მაუწყებელი: ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დაზაფრული და შემცბარი აკვირდება იმ მოვლენებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო ხანებში გამოიწვია. ვიცი, რომ ეს ჩახლართული საკითხია, მაგრამ რამ განაპირობა ტრამპის ხელმეორედ არჩევა? მას მუშათა კლასიდანაც ბევრმა დაუჭირა მხარი; რატომ მისცა ხალხმა ხმა თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ? ჰქონდათ მათ რაიმე ალტერნატივა?
მონტაგი: მთავარი მიზეზი რატომაც მუშათა კლასის ამომრჩევლებმა, უპირველესად კი, თეთრებმა — აფრო-ამერიკელების და ლათინო-ამერიკელების უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა ტრამპს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად, ვიდრე 2020 წელს — ეს გააკეთეს, იყო დემოკრატიული პარტიის მარცხი, შემოეთავაზებინათ ტრამპისგან და მისი დაპირებისგან განსხვავებული ხედვა. ტრამპი [თავის ამომრჩეველს] ჰპირდებოდა თეთრთა (მამრების) ბატონობის დროის აღზევებას, ეკონომიკურ აყვავებას და მცირე სახელმწიფოს, რომლის ფუნქციაც ჩაგვრა უნდა ყოფილიყო. შედარებით მწირი რაოდენობის ე.წ. პროგრესივისტების გამოკლებით, დემოკრატები, რომლებიც მემარჯვენე პოლიტიკისკენ იხრებიან უკვე დეკადების განმავლობაში, წარმოადგენენ ტრამპის შედარებით უფრო რაციონალურ და თანამგრძნობ ვარიანტს.
დასკვნა, რომელიც [დემოკრატებმა] 2024 წლის საარჩევნო მარცხიდან გამოიტანეს ის არის, რომ ისინი ალბათ ძალიან შემწყნარებლები იყვნენ, ზედმეტად მერყევნი და გაუბედავნი, რომ უფრო მკაცრად მოჰპყრობოდნენ იმიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს, მეტისმეტად ერთგულობდნენ იმ სიმართლეს, რომ დანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ოცი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მომეტებულად დაჟინებულნი იყვნენ ლგბტქი+ საზოგადოებების, რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაში, დაბოლოს, — საკმაოდ კრიტიკულნი ისრაელის და სიონიზმის მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი მუდამ მხარს უჭერდა ისრაელს პალესტინელთა გენოციდში და ცილს სწამებდა პალესტინის სოლიდარობის მოძრაობას). [დემოკრატიულმა] პარტიამ უარი თქვა იმ შეზღუდულ მხარდაჭერაზე, რასაც თავის დროზე მუშათა ორგანიზაციებს და პროფესიულ კავშირებს სთავაზობდა, უარი თქვა საყოველთაო ჯანდაცვაზე. ტრამპმა წარმატებით მოახერხა ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან შემოსული იმიგრანტების დემონიზება, მათ უწოდებდა კრიმინალებს, რეიპისტებს და მკვლელებს; ხელფასების შემცირებას, მაღალ ფასებს მათ აშშ-ში ყოფნას აბრალებდა.
დემოკრატებმა, კვლავ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერაფერი იღონეს სიცრუისა და ღია რასიზმის ნიაღვრის წინააღმდეგ. ტრამპის რიტორიკის ფერმკრთალი მიბაძვა უფრო ზრდილობიანი ფორმით, პირიქით, უფრო დაეხმარა ტრამპისტულ მოძრაობას. იმ მოვლენამ, რომ დემოკრატებმა გააგრძელეს ბაიდენის კანდიდატურის მხარდაჭერა, მას შემდეგაც კი, რაც თვალსაჩინო გახდა, რომ ის ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური პრობლემებით იტანჯებოდა, მხოლოდ განიზიდა ამომრჩევლები, რომელთაგან ბევრმა უბრალოდ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
მაგრამ დემოკრატიული პარტიის მარცხი, შემოეთავაზებინათ ტრამპის პროგრამისგან განსხვავებული რამ, ტრამპის გამარჯვების ერთადერთი მიზეზი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ამომრჩეველთა უმცირესობას წარმოადგენს, მათ მოახერხეს არა მხოლოდ პრეზიდენტის პოსტის განაღდება, არამედ უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესის ორივე პალატასა და შტატების მთავრობების უმეტესობაში. რესპუბლიკელებმა იცოდნენ, რომ რაც უფრო მცირე იქნებოდა არჩევნებზე ხმის მიმცემი, მით უფრო გაიზრდებოდა მათი გამარჯვების შანსი.
