დღევანდელი რუსთაველის გამზირი, ისტორიული თბილისის გარეუბნად ითვლებოდა, თბილისის პოლიტიკურ ცენტრად ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლასთან ერთად იქცა. რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც ახლად შემოერთებული რეგიონული ცენტრის ურბანულ გარდაქმნასაც ისახავდა მიზნად იმ დროს ქალაქის განაპირას მდებარე დიღმის გზაზე, სადაც ქაშვეთის და კალოუბნის ეკლესიები, ასევე რამდენიმე დიდებულის სასახლე იდგა, ადმინისტრაციული შენობა ააშენა. ადმინისტრაციული შენობა მალევე იქცა მთავარმართებლის, შემდეგ მეფისნაცვლის სასახლედ, თბილისისათვის თვითმმართველობის მინიჭების შემდეგ, მეფისნაცვლის სასახლის ქვემოთ, სასახლის ქუჩის ბოლოს მდებარე თეატრის მოედანზე, რომელსაც მალევე კავკასიის დამპყრობის – პასკევიჩ-ერევანსკის, შემოკლებით კი უბრალოდ ერევანსკის ან ერევნის მოედანი შეერქვა, ქალაქის საკრებულოს შენობა მოთავსდა. 1850-იან წლებში დიღმის გზას, რომელიც თანამედროვე ქუჩად გადაიქცა, კავკასიის მთავარმართებელ ევგენი გოლოვინის სახელი ეწოდა.
მეფისნაცვლის სასახლე ქალაქის და რეგიონის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრად იქცა, რომელსაც უამრავი მოხელე და მოქალაქე სტუმრობდა. სასახლის წინ მდებარე ღუნიბის მოედანი, რომელიც დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილას მდებარეობდა, პოლიტიკური თავშეყრების და საჯარო განცხადებების ადგილად იქცა და 1864 წელს, კავკასიაში ბატონყმობის გაუქმების საჯაროდ გამოცხადებასთან ერთად, ტერიტორიამ პირველი სერიოზული პოლიტიკური “ნათლობა” მიიღო. მომდევნო წელს, თბილისის ამქრების აჯანყებისას, გოლოვინის პროსპექტი, სასახლის ქუჩა და ერევნის მოედანი უბნის ისტორიაში პირველი ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დემონსტრაციების არენად იქცა და პირველი დემონსტრაცია რომელიც ამ ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით დაარბია მეფის ხელისუფლებამ, სწორედ 1865 წლის ამქრების გამოსვლა იყო.
გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც მაშინდელი გოლოვინის პროსპექტი თბილისის მთავარ, პოლიტიკური წინააღმდეგობის, ადგილად აქცია, 1905 წლის რევოლუცია იყო. პეტერბურგში, 1905 წლის 9 იანვარს, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მუშების დემონსტრაციის დახვრეტას მთელი იმპერიის მასშტაბით სახალხო გამოსვლები მოჰყვა და გამონაკლისი არც თბილისი იყო. ქალაქის ცენტრალური პროსპექტი, სადაც მეფისნაცვლის სასახლე, თეატრები, ქალაქის გამოჩენილი პირების საცხოვრებლები და სამხედრო ტაძარი იყო მოთავსებული მალევე იქცა თბილისის პოლიტიკური ცხოვრების და საპროტესტო მანიფესტაციების ერთ-ერთ ცენტრად და დიდი როლი შეასრულა როგორც რევოლუციური, ისე კონტრრევოლუციური პოლიტიკური აქტივობების გამოხატვაში და ქალაქის პოლიტიკური მეხსიერების ფორმირებაში. ქალაქის საკრებულოსთან, რევოლუციური სტუდენტობით ცნობილ სასულიერო სემინარიასთან და დღევანდელი თავისუფლების მოედნის გაყოლებაზე მდებარე სავაჭრო ზონებთან სიახლოვე გოლოვინის პროსპექტის რევოლუციური აქტივობის ცენტრებთან კავშირს უზრუნველყოფდა.
