“ბრიკსი” (BRICS) – ახალი მითი ხალხისთვის

“ბრიკსი” (BRICS) – ახალი მითი ხალხისთვის

ავტორი: გიორგი ჭანტურია

17 ნოემბერი 2024

„ეკონომიკის შესწავლის მიზანი არ არის ეკონომიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე  მზა პასუხების მიღება, არამედ ის, თუ როგორ არ მოვატყუებინოთ თავი ეკონომისტებს.“

ჯოან რობინსონი, 1903-1983

 

The purpose of studying economics is not to acquire a set of ready-made answers to economic questions, but to learn how to avoid being deceived by economists.”

Joan Robinson, 1903-1983

 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა, ბოლო ერთ წელიწადში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრების არჩევაზე უფრო მნიშვნელოვანი შინაარსი შეიძინა. ამ არჩევნებით ან დიქტატურისთვის უნდა გვეთქვა უარი ან დაგვეკანონებინა და საქართველოსთვის მომავალი განვითარების გეზი აგვერჩია.

 

არჩევანი იყო მარტივი: ევროკავშირი, თუ რაღაც სხვა?

 

ძალაუფლების მქონეები „რაღაც სხვა“-ს დაკონკრეტებას ყველანაირად ერიდებოდნენ, რადგან პირდაპირი ტექსტით, ევროკავშირისგან განსხვავებული ნებისმიერი ძალის, განსაკუთრებით კი რუსეთის დასახელება, მათი ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილს მხარდაჭერის სურვილს და შესაძლებლობასაც კი წაართმევდა. და რადგან რუსეთის დასახელება საზიანოა, ძალაუფლების მქონეთა ჯგუფი და მათი ექსპერტები, ჩინეთის და „ბრიკსის“ (BRICS) თემის წამოწევას შეეცადნენ. სულ მცირე საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება დაიწყეს, რომ „ბრიკსი“ დასავლეთზე პერსპექტიული გაერთიანებაა. მათ საუბრებში, ინტერვიუებში, სტატიებში, სატელევიზიო გადაცემებში სულ უფრო ხშირად ისმის, რომ „ბრიკსის“ ქვეყნების ეკონომიკა თითქმის გაუტოლდა დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებს, ისევე როგორც მისი ლიდერი, ჩინეთი უტოლდება აშშ-ის ეკონომიკას და მომავალი ჰეგემონი სწორედ ის იქნება. ამ მოსაზრებებს და არგუმენტებს ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები, ზოგი თავდაჯერებით, ზოგი კი „მორცხვად“ და შეფარვით გვეუბნება. მაგრამ მმართველი ძალის მხარდამჭერი ექსპერტების მხრიდან ბრიკსისადმი სიმპათიების გამოხატვის ტენდენცია აშკარად სახეზეა.

 

მაინც რას წარმოადგენს „ბრიკსი“ და რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ეს კავშირი საქართველოსთვის?

 

„ბრიკსის“ შექმნის ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის. ის როგორც ქვეყნების არაფორმალური კლუბი ისე შეიქმნა და მიზანი აშშ-ის და მისი დასავლელი მოკავშირეების საპირწონე ძალად ჩამოყალიბება იყო, რითაც მისი წევრი ქვეყნები, დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დომინანტურ მდგომარეობას შეეწინააღმდეგებოდნენ. საწყის ეტაპზე, 2009 წელს, მასში ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი გაერთიანდნენ (BRIC). 2010-ში კი მათ სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და ამ კავშირის სახელმა საბოლოო სახე მიიღო – BRICS. მოგვიანებით ამ კავშირს ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიც დაემატნენ, მაგრამ კავშირის სახელი აღარ შეცვლილა. საუდის არაბეთი BRICS-ის შეკრებებს მიწვეული წევრის სტატუსით ესწრება. ამ ქვეყნების გარდა სხვა არაერთმა ქვეყანამ გამოხატა ამ კავშირთან მიერთების სურვილი, როგორებიც არის ალჟირი, არგენტინა, ბოლივია, ინდონეზია, კუბა, კონგო, გაბონი და ყაზახეთი.

