იანვარი – მარტი, 2025
ტექსტის წერა 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის მოვლენების გააზრების მიზნით, იანვარში დავიწყეთ. წერისას უამრავი პარალელური პროცესი მიმდინარეობდა. მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლებოდა, რომ რეფლექსიის შესაძლებლობა საკმაოდ გართულდა. წერის პროცესიც გამოწვევად იქცა და მოტივაციაც შეგვეცვალა. შევეცადეთ მივყოლოდით მოვლენების განვითარებას და ფოკუსი გავამახვილეთ ორ ურთიერთგადაჯაჭვულ მოვლენაზე: სივრცის გამოყენება-დაკავებასა და კოლექტიური წინააღმდეგობის, მისი მეხსიერების გამოვლინებაზე.
ჩვენ მოვლენებს ორი სხვადასხვა პერსპექტივიდან ვუყურებთ: ნატალია წინააღმდეგობის აქტიური მონაწილეა, თიკო კი ამ ყველაფერს შორიდან აკვირდება. ვფიქრობთ ამ ორი განსხვავებული რაკურსის გადაკვეთა საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა. მიგვაჩნია, რომ ადგილის განცდა, მისი მაჯისცემის და სულის შეგრძნება, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული როგორც პირად, ასევე კოლექტიურ მეხსიერებასთან. სწორედ ამიტომ, ტექსტს მოგონებებით ვიწყებთ.
თიკო გურგენიძე – ჩემი პირველი მოგონება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 1989 წლით თარიღდება, საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, და მჭიდროდ არის დაკავშირებული 9 აპრილის მოვლენებთან, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. იმ დროს ხუთი წლის ვიყავი და დედაჩემთან და დასთან ერთად ბაზარში მივდიოდით. სახლისკენ ტაქსით დაბრუნებისას დამამახსოვრდა, როგორ მოემართებოდნენ ტანკები, ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა პარლამენტის შენობისკენ. გარემო დაძაბული იყო, თუმცა მაშინ იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერ ვაცნობიერებდი სიტუაციის სიმძიმეს. იმავე ღამეს, 9 აპრილს, ძალადობა და უბედურება დაიწყო – აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ, დაიღუპნენ ადამიანები. ეს დღე სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. დედა და მამა იმ ღამეს სახლში არ იყვნენ, დედა დეიდაჩემს ეძებდა გაზით მოწამლულს, მამა ამ ყველაფრის ეპიცენტრში იყო და დაჭრილებს ეხმარებოდა. მამას იმ ღამის მოგონებები მისივე წიგნში არის აღწერილი.
ნატალია ნებიერიძე – ჩემი მოგონება მხოლოდ ფრაგმენტებია, გაელვებასავით მახსოვს ქუჩის ხმაური, ტელევიზორის წინ მუხლებზე დამხობილი და მტირალი დედაჩემი, სახეზე აფარებული ხელებით, გაუჩერებლად რომ იმეორებდა: “ეს რა ჩაიდინეს, ეს რა ჩაიდნეს, ეს რა დატრიალდა რუსთაველის გამზირზე…” ამ დროს მხოლოდ ორი წლის ვიყავი და არ მესმოდა რა ხდებოდა, თუმცა როცა წამოვიზარდე და გავიგე იმ ღამის შესახებ, ეს სცენა და მასთან დაკავშირებული მოვლენები მძიმე მოგონებად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
ქალაქის პოლიტიკური და ისტორიული ეპიცენტრი, თავისი საყოველთაო მნიშვნელობით სცდება მხოლოდ პირად მოგონებებს, და საზოგადოებრივ ცნობიერებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. სივრცე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ იქცა წინააღმდეგობის ასპარეზად, დროთა განმავლობაში გარკვეული, განმეორებადი მოვლენების კერად ჩამოყალიბდა. დამოუკიდებელ საქართველოში, პოლიტიკური ცვლილებების უმეტესობა სწორედ რუსთაველის გამზირზე იწყებოდა – იქნება ეს პროტესტი, აჯანყება, თუ სიმბოლური აქტი. ხშირად ამ რიტუალს „რუსთაველზე დგომა-ს“ ვეძახით. რუსთაველის გამზირი, დღესაც წინააღმდეგობის ცენტრია და უკვე მესამე თვეა ყოველ საღამოს იკეტება.
