აურზაური აფხაზეთში

აურზაური აფხაზეთში

ავტორი: ქეთი სართანია

28 ნოემბერი 2024

როცა აფხაზური საზოგადოება ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გნასხვავებული აზრი ხმამაღლა ისმის, თბილისის ყურადღებასაც იქცევს. ამ მჭიდროდ შეკრულ და ტრადიციულ საზოგადოებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამეგობრო-სანათესავო ურთიერთობები ერთმანეთისგან რთული გასარჩევია. ამიტომ, მათთვის  პროტესტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საზოგადოებრივი ქმედება. ასეთ დროს, თბილისს ერთადერთი შეკითხვა უჩნდება – რა სარგებელს მოუტანს აფხაზური აურზაური დანარჩენ საქართველოს? – თუ ამ შეკითხვას მკაფიო პასუხი არ აქვს, თბილისი ისევ თავის მღელვარე დღის წესრიგს უბრუნდება, ვიდრე სოხუმში ახალი პროტესტი არ იჩენს თავს.

 

საიდან დაიწყო ყველაფერი?

 

Hara H-Pitsunda

 

2022 წელს, სოხუმის ცენტრში პირველად გამოჩნდა საპროტესტო პლაკატიანი ახალგაზრდების ჯგუფი. პლაკატებზე უმეტესად რუსულ ენაზე მიწერილ შინაარსებში საპროტესტო მოთხოვნები, მოკრძალება და ბრაზი ერთდროულად იკითხებოდა. მუყაოს ქაღალდებზე ფერადი საღებავებით აფხაზეთისთვის საკმაოდ უჩვეულო და ხმამაღალი განცხადებები ეწერა, რომ „ბუნებრივი რესურსები არ არის მოგების წყარო;“ „მე არ ვარ ოპოზიცია. მე არ ვარ მმართველი ძალა. მე ვარ – ხალხი;“ „ჰარა პიცუნდა (ბიჭვინთა ჩვენია)“.

 

ეს პროტესტი გამოიწვია რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბიჭვინთის აგარაკების თითქმის ნახევარი საუკუნით გადაცემის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 1995 წლიდან იღებს სათავეს. დოკუმენტი აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას დროს (1994-2005) მიიღეს, თუმცა 2022 წლის იანვრამდე არავის გახსენებია. ორი წლის წინ, ნაახალწლევს, ხელშეკრულება მოულოდნელად განახლდა, რასაც საზოგადოებისა და ახალგაზრდების უჩვეულო პროტესტი მოყვა. 

 

აფხაზური საზოგადოებისთვის მიწის, ბუნებრივი რესურსებისა და უძრავი ქონების საკითხი მათი დე ფაქტო სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენია. დემოგრაფიულად აფხაზეთში 2023 წლის მონაცემებით 244 900 ადამიანი ცხოვრობს, რაც ქალაქ რუსთავის მოსახლეობის  დაახლოებით ორმაგი რაოდენობაა, თუმცა ამ რიცხვში ეთნიკურად აფხაზები, დაახლოებით მესამედს შეადგენენ. 2024 წლის ზაფხულში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრში დემოგრაფიის პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხეო აფხაზეთის მოსახლეობის გაზრდის გზებს, მათ შორის  – “საუბარი იყო XIX საუკუნის მუჰაჯირთა შთამომავლების რეპატრიაციის პროცესის დაჩქარებაზე”, თუმცა ეს მიდგომა უზარმაზარ პროცესებს უკავშირდება. ეთნიკურად აფხაზების მცირე რაოდენობა აფხაზეთში საზოგადოების შფოთვის საგანი საბჭოთა პერიოდშიც იყო. შესაბამისად, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნისას, ეთნიკური აფხაზების მცირე რაოდენობას, მათი ენისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის შესანარჩუნებლად გარანტიები სჭირდებოდა. ამიტომაც,  აფხაზეთის ომიდან მალე, 1994 წელს მათ “კონსტიტუციის” მე-5 მუხლში ჩაწერეს, რომ “მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ხალხის საკუთრებაა და გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი”. მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციისა, მცირე რაოდენობის აფხაზურმა საზოგადოებამ, ამ გზით სცადა საკუთარი “სამართლებრივი სტატუსის” დაცვა. ისეც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური საზოგადოებისთვის მათი “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის” საფასური საერთაშორისო იზოლაციაა.