რევოლუციური მოძრაობის ზრდასთან ერთად გოლოვინის პროსპექტი რევოლუციური გამოსვლების და ხელისუფლების მხარდამჭერი კონტრდემონსტრაციების ასპარეზად იქცა. მზარდ რევოლუციურ მოძრაობას მეფის ხელისუფლება რეპრესიულ ზომებს უპირისპირებდა, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები – ჯარი, პოლიცია და ოხრანკა, ისე თბილისში მოქმედი რუსული შავრაზმული ორგანიზაციები როგორებიც იყვნენ რუსი ხალხის კავშირი, თბილისის პატრიოტული საზოგადოება, რუსულენოვანი ეკლესიების სამრევლო გაერთიანებები და სხვა. 1905 წლის პირველი პოლიტიკური დემონსტრაცია გოლოვინის პროსპექტზე 1905 წლის 23 იანვარს გაიმართა და მიზნად პეტერბურგში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით გაფიცული მუშების მხარდაჭერას ისახავდა. არცთუ მრავალრიცხოვანი მიტინგი პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებით დასრულდა და მალე დაიშალა, მაგრამ პროტესტი და რევოლუციური ტალღა გაგრძელდა და ზაფხულის ბოლოს, ერევნის,[1] დღევანდელ თავისუფლების მოედანზე, ქალაქის საკრებულოში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და მის მომდევნო შეტაკებებს მოედნის, მაშინდელი სასახლის ქუჩის და გოლოვინის პროსპექტის ქალაქის პოლიტიკურ მეხსიერებაში წინააღმდეგობის, თავგანწირვის და მიზნისთვის გაღებული მსხვერპლის სიმბოლოდ ჩამოყალიბება მოჰყვა.
1905 წლის 29 აგვისტო, ამქრების ამბოხის ჩახშობის შემდეგ, პირველი ფართომასშტაბიანი სისხლისმღვრელი დარბევა იყო რომელიც თბილისის ცენტრში მოხდა და მისი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, პირველ პრეცედენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელმაც ერევნის მოედანი და გოლოვინის პროსპექტი პოლიტიკური მეხსიერების ნაწილად და წინააღმდეგობის სიმბოლოდ საბოლოოდ ჩამოაყალიბა. 1905 წლის 25 აგვისტოს, რევოლუციური გამოსვლების პიკზე, როდესაც კავკასიაში სამხედრო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, თბილისის ქალაქის სათათბირო კავკასიაში გაფართოებული თვითმმართველობის სისტემის – ერობის შემოღებასთან დაკავშირებით სამაზრო წარმომადგენლების ასარჩევად იყო შეკრებილი, როდესაც პუბლიკის წარმომადგენლებმა ქალაქის მმართველობას საჯარო, ყველა დამსწრისათვის ღია სხდომის ჩატარება სთხოვეს. ქალაქის თავი ქრისტეფორე ვერმიშევი, თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა კავკასიის არმიის სარდლობის და მეფისნაცვლის უკმაყოფილების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და ხმოსნებმა საბჭოს შენობა დატოვეს. ქალაქის მმართველობის ამ გადაწყვეტილებამ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ხალხმა საკრებულოს შენობასთან შეკრება გააგრძელა. 29 აგვისტოს, მას შემდეგ რაც პუბლიკა საკრებულოს შენობასთან შეიკრიბა და მათი ნაწილი შიგნით შევიდა, თბილისის გენერალ-გუბერნატორმა პავლე რაუშ ფონ ტრაუბენბერგმა ქალაქის თავს ქრისტეფორე ვერმიშევს მოსთხოვა რომ ხალხი დაეშალა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა რომ ხალხი თავად შეიკრიბა და ის მათ ვერ დაშლიდა, გენერალ-გუბერნატორმა შეკრებილი ხალხის დაშლა ჯარს უბრძანა. შეკრებილებს შორის მყოფმა რევოლუციონერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა ხალხმრავალი ჯარის ნაწილების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 33 ადამიანი, დაიჭრა სამოცდაათამდე. ქალაქში სიტუაცია ფაქტობრივად უმართავი გახდა, 1 სექტემბერს თბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ქალაქის თვითმმართველობა, ქალაქის თავის ვერმიშევის, მისი მოადგილის ჩერქეზიშვილის და ხმოსნების ჩათვლით, თანამდებობიდან გადადგა. დიდი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც რომ დაღუპულთა ცხედრების მხოლოდ ნაწილი გადაეცა ჭირისუფალს და მათი ერთი ნაწილი, მღელვარების თავიდან არიდების მიზეზით, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ დაიკრძალა.