შედეგად, რესპუბლიკელებმა შეიმუშავეს სტრატეგია, რომ ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობისთვის ხმის უფლება ჩამოერთმიათ, განსაკუთრებით, აფრო-ამერიკელი და ლათინო-ამერიკელი ელექტორატისთვის, რომელთა დიდი ნაწილი მოსალოდნელი იყო, რომ რესპუბლიკელებს მხარს არ დაუჭერდა. მათ შეძლეს საარჩევნო უბნების რაოდენობის შემცირება — განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც ძირითადად აფრო-ამერიკელები და ლათინო-ამერიკელები ცხოვრობენ. მათ, ასევე, დააწესეს ფოსტით ხმის მიცემაზე შეზღუდვები. რიგ შტატებში ადგილობრივი საარჩევნო კომისიები უკიდურესი მემარჯვენე აქტივისტების ხელში გადავიდა, რომელთაგან ზოგიერთს კავშირი აქვს შეიარაღებულ კერძო მილიციასთან. ეს მილიცია უზრუნველყოფს „უსაფრთხოებას“ არჩევნების დროს და შემდეგაც, როდესაც ხმების შეგროვება და დათვლა მიმდინარეობს.
იშველიებდნენ საარჩევნო თაღლითობასა და არჩევნებში აღუნუსხველი იმიგრანტების მასობრივი მონაწილეობის საფრთხეს, რესპუბლიკელთა აქტივისტებმა შეძლეს საარჩევნო კომისიაზე კონტროლის დაწესება ბევრ შტატში. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ, მიუხედავად ბაიდენის პრეზიდენტობისა, ვერ მოახერხა ამ ზომებისთვის მარჯვედ გაეწია წინააღმდეგობა.
მაუწყებელი: უკვე აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონობენ კორპორაციები, ე.წ. ტექნო-ფეოდალები. ეს, თითქოს, დისტოპიური ჟანრის რომანის სიუჟეტს ჰგავს, როდესაც ტექნოლოგიური კონტროლი უკიდურესად გაზრდილია და ადამიანებს აღარ ძალუძთ ალტერნატივის შექმნა, წინააღმდეგობა. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია, დღევანდელი ვითარება ძველი თეორიებით ავხსნათ? თუ ახლა რაღაც თვისებრივად ახალთან გვაქვს საქმე?
მონტაგი: შემიძლია, მხოლოდ მოკლე და მეტწილად სქემატური პასუხი გავცე შენ კითხვას და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გაცილებით უფრო მასშტაბურ პასუხს ითხოვს, ვიდრე ფორმატი მაძლევს ამის საშუალებას. ლენინის ფრაზა რომ მოვიშველიო, სინამდვილეში, ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ერთ წელში მომხდარი ცვლილებები, ქარტეხილები და საფრთხეები უფრო მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდება ხოლმე.
შეგვიძლია, ამ ვითარებას ვუწოდოთ ფუნდამენტურად ახალი მოვლენა? ალბათ, პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლის და ძველის (ან აქამდე არსებულის) ცნებებს აკლიათ ის სიზუსტე, რასაც დღევანდელობის სწორად აღწერა ითხოვს. ნამდვილად ვერ უარვყოფ ახალს (ე.წ. ტექნოლოგიებს), მაგრამ მასთან ერთად განახლებულია თეორია და პრაქტიკა, რაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, უკვე წარსულის კუთვნილება ეგონათ. ფიქრობდნენ, რომ მისი ადგილი მხოლოდ გაუფასურებული სოციალური და პოლიტიკური ფორმების მუზეუმში იყო (და მე აქ არ ვსაუბრობ ფეოდალიზმზე, არამედ — ფაშიზმზე).
ერთი მხრივ, მაცდურია განაცხადო, რომ კაპიტალიზმი დასრულდა და ის ჩაანაცვლა — თუმცა არა მასზე უკეთესმა, მაგრამ შესაფერისად გარდაქმნილმა —ტექნო-ფეოდალიზმმა. ტრამპის გამარჯვება ააშკარავებს რეგრესული ტენდენციების მზარდ ძალაუფლებას, მაგრამ — სწორედ იმ მიმართულებას, რაც კაპიტალიზმისკენ მიდის. თანაც ეს არის კაპიტალიზმი, რომელიც განთავისუფლებულია შეზღუდვებისგან და კომპრომისებისგან, რასაც ადრე მას მუშათა მოძრაობები და ფართო მასობრივი პრაქტიკა ახვევდა თავს ლამის საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ახლა ავტორიტარული ნეოლიბერალიზმის მიჯნაზე ვართ (ან შესაძლოა, გავცდით კიდეც მას).
სწორედ ამ კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია, აშშ (რუსეთთან, ინდოეთთან, თურქეთთან, არგენტინასთან, უნგრეთთან ერთად) განვიხილოთ ლაბორატორიად, რომელშიც ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური ექსპერიმენტების სერია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტებიც და მისი შედეგებიც სპეციფიკურია თითოეული ერისთვის, ისინი სხვადასხვა ხარისხით შესაბამისნი იქნებიან სხვებისთვის. ამ ექსპერიმენტებიდან, აშშ-ში, ერთი განსაკუთრებით ბატონობს სხვებზე: იმ პროექტის სიკეთეების განადგურება, რაც გამომდინარეობდა მუშათა კლასის, სხვადასხვა რასის, ქალების და ლგბტქი+ საზოგადოებების ბრძოლიდან.
ამ ექსპერიმენტის საბოლოო მიზანია განისაზღვროს ის მასშტაბი, რომელშიც კაპიტალიზმი შეძლებს რეგულაციის ან მნიშვნელოვანი გადასახადების გარეშე მოქმედებას. მიზანია დადგინდეს, თუ რა დოზით არის შესაძლებელი საჯარო სერვისების ტოტალური განკერძოება. და „შეძლებაში“ არ ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი სამყარო უკეთეს ცხოვრებას ან გაუმჯობესებულ პირობებს ნიშნავს იმ მოსახლეობისთვის, ვისაც არ გაუმართლა, რომ ასეთი ექსპერიმენტის გადასატანად საკმაოდ ძლიერი ყოფილიყო.
ტრამპმა თავისი პირველი ვადის პერიოდში გაიაზრა, რომ სახელმწიფოს ფორმალური სტრუქტურა მისი პასუხისმგებლობების დაყოფებითურთ (ცნობილი, როგორც ე.წ. „კონტროლი და ბალანსი“) აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დაბრკოლება იყო მისი კონტრრევოლუციური დღის წესრიგისთვის. პრეზიდენტობის ავტორიტარული განსაზღვრების მომხრე მოსამართლეებით უზენაესი სასამართლოს შევსებით, მას საშუალება მიეცა, რომ რა დროსაც კვლავ ჩაიგდებდა თანამდებობას ხელში, განეხორციელებინა ლამის შეუზღუდავი ძალაუფლება, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით ან უბრალოდ უფრო დაბალი ინსტანციების ვერდიქტების უგულებელყოფით.