 

როგორც ვთქვით, ძალაუფლებაში მყოფთა მხრიდან, „ბრიკსის“ უპირატესობის ერთ-ერთი არგუმენტი მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკების სიძლიერე და ზოგიერთის აზრით, მისი მოსალოდნელი მომავალი ჰეგემონობაა. სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შედარებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს გამოვიყენებ და 2023 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს მოვიყვან სხვადასხვა ჯგუფებისთვის, დიდი შვიდეულის (G7), „ბრიკსის“ და ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

 

გრაფიკი  #1 დიდი შვიდეულის (G7), -„ბრიკსის,“ ევროკავშირის, ლათინური ამერიკის, სუბსაჰარის რეგიონის და დანარჩენი მსოფლიოს მშპ-ს გვაჩვენებს. თვალსაჩინოებისთვის იგივე გრაფიკზე აშშ-ის და ჩინეთის მონაცემებიც დავიტანე რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ დავინახოთ ამ ორი ქვეყნის მნიშვნელობა და გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე და შესაბამისად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. გრაფიკი #2, #3, და #4, დიდ შვიდეულში, „ბრიკსში“ და ევროკავშირში მშპ-ს ქვეყნების მიხედვით განაწილებას გვაჩვენებს.

 

გრაფიკი #1. სხვადასხვა ჯგუფის ქვეყნების, აშშ-ის და ჩინეთის მშპ, 2023.

წყარო: IMF DATA, IMF, Data Explorer
დამუშავებულია ავტორის მიერ

გრაფიკი #2. G7-ის ქვეყნების მშპ, 2023.

წყარო: IMF DATA, IMF, Data Explorer
დამუშავებულია ავტორის მიერ

გრაფიკი #3. BRICS-ის ქვეყნების მშპ, 2023.

წყარო: IMF DATA, IMF, Data Explorer
დამუშავებულია ავტორის მიერ

გრაფიკი #4. ევროკავშირის ქვეყნების მშპ, 2023.

წყარო: IMF DATA, IMF, Data Explorer
დამუშავებულია ავტორის მიერ

 

#1, #2, #3 და #4 გრაფიკებიდან ნათლად ჩანს სხვადასხვა ქვეყნის და ქვეყანათა ჯგუფის ეკონომიკების სიდიდე და შესაძლებლობები. რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ გრაფიკებზე არ ჩანს ქვეყნებს შიგნით არსებული მდგომარეობა, ანუ მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებული მონაცემები. ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკების ზრდამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქვეყნებს შორის არსებული უთანასწორობა მართლაც შეამცირა, მაგრამ ქვეყნებს შიგნით, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის არსებული უთანასწორობა ორივე ჯგუფში კვლავ გაიზარდა (დასავლეთშიც და BRICS-ის ქვეყნებშიც). განვითარებული ეკონომიკის მქონე არაერთი ქვეყნის ქვედა, 50%-ში მყოფ ადამიანს, შესაძლოა სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ზედა, 20%-ში, ხანდახან კი ზედა-10%-ში მყოფ ადამიანებზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის  მოქალაქეები, საკუთარ და თანამოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობას ქვეყნის შეგნით არსებული შემოსავლების შედარებით აფასებს. მაგალითად, გერმანიის მოქალაქე, საკუთარ სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას გერმანიის დანარჩენ მოსახლეობას ადარებს და არა სომალის, ან ეთიოპიის მოსახლეობის მდიდარ ან ღარიბ ფენას.

 

იმისთვის, რომ ქვეყნებს შიგნით არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე შეგვექმნას გარკვეული წარმოდგენა, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის გარდა, ამ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობაც უნდა გავითვალისწინოთ. თუ ორ სახელმწიფოში $1,000,000-ია მშპ და ერთ სახელმწიფოში ათი კაცი ცხოვრობს და მეორეში ათასი, მაშინ მეორე სახელმწიფოს საშუალო მაცხოვრებელი, პირველ სახელმწიფოს საშუალო მაცხოვრებელზე 100-ჯერ ღარიბია. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც #5, #6, #7 და #8 გრაფიკებზეა მოცემული, მარტივად შეიძლება დავინახოთ, ერთ სულ მოსახლეზე რომელი ქვეყნის მოსახლეობაა უპირატეს მდგომარეობაში.

 

გრაფიკი #5. სხვადასხვა ჯგუფის ქვეყნების, აშშ-ის და ჩინეთის მოსახლეობა, 2023.

წყარო: World Bank, Population, total | Data
დამუშავებულია ავტორის მიერ

გრაფიკი #6. G7-ის მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით, 2023.