1905 წლის რევოლუციის მეორე დრამატული და ტრაგიკული მოვლენა, რომელიც გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელი პირველი კლასიკური, მაშინდელი სათავადაზნაურო გიმნაზიის წინ მოხდა, 22 ოქტომბრის ტრაგედია იყო. 1905 წლის 17 ოქტომბერს, იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ოქტომბრის მანიფესტის სახელით ცნობილი დეკლარაცია გამოსცა, რომელიც მთელ რიგ პოლიტიკურ თავისუფლებებს აღიარებდა და საკანონმდებლო ფუნქციის მნიშვნელოვანი ნაწილის სახელმწიფო სათათბიროს – დუმისათვის გადაცემის შესახებ აცხადებდა. ოქტომბრის მანიფესტმა რევოლუციურად და რეფორმისტულად განწყობილ მოსახლეობაში მნიშვნელოვანი ემოციური მუხტი შეიტანა, ხოლო მონარქისტული და ულტრამემარჯვენე წრეების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამასვე ერთოდა ისიც რომ იმპერატორის გადაწყვეტილება რეალურად არა ნებაყოფლობითი, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული, იძულებითი ქმედება იყო. ამის გამო ხელისუფლება, არაოფიციალურად აგრძელებდა ულტრამემარჯვენე, შავრაზმული დაჯგუფებების მხარდაჭერას და უწყობდა ხელს მათ ორგანიზებას. ოქტომბრის მანიფესტის გამოცემას თბილისის პუბლიკის დიდი ნაწილი ძალიან ემოციურად შეხვდა, გაიმართა მანიფესტის მხარდამჭერი არაერთი დემონსტრაცია, რომლებშიც დიდი როლი შეასრულეს გიმნაზიის მოწაფეებმაც. მანიფესტის გამოცემის და მის შემდგომ დღეებში, როგორც მოგვიანებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიკოსი ნიკოლაი დერჟავინი თავის გამოუქვეყნებელ მოგონებებში[2] გადმოგვცემს, რომელიც იმ დროს გიმნაზიაში მასწავლებლად მსახურობდა, მოსწავლეების პოლიტიკური აქტივობა არ წყდებოდა და მოსწავლეებმა არაერთხელ, გარე პუბლიკის გასაგონად, მარსელიეზაც შეასრულეს, რომელიც ქალაქის მონარქისტული და მემარჯვენე წრეების დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. იმდროინდელ პრესაში ვკითხულობთ გიმნაზიელების მსვლელობის შესახებაც, რომელმაც 21 ოქტომბერს, გზა გადაუჭრა შავრაზმელების მიტინგს, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მანიფესტის საპასუხოდ, ქალაქში, 22 ოქტომბერს, გოლოვინის პროსპექტზე, დიდი მონარქისტული მსვლელობა დაიგეგმა, რომელსაც კოორდინაციას თბილისში მოქმედი რუსული ნაციონალისტური – შავრაზმული ორგანიზაციები უწევდნენ და მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის ირიბი მხარდაჭერა გააჩნდათ. წინა საღამოს კი გიმნაზიას გენერალი სუშჩინსკი, გუბერნატორის წარმომადგენელი მუხრანსკი და საგანმანათლებლო ოლქის წარმომადგენელი პროკოპე ეწვივნენ, შეკრიბეს მოსწავლეები და მკაცრად გააფრთხილეს რომ პატრიოტული დემონსტრაციის მიმდინარეობისას სიმშვიდე დაეცვათ. თუმცა მას შემდეგ, რაც პროკოპემ, მოსწავლეების ერთ ნაწილთან კამათისას თავი ვეღარ მოთოკა და მოსწავლეებს უყვირა რომ მათ «გიმნაზია ბორდელად აქციეს», სიტუაცია უკონტროლო გახდა და მასწავლებლებმა სიტუაციის დამშვიდება დიდი გაჭირვებით შეძლეს. მდგომარეობას ძაბავდა ისიც, რომ ხელისუფლების დელეგაციამ გიმნაზიაში ჯარისკაცებიც იახლა, რამაც მოსწავლეების უკმაყოფილება გამოიწვია. საბოლოოდ დელეგაციამ და ჯარისკაცებმა გიმნაზიის შენობა დატოვეს.
