უკვე ორი თვეა რაც „ევოლუშენ გეიმინგში“ გაფიცვა მიმდინარეობს. საზოგადოებრივი აზრი იყოფა, როდესაც საქმე კაზინოს გაფიცული თანამშრომლების მხარდაჭერას ეხება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ინდუსტრიის მავნებლობიდან გამომდინარე, მასში დასაქმებულები არც სოლიდარობას იმსახურებენ და არც თანადგომას. ეს შეხედულება მავნებლურია, მეტიც მისი გამოყენებით პირველ რიგში საკუთარი უსუსურობის შენიღბვა ხდება. ადამიანები, რომლებსაც საქართველოში აყვავებული კაზინოების ინდუსტრიისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ, ამ კაზინოების ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომლებზე ბრაზდებიან, თანაც მაშინ, როდესაც ეს თანამშრომლები საერთო კეთილდღეობისთვის იწყებენ ბრძოლას. ჩვენი ნამდვილი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ვერაფერს ვუხერხებთ ვერც კაზინოების მფლობელებს და ვერც მათ ლობისტებს პარლამენტში, რომლებმაც ქვეყანა აზარტული თამაშების ერთ-ერთ ჰაბად გადააქციეს.
2021 წელს პარლამენტმა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები მიიღო. პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, ცვლილებებს ჯერ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა, ხოლო შემდეგ საბოლოოდ აკრძალვა უნდა მოჰყოლოდა. რეგულაციების მიღებას ელიტებს შორის მომხდარი დისკუსია უძღოდა წინ. მისი მონაწილეები სათამაშო ბიზნესთან გამკლავების გზებზე მსჯელობდნენ, ბჭობდნენ მორალურ ნორმებზე, რომლებითაც საზოგადოება „გემბლინგის“ პრობლემას უნდა მიემართებოდეს. ვინ არ დააფიქსირა საკუთარი აზრი ამ დისკუსიაში – მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებმა, მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გუშინდელი თოვლივით გამქრალი დისკუსიის გახსენება გვაჩვენებს, თუ რამდენად უფუნქციოა ჩვენი დემოკრატია, სადაც საყოველთაო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა უმრავლესობის ჩართულობის გარეშე, მეტიც მისთვის ილუზიის შექმნის ფონზე ხდება.
2022 წელს, მას შემდეგ, რაც კაზინოების შესახებ პოზიცია ყველამ დააფიქსირა და ნაბრძოლი რეგულაციებიც მიიღეს, სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ სარეკორდო 52 მილიარდ ლარს მიაღწია და 20 მილიარდით გადააჭარბა 2020 წლის მაჩვენებელს, როდესაც რეგულაციები ჯერ კიდევ არ მოქმედებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს „კაზინოს ქვეყნად“ მოხსენიება საფუძველმოკლებული სულაც არ არის. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი გვეუბნება, რომ 2022 წელს მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა, საერთო ბრუნვაში სათამაშო ბიზნესის წილი კი 29% იყო.[1] 2024 წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება მოზარდების 31%-ს აქვს, ხოლო მთლიანად ქვეყანაში აზარტული თამაშების 1 000 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული.[2] პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ უფრო დამძიმდა კიდეც. გაუარესების ფონზე საინტერესოა, რატომ აღარ აქტიურობენ რეგულაციების ავტორები და საჯარო დისკუსიის მონაწილეები, რატომ არ ცდილობენ აზარტული თამაშების საკითხის წინასაარჩევნოდ პოლიტიზებას? რატომ დაავიწყდათ თამაშზე დამოკიდებული ახალგაზრდები და მათი ოჯახები მათ, ვინც ოჯახებს იცავს?