 

აფხაზეთის დე ფაქტო კონსტიტუციური ჩანაწერის მიუხედავად, 2022 წლის იანვარში ვლადისლავ არძინბას მიერ რუსეთთან დადებული შეთანხმება განახლდა. ეს შეთანხმება მოიცავდა არა მხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ  შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე 186 ჰექტარ ტერიტორიასაც. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე  პროტესტის საბაბად მიწას, ტერიტორიასა და უძრავი ქონებას ასახელებდა, მათი უკმაყოფილებისა და შფოთვის მიზეზი დემოგრაფიის ეთნიკურ ცვლილებასა და ეკონომიკური პრივილეგიების დაკარგვას შეეხება. 

 

საბოლოოდ, 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის 49 წლიანი იჯარით გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, რითაც დასრულდა აგარაკებთან დაკავშირებული ერთწლიანი ანტისამთავრობო პროტესტი. თუმცა, წინააღმდეგობა სხვა კანონებთან დაკავშირებით მომდევნო წლებშიც გაგრძელდა.

 

„აგენტების კანონი“ სოხუმში

 

2024 წლის ზამთარში, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ქმედებების საპასუხოდ საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი უკმაყოფილების ტალღა აზვირთდა. ოკუპირებულ აფხაზეთის პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი, აფხაზეთთან  „კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის“ ფარგლებში, ბოლო რამდენიმე წელია პირდაპირ და ირიბად ცდილობდა „აგენტების კანონის“ ინიციირებას, საზოგადოების უკმაყოფილებას მკაფიოდ და მოკლედ ასახავს აფხაზი რეპორტიორის სტატიიდან ფრაგმენტი, რომ  “ეროვნული ინტერესების საფრთხე ქვეყნის [დე ფაქტო] ხელისუფლებაა”. ამ ფრაზაში მოათავსა აფხაზურმა საზოგადოებამ საკუთარი საფრთხეების, წინააღმდეგობისა და დიპლომატიის შინაარსიც – მოსკოვიდან წამოსული სახიფათო ინიციატივებისთვის პასუხისმგებლობა ადგილობრივ მთავრობას ეკისრებოდა.

 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა ასეთ საპროტესტო გამოსვლებს მიჩვეული იყო, და მისთვის ეს მორიგი ადგილობრივი კრიზისი უნდა ყოფილიყო. ბჟანიას დე ფაქტო პრეზიდენტობა 2020-2024 წლებში მოსკოვსა და აფხაზურ საზოგადოებრივ ინტერესს შორის ბალანსის პოლიტიკით ხასიათდება. ვინაიდან აფხაზური “სახელმწიფოებრიობის” გარანტი მხოლოდ რუსეთის ფედერაციაა, საზოგადოებისა და დე ფაქტო მთავრობის ინტერესებშია მოსკოვთან დიპლომატიური, მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნება. ბჟანიას სწორედ ამ ბალანსის დაცვაში დაშვებული შეცდომის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება და გადადგომის შემდეგ, მისი პირველივე ვიზიტი მოსკოვში შედგა.