22 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე, გოლოვინის პროსპექტზე, იმდროინდელი თბილისის მთავარი შავრაზმული ორგანიზაციის თბილისის პატრიოტული საზოგადოების ორგანიზებით, მონარქისტული მსვლელობა დაიწყო, რომელსაც კავკასიის არმიის დანაყოფები უწევდნენ თანხლებას. მსვლელობა გიმნაზიის შენობასთან შეჩერდა და მსვლელობის მონაწილეებმა გიმნაზიის მოსწავლეებს ქუდების მოხდა მოსთხოვეს, რასაც ამ უკანასკნელებმა უარით უპასუხეს. რის შემდეგაც მსვლელობის მონაწილეები მოსწავლეებს დაესხნენ თავს. მოსწავლეებმა თავდასხმას ქვების სროლით უპასუხეს, შემდეგ ვიღაცამ, სავარაუდოდ მსვლელობის მონაწილეებიდან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. მსვლელობის მონაწილეები და ჯარი გიმნაზიის შენობაში შეიჭრა, დაიწყო თავდასხმები როგორც გიმნაზიის მოწაფეებზე, ისე უბრალო გამვლელებზე და პროსპექტზე განთავსებულ დაწესებულებებზე. მოგვიანებით დარბევა მთელ ახლომდებარე უბნებზე გავრცელდა, ჯარის ნაწილებმა აქტიურად დაიწყეს მოქალაქეების ბინებში და კუთვნილ ფართებში შეჭრა, რომელსაც როგორც წესი ძარცვა და ქონების განადგურება ემატებოდა. დაიღუპა დაახლოებით 50 ადამიანი, ასზე მეტი დაიჭრა. გიმნაზიაში შეჭრილმა სამხედრო ნაწილებმა მოკლეს გიმნაზიის 5 მოსწავლე და 3 შენობაში მყოფი სხვადასხვა სასწავლებლის მოწაფე. დაარბიეს გაზეთების «ვოზროჟდენიეს» და «ტიფლისსკი ლისტოკის» რედაქციები, ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები. ავლაბარში, ჯარის ნაწილები მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში შეიჭრნენ. იმდროინდელ ქართულ პრესაში დიდი მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია ავლაბარში, მისივე სახლში შეჭრილი ჯარისკაცების მიერ, მარიამ აბაშვილის მკვლელობამ, რომელიც მცირეწლოვანი შვილების და მეუღლის თვალწინ დაცხრილეს ტყვიებით. გიმნაზიის შენობა და პანსიონი ბოლომდე იქნა გაძარცული და განადგურებული. ხელისუფლებამ და შავრაზმულმა ორგანიზაციებმა მომხდარის გამართლება იმ არგუმენტებით სცადეს, რომ თურმე გიმნაზიის შენობიდან ყუმბარა ისროლეს. თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის წყარო მიკვლეული ვერ იქნა. 26 ოქტომბერს თბილისში საყოველთაო გაფიცვის მორიგი ტალღა დაიწყო და რევოლუციურმა მოვლენებმა ახალ ფაზაში გადაინაცვლა.
რევოლუციამდელი თბილისის ცენტრის ყველაზე ცნობილი მოვლენა, რომელმაც ქართულ რევოლუციურ პოპულარულ კულტურაში და შემდგომ საბჭოთა პერიოდის ნარატივებში დიდი ადგილი დაიკავა და ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინდივიდუალური პოლიტიკური წინააღმდეგობის აქტად იქცა, 1906 წლის 16 იანვარს, დღევანდელი ჭანტურიას, მაშინდელ ბარიატინსკის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთან, მომხდარი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა იყო. მას რკინიგზის მუშა არსენ ჯორჯიაშვილმა ბომბი ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. არსენ ჯორჯიაშვილი მკვლელობიდან მალევე დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს, თუმცა განსხვავებით საბჭოთა ნარატივებისაგან, სადაც ჯორჯიაშვილი პირველ რიგში ბოლშევიკური პარტიის წამებულ მომხრედ იყო გამოყვანილი, უაღრესად არაპოპულარული გენერლის მკვლელობის გამო, ის თავისუფლების და რუსული უღლის წინააღმდეგ მებრძოლ ეროვნულ გმირად აღიქმებოდა. მაგალითად, 1910-იანი წლების პოპულარულ ჟურნალში «თეატრი და ცხოვრება», 1917 წელს, მეორე რევოლუციის შემდეგ, გიგო თეძმისხეველის (ხეჩუაშვილი) მიერ დაწერილი ლექსი არსენ ჯორჯიაშვილი გამოქვეყნდა, სადაც წინა პლანზე ჯორჯიაშვილის ქართველობა და მისი, როგორც ქართველი ერის სახალხო გმირის სტატუსი იყო წამოწეული.
