ქართული ოცნების გენდერული პროპაგანდა და ანტიგენდერიზმის სხვა მეტასტაზები საქართველოში

ქართული ოცნების გენდერული პროპაგანდა და ანტიგენდერიზმის სხვა მეტასტაზები საქართველოში

ავტორი: თამარ ცხადაძე

25 ოქტომბერი 2024

გაზაფხულიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში, არაერთხელ გაიგებდით ხუმრობას, რომ დღეს საქართველოში თუ ვინმე ეწევა ლგბტ პროპაგანდას, ეს ჩვენი ხელისუფლებაა. მართლაც, ისაა საზოგადოებრივი აქტორი, რომელიც ყველა რელევანტურ თუ არარელევანტურ კონტექსტში, ყველაზე მეტს, ყველაზე საჯაროდ, ყველაზე ენერგიულად ლაპარაკობს ლგბტქი+ ადამიანების არსებობაზე, მათ უფლებებზე, რაღაც აზრით საჭიროებებზეც კი. ერთი წუთით იმას რომ განვეყენოთ, თუ რას და როგორ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ბოლო თვეების (შეიძლება წლებისაც) განმავლობაში ქართული ოცნება, მის მიერ პირდაპირ კონტროლირებულ მედიებთან ერთად, „ლგბტ პროპაგანდის“ (ან, მათი ახალი კანონის ტერმინებით, „პოპულარიზების“) ნამდვილი ჩემპიონია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აქ კვანტიფიკაციის და შედარების ტექნიკებზე შეიძლება შემოდავება, მაგრამ, ერთი აზრით მაინც, ეს მტკიცება უდავო უნდა იყოს – თუკი საზომად ავიღებთ იმას, თუ საზოგადოების რამხელა ნაწილი და რა ინტენსივობით იღებს ამ საკითხებზე ინფორმაციას (ტყუილს თუ მართალს) მისგან.

 

ბოდიშს ვიხდი ამ ხუმრობით დაწყებისთვის, რომელიც ალბათ უადგილოდ ჩაითვლება არა მხოლოდ არსებული, ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად კრიტიკული კონტექსტის გამო, არამედ უმთავრესად იმიტომ,  რომ ზიანი და ბოროტება, რომელიც  მასში გამოკვეთილ ფენომენს მოაქვს კონკრეტული, რეალური ადამიანებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც მთლიანობაში, თითქოს უადგილოდ აქცევს ყველანაირ იუმორს ან ირონიას, როგორც აუტანელ სინამდვილესთან ადაპტაციის საშუალებებს.

 