 

„აგენტების კანონის“ აფხაზურ წინააღმდეგობას კიდევ ერთი სირთულე ახლდა თან. ის 2024 წლის გაზაფხულზე იმ დროს დაიწყო, როცა თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები ჩვეული სამოქალაქო პროტესტითა და  დემონსტრაციით უწევდნენ წინააღმდეგობას კანონის მიღების პროცესს. სურათი, რომელშიც აფხაზები და ქართველები მოულოდნელად აღმოჩნდნენ, იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ, თბილისისა და დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში კანონპროექტის მხარდამჭერების არგუმენტებს, თეზისებსა და ცალკეული ფრაზებს შორის შეამჩნია მსგავსება და თქვა, რომ როგორც ჩანს, ტექსტები ერთი და იგივე ოფისიდან წამოვიდაო. 

 

საბოლოო ჯამში, აფხაზეთის დე ფაქტო საკანონმდებლო უწყებამ „აგენტების“ კანონპროექტი შეაჩერა. როგორც გაზაფხულზე ექსპერტები წერდნენ, მაშინ, ჯერ კიდევ ბჟანიას დე ფაქტო მთავრობისთვის „აგენტების კანონზე“ უფრო მნიშვნელოვანი ე.წ. „აპარტამენტების“ კანონის დაჩქარებული წესით მიღება იყო. 

 

„აპარტამენტების კანონი“

 

“აგენტების კანონის” ჩავარდნის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი მალე გადაერთო ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე სამუშაოდ. “აპარტამენტების კანონის” სახელით ცნობილი კანონპროექტი გულისხმობდა აფხაზეთში აპარტამენტების მშენებლობისა და უცხოელებზე მიწის, კერძო და უძრავი ქონების გასხვისება-გაყიდვას. აფხაზეთის დე ფაქტო კონსტიტუციით კი მიწასა და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული კანონის მიღება, მათ “სახელმწიფოებრივ ინტერესს” ეწინააღმდეგება. შესაბამისად, აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში საზოგადოებამ თვითდინებით დაიწყო გამოსვლა, კანონპროექტების განხილვა და ადგილობრივ დეპუტატებთან საჯარო სივრცეებში შეხვედრით  მათზე ზეწოლა, რომ კანონი უკან გაეხმოთ.

 

2024 წლის ივლისში, როცა ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების პარლამენტის კომიტეტმა“ აპარტამენტების კანონს მომდევნო სხდომაზე განსახილველად რეკომენდაცია გაუწია, კომიტეტის დახურული სხდომა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებისა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

 

აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა მოძრაობა „ჰარა პიცუნდამაც“, რომელმაც კანონპროექტს საშიში უწოდა.

 

დე ფაქტო აფხაზურ სამთავრობო წყაროებში აპარტამენტების შესახებ კანონი სხვადასხვა  დასახელებით გავრცელდა, მათ შორის იყო “„აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ და კანონი, რომელიც “აფხაზეთის მხოლოდ აღმოსავლეთ” ნაწილში, ოჩამჩირე-ტყვარჩელი-გალის ტერიტორიებზე ითვალისწინებდა, დაახლოებით 10 000-მდე აპარტამენტის მშენებლობას. სათაურის ცვლილება და “მხოლოდ აფხაზეთის აღმოსავლეთით” უძრავი ქონების მშენებლობით დე ფაქტო მთავრობა ამბობდა შემდეგს, რომ მან მცირედით გაითვალისწინა საზოგადოების უკმაყოფილება და აპარტამენტების მშენებლობა ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ ადგილას გადაწყვიტა. ეთნიკური ქართველი აფხაზეთში “დროებით მაცხოვრებელს” ნიშნავს, ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია აფხაზეთის მოქალაქის სტატუსი და შესაბამისად, ვერც კერძო საკუთრებას და ვერც მიწას შეიძენს. ამით აფხაზურმა საზოგადოებამ ორი სიგნალი მიიღო: პირველი, როგორც გარანტია, რომ დე ფაქტო სახელმწიფო აფხაზურ პრივილეგიებს არ თმობს. და მეორე, როგორც საფრთხე, რომ შეიძლება მომავალში, ეს კანონი აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზეც გავრცელდეს.