რუსეთის პირველი რევოლუციის ბოლო დიდი დარბევა, რომელიც გოლოვინის პროსპექტზე მოხდა, ისევ გიმნაზიას უკავშირდებოდა. 1906 წლის 4 ივლისს, თბილისის პოლიცმაისტერს უცნობმა პირებმა ბომბი ესროლეს. რასაც ჯარის ნაწილებმა სათავადაზნაურო გიმნაზიის და მიმდებარე ტერიტორიის დარბევით უპასუხეს. სწორედ ამ დროს მოკლეს გიმნაზიის ინსპექტორი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე შიო ჩიტაძე, რომლის სახელსაც დღეს პარლამენტის შენობის გვერდით მდებარე ქუჩა ატარებს. შიო ჩიტაძე, როგორც ადრე გარდაცვლილი ცნობილი რევოლუციონერის გოლა ჩიტაძის ძმა და თავადაც რევოლუციური მოძრაობის მონაწილე, მისი თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის მალევე იქცა სიმბოლურ ფიგურად, ხოლო შიო ჩიტაძის და მისი მეუღლის ისტორია, რომელმაც შიოს სიკვდილიდან ორმოცი დღის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, განსაკუთრებით ადრეულ საბჭოთა პერიოდში, ქართულ პოპულარულ კულტურაში და გამოცემებში ძალიან ხშირად ფიგურირებდა.
1918 წლის 26 მაისს, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა და აქვე განთავსდა დამფუძნებელი კრება. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირად წოდებულ გოლოვინზე, მთავრობის სახლი და მასთან დაკავშირებული კომპლექსი აშენდა. ცოტა ზემოთ, გიმნაზიის უკან კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დაიდო ბინა. ახლომდებარე შენობების ერთ ნაწილში სამინისტროები მოთავსდა და ამგვარად, რუსთაველი და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად საბოლოოდ ჩამოყალიბდა. 1956 წლის 9 მარტს, სანაპიროდან დაძრული მასების დღევანდელი ფოსტის შენობის წინ სასტიკად დარბევამ და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ კი რუსთაველის გამზირი სახალხო წინააღმდეგობის, თავგანწირვის და საზოგადოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ აქცია. დამოუკიდებელ საქართველოშიც, მიტინგებით, შეიარაღებული გადატრიალებით და «რუსთაველზე დგომით დაწყებული» ცვლილებებით, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოქმედებისათვის უდიდესი სიმბოლიზმის მატარებელ ადგილად იქცა, ისე რომ ნებისმიერი პროტესტის წარმატების პოტენციალის ერთ-ერთ განმსაზღვრელად რუსთაველის გამზირზე მისი ხილვადობა მოიაზრება.
9 მარტი და 9 აპრილი თანამედროვე ქართული საზოგადოების მეხსიერებაში კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ადგილს და სიმბოლურ დატვირთვას, მაგრამ 1864 წლის ამბოხი და 1905-1907 წლების რევოლუცია უმეტესწილად დავიწყებულია. რისი მიზეზიც მათი არამართებული ასოციაციაა საბჭოთა ხელისუფლებასთან და ბოლშევიკურ პარტიასთან, მაშინ როდესაც საბჭოთა ოკუპაციამდე ამქრების ამბოხიც და 1905-1907 წლების რევოლუციაც თვითმპყრობელობის, პოლიტიკური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ ზოგადსახალხო ბრძოლად მოიაზრებოდა. იმედია, მოვა დრო, როდესაც თბილისის ცენტრის ისტორიული წარსული სათანადოდ შეფასდება და 9 აპრილის მემორიალს 1864 და 1905 წლების მემორიალებიც დაემატება. ისტორიული თვალთახედვით, თუნდაც 1905 წლის პოლიტიკური გარემო განსხვავებული ყოფილიყო, ისინი, ვინც ამ წლებში საკუთარ იდეალებს სიცოცხლე შესწირა, ზუსტად ისევე იმსახურებენ მემორიალს და ადგილს ქართული საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებაში, როგორც მათი გზის გამგრძელებლები უკვე გვიანდელი პერიოდიდან.
შენიშვნები
[1] ნაცვლად ოფიციალური (პასკევიჩ)ერევანსკის მოედნისა, ხალხში გავრცელებული სახელის ერევნის მოედნის გამოყენება ვამჯობინე (ავტ.).
[2] მოგონებების რუსულენოვანი ხელნაწერი დაცულია საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივში.