-
შესავალი
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში წინასაარჩევნო პროცესები სულ უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის. ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის საფრთხის გამო, ეს არჩევნები შეფასებულია როგორც საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ ქვეყნის განვითარების ეგზისტენციალური მიმართულება უნდა აირჩიოს. ამის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების სტრატეგია მიმართულია ამომრჩევლების მობილიზაციასა და ხმების დაცვაზე, პოლიტიკურად მნიშვნელოვან შინაარსობრივ საკითხებზე აქცენტი ნაკლებად კეთდება.
ხმების მობილიზაციის კუთხით, პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ ემიგრანტების საარჩევნო უფლების განხორციელებაზე. ცესკოს განცხადებით, უახლესი მონაცემით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95,910-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო, რთულია მისი ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა, ოფიციალური მონაცემებიც აჩვენებს, რომ ეს რაოდენობა ქართველი ემიგრანტების მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, 163,480 საქართველოს მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, აქედან 45% არის ქალი.
ემიგრანტების ხმების აქტიური დაცვისა და მობილიზაციის ფონზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არის ემიგრანტი ამომრჩეველი და როგორ ეკონტაქტება მას საარჩევნო სუბიექტი. ემიგრანტები ფართო ჯგუფია, განსხვავებული გამოწვევებით და საჭიროებებით, მოცემული სტატია ყურადღებას ამახვილებს ემიგრანტ ქალებზე, კერძოდ, დაბალანაზღაურებად, ძირითადად, საოჯახო ან/და ზრუნვის შრომასა და მომსახურების სფეროში დასაქმებულ ქალებზე.
-
ემიგრანტი ქალების გამოწვევები და საჭიროებები
ემიგრანტი ქალების გამოწვევების და საჭიროებების შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევები, პირველ რიგში, ააშკარავებს დაუსრულებელ სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს, რის გამოც ქალები იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ და ხანგრძლივად დარჩენილიყვნენ შრომით ემიგრაციაში. საგულისხმოა, რომ ქალები ემიგრაციაში მძიმე ფიზიკურ და ემოციურ შრომას ეწევიან, მიღებული შემოსავლის მინიმუმს იტოვებენ თავისთვის, მაქსიმუმს კი ოჯახებში აგზავნიან, რაც ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება. მიგრანტი ქალების ოჯახების შეუქცევადი დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე ახანგრძლივებს ქალების ემიგრაციაში ყოფნას და ასევე, გამორიცხავს დანაზოგის შენახვის შესაძლებლობას სამომავლო ეკონომიკური მდგრადობისთვის. დანაზოგის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქალებს და საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს, არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, თუ სად და როგორ შეიძლება ეს დანაზოგი გამოიყენონ.
აღსანიშნავია ემიგრაციის სოციალური შრეებიც, ოჯახთან ხანგრძლივი განშორების სტრესს თან ერთვის შესრულებული სამუშაოს ფიზიკური და ემოციური სირთულეებიც, რაც დროთა განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტი ქალების ჯანმრთელობაზე. ამასთან, დედებთან განშორება სტრესულია და რთულად აისახება სამშობლოში დარჩენილი შვილების ფსიქო–სოციალურ მდგომარეობაზეც.
ემიგრანტი ქალების დროულ დაბრუნებას აბრკოლებს დასაქმების და თვითდასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები საქართველოში, შრომის ბაზარზე არსებული დაბალი ანაზღაურება და ხანგრძლივი ემიგრაციით გამოწვეული დეკვალიფიკაცია (პროფესიული უნარების დავიწყება). ამასთან, დაბალი პენსია, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის არსებული მწირი სერვისები ამცირებს ემიგრანტი ქალების სამშობლოში დროული დაბრუნების შესაძლებლობებს.