წყარო: World Bank, Population, total | Data
დამუშავებულია ავტორის მიერ

გრაფიკი #7. BRICS-ის მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით, 2023.

წყარო: World Bank, Population, total | Data
დამუშავებულია ავტორის მიერ

გრაფიკი #8. ევროკავშირის მოსახლეობა ქვეყნების მიხედვით, 2023.

წყარო: World Bank, Population, total | Data
დამუშავებულია ავტორის მიერ

 

გრაფიკი #9-ზე მოცემულია BRICS-ის, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე, 2023 წელს. ლურჯი ფერი ევროკავშირის ქვეყნებს აღნიშნავს,  წითელი – დიდი შვიდეულის, ყვითელი კი BRICS-ის. გრაფიკზე ნათლად ჩანს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე,  BRICS-ის ყველა ქვეყანაში, საუდის არაბეთის და UAE-ის გარდა, ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებზე დაბალია. ამ გრაფიკზე საქართველოც რომ გამოგვესახა, ის სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიას შორის იქნებოდა.

 

გრაფიკი #9.[1] მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ევროკავშირის, დიდი შვიდეულის და BRICS-ის ქვეყნებში, 2023.

წყარო: IMF DATA, IMF; World Bank.
დამუშავებილია ავტორის მიერ.

 

მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მდგომარეობის მეტი სიზუსტით აღსაქმელად და შესაფასებლად, სასურველია ზემოაღნიშნული გრაფიკის (# 10) მონაცემებიც გავითვალისწინოთ, რომელზეც ქვეყნებში არსებული უთანასწორობის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია ნაჩვენები. კერძოდ, მოსახლეობის ზედა-10%-ის და ქვედა-50%-ის შემოსავლების შეფარდება. გრაფიკი #10-დან  ჩანს, როგორ არის განაწილებული შემოსავლები G7-ის და BRICS-ის ქვეყნების მოსახლეობის ზედა-10%-სა და ქვედა-50%-ს შორის (საუბარია დარიცხულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის დაკავებამდე). ამ გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ეთიოპიის გარდა BRICS-ის ყველა ქვეყანაში ეს შეფარდება 4.00-ზე მეტია. G7-ის ქვეყნებში კი ეს შეფარდება 2.30-სა და 3.50-ს შორის არის. ეს იმას ნიშნავს, ქვედა-50% ში მყოფი ადამიანების და ზედა-10%-ში მყოფი ადამიანების საშუალო დარიცხული ხელფასი გაცილებით ახლოს დგას ერთმანეთთან ევროკავშირის და G7-ის ქვეყნებში, ვიდრე BRICS-ის ქვეყნებში. გრაფიკი #10 თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ G7-ის ქვეყნების მოსახლეობის საშუალო და დაბალი ფენები იმაზე მეტად არის დაშორებული BRICS-ის ქვეყნების საშუალო და დაბალ ფენებს, ვიდრე ეს გრაფიკი #9-ზეა მოცემული. ზედა-10%-ის და ქვედა-50%-ის შემოსავლებს შორის შეფარდება ევროკავშირის მასშტაბითაც უფრო ნაკლებია ვიდრე BRICS-ის ქვეყნებში და ამ კუთხით ევროკავშირის მოსახლეობა ასევე უპირატეს მდგომარეობაშია BRICS-ში შემავალი ქვეყნების მოსახლეობასთან. BRICS-ის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში ზედა-10%-ისა და ქვედა-50%-ის შემოსავლებს შორის დაშორება იმაზე მეტიც კია, ვიდრე ეს საქართველოშია. შესაბამისად, დიდი ალბათობით BRICS-თან დაახლოების შემთხვევაში, ზედა-10%-ის და ქვედა-50%-ის მქონე ჯგუფებს შორის ჩვენთან არსებული დიდი ნაპრალი, კიდევ უფრო გაიზრდება. რაც, არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა.

 

გრაფიკი #10. G7-ის და BRICS-ის ქვეყნებისთვის ზედა-10%-ის და ქვედა-50%-ის დაბეგვრამდე შემოსავლების შეფარდება, 2020.

წყარო: World Inequality Database, WID, https://wid.world/
დამუშავებულია ავტორის მიერ

 

იმის საილუსტრაციოდ, რომ გრაფიკი #10-ზე მოცემული 2020 წლის სურათი ტენდენციას ასახავს და არ არის გამონაკლისი, შეგვიძლია მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით შედგენილი ცხრილი #1 გამოვიყენოთ, სადაც იგივე მაჩვენებლის 17 წლიანი სურათია მოცემული.