ამ ხუმრობის გარეშეც შემეძლო დამეწყო იმ აშკარა ფაქტის კონსტატაციით, რომ ქართულ ოცნებას წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანიისთვის ორი მთავარი თემა აქვს შერჩეული – ომი და გენდერი. მის მიერ ორივე თემის გამოყენება მკვეთრადაა დატვირთული გეოპოლიტიკური შინაარსით, შეზავებულია ეროვნული სუვერენულობის რიტორიკით, მიმართულია ევროპის/დასავლეთის დისკრედიტაციისთვის  ქართული საზოგადოების თვალში, და ორივე გამიზნულია საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. მაგრამ თუ პირველი თემის გარშემო თავმოყრილი საკითხები მეტ-ნაკლებად მკაფიოა და საპასუხო სტრატეგიებიც ნაკლებად სადავო ჩანს (რა თქმა უნდა, რომ ომს მშვიდობა სჯობს; გასაგებია, რომ ადამიანებს ომი არ უნდათ და არც უნდა უნდოდეთ; ტყუილია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დასავლეთთან დაპირისპირება და რუსეთის ფერხთით გაწოლა ომისგან გვიცავს და ა. შ.), მეორე ბევრად უფრო მგრძნობიარეა. მასზე სალაპარაკოდ საერთო, ფართოდ გაზიარებული საწყისი წერტილების მოძებნა უფრო ძნელი ჩანს და, ამიტომ, ამ თემაზე სახელისუფლებო პროპაგანდასთან პირდაპირი კონფრონტაციაც თხელ ყინულზე სიარულივით საფრთხილოდ გამოიყურება ხელისუფლების პოლიტიკით და რიტორიკით მართლა გულწრფელად უკმაყოფილო და აღშფოთებული ადამიანებისთვისაც კი. ამის დასტურია სტრატეგია, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში საზოგადოების კრიტიკულმა ფრთამ აირჩია ხელისუფლების ანტიგენდერული კამპანიის საპასუხოდ. სულ ერთია, მას სტრატეგიულ უგულებელყოფას დავარქმევთ თუ სტრატეგიულ დუმილს, დავასაბუთებთ თუ არა იმით, რომ ასე ბოროტმოქმედ ძალებს კიდევ უფრო მეტი ზიანის მოტანის შესაძლებლობას ვართმევთ, მივიჩნევთ თუ არა მას ყველაზე გონივრულ ან უალტერნატივო პასუხად, ნებისმიერ შემთხვევაში, თვითონ ფაქტი, რომ ასეთი არგუმენტები შეიძლება არსებობდეს, მეტყველებს ერთზე – გენდერის საკითხების სახით ხელისუფლებამ ხელში დაიჭირა ნაღმი, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ განვნაღმოთ ან ხელიდან როგორ გავაგდებინოთ. ასე შევყურებთ იმის იმედით, რომ თვითონვე აიფეთქებს მასზე თავს, ოღონდ ისე, რომ ირგვლივ მყოფთაც არ ჩაგვიყოლებს (გავბედავ და ვიტყვი, რომ პირველი ამბის ნიშნები თითქოს უკვე ჩანს, მეორეზე ჯერ მეტი გაურკვევლობაა).

 

 

გენდერის საკითხების ამ საგანგებო მტკივნეულობაზე სანამ დავსვამთ კითხვებს, სწრაფად გადავხედოთ, რა გზა გამოიარა ქართულმა ოცნებამ ამ წერტილამდე. მართალია, 2013 წლის 17 მაისის საპასუხო პროტესტის ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგაც იყო მიმართული, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიან აქციაზე გამოსული მოქალაქეების უსაფრთხოება და არც შემდგომში გამოიჩინა ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირების ნება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ პერიოდის ქართული ოცნების ხელისუფლება ანტიგენდერულ პოლიტიკას ახორციელებს. უმაღლესი ხელმძღვანელობის იმდროინდელ განცხადებებში მკაფიოდ ჟღერდება ლგბტქი+ ადამიანების უფლებების მხარდაჭერა. მეტიც, ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ სხვა პოლიტიკურ ლიდერს არასდროს არ გაუბედავს ამდენი ალბათ საქართველოში (აქ არ ღირს იმაზე კამათი, მაშინდელი ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის ოდიოზური ჰომოფობიური გამოსვლები ამ მტკიცებას ხომ არ აბათილებს). 2014 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ, საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღო დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი. მართალია, საზოგადოებრივ წარმოსახვაში ეს გადაწყვეტილება ძირითადად გაფორმდა, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისათვის გაღებული ხარკი, ნაცვლად ხელისუფლების ღირებულებითი პოზიციის გამოხატულებისა, რაც ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკამაც განაპირობა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ამ დროს ანტიგენდერულია.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით ქორწინების განსაზღვრა ქალისა და მამაკაცის კავშირად. საინტერესოა, რომ იმდროინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ცვლილება ასე ახსნა: „ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ არავითარი საბაბი ჰომოფობიური განწყობების და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის“. რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს რაციონალიზება, გაცხადებული ინტენციის დონეზე მაინც, ჯერ კიდევ პროდასავლურ და ლგბტქი+ უფლებების მხარდამჭერ ბანაკში ათავსებს ოცნების ხელისუფლებას. ეს რაციონალიზება საყურადღებოა იმითაც, რომ მასში საბოლოოდ და ოფიციალურად ფორმდება მთელი ამ დინამიკისთვის არსებითი ორი მომენტი: 1. ლგბტქი+ უფლებების კავშირი დასავლურ საგარეო ორიენტაციასთან და 2. აღქმა, რომ ქართულ საზოგადოებაში ჰომოფობია მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი მოცემულობაა.