ჰენრი ლეფებრე, ფრანგი სოციოლოგი და ფილოსოფოსი, თავის წიგნში „სივრცის წარმოება“, აღნიშნავს, „ადამიანები, ფართო გაგებით, როგორც სოციალური არსებები მიიჩნევენ, რომ თავად ქმნიან საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ცნობიერებას და საკუთარ სამყაროს“ (Lefebvre, 1991). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული, თუ გარდაქმნილი სივრცეები საბოლოოდ კვლავ ჩვენზე ახდენენ დიდ გავლენას. ლეფებრეს თანახმად სივრცე სხვადასხვა გარემოების და ხდომილების ერთობლიობაა, რომელიც კონკრეტულ დროის მონაკვეთში, კონკრეტულ სოციო-ეკომონიკურ პირობებში იჩენს თავს.
—
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სოციალური წინააღმდეგობის არაერთი ფორმა შეგვხვედრია. პროტესტის მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვანი გამოცდილებაც დაგვიტოვა, უამრავი გზა დაგვანახა და მაგალითები მოგვცა – როგორ, რა ფორმით და რა მეთოდებით დავუპირისპირდეთ უსამართლობას. 2024 წელიც წინააღმდეგობის წელად გაფორმდა – 2024 წლის გაზაფხულზე დაწყებული, შემოდგომაზე განახლებული და გამწვავებული ბრძოლა, 2025 წლის მარტშიც უპრეცედენტო მასშტაბით გრძელდება. არჩევნების გაყალბებით და ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებით გამოწვეულ პროტესტს, თან ახლავს ფართოდ გავრცელებული მწვავე სოციალური უკმაყოფილება და ახალი ნარატივების წინ წამოწევა.
მოძრაობა გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა. იგი მოიცავდა მთავარ გამზირებს, მაგისტრალებს, მოედნებს, გზაჯვარედინებს, ესტაკადებს თუ ხიდებს. მობილიზაციის ეპიცენტრად რამდენიმე დიდი ქალაქი იქცა, სადაც წინააღმდეგობა აქამდე არნახული ერთიანობის განცდით იკავებდა ურბანულ სივრცეებს.
თუმცა, ჩვენი დაკვირვება უშუალოდ თბილისს შეეხება, სადაც პროტესტის ძირითად კერად რუსთაველის გამზირი მოიაზრება, როგორც საპროტესტო ხდომილების ისტორიული ადგილი თბილისში. ხაზგასასმელია ისიც, რომ ყველა მარში, მსვლელობა თუ აქცია რუსთაველზე დაკავებულ სივრცეს უერთდება.
რუსთაველის გამზირი, ისტორიულად პროტესტის კერად გაფორმებული ადგილი, დემონსტრაციებს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნიდან იტევს (ამ მოვლენებზე არაერთი საინტერესო წყარო არსებობს და ჩვენს ტექსტში აღარ შევაჩერებთ ყურადღებას). ყოველი აქ გამართული პროტესტი ახალ კვალს და წინააღმდეგობის სხვაგვარ გამოცდილებას ტოვებს. ისტორიული კონტექსტით გამყარებული წინააღმდეგობა დღესაც განსაზღვრავს ამ სივრცის მნიშვნელობას. ხშირად აქ დაგროვილი გამოცდილება ტრავმულია, დამძიმებულია ტრაგედიებით და არაერთი სასტიკი მარცხით. თუმცა, როგორც ბრძოლის ველი, სავსეა კოლექტიური ნარატივით და გამსჭვალულია ისეთი ენერგიით, რაც ერთგვარი ბიძგის მიმცემი ხდება ახალი მოძრაობებისთვის. 2024 წლის შემოდგომა, მომიტინგეების მიერ დაკავებული რუსთაველი, ფეიერვერკები, მაშხალები, სირენებზე და წყლის ჭავლზე ცეკვა, ნაგვის ურნების ბარიკადებად გამოყენება, მხუთავი აირის განეიტრალება, ერთმანეთზე ზრუნვა და უამრავი სხვა ფორმა, რაც ამ პროტესტის განმავლობაში ხდებოდა ამ ტრადიციის გაგრძელების მაგალითია. 31 დეკემბერს სპონტანურად გაჩენილი საახალწლო და საშობაო შეკრებები, საერთო სადღესასწაულო სუფრა, მიწისქვეშა გადასასვლელში მოწყობილი სპონტანური კლუბი პირდაპირი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ გარდაქმნა პროტესტმა ადგილი, როგორ აქცია ბრძოლის ველი ხელმისაწვდომ, არაკომერციულ და თანასწორ გარემოდ, სადაც შესაძლებელი გახდა კოლექტიური სიხარულისა და დღესასწაულის გაზიარება.