ამასთან ერთად, ხაზგასასმელია ემიგრანტი ქალების გამბედაობა და მიზანდასახულობა. მათმა მძიმე ფიზიკურმა და ემოციურმა შრომამ საქართველოში ოჯახები სიღარიბისგან დაიცვა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მუშაკთა გზავნილები სტაბილურად მზარდია და 2023 წლისთვის ქვეყნის მშპ–ს 8% შეადგინა (2.4 მლრდ აშშ დოლარი). მიუხედავად მნიშვნელოვანი ეკონომიკური წვლილისა, ემიგრანტი ქალების შრომა, ხშირად უხილავია და არ არის აღიარებული, როგორც სახელმწიფოს ასევე, სამწუხაროდ, ოჯახის წევრების მიერაც.
-
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები და დაპირებები
“კოალიცია ცვლილებისთვის” (ნომერი 4) აერთიანებს პარტიებს: ახალი, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია – აქტივისტები მომავლისთვის. კოალიციის საარჩევნო პროგრამა 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომელიც ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს: (1) პრეზიდენტის ქართული ქარტია, (2) თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლება, (3) შესაძლებლობების ეკონომიკა, (4) რეგიონების გაძლიერება და (5) მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით მათი ხედვა, ისევე როგორც ქალთა საკითხები პროგრამაში არ არის გამოკვეთილი. ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის განვითარების ზოგად ხედვაზე და ორიენტირებულია ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე, გადასახადების შემცირებაზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებაზე, საბანკო რეფორმაზე და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობაზე. ჯანდაცვის რეფორმების მიმართულებით, კოალიცია პრიორიტეტულად მიიჩნევს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას. განათლების მიმართულებით კი, პროგრამა ითვალისწინებს 2028 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების სრულ დაფინანსებას, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ან რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფას. ასევე, სკოლამდელი და სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდას და პროფესიული განათლების განვითარებას, დასაქმების გარანტიებით.
პროგრამაში ხშირად გამოყენებული თეზისები – სწრაფი გამდიდრება, შესაძლებლობების ეკონომიკა, გადასახადების შემცირება და თავისუფალი გარემო – ერთი შეხედვით, შესაძლოა მიმზიდველად ჩანდეს ემიგრანტი ქალებისთვის, მაგრამ, ბუნდოვანია, რამდენად უპასუხებს ეს ხედვა იმ სტრუქტურულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგანან მიგრანტი ქალები.
“ერთიანობა – საქართველოს გადარჩენისთვის” (ნომერი 5) აერთიანებს პარტიებს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული საქართველო. გაერთიანებას საარჩევნო პროგრამა არ გამოუქვეყნებია და საარჩევნო კამპანიას ხუთი პრიორიტეტის გარშემო აწარმოებს: 1) კი ევროპას, (2) შემოსავლების ზრდა, (3) პენსიონერების დაცვა, (4) ძლიერი ოჯახი და (5) ფასების მაფიის დასრულება. სხვა საარჩევნო სუბიექტების მსგავსად, პოლიტიკური გაერთიანების წევრები საჯარო გამოსვლებში ყურადღებას ძირითადად ემიგრანტების საარჩევნო უფლებებზე ამახვილებენ, თუმცა აღნიშნავენ მათი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის აუცილებლობას. უფრო კონკრეტულად, ერთ–ერთი დაპირებას წარმოადგენს გარანტირებული საპენსიო დანაზოგის შექმნა ემიგრანტისთვის, რაც გულისხმობს ემიგრანტების დაბრუნების მიზნით, მიხეილ სააკაშვილის ფონდში 1 მილიარდი ევროს მობილიზებას. იმის გათვალისწინებით, რომ ემიგრანტების უკან ოჯახები დგანან, მსგავსი ზოგადი ხასიათის დაპირებას, უფრო ერთჯერადი სოციალური დახმარების სახე აქვს, და ვერ უზრუნველყოფს ემიგრანტების მდგრად გაძლიერებას.