 

ასევე წინააღმდეგობრივია ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები 2013-ის მომდევნო წლებში აიდაჰოს აქციების კონტექსტში: ერთი მხრივ, ხელისუფლება იღებს  პასუხისმგებლობას, რომ საპოლიციო ძალებით დაიცავს აქციებს აგრესიული მოწინააღმდეგეებისგან (ამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასავლური დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები), მაგრამ, მეორე მხრივ, არ ზღუდავს ძალადობის საფრთხის შემცველ კონტრაქციებს, არც რიტორიკაში უპირისპირდება მათ და არც სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის წამომწყებებს. ის „ნეიტრალური გამშველებლის“ როლს ირგებს და ამას დასავლელი პარტნიორების თვალში საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის საფრთხის აღკვეთისთვის ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს. ამის გამო აიდაჰოს აქციის ორგანიზატორებმა საბოლოოდ უარი თქვეს აქციების გამართვაზე, ვინაიდან თავი პოლიტიკური მხარეების მიერ ინსტრუმენტალიზებულად მიიჩნიეს. ამ მხრივ დიდი შემობრუნების წერტილი იყო 2021 წლის 5 ივლისი, როცა ხელისუფლებამ ღიად დაუჭირა მხარი თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამოსულ მოძალადე ჯგუფებს და ღიად თქვა უარი ქვიარ აქტივისტებისა და ჟურნალისტების საპოლიციო ძალებით დაცვაზე. 

 

ამის შემდეგ იწყება ქართული ოცნების აშკარად ანტიგენდერულ ძალად გაფორმება, რაც კულმინაციას აღწევს უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ქართული ოცნების ანტიდასავლური შემობრუნების შემდეგ. 2024 წლის დასაწყისიდან კი ხელისუფლების ღიად ანტიგენდერული წინასაარჩევნო კამპანიის მომსწრენი ვართ. ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვისა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების დაპირება თებერვალში, გენდერული კვოტების გაუქმება აპრილში, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღება სექტემბერში – ესენი მხოლოდ შედედების წერტილებია იმ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ, სიძულვილის გამაღვივებელ ნიაღვარში, რომლითაც ქართული ოცნება მის მიერ წარმოსახულ ქართულ საზოგადოებას თავს აწონებს.

 

 

ეს ისტორიული მიმოხილვა არაზუსტი და არასრულია, მაგრამ აქ ტრაექტორიის მხოლოდ ზოგადი შტრიხებით დავკმაყოფილდეთ. ეს ცალკეული შტრიხები ოდნავ მაინც გასაგებ კონტურად რომ შეიკრას, აუცილებელია სურათში იმ კონტექსტის მახასიათებლების შემოტანაც, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები და რიტორიკა ვითარდება. რა ნიადაგი დახვდა ოცნების ანტიგედერულ შემობრუნებას მზად? (უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ მის მომზადებაში თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლების როლიც მნიშვნელოვანია.) სრულ ანალიზზე პრეტენზიის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე ასპექტს გამოვყოფ:

  1. ერთი მხრივ, გლობალურად გაძლიერებული ანტიგენდერული მოძრაობა, რომლისგანაც ის პირდაპირ სესხულობს ნარატივებს, მოდელებს, კონკრეტულ ტაქტიკებს. კონკრეტული ინსტრუმენტების მზა ნაკრების გარდა, ეს გლობალური ტენდენცია მისთვის თვითლეგიტიმაციის მნიშვნელოვანი წყაროცაა – კერძოდ, ამ ტენდენციის დასავლური შენაკადები, როგორიცაა უნგრეთის, სლოვაკეთის, აშშ-ში ტრამპიზმის მოდელები (საყურადღებოა, თუმცა არა – გასაკვირი, რომ იმ დროს, როცა პუტინისტური ანტიგენდერიზმი ოცნებისთვის მზა-მზარეული ინსტრუმენტების მთავარი მომწოდებელია, ქართულ საზოგადოებაში თვითლეგიტიმაციისთვის მას მხოლოდ დასავლურ ანალოგებზე აპელაცია შეუძლია).
  2. მეორეც, აღნიშნულ გლობალურ ტენდენციასთან მჭიდრო კავშირში, ადგილობრივ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა მის აშკარა ანტიგენდერულ შემობრუნებამდეც.
  3. მესამეც, გენდერის და სექსუალობის საკითხებსა და ევროპას/დასავლეთს შორის მყარად ჩაცემენტებული კავშირი, რაც გამყოფი ხაზების ყველა მხარეს, ყველა მსხვილი მოთამაშის კონსოლიდირებული მუშაობის შედეგია (გამონაკლისია დინების საწინააღმდეგოდ მხოლოდ იშვიათად გაჟღერებული ძალიან მარგინალური ხმები).

 

ამ ასპექტებიდან თითოეულზე ძალიან ბევრია სათქმელი და საფიქრალიც, მაგრამ აქ მხოლოდ რამდენიმე სპორადული მოსაზრებით შემოვიფარგლები ბოლო ორ პუნქტზე.

 

ბოლოთი დავიწყებ. აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნება გენდერისა და სექსუალობის ნიშნით ჩაგვრასთან ბრძოლასა და პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირის ექსპლუატაციას ცდილობს ქართული საზოგადოების პროდასავლური განწყობების შემოსაბრუნებლად და ამ პროცესში სულ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს ამ კავშირის კიდევ უფრო მეტად ჩასაცემენტებლადაც. ეს სტრატეგია არც ახალია და არც ენდემური. მის გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს მეზობელ თუ არც ისე მეზობელ სახელმწიფოებშიც და ჩვენთანაც. საქართველოში უკვე 90-იანი წლებიდან არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ და დასავლურ ორიენტაციასთან საზოგადოების ანტაგონიზებას ცდილობდნენ „გაპიდარასტების აპოკალიფსით“ დაშინებით. დიდი დოზით იყენებდნენ და იყენებენ მას ბოლო წლებში გააქტიურებული ულტრამემარჯვენე აქტორებიც – აშკარად ანტიდასავლურად თუ უფრო ნეიტრალურად პოზიციონირებულები. მაგრამ ეს ფრთა არ არის ერთადერთი, ვინც ამ კავშირში აქტიურ ინვესტირებას აკეთებდა. ზემოთ მოკლედ ვახსენე ამ მხრივ ადრინდელი, პროდასავლური ქართული ოცნების მიერ შესრულებული ქმედებები. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თვითონ დასავლეთის ე.წ. „პირობითობის პოლიტიკამ“, რაშიც იგულისხმება ინტეგრაციის მსურველი სახელმწიფოებისთვის ადამიანის უფლებების, დემოკრატიზაციის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, ანტიკორუფციის და ა.შ. მიმართულებით გარკვეული მოთხოვნების წაყენება ინტეგრაციის წინაპირობად. ამ და მისი პარალელური სხვა პოლიტიკებით  დასავლეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „გენდერსა“ და „დასავლეთს“ შორის მყარი კავშირის ჩამოყალიბებაში. პირობითობის პოლიტიკა მნიშვნელოვანი (სამწუხაროდ, შეიძლება ერთადერთიც) ფაქტორი იყო, რომელმაც ამ მიმართულებებით გარკვეული პროგრესი განაპირობა ჩვენს სახელმწიფოში. ის იყო ფაქტობრივად ერთადერთი ბერკეტიც, რომელიც ადგილობრივ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს ჰქონდათ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. არანაკლებ საყურადღებოა, რომ მათთვის ეს ბერკეტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ თავიანთი ხედვისა და ღირებულებების შესახებ საზოგადოებასთან სალაპარაკოდაც. აქ ვერ შევაფასებ, რამდენად ეფექტიანი გამოდგა ეს ბერკეტი ამ საქმისთვის, მხოლოდ იმის გამოკვეთა მსურს, რომ მისი ყოველი გამოყენება აუცილებლად იყო საზოგადოებრივ წარმოსახვაში „გენდერსა“ და „დასავლეთს“ შორის კავშირში ინვესტირების აქტიც.