ნამდვილად, მან დაიწყო მოსინჯვა იმ საზღვრებისა, თუ რამდენად შეხვდებოდა მისი წესრიგი, ბრძანებულებებით და საკანონმდებლო შტოს ძალაუფლების მიტაცებით, ეფექტურ წინააღმდეგობას. მოსამართლეებს, უზენაესი სასამართლოს წევრებსაც კი, მცირე ძალმოსილება აღმოაჩნდათ გაეტანათ თავიანთი გადაწყვეტილებები და ტრამპს სულ უფრო მეტად სწამს იმის, რომ მათ ძალიან აკლიათ ნებაც და საშუალებაც, რათა [ტრამპი] თავიანთ წესრიგს დაუმორჩილონ. ბოლო თვის განმავლობაში, ტრამპი მკვეთრად გაემართა ღიად ავტორიტარული წესრიგისკენ, მიმართა საგანგებო მდგომარეობის განსხვავებულ ფორმებს, განსაკუთრებით იმიგრაციის საკითხის გარშემო. ის საგანგებო ძალაუფლებას მიმართავს კონსტიტუციური გარანტიების შესაკვეცად და მასობრივ დეპორტაციას ახორციელებს ჯეროვანი პროცედურების გარეშე და აუქმებს მუდმივი ცხოვრების უფლებას ისე, რომ გადაწყვეტილების მცირედ სამართლებრივ გამართლებასაც კი არ ცდილობს.
უფრო რთული ახსნა აქვს ტრამპის ომს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინააღმდეგ. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მის ბრძანებას, რაც შეერთებული შტატების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოსვლას ითვალისწინებდა და ჯანმრთელობისა და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტს მასთან თანამშრომლობას ან თუნდაც მცირეა კომუნიკაციასაც კი უკრძალავს. არც მხოლოდ იმ ფაქტს ვეხები, რომ რობერტ ფ. კენედი უმცროსი — ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი, სამედიცინო განათლების უქონელი პირი — პოსტზე დანიშნა. ტრამპმა გამოსცა ბრძანებულებები, რომლებითაც ფედერალურ, შტატის და ადგილობრივი ჯანდაცვის სააგენტოებს, კენედისა და ტრამპის ერთგული მხარდამჭერების ჯგუფის თანხმობის გარეშე, აეკრძალათ როგორც ერთმანეთთან, ისე საზოგადოებასთან ნებისმიერი კომუნიკაცია. კორონავირუსის (COVID-19-ის) პანდემიის გამოცდილებამ ტრამპი დაარწმუნა, რომ დაავადების გავრცელებისა და მძიმე ფორმებით განვითარების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება (რაც აუცილებლად გულისხმობს უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს ყველა დონის ხელისუფლებისთვის) ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ინფორმაციის კონტროლი. მისი აზრით, უფრო ხეირიანია, ერთი მხრივ, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების დამალვა, ხოლო, მეორე მხრივ, — მეცნიერულად დადასტურებული პროფილაქტიკური ღონისძიებების დაკნინება და სახლის პირობებში მკურნალობის მეთოდების ხელშეწყობა (რითაც, როგორც ხარჯს, ისე პასუხისმგებლობას, ინდივიდებს დააკისრებენ). ამ ღონისძიებებმა მართლაც დაადასტურეს, რომ ისინი მარჯვე სტრატეგიაა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემის სწრაფი დაცემისა და ყველა დონეზე არსებულ კრიზისებზე რეაგირების უუნარობისგან ყურადღების გადასატანად — მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმეა [კრიზისი]. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მსგავს სააგენტოებს უკვე დაევალათ, შეეზღუდათ ისეთი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ინფექციურ დაავადებებზე (მაგალითად, COVID-19-ის ან ფრინველის გრიპზე) კვლევებს ეძღვნებოდა. ამასობაში კი, ისეთი დაავადებები, რომლებიც აშშ-ში თითქმის გამქრალი იყო, ნელ-ნელა დაბრუნდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ანტივაქსერული პროპაგანდის გამო. მოკლევადიან პერსპექტივაში, რა დროსაც ასეთმა ზომებმა შეიძლება, უმდიდრესთათვის გადასახადების შემცირება გამოიწვიოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ნგრევას, რომელიც ტრამპის პოლიტიკას მოჰყვება, მხოლოდ დამღუპველი ეკონომიკური და ფინანსური შედეგები ექნება — როგორც აშშ-ის მთელი მოსახლეობისთვის, ისე მსოფლიოსთვის.