სათამაშო ბიზნესი თითქმის ყოველ წელს ხსნის წინა წლის რეკორდს, თუმცა 2021 წელი მაინც განსაკუთრებული იყო, კაზინოების ბრუნვამ 48 მილიარდი ლარი შეადგინა, რითაც წინა წლის მაჩვენებელს (20.55 მილიარდი) 15 მილიარდზე მეტით გადააჭარბა. მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომა გამართა, რომელზეც ორ ცენტრალურ საზრუნავად უმუშევრობა და აზარტული თამაშები გამოაცხადა. პრემიერი იმეორებდა, რომ არსებული სოციალური დინამიკა “შემაშფოთებელია“, სოციალურ შემწეობას 600 000 ადამიანი იღებს, ხოლო მათი ნახევარი შრომისუნარიანია.[3]
უმუშევრობასთან ბრძოლის დაანონსების შემდეგ, ღარიბაშვილი აზარტული თამაშების ირგვლივ შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის განხილვას შეუდგა. მისი სიტყვები აჩვენებს, რომ მთავრობაში კარგად აქვთ გააზრებული, რა პრობლემას უქმნის სათამაშო ბიზნესი ქართულ ეკონომიკას: „მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი, მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი… გაედინება ქვეყნიდან, ამ ონლაინ კაზინოების მეშვეობით, ჩვენი მოქალაქეები, აი, სწორედ, ეს ადამიანები, ვისზეც მე ახლა ვსაუბრობდი და არა მხოლოდ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს მილიარდ ხუთას მილიონ ლარს…“- ყოფილი პრემიერის თანახმად, მასობრივი ხელმისაწვდომობის ფონზე ონლაინ კაზინოებში სწორედ დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანები თამაშობენ, რომლებსაც საკუთარი შემოსავლის გაზრდა სურთ. მეორე მხრივ, ღარიბაშვილი განმარტავდა, რომ კაზინოებს ძირითადად საზღვარგარეთ დარეგისტრირებული კომპანიები ფლობენ, შესაბამისად ღარიბი ქართველების მიერ წაგებული თანხები უცხო ქვეყნებში გაედინება. სხდომაზე გაჟღერებული გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე აზარტული ბიზნესის შეზღუდვა, ხოლო საბოლოოდ მისი აკრძალვა უნდა მომხდარიყო.
ღარიბაშვილამდე და ღარიბაშვილთან ერთად, აზარტული თამაშების პრობლემაზე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საუბრობდა. პრემიერის მსგავსად დეკანოზიც აზარტული თამაშების შეზღუდვასა და საბოლოო აკრძალვას ითხოვდა. მამა ანდრია საგანგაშო სტატისტიკას უსვამდა ხაზს, რომლის მიხედვითაც ბოლო ათი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების ბრუნვა 200-ჯერ გაიზარდა. 2008 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 70 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს 13 მილიარდად გადაიქცა. რთული წარმოსადგენი იყო, რომ, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, 2008 წლის მონაცემი კიდევ ოთხჯერ გაიზრდებოდა და 52 მილიარდს მიაღწევდა. ჯაღმაიძე მთავრობაში მოკალათებულ სათამაშო ბიზნესის ლობისტებს ამხელდა: „თებერვალში ერთი წელი გახდება, რაც კანონპროექტი მზად არის და იმის გამო რომ ლობისტები ჰყავს ამ ბიზნესს, ეს არის ძალიან დიდი ბიზნესი, არის ძალიან დიდი ფული, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ინტერესი აქვს ძალიან ბევრს, რომ როგორღაც რაიმე ზიანი არ მიადგეს მათ შემოსავლებს აქედან, ამდენი ხანი არის გაჩერებული კანონპროექტი“ – მისი შეფასებები ზუსტი და ემოციური იყო: „ვაშენებთ თითქოს თავისუფალ საზოგადოებას და მოსახლეობა ჩავყარეთ მონობაში, მონობაში ჩავყარეთ, აზარტული თამაშების მონობაში“[…] „სახელმწიფო თუ იმის იმედზე არის რომ ბიუჯეტში აქედან შესული ფულით რამე სიკეთეს