 

ცხრილი #1. G7-ის და BRICS-ის ქვეყნებისთვის ზედა-10%-ის და ქვედა-50%-ის დაბეგვრამდე შემოსავლების შეფარდება, 2004-2020.

წყარო: World Inequality Database, WID, https://wid.world/
დამუშავებულია ავტორის მიერ

 

როგორც ვთქვით, „ბრიკსი“ აშშ-ის და მისი დასავლელი მოკავშირეების ჰეგემონიის საპირწონე კავშირად შეიქმნა. ალბათ ამის გამოა, რომ არც თუ ისე იშვიათად, BRICS-ის და „დასავლეთის“ (აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები) შედარებას ისეთი ელფერი ეძლევა, თითქოს ეკონომიკის ნეოლიბერალურ მოდელს, რომლის ჩამოყალიბება 1970-იანებში დაიწყო დასავლეთში და რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოს მოედო, ეკონომიკის განსხვავებული მოდელი უპირისპირდება. ამის კიდევ ერთი და არც თუ ისე უმნიშვნელო მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ BRICS-ის უდაო ლიდერი და წამყვანი ძალა, ჩინეთია. ჩინეთი კი კომუნისტური პარტიის ერთპარტიულ მმართველობასთან ასოცირდება. თუმცა, პოლიტიკურ მიდგომებს შორის დიდი განსხვავების მიუხედავად, აშშ-სა და ჩინეთში მოქმედ ეკონომიკურ მოდელებს შორის ძალიან ბევრი საერთოა.

 

BRICS-ის შექმნის ზემონახსენები მიზეზის მიუხედავად, მისმა არსებობამ გარკვეული კუთხით, შესაძლოა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობისთვის უფრო დადებითი როლი შეასრულოს, ვიდრე თავად ამ კავშირში გაერთიანებული ქვეყნების მოსახლეობისთვის. ისევე როგორც საბჭოთა კავშირის არსებობამ ითამაშა დადებითი როლი ბრეტონ ვუდსის შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობისთვის, 1940-იანი წლების ბოლოდან 1970 წლებამდე, როცა საბჭოთა კავშირმა „საფრთხობელას“ როლი შეასრულა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებისთვის და ამის გამო, საკუთარი იდეოლოგიის უპირატესობის დასამტკიცებლად, ქვეყნის შიგნით, ადამიანთა უფლებები და სოციალური სამართლიანობა იქცა მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ადამიანთა უფლებებისადმი და სოციალური სამართლიანობისადმი მიდგომის გამო (მართალია, ძირითადად დასავლეთის ქვეყნის შიგნით) გახდა იმ პერიოდის დასავლეთი ძლიერ მიმზიდველი ადამიანთა დიდი ჯგუფებისთვის და დანარჩენი სამყაროს უდიდესი ნაწილისთვის. რა თქმა უნდა, იმ წლებში დასავლეთის ქვეყნებში ადამიანთა უფლებების უამრავ დარღვევას ჰქონდა სისტემური ხასიათი, მაგრამ საუბარია ტენდენციაზე, რომელსაც აშკარად დადებითი ხასიათი ჰქონდა. შესაძლოა BRICS-მაც იგივე როლი შეასრულოს და დასავლეთის წამყვანმა ქვეყნებმა, ეკონომიკის მოქმედი მოდელის იმდაგვარად შეცვლა სცადონ, რომ მათსავე ქვეყნების შიგნით მიმდინარე უთანასწორობის ზრდის ტენდენცია შეაჩერონ. ეს მოლოდინი შესაძლოა იმის გამო არ გამართლდეს, რომ მე-20 საუკუნეში არსებული დაპირისპირებისგან განსხვავებით, დღევანდელი დაპირისპირება არ წარმოადგენს ორ განსხვავებულ ეკონომიკურ მოდელს, განსხვავებულ ეკონომიკურ იდეოლოგიას შორის დაპირისპირებას. თუ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს არ ჩავთვლით (ირანი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი), BRICS-ის დანარჩენი ქვეყნების და დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ მოდელებს შორის ძალიან ბევრ საერთოს დავინახავთ (საუბარია ეკონომიკურ და არა პოლიტიკურ მოდელებზე). მარტივად რომ ვთქვათ, ორივე ამ ჯგუფში, ეკონომიკის ნეოლიბერალური მოდელი მუშაობს, ოღონდ ერთგან შედარებით რბილი, მეორეგან კი გაცილებით აგრესიული ფორმით.