მაუწყებელი: უკვე აშკარაა, რომ ტრამპი ყველაფერს ესხმის თავს, რაც მის პოლიტიკას არ ეთანხმება. ის იბრძვის საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, უტევს სასამართლოს, ემუქრება ყველა დემოკრატიულ ინსტიტუციას, უნივერსიტეტებს, კოლეჯებს, სკოლებს. ასეთ ვითარებაში არის წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა? ვინ გაუძღვება ამ მოძრაობას?
მონტაგი: ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპმა და მისმა ძალიან არაპოპულარულმა და არაარჩეულმა მოკავშირემ, ილონ მასკმა, საკუთარი კონტრრევოლუცია სახელმწიფო მუშაკების მასიური გათავისუფლებებით დაიწყეს (ათიათასობით დასაქმებული გაყარეს, მილიონები კი რიგშია), ხელი შეუწყო წინააღმდეგობის მოძრაობის ამოზრდას. სასამართლო გადაწყვეტილებებმა, რომლებმაც სხვადასხვა სამინისტროდან დათხოვნილთა აღდგენა განაპირობეს, ამ მოძრაობას დამატებითი იმპულსი მისცა. საჯარო სექტორის პროფკავშირების (მასწავლებლების ჩათვლით) მზარდი კოალიციის მხარდაჭერით, იმართება მასიური აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ზრდას განაგრძობს. უფრო მეტიც, საჯარო სერვისების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია აღშფოთება ტრამპის მომხრეებშიც, რომლებიც რესპუბლიკელ წარმომადგენლებს საჯარო ღონისძიებებს აწყვეტინებენ. განსაკუთრებით მასკის მიმართაა რისხვა: Tesla-ს მანქანები იმდენად ხშირად არის ვანდალიზმის სამიზნე, რომ მფლობელები მათ მასიურად ყიდიან, ხოლო კომპანიის გაყიდვები კრახის წინაშეა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნეოლიბერალური არგუმენტი („სახელმწიფო სერვისების შემცირება ეფექტურობას გაზრდის“) ახლა ფართოდ უარყოფილია. ტრამპის სავაჭრო ომმა, რომელმაც საკვები, წამლები და სამომხმარებლო საქონელი გააძვირა, ასევე გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება, რესპუბლიკელ მომხრეებს შორისაც კი. ეს ფაქტორები — მასიური დათხოვნები, სახელმწიფო სერვისების დაცემა და ეკონომიკური პრობლემები — რეალურ შესაძლებლობას ქმნის მასობრივი მოძრაობის ორგანიზებისთვის.
ტრამპის დაპირებული მასიური დეპორტაციები ვერ განხორციელდა და ერთ-ერთი მიზეზი არის თვითორგანიზებული თემური დაცვის ჯგუფები, რომლებიც დიდ ქალაქებში წარმოიქმნენ და ახლა სოფლებსა და პატარა ქალაქებშიც ვრცელდებიან. ეს ჯგუფები აწარმოებენ სადაზვერვო ოპერაციებს იმიგრანტულ რაიონებში, ისინი ხმამაღალი გამშვები სისტემებითა და სატელეფონო ქსელებით აფრთხილებენ მოსახლეობას, როცა ICE (იმიგრაციის პოლიცია) ჩნდება. მათ გაავრცელეს სამართლებრივი დაცვის ინსტრუქციები და ICE-ის რეიდების წინააღმდეგ მასობრივ აქციებს მართავენ. ამავდროულად, მათ სკოლის მოსწავლეებზეც მოახდინეს გავლენა.
სწორედ 10 მილიონი დოკუმენტების გარეშე მცხოვრების განდევნის სირთულეები აიძულებს ტრამპს მცირე, შერჩევით ოპერაციებზე გადასვლას. მაგრამ ამ ოპერაციებმაც კი, რომლებიც მიზნად თითქოსდა კრიმინალური ბანდების წევრების დეპორტაციას ისახავდა, მუდმივი რეზიდენტებისა და აშშ-ის მოქალაქეების დეპორტაცია გამოიწვია — მათი სტატუსის ან კრიმინალური წარსულის შემოწმების გარეშე. ეს კი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს.
ყველაზე მეტად საგანგაშო ისაა, რომ დეპორტაციის მექანიზმი ახლა გამოიყენება პალესტინელთა სოლიდარობის მოძრაობის დასასჯელად. არა მხოლოდ სტუდენტები კანონიერი ვიზებით, არამედ მუდმივი რეზიდენტები, რომლებიც წლების განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობენ, შეიპყრეს და აპატიმრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ღაზაში გენოციდის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათ ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, მაგრამ სინამდვილეში მათი „დანაშაული“ მხოლოდ პალესტინელი ხალხისთვის სიტყვის შეწევნაა. თუმცა რადგან საპროტესტო მოძრაობა კვლავ ძლიერი და აქტიურია (მიუხედავად რეპრესიების გაძლიერებისა), ეს დაპატიმრებები მასიურ აქციებს იწვევს. და თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, წინააღმდეგობის მასშტაბი და სიხშირე კიდევ გაიზრდება.
მაუწყებელი: მიმომხილველები ამბობენ, რომ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა. ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ რიტორიკაა, რომელსაც ზურგს არაფერი უმაგრებს, თუ ეს ნამდვილად ახალი საფეხურია შტატებისთვის და მსოფლიოსთვის? ბევრს, მაგალითად, სჯერა, რომ ეს ერთპოლუსიანობიდან მრავალპოლუსიანობაზე გადასვლაა. ეთანხმები ამ ხედვას? და თუკი ასეა, რას ნიშნავს ეს ახალი წესრიგი დაქვემდებარებული ქვეყნებისთვის?
მონტაგი: ცოტა ხანი იყო გასული 2024 წლის არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ, როდესაც ტრამპმა წამოიწყო სხვა ქვეყნების ანექსიის ან მათი ნაწილების მიტაცების კამპანია (გრენლანდია, კანადა, ღაზა, პანამა). ტრამპს მიაჩნია, რომ ამ ქვეყნების მინერალური რესურსები თუ გეოგრაფიული მდებარეობა შტატების უსაფრთხოებისთვის ან უბრალოდ მისი და მისივე წრის ეკონომიკური უპირატესობისთვის სასარგებლო იქნება.
მან ჯერ ვერ მიაღწია დასახული გეგმების განხორციელებას, ხოლო ამის გასაკეთებლად ტრამპმა უნად იმოქმედოს რაც შეიძლება სწრაფად, ე.ი. — მანამ, სანამ ხეირიანი ოპოზიცია ჩამოყალიბდება. ყველა ამ ქვეყანასთან მიდგომა განსხვავებული იქნება, როგორც აშშ-ში წინააღმდეგობის მოსალოდნელი დონის, ისე ამ სახელმწიფოების მხრიდან ამერიკული აგრესიისადმი ოპოზიციის ხასიათისა და ინტენსივობის მიხედვით.
როგორც მოსალოდნელი იყო, იმპერიალისტური დაპყრობების ამ აღორძინებას დღეს პუტინის მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს და უარყოფს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეთანხმებებს, რომელთა მიზანიც საერთაშორისო წესრიგის დამყარება და იმპერიალისტური მეტოქეობის ომებად გარდაქმნის თავიდან აცილება იყო. სინამდვილეში, ეს შეთანხმებები უბრალოდ აგრესიული ომების — რომელთაგან ბევრი აშშ-ის ინიციატივით დაიწყო — სიტყვიერად გაკიცხვის საფუძველს ქმნიდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც უშიშროების საბჭოს, ანუ ძირითადი იმპერიალისტური ძალების ვეტოს ძალაუფლებას ექვემდებარება, საერთაშორისო სამართლის მხოლოდ სიმბოლური ან ფორმალური ძალაუფლების განსახიერებაა. ტრამპი უდავოდ პუტინის რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ამ სამხედრო აგრესიაზე — რაც ომის შემდგომი კონსენსუსის უხეში დარღვევა იყო — დაბნეულმა და არაადეკვატურმა რეაქციამ შთააგონა. თავის მხრივ, პუტინმაც გამოთქვა მხარდაჭერა შტატების მიერ გრენლანდიის ნებისმიერი საშუალებით ანექსიისადმი; მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიელების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება.
საერთაშორისო სამართლის სანდოობაზე მიყენებულ დარტყმას, რაც უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა, მალევე მოსდევს ისრაელის ღაზაში შეჭრა (რასაც დემოკრატი ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ენთუზიაზმით გამოეხმაურა). თუმცა, თავდაპირველად, ეს ჰამასის და მისი მოკავშირეების მხრიდან ისრაელზე თავდასხმით იყო გამართლებული, ერთ კვირაში გასაგები გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისია ღაზას მოსახლეობის — ქალების, მამაკაცების და ბავშვების — განადგურება იყო. ისრაელის ლიდერებმა — პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და უმაღლესმა სამხედრო ჩინოვნიკებმა — ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა დაადანაშაულეს ჰამასის მიერ ჩადენილ თავდასხმაში (რომლის დროსაც 1100 ისრაელელი, მათ შორის, სამხედრო პერსონალი, დაიღუპა) და, მაშასადამე, ისინი დასჯის ღირსად ცნეს. ომის წესები უგულებელყვეს (შესაძლოა, არა ყოველთვის დე იურე, მაგრამ დე ფაქტო) და დაიწყო ორი მილიონი პალესტინელის განადგურების და ეთნიკური წმენდის კამპანია. გენოციდის ღია მხარდაჭერა, დაუჯერებელი რაოდენობის მოკლული ბავშვების სურათები და რასისტული სიძულვილის მუდმივი გამოხატვა ისრაელის მედიაში — ეს ყველაფერი მთელმა მსოფლიომ ნახა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ისრაელის ქმედებების მგმობი რამდენიმე რეზოლუცია, ხოლო საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ გენოციდის ბრალდება დასაბუთებულია. ამასობაში, ისრაელის მიერ მუდმივად დარღვეული მოკლევადიანი დროებითი ზავების მიუხედავად, ომი გრძელდება. ტრამპმა კი, მხარი დაუჭირა პალესტინელების სრულ განდევნას ღაზადან, რომელსაც შემდგომ აშშ „მიისაკუთრებს“ და სწრაფად გარდაქმნის მდიდრებისა და ცნობილების საზღვაო დასვენების ადგილად.
გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ასეთი ღია ხელშეწყობა და განხორციელება ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი. ნებისმიერი იდეა მულტიპოლარული საერთაშორისო წესრიგის შესახებ, რომელიც ეფუძნება მოწინააღმდეგე ძალებისა და ინტერესების ბალანსს, ლიბერალური ფანტაზიაა. ჩვენ წინაშე მდგომი რეალობა არც უნიპოლარულია და არც მულტიპოლარული, არამედ დროებითი ალიანსების მუდმივად არასტაბილური პროცესია მტაცებელ ქვეყნებს შორის, სადაც ძალადობა და ძალადობის მუქარას სულ უფრო მეტად შეერწყა ეკონომიკურ ზეწოლა, რათა მსოფლიოს სიმდიდრის კიდევ უფრო დიდი ნაწილი იმპერიალისტურმა ძალებმა მიიტაცონ. როგორ იმოქმედებს ეს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, როგორიცაა IMF (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) და მსოფლიო ბანკი, ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ. ერთი რამ უდავოა: აგრესიული ომები (და არა მხოლოდ ე.წ. „პროქსი ომები“) სულ უფრო ხშირი გახდება.
მაუწყებელი: რას უქადის ტრამპის პოლიტიკა ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა? რა ბედი ელის უკრაინის საკითხს? ან რა მოხდება პალესტინაში? რადგან თუკი ვამბობთ, რომ რაიმე საერთაშორისო გარანტია აღარ არსებობს (და ის არც არასოდეს ყოფილა საკმარისი), რა დაემართებათ მათ, ვინც მეტად სუსტები არიან რეგიონულ და გლობალურ იმპერიებთან გასამკლავებლად?
მონტაგი: მოდი დავიწყოთ იმის გახსენებით, თუ რა რეაქცია მოჰყვა რუსეთის უკრაინაში შეჭრას 2022 წლის თებერვალში. შტატებში მყოფი სამხედრო ექსპერტები და, ასევე, ბრიტანელებიც, ზელენსკის მოუწოდებდნენ, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო, წინასწარმეტყველებდნენ, რომ უკრაინის მთავრობა ჩამოიშლებოდა, ხოლო არმია ორ დღეში დანებდებოდა. სამი წლის შემდეგ, ყველაზე მეტი რისი იმედიც შეიძლება, რუსეთს ჰქონდეს არის უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზია და ესეც ძალიან დიდი მსხვერპლის ხარჯზე მიიღწა.
მეტიც, თუ რუსეთი მასიური ძალის გამოყენებით არ ჩაერეოდა საკუთარი მოსახლეობის ომის წინააღმდეგ მობილიზაციის დასახშობად, ომის წარმოება შეუძლებელი გახდებოდა. ამიტომ მგონია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი კიდევ სადმე შეიჭრას ახლო მომავალში (და აქ ვგულისხმობ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს), გარდა ერთი გამონაკლისი ვითარებისა: თუკი რომელიმე ქვეყანაში რუსეთთან კვლავ დაახლოებას, რეინტეგრაციას მასობრივი მხარდაჭერა ექნება და მთავრობა გადაწყვეტს, რომ ამას წინ არ აღუდგეს. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ბრძოლას განაპირობებს. ამ პირობებში, ყველაზე ეფექტური საშუალება რუსეთის შემოჭრის თავიდან ასაცილებლად მობილიზებული ოპოზიციაა: რაც უფრო ძლიერი იქნება ის და რაც უფრო მკაფიოდ აჩვენებს თავის ძალას მასობრივი გაფიცვებითა და ქუჩების კონტროლით, მით ნაკლებია რუსეთის შემოჭრის შანსი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართველ ხალხს, სიტყვების მიღმა, არ უნდა ჰქონდეს რაიმეს იმედი საერთაშორისო ვითარებიდან და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს.
ზედმეტი იქნება თუ ვიტყვი, რომ ღაზას შემთხვევა უპრეცედენტოა. ღაზელები ომში არიან 2023 წლის ოქტომბრის შემდგომ; 100 000 უკვე მოკლეს და მთელი მოსახლეობა ალყაშია. ისინი შიმშილის პირისპირ არიან და თითქმის ჯანდაცვის გარეშე, ხოლო 92 პროცენტი სახლებისა დანგრეულია. ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან მეორე ნაქბის რეალური საფრთხე კვლავ არსებობს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამოტანილმა ვერდიქტებმა გენოციდის შეჩერება ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, პალესტინელთა წინააღმდეგობა ბევრად უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ვერ მოახერხეს ღაზას სრულად გაწმენდა ანდა სტაბილური ოკუპირებული ზონების შექმნა. ღაზაში ომი იმდენად დამღლელია, რომ რეზერვისტთა მოძრაობა (რომლებიც მოვალეობაზე უარს ამბობენ) IDF-ისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ისრაელის ყოყმანი სრულმასშტაბიანი ბრძოლების განახლებისთვის ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჯარისკაცებმა იციან — ამ ომმა შეიძლება, წლები გასტანოს. რა თქმა უნდა, ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თუ აშშ საკმარისი რაოდენობის ჯარს გაგზავნის პალესტინელთა ღაზიდან გასასახლებლად, მაგრამ ასეთი სამხედრო ჩარევის პირისპირ ძლიერი წინააღმდეგობა არსებობს, თუნდაც რესპუბლიკელთა შორის.