
შაბათს, 1 ნოემბერს, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მოგვიანებით, მარშით ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გადაინაცვლებენ. მოძრაობის “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” მიერ დაანონსებული აქციის ანონსს უცვლელად გთავაზობთ: “ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. იყიდეს და გაყიდეს ტყეები, მიწა-წყალი, ჰაერი. სკოლებისა და ბაღების აშენების ნაცვლად, უნივერსიტეტების კომერციულ სივრცეებად ქცევა დაანონსეს! თითო რეგიონს თითო ფეოდალი ჰყავს. წამლები კოლოსალური ფასნამატით იყიდება. სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს ხალხი ვერ ყიდულობს. ყველა ემიგრაციაზე ფიქრობს, ან უკვე წასულია. ყველას ვალი აქვს! სამაგიეროდ, ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ოქროს ზოდებს პოულობენ. მოქმედი მაღალჩინოსნების სახლებში რა ხდება? რამდენი ოქროს ზოდი ელოდება აღმოჩენას? რატომ ვიგებთ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს პირადი ანგარიშსწორება სურს? პროპაგანდა მხოლოდ იმ მაღალჩინოსნების კორუმპირებულობაზე გვესაუბრება, რომელთა რეპუტაციის შენარჩუნებაც ქართული ოცნების ინტერესებში აღარაა. პროპაგანდა დუმს კორუფციაზე, რომელითაც ქართული ოცნება და არა მხოლოდ მისი კონკრეტული წარმომადგენლები, ქვეყანას ეპატრონებიან. პროპაგანდა კორუფციას მალავს! კორუფციული მმართველობა კი პროპაგანდისტულ არხებს ასაზრდოებს! შაბათს, 1 ნოემბერს, 14:00 საათზე, გელოდებით პოლიტკოვსკაიას #31-ში, პროპაგანდისა და კორუფციის წინააღმდეგ! მარში დაიწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობიდან და დასრულდება რუსთავი 2-ის შენობასთან.”
ბოლო ამბები