 

სწორდ ამ მრავალი წყაროდან ნასაზრდოებ კავშირს იყენებს ახლა ქართული ოცნება საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ხელისუფლების ამ „შანტაჟზე“ საპასუხო ერთადერთ შესაძლო გზად კი მისი ქმედებებისა და რიტორიკის ბოროტებაზე სტრატეგიული დუმილი მოჩანს, ორი დაშვებით თუ იმედით: რომ ეს სტრატეგია გარკვეულად დაეხმარება საზოგადოებრივ წარმოსახვაში პროდასავლურ ორიენტაციასა და გენდერულ სამართლიანობას შორის კავშირის დეაქტივაციას (ან, უფრო, საზრდოს მოაკლებს ხელისუფლების მიერ ამ კავშირის აქტივაციის ძალისხმევას)  და, მეორე მხრივ, რომ ამ კავშირის სიმძიმეს მაინც გადაწონის დასავლეთისკენ ქართული საზოგადოების სწრაფვა.

 

 

და მაინც რაშია ამ კავშირის „სიმძიმე“? ამ შეკითხვას ზემოთ გამოყოფილ მეორე ასპექტთან მივყავართ. ზემოთაც ვახსენე ყველა ბანაკში საკმაოდ პრევალენტური აღქმა, რომ ქართულ საზოგადოებაში ჰომოფობია მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი მოცემულობაა. ეს აღქმა უდევს საფუძვლად ზემოხსენებულ უგულებელყოფის თუ დუმილის სტრატეგიასაც, ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ანტიგენდერულ კამპანიაზე ამხელა ფსონის დადებასაც, პოლიტიკური ამბიციების მქონე სხვადასხვა აქტორის მიერ გენდერის საკითხებზე პედალირებით მხარდაჭერის მობილიზების მცდელობებსაც. იმავე აღქმისკენ გადაგვამისამართებს ხშირად პასუხის ძიება შეკითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ჩვენთანაც და ბევრ სხვა საზოგადოებაშიც ანტიგენდერიზმი ავტოკრატიული ხელისუფლებების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ძლიერი იარაღი. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში წლიდან წლამდე იზრდება ლგბტქი+ ადამიანების მიმართ მიმღებლობა, ისევე, როგორც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების მიმართ დადებითი განწყობები.

 

ამასთან დაკავშირებით, ცოტას გადავუხვევ და ერთ არც ისე მყარ რეფლექსიას გაგიზიარებთ: როცა ქართულმა ოცნებამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ სახელით გამოიტანა ჰომოფობიური კანონმდებლობის ახალი პაკეტი, რომელიც თავისი შინაარსით ოჯახების და არასრულწლოვანთა დაცვის საქმის პირდაპირ საპირისპიროა, მათ მიერ ამ ევფემიზმის გამოყენებამ დამაფიქრა. მართალია, რიტორიკაში ღიად და პირდაპირ ესხმიან თავს ლგბტქი+ ადამიანებს, მაგრამ ფაქტია, რომ კანონისთვის ასეთი შენიღბული სახელი ჩათვალეს საჭიროდ. ნუთუ ფიქრობენ, რომ მათთვის, ვისზეც ეს პროპაგანდაა მიმართული, მაინც ევფემიზმია საჭირო? ნუთუ ფიქრობენ, რომ მათი პროპაგანდის სამიზნეებშიც კი, პირდაპირ სიძულვილის ვნებებზე აპელაცია ნაკლებად ეფექტიანი იქნებოდა, ვიდრე ოჯახებსა და ბავშვებზე ზრუნვის ღირებულებები? ვიცი, რომ ეს გადახვევა გულუბრყვილობად ჩამეთვლება და შორს აღარ შევყვები. ბევრი სხვა უფრო აშკარა ახსნაც აქვს კანონისათვის ამ სახელის შერჩევას, რა თქმა უნდა. რაც არ უნდა იყოს მისი ფასი, ამ გადახვევას მნიშვნელოვან მომენტთან მივყავართ: პოლიტიკური აქტორებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიაზე დებენ ფსონს, ის არ არის უბრალოდ მყარი მოცემულობა. ისინი აქტიურად აძლიერებენ და ასაზრდოებენ ამ ვნებას, აკავშირებენ მას ადამიანების სხვა ღირებულებებთან, საზრუნავებთან და შიშებთან. ეს „პოზიტიური“ სამუშაოა პოლიტიკური ჰომოფობიის არსიც და მისი წარმატების მთავარი საიდუმლოც.