სივრცის დაკავების და გამოყენების აღწერილი მაგალითები ხაზს უსვამს ადგილის საერთოობის მნიშვნელობას. შემოდგომის და ზამთრის მოვლენების შემყურე, განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქმებოდა ის გარდასახვა, როცა წინა დღის სისხლიანი ბრძოლის ველი მეორე დღეს სადღესასწაულო კერად იქცა. ამ სხვადასხვაგვარმა დაკავება-გამოყენების, თუ ადგილის ათვისების ფორმებმა, თითქოს კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოავლინა მისი საყოველთაობა.
პროტესტის ფორმებზე დაკვირვებით, საინტერესოდ იკვეთება თავად რუსთაველის გამზირის ტოპოგრაფიაც. გარდა ისტორიული კონტექსტისა, რა განსაზღვრავს ადამიანების მოძრაობას, დინებას, რაც გარკვეული გზის არჩევისკენ უბიძგებს? გამზირზე მსვლელობის მიმართულებას თუ გავიხსენებთ, თითქმის ყოველთვის, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართება. თითქოს, ქუჩის დახრა ბუნებრივად უბიძგებს ხალხის ნაკადს მაღალი წერტილიდან დაბალი ნიშნულისკენ. სწორედ ისე, როგორც წყალი მიუყვება რელიეფს და გროვდება იქ, სადაც მისთვის საკმარისი კალაპოტია. პროტესტის მონაწილეებში ასე ამბობენ: “თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, რუსთაველი უნდა გაიარო”.
ამ პროცესის კვლევა სტუდენტებთან თანამშრომლობით შედგა* – შეიქმნა მსვლელობების და მარშების ერთგვარი ბაზა. ტოპოგრაფიულ რუკაზე, ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან რუსთაველისკენ მიმავალი ნაკადები აისახა. შედეგად გამოიკვეთა სურათი, სადაც სხვადასხვა სიხშირის მსვლელობები და მარშრუტებია ნაჩვენები, რომლებიც მდინარის ტოტებივით გაშლილი ქალაქის ტოპოგრაფიულ ქსელში მიედინება. თუ გავიხსენებთ პროტესტის ერთ-ერთ ფრაზას: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე”, შესაძლოა დავინახოთ გარკვეული მეტაფორული მსგავსება წყლის დინებასა და საპროტესტო მოძრაობას შორის.
რუსთაველის გამზირის გარდა, პროტესტი სხვა ქუჩებსა და მოედნებზეც გავრცელდა. მოეწყო მსვლელობები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მარშები. დემონსტრანტებმა ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით დაიკავეს ხიდები და ავტობანები. ხორუმის ცეკვა აქციეს პროტესტის, უსამართლობასთან ბრძოლის და ერთიანობის მეტაფორად. შემოდგომის და ზამთრის პერიოდში პროტესტის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფორმის მოწმენი გავხდით. უმეტესობა ჩამოთვლილი ქმედებებიდან გარკვეული სახით სპონტანურ და ერთჯერად რეაქციებს წარმოადგენდა. ქალაქში დაკავებული არეალები, სხვადასხვა ადგილებს დროებით ავსებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დაწყებული აქციები, რომელიც 29 ნოემბრიდან ყოველ დღე, ხმაურიანი შეძახილების მარშით მოედინება რუსთაველისკენ, საყოველთაო წინააღმდეგობის ერთგვარი ხმა და მუხტიც კი გახდა. სლოგანები რაც ამ მარშზე გაისმის – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცამდე ადის ეს სიმართლე ყოველდღე”, “ეთერი ხალხს, შენობა ქალაქს”, და სხვა ფრაზები თითქოს ფონად მიუყვება წინააღმდეგობას. ისინი, ისმის არა მხოლოდ გზის ამ მონაკვეთზე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რუსთაველისკენ მიმავალ გზაზე, არამედ მთელს ქალაქში, გარეუბნებში, სხვა ქალაქებში და სხვა ქვეყნებშიც კი.