მოიტანს, მაშინ დამსგავსებია ერთ-ერთ მოთამაშეს, რომელსაც ჰგონია, რომ კაზინოში რამეს მოიგებს და სინამდვილეში ყოველ ამ იმედზე, რომ ბიუჯეტში რაღაც შევა, აგებს თავის საუკეთესო შვილებს კაზინოში… მე ძალიან გამაკვირვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ რეგულაციები არ არის საჭირო, რაღაც გაუგებარი ქართული არის, ნახეთ რა წერია: „ხელაღებით რაღაცის აკრძალვა ან რაღაცის დაშვება, არ არის ის, რაც სიღარიბეს შეამცირებს…“ – რა ქართულია რა წინადადებაა, რა გავაკეთოთ, რა შინაარსი დევს ამაში ვერ გავიგე…“[4]
დისკუსიაში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აზარტული თამაშების ბავშვებს შორის გავრცელების საგანგაშო მასშტაბის შესახებ წერდა. მამა ანდრიას მსგავსად არასამთავრობო ორგანიზაციაც ამტკიცებდა, რომ სათამაშო ბიზნესის მომხმარებელთა დიდი ნაწილი საზოგადოების ღარიბ ფენებს წარმოადგენს. ცენტრის აზრით, ეს რიცხვები განსაკუთრებით საგანგაშო იმ პირობებში იყო, სადაც 200 000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება.[5] 2021 წლის საოცარმა ზრდამ, მართლაც, ყველა შეაწუხა. აზარტული თამაშების შესახებ გამართული დისკუსიის მაგალითზე იშვიათ სურათს ვხედავთ, როდესაც კონკრეტული საკითხის განხილვისას მთავრობა, მართლმადიდებელი ეკლესია და არასამთავრობო სექტორი ფაქტობრივად საერთო პოზიციაზე აღმოჩნდნენ, თუმცა არსებობდა განსხვავებული მოსაზრებებიც.
2021 წლის 17 დეკემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც, ერთი მხრივ, აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავდა, ხოლო, მეორე მხრივ, 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, სოციალური დახმარების მიმღებთათვის და საჯარო მოხელეებისათვის თამაშებში მონაწილეობას ზღუდავდა. 20 დეკემბერს ლაშა ტალახაძემ და ქართველმა „ჰალკმა“ პრესკონფერენცია გამართეს: „თუ ეს რეგულაციები შევა, თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს იქნება სპორტისთვის დამღუპველი“ – ამბობდა საგინაშვილი და ახალი რეგულაციების შეჩერებას ითხოვდა.[6] სპორტსმენებს მამა შალვა კეკელიამ უპასუხა და რეგულაციებს დაუჭირა მხარი. მღვდელი სპორტსმენებს კაზინოდან მიღებული დაფინანსების მიღებაზე უარის თქმისკენ, ხოლო საზოგადოებას პრემიერის ინიციატივის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა: „ერთი სპორტსმენი საუბრობდა, რომ, იცით რაო, მე აზარტული თამაშები, რომ ფულს არ მიხდიდნენო, საერთოდ სპორტს ვერ შევძლებდიო, ვერაფერს გავაკეთებდიო, მე უცხოეთში უნდა წავსულიყავიო, რომ არა ეს აზარტული თამაშები. მე მინდა ამ სპორტსმენებს მივმართო, რომ ამ აზარტული თამაშების გამო ბევრი დედა წავიდა უცხოეთში და იქ მომვლელად მუშაობს, იმიტომ, რომ მათმა შვილმა აზარტულ თამაშებში ფული წააგო, სახლი წააგო, ქუჩაში დარჩა და დედები დღეს უცხოეთში არიან მომვლელებად, მუშაობენ, რომ ეს ფულები იხადონ საკუთარი მეუღლეების და შვილების გამო, თქვენ, როდესაც ამ ფულებს გაძლევენ, გაძლევენ სისხლიან ფულებს, ეს ფული არის სისხლიანი ფული, ეს ის ფულია, ადამიანების სიკვდილისა განადგურებისა…“[7]