სოციალური დაცვის კონტექსტში აღსანიშნავია გაერთიანების დაპირება მინიმალური ხელფასის და საშუალო ხელფასის შესახებ. კერძოდ, კამპანიის ნარატივის თანახმად, მინიმალური ხელფასი 20 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზრდება. საშუალო ხელფასი კი 3500 ლარს გაუტოლდება. საარჩევნო კამპანია ასევე საუბრობს პენსიების ზრდაზე და ოჯახების გაძლიერებაზე, მათ შორის ახალშობილებისთვის ყოველთვიურ დახმარებაზე, ხარისხიანი საბავშვო ბაღისა და უფასო სასკოლო კვების უზრუნველყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სოციალური დაცვის საკითხები არსებითად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ემიგრანტი ქალებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, გაერთიანების მიდგომა გენდერულად ბრმაა, ქალების კონკრეტული საჭიროებები და ინტერესები არ წარმოადგენს მათი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს.
გაერთიანება „ძლიერი საქართველო” (ნომერი 9) აერთიანებს პარტიებს: ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძე – ხალხისთვის, მოქალაქეები და მოძრაობა – თავისუფლების მოედანი. გაერთიანება პროგრამაში „ილიას გზა” ცალკე არ გამოყოფს მიგრანტ ქალებს, თუმცა ცალ–ცალკე მიმოიხილავს მიგრაციასა და ქალთა გაძლიერების საკითხს, სადაც ემიგრანტებს ჰპირდება რომ გაატარებს შესაბამის პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დაბრუნებას და შეამცირებს ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვს. მაგალითად, დაბრუნებული ემიგრანტების მიერ ბიზნესსაქმიანობის დაწყების შემთხვევაში, ისინი ისარგებლებენ შეღავათიანი საგადასახადო პირობებით და სპეციალური იპოთეკური პროგრამებით, რაც შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციაზე კვლევების პირდაპირი რეკომენდაცია.
სოციალურ–ეკონომიკური გარანტიების ფარგლებში კი, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი დაპირება არის პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა და დამატებით 200,000 სამუშაო ადგილის შექმნა. რაც შეეხება ქალების გაძლიერების პოლიტიკას, კერძოდ, ეკონომიკურ გაძლიერებასა და შრომითი უფლებების დაცვას, „ძლიერი საქართველო“ ამომრჩევლებს, შრომის კოდექსში გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული ცვლილებების შეტანის გარდა, სთავაზობს რამდენიმე პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს ქალების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობას. მაგალითად, მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ექვსთვიან საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს მეწარმე ქალებს, დაეხმარება პროდუქციის გასაღების ბაზრის მოძიებაში, დანერგავს პროფესიული განათლების და ბიზნესისთვის აუცილებელი უნარების დაუფლების სპეციალურ პროგრამებს.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” (ნომერი 25). პარტიის მიერ შემუშავებული ვრცელი პროგრამა ცალკე არ გამოყოფს ემიგრანტების საკითხს, მაგრამ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხედვის ფარგლებში, ხაზს უსვამს არსებულ მძიმე სოციოეკონომიკურ მდგომარეობას, რამაც გამოიწვია მზარდი ემიგრაცია. ამასთანავე, პარტიის პროგრამა “ღირსეული ცხოვრების მანიფესტი” ყურადღებას ამახვილებს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის ჩამოყალიბებაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს გაუმჯობესებულ სოციალურ გარანტიებს, მათ შორის დაცვას უმუშევრობისგან, სოციალური დახმარების გადანაწილების სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას და ა.შ. რაც ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქალებს, ემიგრანტ ქალებს და მოწყვლად ჯგუფებს აქვთ. ქალების გაძლიერების ნაწილში კი, რაც ემიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კომპონენტში მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, უნარების განვითარებისა და ხელშეწყობის ინიციატივის ამოქმედებას, ქალთა მეწარმეობისა და ქალთა ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რეგიონებში მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერას, საკრედიტო–საგარანტიო დაფინანსების სქემების გაფართოებას და ამ მიმართულებით არსებული გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას.
“ღირსეული ცხოვრების მანიფესტი” ასევე მოიცავს დაპირებებს სოციალური დაცვის მიმართულებითაც და მოიცავს საპენსიო რეფორმას, ბავშვთა საყოველთაო მხარდაჭერის პროგრამას, მინიმალური ანაზღაურების (950 ლარი) დაწესებას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ქალების და სხვა ჯგუფების საჭიროებებზე ორიენტირებული დასაქმების სუბსიდიების შექმნას.