 

ამ სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი კი ქართულ ოცნებას შესრულებული დაახვედრეს ადგილობრივმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა. აქ ვერ ჩავუღრმავდებით რთულ კითხვას იმის შესახებ, თუ მათ გაძლიერებაში რა როლი შეასრულა თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ოცნებამდელი ხელისუფლების პოლიტიკამ, რუსეთმა, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, გლობალურად და, განსაკუთრებით, დასავლურ სამყაროში მიმდინარე ტენდენციებმა. საქართველოში პოლიტიკური ჰომოფობიის მკვლევრების ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა ისტორიაშიც ხედავს მნიშვნელოვან ფაქტორებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეულს მნიშვნელოვანი ადგილი ექნება სწორ პასუხში.

 

 

რაც არ უნდა იყოს მიზეზები და როდიდანაც არ უნდა იწყებოდეს, ფაქტია, რომ ბოლო ათიოდე წლის განმავლობაში ქართულ საჯარო სივრცეში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს ე.წ. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა, რომელთაგან ზოგიერთს მკაფიო პოლიტიკური ამბიციებიც აქვს და კარსმომდგარ არჩევნებში ქართულ ოცნებას მთავარ კონკურენტადაც ხედავს. მართალია, ელექტორალურად ისინი ჯერ კიდევ არ მიიჩნევა ანგარიშგასაწევ ძალად, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ მათ მოახერხეს ქართული საზოგადოების გარკვეული, თუნდაც მცირე ნაწილის რადიკალიზება სწორედ გენდერთან დაკავშირებული საკითხებით. სხვა ქვეყნებში ანალოგიური ჯგუფების მკვლევრებს შორის ერთი გავრცელებული აზრია, რომ ამ ჯგუფების მიერ შექმნილი მთავარი საფრთხე (ძალადობის წახალისების მიღმა) არა იმდენად მათი  ელექტორალური წარმატებაა, რამდენადაც საჯარო სივრცეში მათი გააქტიურების შედეგად ექსტრემიზმის ნორმალიზება და პოლიტიკური ცენტრის თანდათანობით მარჯვნივ წანაცვლება. არსებითად, მსგავსი იყო საქართველოს კონტექსტის მკვლევრების პროგნოზები 2021 წლამდე. ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ასეთ ნახტომს გააკეთებდა, მართლაც მოულოდნელი იყო 2020 წლამდე გადმოსახედიდან. 