 

ამასთან, BRICS-ის ქვეყნებში აგრესიული მოდელია (გავიმეორებ, ირანის, გაერთიანებული არაბეთის ემირატების და საუდის არაბეთის გარდა), უფრო რბილი კი დასავლეთის ქვეყნებში (განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში). აგრესიულში, ბიზნესსა და დაქირავებულებს და ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს ვგულისხმობ, და ამ ურთიერთობებში სახელმწიფოს პირდაპირი ფორმით ჩაურევლობას. სახელმწიფოს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ბიზნესზე და საჭიროების შემთხვევაში იყენებს კიდეც ამ შესაძლებლობას, ისევე როგორც ბიზნესი ახდენს მთავრობაზე გავლენას, მაგრამ BRICS-ის „ლიდერ“ ქვეყნებში, ჩინეთში, ინდოეთში, რუსეთში სახელმწიფო ცდილობს არ ჩაერიოს ბიზნესსა და დაქირავებულებს, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში. სახელმწიფოს ჩაურევლობის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ჩაურევლობის პირობებში ბიზნესი თითქმის ყოველთვის ახერხებს საკუთარი პოლიტიკის გატარებას. ამ კუთხით საქართველოს ამჟამინდელი და წინა ხელისუფლებების მიდგომა BRICS-ის მიდგომასთან უფრო ახლოს დგას ვიდრე მაგალითად ევროპის ქვეყნების მიდგომასთან, სადაც (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში), ბიზნესის მომხმარებლებთან და დაქირავებულებთან ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩარევა გაცილებით მასშტაბურია და დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ძალაუფლების მქონეთათვის, ამ კუთხით, BRICS უფრო მიმზიდველი კავშირია, ვიდრე ევროკავშირი, რადგან დაქირავებულებთან და მომხმარებლებთან მათი უპირატესობა ამ კავშირში თითქმის გარანტირებული აქვთ. ეკონომიკის სხვადასხვა თეორიის მიმდევრებს შორის, BRICS-ის ქვეყნების ეს მიდგომა ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა იყოს, ვიდრე მისდამი კრიტიკულად განწყობილთათვის.

 

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ (ა) ქვეყნების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ძალიან დიდი უთანასწორობა არსებობს. (ამ სტატიაში არ ვსაუბრობთ რა არის ამ უთანასწორობის მიზეზი და რამდენად სამართლიანია ეს მიზეზი.) (ბ) ქვეყნებს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება არ გულისხმობს და არ ნიშნავს, რომ უთანასწორობა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შიგნითაც მცირდება. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბი (ეკონომიკის ზომა) არ არის დაკავშირებული უთანასწორობის მასშტაბის ცვლილებასთან. (გ) ის, რომ ნეოლიბერალიზმი დასავლეთში შეიქმნა, არ ნიშნავს რომ დასავლეთთან დაპირისპირებული ქვეყნები, ან ქვეყანათა კავშირები, ნეოლიბერალიზმის დასავლეთში მოქმედ მოდელზე უკეთეს მოდელს სთავაზობენ მსოფლიოს და საკუთარ მოსახლეობას. მეტიც, არ ნიშნავს, რომ ნეოლიბერალური მოდელისგან განსხვავებულ მოდელს სთავაზობენ საკუთარ მოსახლეობას. (დ) ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკების ზრდამ შეამცირა ქვეყნებს შორის არსებული უთანასწორობა, მაგრამ არ შეამცირა უთანასწორობა თავად ამ ქვეყნების შიგნით. (ე) BRICS-ის ევროკავშირის ალტერნატივად წარმოჩენა მხოლოდ მანიპულაციის მიზნით კეთდება, რეალურად კი ეს მცირე ჯგუფის ძალაუფლების გაძლიერებას, სიმდიდრის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუარესებას გამოიწვევს. (ვ) ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში მეტი საშუალება და შესაძლებლობაა, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული შემოსავლების განსხვავების შესამცირებლად.

 

შენიშვნა

[1] გრაფიკი #9-ზე ნაჩვენები სიდიდე – საშუალო მაჩვენებელია. ის ქვეყნის მშპ-ს მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით მიიღება.