევან იოსელიანი, გაფიცულებს 22 აგვისტოს შეხვდა. სპეციალური მიმართვა გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. ასოციაცია განცხადებაში მიმართავს შრომის ინსპექციას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დროულად შეისწავლოს დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება.

 

“აქვე, ყველა აქტორს შევახსენებთ,  რომ გაფიცვის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისგან, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.” – ვკითხულობთ “საიას” განცხადებაში.

 

ამ ყველაფრის საპასუხოდ, “ევოლუშენ ჯორჯიამ” გაფიცვიდან ორი თვის შემდეგ, სასამართლოში კოლექტიური სარჩელი წარადგინა, პროფკავშირ “ლაბორის” და “ევოლუშენის” 600-ზე მეტი თანამშრომლის წინააღმდეგ. კომპანია გაფიცვის უკანონოდ ცნობას მოითხოვს. 

 

პროტესტის უფლების შეზღუდვის და არაიდენტიფიცირებადი ჯგუფების მობილიზაციის მიუხედავად,  პროცესში არ ჩართულა პოლიციაც. 

 

პროფკავშირული სოლიდარობა

“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცვა ამ მასშტაბის პირველი გაფიცვაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.  ახალგაზრდებმა, უამრავი წინაღობის მიუხედავად, შეძლეს, შეექმნათ პრეცედენტი, რომელმაც არათუ “ევოლუშენს”, არამედ საქართველოს ყველა დიდ კომპანიას აგრძნობინა, რომ შესაძლოა, შემდეგი ისინი აღმოჩნდნენ. ამიტომ, კომპანია, ხელისუფლების ხელშეწყობით, ყველაფერს აკეთებს, რომ გაფიცვამ მიზანს ვერ მიაღწიოს, რადგან ეს სახიფათო მაგალითი იქნებოდა მშრომელებისათვის. 

 

“ევოლუშენის” მსგავსი დამსაქმებლებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა პროფკავშირული ერთობა. გაფიცვის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი სოლიდარობამ შეასრულა. “ევო-კავშირს” გვერდში უდგანან პროფკავშირ “ლაბორის” ქვეშ გაერთიანებული სხვა ორგანიზაციები- “კურიერების კავშირი”, “კადევე საქართველო”;  “ბორჯომი”, “საირმე”, “იმერი”; “ფაინტექსტი”, “გურია ექსპრესი” და სხვ. თითოეული ჩამოთვლილი გაფიცვის პირველივე დღიდან აძლიერებდა “ევოლუშენის” თანამშრომლებს, ფიზიკურად გვერდში დგომით და ფინანსური მხარდაჭერით.

 

“ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტი ხშირად ცდილობდა, თანამშრომლების ლოიალური ნაწილის პროფკავშირის წინააღმდეგ დარაზმვას. მენეჯმენტის თანახმად,  “ევოლუშენში” მიმდინარე გაფიცვა, მხოლოდ იქ დასაქმებულების საქმეა და მასში “გარედან” მოსული პირები არ უნდა ერეოდნენ. ამ პროპაგანდის მიუხედავად, სოლიდარულმა პროფკავშირებმა დიდი როლი ითამაშეს გაფიცვის გაძლიერებაში, მნიშვნელოვანია კულტურის პროფკავშირი “გილდიის”, მემანქანეების პროფკავშირ “ერთობა 2013”-ის, “საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის”, და ჭიათურელი მაღაროელების მხარდაჭერა.

 

“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლის, “ლაბორის” წევრის, თამარ ანსიანის თქმით, ზემოხსენებული ორგანიზაციების როლი ფასდაუდებელია ისევე, როგორც საერთაშორისო პროფკავშირების გამოხმაურებები. სწორედ მათი ადამიანური, საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერით გაფიცვა დღესაც გრძელდება.