პარტია “ქართული ოცნება” (41). საგულისხმოა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა, მხოლოდ პრეზენტაციის სახით იქნა წარდგენილი და არ გავრცელებულა მისი წერილობითი ვერსია. პრეზენტაცია სრულად პარტიის სარეკლამო მიზანს ემსახურებოდა და ძირითადი აქცენტი ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და 2028 წლისთვის დასახული ამბიციური გეგმების წარდგენაზე იყო. მმართველი პარტიის მიერ, ბოლო თვეში განხორციელებული ანტი–გენდერული და ჰომოფობიური ნაბიჯების შემდეგ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პროგრამის წარდგენისას, არათუ სიტყვა “გენდერი”, არამედ “ქალიც” კი არ იყო ნახსენები. წარდგენილი ყველა თემატური მიმართულება, მათ შორის, ეკონომიკა და ენერგოპოლიტიკა, ტურიზმი, იუსტიცია, ინფრასტრუქტურა და რეგიონული განვითარება, ჯანდაცვა/სოციალური დაცვა, ეკოლოგია/გარემოს დაცვა, დაცლილი იყო გენდერული პერსპექტივებისაგან. ამასთან, პარტიის ხედვა და გეგმები საერთოდ არ არის ორიენტირებული უფლებების დაცვასა და მოწყვლადი ჯგუფების ზოგად ხსენებაზე ან მათთვის გამოსავლის შეთავაზების პოლიტიკაზე – არათუ პრაქტიკულად, არამედ პოპულისტურადაც კი – რაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე პარტიას არ სჭირდება საერთაშორისო თუ ადგილობრივი რეპუტაციისთვის ამ თემების ინტეგრირება თავის ზოგად პოლიტიკურ რეპრეზენტაციაში.
რაც შეეხება შრომით ემიგრაციას, ეს თემა არც მიღწევების და გამოწვევების, და არც სამომავლო დაპირებების ნაწილში არ გაჟღერებულა. პრემიერმა თავი მოიწონა უმუშევრობის დონის ისტორიული მინიმუმით, და გასცა დაპირება, რომ 2028 წლისთვის უმუშევრობა საქართველოში 4%-მდე შემცირდება და ევროკავშირის საშუალო მინიმუმზე დაბალი იქნება. იმ მოცემულობაში, როცა არ ყოფილა მსჯელობა დასაქმების ამჟამინდელ პოლიტიკაზე და ცვლილებების საჭიროებებზე, ბუნდოვანია როგორ მოგვარდება შრომის ბაზარზე არსებული პრობლემები, მათ შორის დაბალი ანაზღაურება, არაფორმალური დასაქმების მაღალი წილი, შრომის ბაზრის გენდერული უთანასწორობა, და სხვ., რაც შრომითი ემიგრაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია. „ქართულმა ოცნებამ“ არც ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარების შესახებ არ ისაუბრა, რაც წინა წლებში, ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემების მოგვარების ერთ–ერთ მთავარ გზად ხშირად იყო წარმოჩენილი.
ქართული ქარტია და ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობა. რამდენადაც მოახლოებული არჩევნებისთვის პოლიტიკური კონკურენცია ძირითადად დასავლეთი–რუსეთის დიქოტომიას და პრეზიდენტის მიერ ინიციირებული “ქართული ქარტიის” შესრულებას ეფუძნება, მნიშვნელოვანია ვთქვათ რას შეცვლის ემიგრანტი ქალებისთვის “ქართული ქარტიის” განხორციელება და ევროკავშირთან დაახლოება?
ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან არაერთხელ გაჟღერდა, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ავტორიტარიზმისკენ შებრუნებაზე მიუთითებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რის გამოც ევროინტეგრაციის პროცესი დე–ფაქტო შეჩერებულია.