 

აფხაზების პროტესტი ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ 2024 წლის ზაფხულში, „აპარტამენტების კანონის“ უკან გაწვევით დასრულდა. ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აფხაზური საზოგადოების, პირველ რიგში, უხუცესთა საბჭოს, „აფხაზეთის სამამულო ომის გმირების“, სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, „დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“   „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეწყდა დე ფაქტო პარლამენტში. ამით, აფხაზურმა საზოგადოებამ ისევ დროებითი სიმშვიდე მოიპოვა და კიდევ ერთი სახალხო გამარჯვება მიითვალა. თუმცა, დაკვირვებული თვალისთვის აშკარა უნდა ყოფილიყო, რომ „რუსეთთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის“ პროცესის ფარგლებში, ახალი სადავო კანონპროექტი იჩენდა მალე თავს.

 

შეთანხმება „რუსული ინვესტიციების შესახებ“

 

აპარტამენტების კანონის უკან გაწვევიდან, რამდენიმე თვეში, 2024 წლის ნოემბერში, აფხაზეთში კიდევ ერთი ხმაურიანი პროტესტის პერიოდი დადგა, რასაც შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას 4 წლიანი მმართველობის დასრულება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბჟანიამ გადადგომის განცხადებას თავად მოაწერა ხელი, მისი გადაყენება საზოგადოებრივი წნეხის, ოპოზიციისა და სხვა დე ფაქტო სამთავრობო ძალების მონაწილეობით მოხდა. ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის თებერვალშია დაგეგმილი. 

 

ბჟანიას გადაყენების მიზეზი არის „შეთანხმება რუსული ინვესტიციების“ შესახებ, რომელის მიხედვითაც აფხაზეთის დე  ფაქტო მთავრობა რეგისტრირებულ რუსულ სუბიექტებს, რომლებიც აფხაზეთში საინვესტიციო პროექტებს განახორციელებდნენ, რვა წლით გაათავისუფლებდა ქონების გადასახადისგან აფხაზეთში რეგისტრაციის შემდეგ. კანონპროექტის მიხედვით, ისინი მიიღებდნენ საგადასახადო შეღავათებსაც დღგ-ზე. ამასთან, „რუსული ინვესტიციების კანონს“ უნდა მოჰყოლოდა აფხაზეთის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები, როგორიც არის  „მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის“ განსაზღვრა და სხვა.

 

2024 წლის 11 ნოემბერს რამდენიმე აფხაზი ოპოზიციონერი ამ შეთანხმების  წინააღმდეგ პროტესტის გამო დააკავეს, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების სპონტანური გამოსვლა და ქალაქის მთავარი შესასვლელების ჩაკეტვა მოჰყვა. შედეგად, აფხაზეთში გადაადგილება შეფერხდა და პროტესტის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.

 

„შეთანხმება რუსული ინვესტიციების“ შესახებ, კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც მოსკოვიდან მოდის. თუმცა, ადგილობრივი საზოგადოება უკმაყოფილებას არა რუსეთის, არამედ, ტრადიციისამებრ, საკუთარი, ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ გამოხატავს. ასეთი მიდგომის მიზეზი აფხაზური პროტესტის სტრატეგია და ტრადიციაა, რადგან რუსეთი მათი „სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის“ ერთადერთი გარანტიაა. შესაბამისად, ანტირუსულ გამოსვლებს აფხაზეთში ღიად მომხრეები ვერ ეყოლება. მეტიც, იმისთვის, რომ აფხაზურ ოპოზიციას და საზოგადოების ნაწილს ანტირუსული განწყობების არსებობა გაექარწყლებინა, დე ფაქტო პარლამენტის წინ რუსეთის დროშებით მდგარი აფხაზების მხრიდან შეძახილები „რუსეთი“ და „პუტინი გაისმა“.