 

მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობა

ონლაინ აზარტული თამაშების მსოფლიო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. 2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის 97 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ, ხოლო 2029 წლისათვის, ზრდის ამავე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ბრუნვა 132 მილიარდ დოლარს მიაღწევს.  იზრდება დარგში დასაქმებულთა რაოდენობაც, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის და უფლებების საკითხიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ის, რომ აღნიშნული ბიზნესის გეოგრაფია გლობალურია, ისევე, როგორც მშრომელთა მხრიდან უფლებებისათვის ბრძოლა, საერთაშორისო ქსელების შექმნასა და სოლიდარობის აუცილებლობას განაპირობებს. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცვა არც ქვეყნის გარეთ დარჩენილა შეუმჩნეველი.

 

“ჯანყი ევოლუშენში”, ასეთი სათაურით გაავრცელა ამბავი შვედურმა მედიამ, ჯერ კიდევ გაფიცვის დაწყებამდე, 8 ივლისს. შვედეთის უმსხვილესი პროფესიული გაერთიანება “უნიონენი”, კავშირი რომელიც 700 ათას მშრომელს აერთიანებს, გაფიცვის პირველივე დღეებიდან მონაწილეობს მხარდამჭერ კამპანიაში და ამ პერიოდში არაერთი მოწოდება გააკეთა საქართველოში გაფიცულების მხარდასაჭერად. პროფკავშირის წევრები თბილისის გაფიცვის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ “ევოლუშენის” წარმომადგენლებთან შვედეთში.

 

“შვედური კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ საზღვარგარეთ, ვერ დაიმალებიან ადგილობრივი კანონების უკან. პასუხისმგებლობიანი ბიზნესი გულისხმობს ბაზისური პროფკავშირული და ადამიანის უფლებების არსებობას. ჩვენი კარი ღიაა განგრძობადი დიალოგისათვის, თუ კომპანიას სურს ამ გზის არჩევა.” – ვკითხულობთ შვედი პროფკავშირელების განცხადებაში.

 

სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში საგაფიცვო ფონდი შექმნა “იუნი გლობალმა”, საერთაშორისო ფედერაციამ, რომელიც 150-მდე სახელმწიფოში, 20 მილიონ მშრომელს აერთიანებს. 

 

საქართველოში მიმდინარე გაფიცვას სოლიდარობას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც უცხადებენ.  22 ივლისს, ქეითი ფაინგოლდმა, აშშ-ს უმსხვილესი პროფკავშირის, AFL-CIO-ს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა, რომელსაც 12 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს, სოლიდარობა გამოუცხადა “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს.

 

24 აგვისტოს, ნევადას შტატში, ქალაქ ლას ვეგასში დაფუძნებული “კულინართა კავშირის” ლიდერი, ტედ პაპაჯორჯი, “ევოლუშენ ჯორჯიაში” მიმდინარე გაფიცვას გამოეხმაურა. მან ხაზი გაუსვა მძიმე შრომით პირობებს, რომლებსაც კომპანია დასაქმებულებისთვის ქმნის. 60 ათას წევრიანი გაერთიანების ხელმძღვანელმა სოლიდარობა გამოუცხადა გაფიცვას და მოუწოდა ადგილობრივ რეგულატორს, “ნევადის თამაშების კომისიას”, რომ საქართველოში გაფიცულ მშრომელებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, უარი უთხრას “ევოლუშენის” სალიცენზიო განაცხადს, რაც შეაფერხებს მის შესვლას ნევადას შტატში და ივლისში მიღწეულ 85 მილიონიან შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

 

საერთაშორისო პროფკავშირული ერთობები კრიტიკულად გამოეხმაურნენ საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებას. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი საქართველოში მოღვაწე  შვედური წარმატებული და სამაგალითო კომპანიების შესახებ, მათ შორის იყო “ევოლუშენ ჯორჯიაც”, რომელსაც საელჩო “ჯანსაღ და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სამუშაო სივრცედ” მოიხსენიებს.

 

“შოკირებული და იმედგაცრუებული ვართ იმის ნახვით, რომ შვედეთის საელჩო მხარს უჭერს “ევოლუშენ ჯორჯიას”, როცა მშრომელები ხანგრძლივი შიმშილობის აქციაში არიან ჩართული, მიზერული ხელფასების, სახიფათო შრომითი გარემოსა და შევიწროების წინააღმდეგ.” – წერდა “იუნი გლობალი”.

 

გაფიცვას მხარი დაუჭირეს შვეიცარიის, საფრანგეთის, ესპანეთის, მექსიკის მშრომელთა გაერთიანებებმაც.

 

პროფკავშირული ბრძოლის გამოწვევები

გაფიცვის პირველ კვირაში, “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (GTCU)”-ს რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე, ლავრენტი ალანია, გაფიცვის ადგილზე მივიდნენ და დასაქმებულებს თანადგომა გამოუცხადეს. საჯარო მხარდაჭერა ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტითაც გამოხატეს, თუმცა, საბოლოოდ, “გაერთიანების” ხელმძღვანელობის სოლიდარობა მხოლოდ ამით შემოიფარგლა. თამარ ანსიანის თქმით, გაფიცვის დროს მხარდაჭერას საერთაშორისო მხრიდან უფრო გრძნობენ, ვიდრე მათგან. 

 

“ძალიან დაგვაკლდა უდიდესი ადამიანური რესურსი, რომელიც არ იყო გამოყენებული “გაერთიანების” მხრიდან. მათ ასევე შეეძლოთ, თუნდაც, კომპანიასთან საინფორმაციო ომში დახმარება, საკუთარი დიდი აუდიტორიის გამოყენება და ინფორმაციის ხალხთან მიტანა,” აცხადებს თამარ ანსიანი. მისივე თქმით, “პროფკავშირების გაერთიანებისგან” არც მორალური, და არც ფინანსური დახმარება მიუღიათ.

 

გაფიცვის მონაწილეები გვიყვებიან, რომ გაერთიანებაში შემავალი დარგობრივი პროფკავშირებისგან იყო ცალკეული სოლიდარობის მაგალითები, თუმცა ხელმძღვანელობამ გაფლანგა პროფკავშირული რესურსი, რომელსაც საქართველოში შრომითი უფლებებისთვის ბრძოლისთვის უნდა იყენებდნენ. 

 

““გაერთიანებას” აქვს მეტი კონტაქტი და აქვთ მეტი წარმომადგენლობა საერთაშორისო დონეზე, ვიდრე დარგობრივ ორგანიზაციას, და მათ ეს უპირატესობაც არ გამოიყენეს. ამ პროცესებმა დღევანდელ პროფკავშირულ ველზე არსებული ბევრი მინუსი დაგვანახა.”- ამბობს ანსიანი.

 

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, ამ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდშიც კი არ სცდება ზედაპირულ, გულგრილ მსჯელობას. 

 

დასკვნა

“ევოლუშენში” მიმდინარე გაფიცვამ, ერთი რამ ცხადად აჩვენა, რომ ღირსეული შრომისთვის ბრძოლა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით თვალშისაცემი ახალგაზრდებში გაჩენილი საგაფიცვო მუხტია. აშკარაა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და  მსხვილი ადგილობრივი პროფკავშირული გაერთიანების ინდიფერენტულობა და უმოქმედობა მაშინ, როდესაც საქმე ადამიანისა და შრომის უფლებების კრიტიკულ დარღვევებს ეხება. 

 

ახალგაზრდების გაფიცვის შემდეგ გაჩნდა იმედიც, რომ საქართველოში პროფკავშირული ბრძოლა განვითარების ახალ საფეხურზე გადავა და სამომავლოდ, დამოუკიდებელი პროფკავშირები შეძლებენ პოსტსაბჭოთა დაქსაქსულობიდან გამოსვლას და თანასწორობისათვის ბრძოლაში აქტიურად ჩაბმას. ამ ბრძოლაში კი გადამწყვეტი როლი გამოცდილებას, სოლიდარობას და პროცესში შექმნილ კავშირებს ექნება.