ამ განცხადების მიღმა, ევროკავშირის ინსტიტუციები მსჯელობენ საქართველოს მიმართ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც მოიაზრებს როგორც ინდივიდუალურ სანქციებს, მმართველი პარტიის წევრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, ასევე რიგი თანამშრომლობის სქემების, მათ შორის, საგრანტო დაფინანსების და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს მოქალაქეებისათვის. ევროკავშირის ფინანსური დახმარება კრიტიკულია, როგორც უფლებების დაცვის და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის, ასევე სოციალურ–ეკონომიკური პროგრამების განხორციელების მიმართულებით. ამასთან, 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა დამატებითი დაბრკოლების გარეშე, ემოგზაურათ შენგენის ზონის ქვეყნებში. ამ გადაწყვეტილების პარალელურად, ქვეყანაში გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიების რაოდენობა, რამაც ერთიანობაში, ბევრ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა მიზნით ჩასულიყო. მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის წყალობით, არალეგალურ შრომით ემიგრაციაში მყოფ ქალებს, ხანგრძლივი განშორების შემდეგ ოჯახის წევრებთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ემიგრაციის ემოციურ წნეხს.
პრეზიდენტის მიერ ინიიცირებული “ქართული ქარტია” კი, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება, წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გარანტიას. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა, ორგანიზაციის სამართლებრივ სისტემასთან (EU Aquis) უფრო მჭიდრო ჰარმონიზაციას გულისხმობს. ეს, თავის მხრივ, გენდერული და ფემინისტური პოლიტიკის გადახედვას, ასევე თვისებრივად გაუმჯობესებულ სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.
ევროკავშირში ინტეგრაცია მრავალმხრივ აისახება შრომით ემიგრანტებზეც, რამდენადაც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად დასაქმებული მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ერთიანი ბაზარი (Single Market), რომელიც ითვალისწინებს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილებას შეზღუდვების გარეშე. მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ერთიანობის პოლიტიკა (Cohision Policy), რომელიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ყველა რეგიონსა და ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ ზრდას, მდგრად განვითარებას და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და გაცილებით მეტ სოციალური კეთილდღეობის მექანიზმებს ვიდრე დღეს საქართველოშია, უპასუხებს იმ სოციო–ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დროულ დაბრუნებას უშლის ხელს.
-
დასკვნა
ემიგრანტი ქალების შრომა, საჭიროებები და წუხილები არასოდეს ყოფილა პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში. უფრო მეტიც, ისე როგორც 2012 წლის არჩევნებში, მათ მიერ საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება, დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მისასალმებელია, რომ ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აქტიურად საუბრობდნენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საარჩევნო უფლებების შესახებ და იბრძვიან მათი ხმების დასაცავად. თუმცა, წარმოდგენილი პროგრამების უმრავლესობა გენდერულად ბრმა და ემიგრაციის პრობლემების მიმართ ზედაპირულია. მმართველი პარტიის პროგრამა კი სრულად უგულებელყოფს გენდერულ საკითხებს და შრომითი ემიგრაციის პრობლემებს, რაც მათი პოზიციის მკაფიო სიგნალია: გენდერული საკითხები მათთვის არა მხოლოდ პრიორიტეტული არ არის, არამედ საერთაშორისო დღის წესრიგისგან დისტანცირების მცდელობაცაა.
პროგრამების ანალიზი ცხადყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას: პოლიტიკურ დღის წესრიგში დომინირებს ეკონომიკური განვითარება, სოციალური გარანტიების გაუმჯობესების დაპირებები და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა. თუმცა, პარტიების უმეტესობა არ განიხილავს ქალების საჭიროებებს როგორც პოლიტიკური სტრატეგიების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად, ის საარჩევნო სუბიექტებიც, რომლებიც მიგრაციაზე საუბრობენ, ძირითადად განიხილავენ ეკონომიკურ ასპექტებს და ვერ ხედავენ პრობლემის მრავალშრიანობას და შესაბამისად იმ სტრუქტურულ გამოწვევებს, რასაც ქალი ემიგრანტები ემიგრაციაში ყოფნის თუ სამშობლოში დაბრუნების დროს აწყდებიან.