პროტესტის უწყვეტობა და დეცენტრალიზაცია დღევანდელი, გაფართოებული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. საინტერესოა დაკვირვება იმაზე, თუ რა სახის სოლიდარობა და ერთობა იბადება ამ გაფართოებული მოძრაობებიდან, როგორ ირგებს პროტესტი ქალაქის ტოპოგრაფიას და როგორ გარდაქმნის ის თავად ქალაქს, როგორ იბრუნებს კოლექტიური მოქმედება ურბანულ სივრცეში საერთოობის ცნებას და ამყარებს უფლებას ქალაქზე. ამ სახის საზიარო სივრცის აღქმა, განცდა და გააზრება ხშირად გადაფარულია წლების განმავლობაში დამკვიდრებული პოლიტეკონომიური სისტემით, სადაც მნიშვნელობა მხოლოდ სამომხმარებლო ურთიერთობებს ენიჭება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, ძირეული ცვლილებები განიცადა საჯარო სივრცის ფუნქციის მქონე ადგილებმა. ეკონომიკური სარგებლის, ტურისტული მიზიდულობის, თუ “დეველოპმენტის” და “განვითარების” სახელით მნიშვნელოვნად იცვლებოდა ქუჩების, პარკების, მოედნების გამოყენების ფორმა. ხშირად ვსვამთ კითხვას – ვისი ინტერესებისთვის იცვლება და ფუნქციონირებს საჯარო სივრცე? როგორ განვმარტავთ საერთო სივრცეს დღევანდელ რეალობაში? ეს შეკითხვები ცენტრალურია იმის გასაგებად, თუ რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს საერთო სივრცეზე და რა როლი აქვს საზოგადოებას საჯარო სივრცის განვითარებაში. ვართ თუ არა ჩვენ, ჩვენი საარსებო გარემოს ფორმირების პროცესების მონაწილე? გვაქვს კი რაიმე სახის გავლენის ბერკეტი იმ მმართველ რეჟიმზე, რომელიც ამ სივრცეებს უცვლის ფუნქციას?
სტავროს სტავრიდესის (გამორჩეული ბერძენი თეორეტიკოსი, პროფესორი, საერთოობის და ურბანული სივრცის მკვლევარი) აზრით, საზოგადოებრივი სივრცეების „დაკავება“ წარმოქმნის ახალ სივრცით მიმართებებს. “სივრცითი საერთოობა”, ან “სივრცის მეშვეობით გაერთიანება” (commoning through space) არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ერთობით, არამედ ეს ერთობა მკაფიოდ პოლიტიკურია (Stavridis 2016). მიმდინარე პროტესტები სწორედ ამ პროცესს ასახავს, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა იკავებს ქუჩებს, მოედნებს, ადგილებს და ქმნიან სივრცის გამოყენების ახალ ფორმებს. შესაძლებელი ხდება ცალკეული წუხილის გაზიარება, და უკმაყოფილება ხდება საერთო, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური თუ სხვა საფუძვლით ნასაზრდოები. ასეთ ერთობებს აქვს ძალა, გარდაქმნას ურბანული სივრცე და შეცვალოს მისი მნიშვნელობა, ხოლო გარდაქმნილ გარემოს აქვს ძალა გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე.
როგორ ფორმას მიიღებს ეს სივრცითი ტრანსფორმაცია მომავალში სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში? წარმოადგენს თუ არა ეს პროტესტი გარდამტეხ მომენტს საქართველოს თვითგამორკვევის 35-წლიან პროცესში? აქვს თუ არა მას პოტენციალი შექმნას ახალი პოლიტიკური რეალობა?