 

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელით გავრცელებულ სხვადასხვა წყაროში, აფხაზები მსჯელობენ იმის შესახებ, რომ მათ 1992-1993 წლებში მიწის დასაცავად იბრძოლეს, და რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ამ მიწას ვინ დაეპატრონება, მათ მაინც რუსეთის სამართლიანი და კანონისმიერი მხარდაჭერის იმედი აქვთ.  ხოლო, ერთ-ერთ საღამოს, მიტინგზე კედელზე გაუშვეს 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის კადრები. ვინაიდან ამ ომის მერე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს „სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას“, ამ კადრებით მათ „ნამდვილ მტერზე – ქართველებზე“ მიანიშნეს. 

 

2024 წლის 21 ნოემბერს დე ფაქტო აფხაზეთის იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებმა საზოგადოებას, სამთავრობო ორგანოებსა და ქვეყნის ოფიციალურ პირებს მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ „1994 წლის კონსტიტუცია მიღებულ იქნა ქვეყნისთვის რთულ პერიოდში და საშუალება მოგვცა ღირსეულად გაგვეტარებინა ეს პერიოდი. თუმცა, რეალობა შეიცვალა. ჩვენი ძირითადი კანონი აღარ პასუხობს თანამედროვე აფხაზეთის წინაშე არსებულ გამოწვევებს და საჭიროებს სასწრაფო კორექტირებას“. შედეგად, ახლა აფხაზეთში მსჯელობენ ვადამდელ „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ გაატარონ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები? 

 

პარალელური პროტესტი, განსხვავებული მიზნები

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროტესტის ხმაურმა დემონსტრაციებით გადაღლილი თბილისი მცირე ხნით მოწყვიტა თავის დღის წესრიგს. აფხაზური საზოგადოების მიერ მოსკოვიდან ნაკარნახევი კანონების მოგერიებით აღფრთოვანებული ქართული სამოქალაქო საზოგადოება იმედით შეჰყურებდა სოხუმს, იქნებ მათ მაინც გამოუვიდეთო. მათ თუ გამოუვათ, შეიძლება ჩვენცს გამოგვივიდესო – წერდნენ ქართულენოვან სოციალურ ქსელში. სოხუმის ქუჩებში მათი დე ფაქტო მთავრობისგან განსხვავებული აზრი თბილისში ანტიიმპერიულ ხმაურად შემოესმათ, მაგრამ, რამდენიმე დღეში ამ აღფრთოვანებამ გადაიარა. თბილისი თავის მღელვარე პროტესტს დაუბრუნდა, სადაც მასწავლებლები, პროფესორები, ქალები, სტუდენტები და სხვები  მზარდი ავტორიტარული გავლენის ქვეშ უწყვეტი, ჯაჭვური და თვითორგანიზებული პროტესტით ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ, როგორც ადგილობრივ მთავრობას, ისე მზარდ რუსულ გავლენებს.

 

სოხუმში კი, დე ფაქტო პრეზიდენტის გადაყენების შემდეგ კრიზისი შედარებით დაცხრა. აფხაზური საზოგადოების ყურადღება ახლა ვადამდელ [დე ფატო] არჩევნებზეა, რომელიც მათ, სავარაუდოდ, 2025 წლის თებერვალში ელით.  ბოლო წლების ინტენსიური საკანონმდებლო პროექტების წინააღმდეგობის მოგვარების გზად აფხაზმა იურისტებმა „საკონსტიტუციო რეფორმის“ შემუშავება შესთავაზეს საზოგადოებას. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მიზნად ისახავს დე ფაქტო ინსტიტუტების, მათ შორის, პრეზიდენტისა და პარლამენტის, სასამართლოსა და პროკურატურის, საარჩევნო სისტემის, რეფორმირებას და საზოგადოებრივი კონტროლის გაზრდას ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობაზე. სამართლებრივი განახლება აფხაზებს ცოტახნით, მაგრამ მაინც შეუქმნის განცდას, რომ პრობლემა მათ კონსტიტუციაში ან კორუმპირებულ დე ფაქტო მთავრობაშია, და არსად სხვაგან.