ამასთან, პროგრამების უმეტესობა მოიცავს რიგ დაპირებებს სოციალური დაცვის მიმართულებით, თუმცა არ არის დასაბუთებული მინიმალური ხელფასის და პენსიების ზრდას რა გზებით აპირებენ და რამდენად რეალისტურია მათი დაპირება. გარდა ამისა, ისეთი საკითხები, როგორიცაა შრომის ბაზრის გენდერული უთანასწორობა და არაფორმალური დასაქმების მაღალი წილი არსებითად არ განიხილება. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში გაბატონებული პოპულისტური დაპირებების მიღმა მნიშვნელოვანია მდგრადი და გრძელვადიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დაეფუძნება რეალურ სოციალურ საჭიროებებს და ინკლუზიურ მიდგომებს. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ისეთ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში, სადაც მოქალაქეების ნდობა პარტიების მიმართ შედარებით დაბალია და პოლიტიკურ პროცესებში ფართო ჩართულობა საჭიროებს წახალისებას.
რამდენადაც 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია თავის მხრივ არ ნიშნავს, გაწევრიანების შემდეგ ყველა პრობლემის მოგვარებას. თუმცა, იგი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც დადებითად აისახება, როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციაზე და ადამიანის უფლებებზე, ამავდროულად ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის ეტაპობრივად გაუმჯობესებაზე, რაც ემიგრანტი ქალებისთვის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
შენიშვნები
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი. პრესრელიზები. ხელმისაწვდომია: ლინკი
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2023. მიგრაცია.
- მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (მსსკ). 2016. მოკლე ფორმატის მიგრაციის პროფილი ფულადი გზავნილები. გვ.13.
- ჩაჩავა, მ. 2020. საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა. გვ. 22.
- ჩაჩავა, მ. და ზუბაშვილი, ნ. 2023. ქართველი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ ეკონომიკური სტაბილურობა: საჭიროებების კვლევა დაბრუნებისა და რეინტეგრაციის კონტექსტში. გვ. 15-19.
- საქართველოს ეროვნული ბანკი. საგადასახდელო ბალანსი (BPM-5).
- კოალიციის სრული საარჩევნო პროგრამა. ხელმისაწვდომია: ლინკი
- ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ხუთი პრიორიტეტი. ხელმისაწვდომია: ლინკი
- ძლიერი საქართველოს სრული საარჩევნო პროგრამა. ხელმისაწვდომია: ლინკი
- პარტია – გახარია საქართველოსთვის სრული საარჩევნო პროგრამა იხილეთ აქ: ლინკი
- პირველი არხი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია. 7 ოქტომბერი, 2024. ხელმისაწვდომია: ლინკი
- Netgazeti. 28 ნოემბერი, 2019. რატომ ვერ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას ივანიშვილის გეგმა ცირკულარულ მიგრაციაზე. ხელმისაწვდომია: ლინკი
- ჯოზეფ ბორელის პრეს-კონფერენცია. 14 ოქტოომბერი, 2024. ხელმისაწვდომია: ლინკი
- პაველ ჰერჩინსკის განცხადება. 18, ოქტომბერი, 2024. ხელმისაწვდომია: ლინკი
- პაველ ჰერჩინსკის განცხადება. 18, ოქტომბერი, 2024. ხელმისაწვდომია: ლინკი
- ინფორმაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე (Single Market). ხელმისაწვდომია: ლინკი
- ინფორმაცია ევროკავშირის ერთიანობის პოლიტიკაზე. ხელმისაწვდომია: ლინკი
- Netgazeti. რა პრობლემები ექმნებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს. 8 სექტემბერი, 2012. ხელმისაწვდომია: ლინკი.
რადიო თავისუფლება. დარჩა ერთი დღე და ბევრი პრობლემა – ემიგრანტები საარჩევნო ხმის უფლებას მოითხოვენ. 6 ოქტომბერი, 2024. ხელმისაწვდომია: ლინკი