სტავრიდესი აღნიშნავს, “სივრცე არ არის მხოლოდ რესურსი ან აქტივი, არამედ ის ფიზიკური და წარმოსახვითი ინტერპრეტაციების ერთობლიობაა, რომელიც მოქნილ პოტენციალს ეძებს გაერთიანებისთვის.” მიმდინარე მოძრაობა ქმნის ახალი, კოლექტიური სივრცითი ცნობიერების შესაძლებლობას – ცნობიერებას, რომელიც განსაზღვრავს და განამტკიცებს მომავალ სოციალურ-პოლიტიკურ ველს.
ისტორია და სხვა წინააღმდეგობებზე დაკვირვება გვაჩვენებს , რომ ეს პროცესები უკვალოდ არ ჩაივლის. ის აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩვენს ცნობიერებაზე და საერთო საარსებო გარემოს აღქმაზე. თუ ჩვენ ყოველდღიური წინააღმდეგობის სახით, ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლექტიური და სოლიდარული სივრცის ფორმირებაში ვიღებთ მონაწილეობას, ეს პროცესები აუცილებლად აისახება ჩვენზე, და გავლენას მოახდენს საზოგადოების ფორმირებაზე.
დღეს, ამ პროცესში ნაგრძნობი საერთო სივრცე, შეგვიძლია ვაღიაროთ ახალი პოლიტიკური ერთობის დაბადების ადგილად, რომელიც აერთიანებს განსხვავებული ღირებულებების ადამიანებს, ამასთან ავლენს კოლექტიური პასუხისმგებლობისა და ერთიანობის პოტენციალს. ეს პროცესი ქუჩებს, მოედნებსა და შენობებს უბრუნებს საზოგადოებრივ მნიშვნელობას, და ამავდროულად აყალიბებს მათ პოლიტიკური ჩართულობისა და საზოგადოებრივი სიმტკიცის საფუძვლად.
*ნაკადების რუკაზე მუშაობდნენ სტუდენტები – ლუკა სულავა და ლუკა შავაძე
*რუსთაველის ქუჩის ჭრილზე იმუშავა – ლუკა სულავამ
ლიტერატურა
- De Angelis, Massimo (2017): Omnia sunt communia: On the commons and the transformation to post-capitalism. London: Zed Books.
- Dellenbaugh, Mary / Kip, Markus / Bieniok, Majken / Müller, Agnes / Schwegmann, Martin (Hg.)(2015): Urban Commons. Moving beyond state and market. Basel: Birkhäuser Verlag.
- Dyk, Silke van / Haubner, Tine (2021): Community-Kapitalismus. Hamburg: Hamburger Edition.
- Federici, Silvia (2019): Re-enchanting the World. Feminism and the politics of the commons. Oakland: PM Press.
- Fitz, Angelika / Krasny, Elke / Architekturzentrum Wien (Hg.) (2019): Critical care. Architecture and urbanism for a broken planet. MIT Press.
- Gruber, Stefan / Ngo, Anh-Linh (2018): The contested fields of commoning. In: Arch+: An atlas of commoning 51/232, 4-5.
- Gatti, Mirko / Gruber, Stefan / Hiller, Christian / Kaldenhoff, Max / Lovell, Sophie / Moore, Elke aus dem / Ngo, Anh-Linh / Rüb, Christine (Hg.) (2018): An atlas of commoning: places of collective production. In: Arch+ 51/232.
- Harvey, David (2012): Rebel cities. From the right to the city to the urban revolution. London and New York: Verso.
- Helfrich, Silke / Bollier, David (2019): Frei, fair und lebendig. Die Macht der Commons. Bielefeld: Transcript Verlag.
- Ostrom, Elinor (1990): Governing the commons. The evolution of institutions for collective action. Cambridge, UK: Cambridge University Press.
- Pelger, Dagmar (2022): Spatial Commons. Zur Vergemeinschaftung urbaner Räume. Hamburg: Adocs Verlag.
- Petrescu, Doina / Trogal, Kim (Hg.) (2017): The social (re)production of architecture politics, values and actions in contemporary practice. Oxon/New York: Routledge.
- Stavridis, Stavros (2016): Common Space. The city as Commons. London: Zed Books.