განცხადება გაავრცელა „ევროპაბეთმაც“. ტოტალიზატორი გვაფრთხილებდა, რომ წარმოდგენილი რეგულაციები ვერც ბავშვებს გადააჩვევს თამაშს და ვერც ფულის გადინებას შეწყვეტს: „ჩვენი საგანგაშო მესიჯი არის ყველასთან – ეს ფული ქვეყნიდან გავა და ბავშვები თამაშს არ შეწყვეტენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასაკი უბრალოდ, ავწიეთ“.[8] კაზინოების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებული არგუმენტი გვეუბნება, რომ აკრძალვის შემთხვევაში 52 მილიარდიანი ბაზარი მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს. სათამაშო ბიზნესის ასოციაცია „ხელზე მაზაობის“ დაბრუნებას პროგნოზირებდა, მათი თქმით, აკრძალვების შედეგად ქვეყანაში „მაზაობის“ რენესანსი მოხდებოდა.[9] კაზინოები პირდაპირ ამბობდნენ, რომ სჯობს ახალგაზრდებმა ფული ისევ მათთან წააგონ, ვიდრე „მაზავშიკებთან“. ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა მედიისა და ოპოზიციის ნაწილიც, „ტვ პირველის“ მფლობელი ჭუტა წერეთელი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს. რეგულაციები დარტყმა იყო ოპოზიციური მედიისთვის, რომელიც რეკლამიდან მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს კარგავდა.[10]
2021 წელს ცვლილებები ოვაციების ფონზე მიიღეს, რეგულაციები სოციალურ დაავადებაზე გამარჯვებად მოინათლა. სულ ერთი წელი იყო გასული, როდესაც გაოცებულმა ღარიბაშვილმა გვამცნო, რომ შემცირების ნაცვლად სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა. 2024 წლის უახლესი სტატისტიკა „პოსტ-ტვ“-ის ეთერიდან გავიგეთ, სათამაშო ბიზნესის სამმართველოს უფროსის, ლაშა პიტნავას ინფორმაციით, საქართველოში ონლაინ აზარტულ თამაშებს ყოველთვიურად 900 000 ადამიანი თამაშობს. კაზინოს დამცველთა ერთ-ერთი ფუნდამენტური არგუმენტის მიხედვით, ეს, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა პიტნავა ამ არგუმენტსაც აქარწყლებს და გულწრფელად ამბობს, რომ 900 000 მოთამაშიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ 12 000-ა. ჩვენ არ გვაქვს წინა წლების მონაცემები, თუმცა, გამოდის, რომ საჯარო მოხელეების, სოციალურად დაუცველებისა და არასრულწლოვანებისათვის თამაშის აკრძალვის და უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის ქართულ კაზინოებზე წვდომის გამარტივების შემდეგ, ჩვენი სტატისტიკა ასე გამოიყურება – ყოველთვიურად აზარტული თამაშებით საქართველოს 900 000 მოქალაქე არის დაკავებული. პიტნავა პოზიტიურ სტატისტიკასაც გვაწვდის, რეგულაციების შემდეგ გაიზარდა კაზინოებიდან ბიუჯეტში შესული თანხა, 2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ამ თანხამ 700 მილიონი ლარი შეადგინა და თითქმის გაუტოლდა მთელი წინა წლის მაჩვენებელს, 831 მილიონ ლარს. სათამაშო ბიზნესის სამმართველოს უფროსის ვარაუდით, 2024 წელს კაზინოებიდან ბიუჯეტში შესული თანხა პირველად გადააბიჯებს ერთ მილიარდს.[11]
რა შეიცვალა ბაზრის დარეგულირების შედეგად? სათამაშო ბიზნესის შემოსავალი მხოლოდ გაიზარდა, ეს შემოსავალი იმ 900 000 საქართველოს მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული თანხებისგან შედგება, რომელიც ყოველთვიურად საკუთარი ხელფასის, შემწეობის, ან ემიგრანტი ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხის ნაწილს აგებს. კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, 2022 წლის აპრილში საქართველოში ხელფასი სულ 898 000-მა ადამიანმა აიღო, მოთამაშეების რაოდენობაზე 2 000-ით ნაკლებმა, მათი დიდი ნაწილი დაბალანაზღაურებად სამსახურებშია დასაქმებული.[12] ქვეყნის შიგნით მიღებულ ხელფასს ემიგრანტების გზავნილებიც უნდა დავამატოთ და, გასაგები გახდება, საიდან იღებენ ონლაინ კაზინოები ამხელა შემოსავალს.
მომხდარიდან რამდენიმე დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. აზარტული თამაშების ბიზნესს უზარმაზარი ქსელი ლობირებს; კაზინოები საზოგადოებრივ აზრზე მუშაობენ, ისინი აფინანსებენ სპორტულ ჩემპიონატებს და ოლიმპიურ ჩემპიონებს, ონლაინ მედიას და „იუთუბერებს“. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია აღვიქვათ, როგორ იქმნება და მთავრდება დისკუსია საჯარო სივრცეში. რეგულაციების შედეგად ყველა მოგებული დარჩა – მთავრობა, რომელმაც ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება მოახერხა, სპორტსმენები, რომლებმაც დაფინანსება არ დაკარგეს და კაზინოები, რომლებმაც ბრუნვის სარეკორდოდ გაზრდა მოახერხეს. გააბედნიერეს გაძარცვული და გასაძარცვი ხალხიც, რომლებსაც ყველა მედიის პირით გამოუცხადეს, რომ მთავრობამ სათამაშო ბიზნესი შეზღუდა.
ქვეყნისა და ოჯახების უმსხვილეს მძარცველთან ერთად, აზარტული თამაშების ბიზნესი ახალგაზრდების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლადაც იქცა, რომელიც საკუთარ გაფიცულ თანამშრომლებს, არც მეტი არც ნაკლები, ასობით დაქირავებულ „ზონდერს“ უპირისპირებს. ხოლო ამის შემხედველი საზოგადოების ნაწილი გაფიცულთა წინააღმდეგ მორალისტობს და ახალგაზრდებს შხამიანი ისრებივით ესვრის ფრაზებს იმის შესახებ, რომ ყველა მათგანი დამნაშავეა და სოლიდარობას არ იმსახურებს. აღნიშნული მსჯელობები ასუსტებს გაფიცვის სულისკვეთებას, გაფიცვის მარცხი ქვეყანას აღწერილი „რეგულაციების“ მსგავს შედეგს მოუტანს – მომავალში კაზინოში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა, კიდევ უფრო დაბალ ხელფასად იმუშავებს. გაგრძელდება უძლური მორალისტობაც.
არსებობს კაზინოების დამცველთა კიდევ ერთი საყვარელი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, წაგებული ფულით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება ხდება. ბიუჯეტი მართლაც ივსება, თანაც საოცარი ლოგიკით – საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ მრავალი მილიარდი ლარი უნდა წააგონ კაზინოებში, ხოლო შემდეგ ეს კაზინოები ბიუჯეტში ერთ მილიარდს გადარიცხავენ. შეგვიძლია გავიხსენოთ მამა ანდრიას სიტყვები, რომ სახელმწიფო, რომელიც აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტის შევსებას ცდილობს, დამსგავსებია სათამაშო აპარატში თავით ჩამძვრალ მოთამაშეს, რომელიც მოგებას უიმედოდ ელოდება და საუკეთესო შვილებს კარგავს. ეს ზედმეტად რბილი შედარებაა და თითქოს ცოდვებს წმენდს სახელმწიფოს, რომელიც დიდი სქემის უნებლიე მსხვერპლად არის გამოყვანილი. საქმე უარესად არის, სინამდვილეში ქართული სახელმწიფო სათამაშო აპარატს არის დამსგავსებული, ეკრანიდან მუსიკა ისმის, ცისარტყელას ფერები ანათებს, ხოლო საზოგადოება გაბრუებული მოთამაშეა, რომელსაც საერთოდაც დაავიწყდა, როგორ აღმოჩნდა კაზინოში. მოთამაშეს პოლიტიკოსები და მღვდლები ეწვივნენ, დაამშვიდეს, მხარზე ხელი დაადეს და დააიმედეს, მანაც გულწრფელი მადლობა ეკრანისთვის თვალის მოუშორებლად გადაიხადა.
პ.ს. რამდენიმე დღის წინ მამა შალვა კეკელიას კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოყვა. მღვდელი ისევ სამართლიანად აკრიტიკებს ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც კაზინოების სახედ გადაიქცნენ. სპორტსმენების საქციელს გამართლება არ აქვს, ისინი უფრო მკაცრ მხილებასაც იმსახურებენ.[13] ჩვენებური საჯარო დისკუსიის ერთ-ერთ ყველაზე შეურაცხმყოფელ სიტყვად „რადიკალიზმი“ იქცა, თუ რადიკალი გიწოდეს დაშნა უნდა მოიმარჯვო. რადიკალობა ძალადობასთან, იდეოლოგიურ სიგიჟესთან და დესტრუქციულობასთან არის ასოცირებული. ტერმინის ამგვარ გამრუდებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში ვხვდებით. სინამდვილეში რადიკალიზმი გულისხმობს რწმენას, რომ საზოგადოების გაუმჯობესება მხოლოდ დიდი და გარდამტეხი ცვლილებებით არის შესაძლებელი. ტერმინი ლათინური სიტყვა radix-იდან არის ნაწარმოები, რომელიც ფესვს ნიშნავს. ორიგინალური მნიშვნელობით, რადიკალიზმი პრობლემის ფესვებში ჩაწვდომას, მისი სათავის აღმოფხვრას ნიშნავს. ჯანსაღი რადიკალიზმის ერთ-ერთი ულამაზესი ნიმუში მოსე იყო. როდესაც დაინახა, რომ ხალხი ოქროს ხბოს ეთაყვანება მოსემ „აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა“. მოსეს ნახევარზომებისთვის არ მიუმართავს, მას არც სიმართლის შერბილება და ძლიერებისათვის გვერდის ასავლელი გზების ძიება დაუწყია. შესაძლოა, ჩვენი რადიკალური პრობლემების მოგვარებასაც ასეთი ბიბლიური მხილება სჭირდება, რომელიც სიმართლის ნაწილ-ნაწილ მოწოდების ნაცვლად პირდაპირ ხის ფესვების მოთხრას დაიწყებდა. კარგია, რომ სპორტსმენებს მორალური დისკომფორტი ექმნებათ, მაგრამ ეს მხილებების სერია, ისევე, როგორც ზევით აღწერილი დისკუსია, მიჩენს კითხვას – ხომ არ იკავებს ეს ლამაზი სიტყვები რეალური რადიკალიზმის ადგილს, რომელიც ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად არის საჭირო.
შენიშვნები
[1] https://komentari.ge/article/sathamasho-biznesi-sotsialuri-kethildgheoba-da-sakhelmtsiphos-roli/
[2] https://komentari.ge/article/sathamasho-biznesi-sotsialuri-kethildgheoba-da-sakhelmtsiphos-roli/
[3] https://www.facebook.com/share/v/xc3e7f89Um5BseAY/
[5] https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-azartuli-industriisgan-bavshvta-datsvas-moitkhovs
[6]თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს დაფინანსებას, სპორტისთვის დამღუპველი იქნება — სპორტსმენები
[8] https://bm.ge/news/quotevropabetisquot-3-shekitxva-azartuli-tamashebis-shezgudvis-iniciatorebs/97523
[9] https://tabula.ge/ge/news/677283-satamasho-biznesis-asotsiatsia-legaluri
[10] https://ajaratv.ge/article/88141
[12] https://bm.ge/news/6000-larze-magali-xelfasi-saqartvelos-mosaxleobis-1-s-aqvs/109969
[13] https://www.facebook.com/share/v/onc517wdBJDwbDed/