 

დამდგარ რეალობაში კი, როცა სახელისუფლებო პარტია ჩაუდგა სათავეში ანტიგენდერულ კამპანიას, კიდევ ერთ რამეზეა დასაფიქრებელი: ანტიგენდერულ პროპაგანდაზე საუბრისას, როგორც წესი, ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე ამ პროპაგანდის პოპულისტურ გამოყენებაზე მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ეს აქცენტი თითქოს გულისხმობს, რომ ანტიგენდერული პროპაგანდა მხოლოდ ინსტრუმენტია, მისი გამომყენებელი პოლიტიკოსები კი – ცინიკოსი პოპულისტები, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე პარაზიტირებენ. რეალურად მათი განზრახვა სულაც არ არის პოპულისტური დაპირებების განხორციელება. სხვა შინაარსის პოპულისტური დაპირებებისთვის შეიძლება ეს მართლა ასე იყოს, მაგრამ ანტიგენდერული პოპულიზმის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ამ ფიქრით შეიძლება თავს ვიტყუებდეთ. უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ პროპაგანდისტები თვითონაც იზიარებენ იმ ღირებულებით სისტემას, რომელსაც ქადაგებენ, ჩემი აზრით, არსებითი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში ჩვენ ვუყურებთ, როგორ ითარგმნა ხელისუფლების ანტიგენდერული პროპაგანდა რეალურ კანონმდებლობად, რომელიც ამ ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქის, ბევრი ბავშვისა და ბევრი ოჯახის ბედს ძალიან დააზიანებს, თუკი ქართული საზოგადოება გადაჭრით არ ეტყვის უარს ამას.

 

 

შენიშვნები

 

  1. კონკრეტულად „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონის უკვე დამდგარი და მოსალოდნელი საზიანო შედეგების შესახებ, მაგალითად, იხილეთ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ხელისუფლება თანასწორობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ – ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივების ვრცელი სამართლებრივი ანალიზი“ (26.07.2024, https://shorturl.at/QZi5r); ქალთა ინიციატივებსი მხარდამჭერი ჯგუფი, „კიდევ ერთხელ ფაშისტური, ანტი-ლგბტ კანონის რეალური მიზნების შესახებ“ (25.09.2024, https://shorturl.at/xsOQY). აქვე უნდა ითქვას, რომ ეს კანონი ხელისუფლების მიერ უკვე წლების წინ დაწყებული დიდმასშტაბიანი და მრავალმხრივ დამაზიანებელი კამპანიის მხოლოდ ერთი კომპონენტია.
  2. Civil.ge, „ივანიშვილი პირობას დებს, რომ 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეები დაისჯებიან“, 22.05.2013, https://civil.ge/ka/archives/151780.
  3. “მათგან, ვისაც სმენია ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, 75% ეთანხმება (58) ან სრულიად ეთანხმება (17) მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობამ ანტიდისკრიმინაციული კანონი, პირველ რიგში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად მიიღო“ (CRRC 2018, „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“ (https://bit.ly/3hTEP2n)).
  4. რადიო თავისუფლება, „ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციური ერთობა“, 08.06.2017, https://www.radiotavisupleba.ge/a/qalisa-da-mamakatsis-konstitutsiuri-ertoba-tsvlileba/28536073.html
  5. Laura Luciani, Where the Personal is (Geo)Political: Performing Queer Visibility in Georgia in the Context of EU Association. Problems of Post-Communism, 70:2 (2023), 197-208, DOI: 10.1080/10758216.2021.1937228
  6. პირობითობის გარდა, კიდევ გამოყოფენ ე.წ. დარწმუნებისა და შესაძლებლობების განვითარებაში დახმარების სტარტეგიებს
  7. აღდგომელაშვილი, ეკა, მჭედლიშვილი, ნატალია, & თამარ ლაფერაძე. (2023). „წინარწმენიდან თანასწორობამდე. Vol.2 საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ() თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ,“ თბილისი: WISG. 
  8. Gelashvili, T. (2019a). “Georgian Pride World Wide” Extreme Right Mobilization in Georgia, 2014–2018. Department of Political Science UNIVERSITY OF OSLO
  9.  ამ მოსაზრების დაცვისთვის იხილეთ: დავით ზედელაშვილი, „არალიბერალური რეჟიმი ლიბერალური “პროპაგანდის” წინააღმდეგ: ინსტრუმენტალისტური ახსნის მიღმა“, Gnomon Wise, 13.03.2024, https://gnomonwise.org/ge/publications/analytics/182.