პოლიტიკური რეჟიმი, როგორც კოლექტიური ცნობიერება და მისი თავისებურებები საქართველოს ახალ პოლიტიკურ რეალობაში

პოლიტიკური რეჟიმი, როგორც კოლექტიური ცნობიერება და მისი თავისებურებები საქართველოს ახალ პოლიტიკურ რეალობაში

ავტორი: გიორგი ლოლაშვილი

24 ივნისი 2024

დალურჯებული და დასისხლიანებული აქტივისტების ფოტოების ყურება სოციალურ ქსელებში ბოლო დროს ყოველდღიურ ნორმად გვექცა. პოლიტიკური რეჟიმის წევრებმა თავიანთი რიტორიკითა და მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივების  წამოყენების გზით სახელმწიფოს გაყიდვა გადაწყვიტეს, რასაც საზოგადოებამ საპროტესტო გამოსვლებით უპასუხა. ამ პროცესების შედეგად საზოგადოებაში მათი გამყიდველად აღქმა კიდევ უფრო გამყარდა. თუმცა თავად მთავრობის წევრები დაჟინებით გვთავაზობენ მსჯელობას, რომ მათ არა ფინანსური, არამედ სახელმწიფო ინტერესები ამოძრავებთ. ეს ტექსტი იმ კოლექტიური ცნობიერების მოკლე თეორიული აღწერაა, რომელიც პოლიტიკურ რეჟიმს ახალ მოცემულობაში ჩამოუყალიბდა. ეს ანალიზი აგებულია ცნობიერების, სხეულისა და იდენტობის ცნებებზე. ის ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ აისახება შიდა და გარე დინამიკები რეჟიმზე როგორც კოლექტიურ ცნობიერებასა და კოლექტიურ სხეულზე (რომელიც მმართველ პარტიაში ძალაუფლების ცენტრალიზების შედეგად უფრო ერთგვაროვანია ვიდრე ოდესმე ყოფილა).

 

ბოლო რამდენიმე თვეში განვითარებულმა მოვლენებმა “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეჟიმის საჯარო აღქმა ბევრად უფრო ჰომოგენური გახადა. გაზაფხულის საპროტესტო მოძრაობის შემდეგ მმართველი პარტიის წინააღმდეგ აზრი სულ უფრო ერთმნიშვნელოვანი ხდება. ისე, როგორც ბოლოს 2012 წლის ციხეში წამების კადრების გავრცელების დროს იყო. ზოგადად,  2012 წელს დღევანდელი რეჟიმისათვის ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი იდენტობა წინასთან ურთიერთობითაა განსაზღვრული და სწორედ ციხეში წამების კადრებს ეფუძნება. დღევანდელი რეჟიმი “კარგისა და ბოროტის”  ეთიკის დიქოტომიურ ჩარჩოში საკუთარ თავს კარგის მხარეს აკუთვნებს და ასე საზღვრავს თავის ადგილს პოლიტიკურ ველში, სადაც მის საპირწონედ წინა რეჟიმია. თუმცა, წინამორბედ რეჟიმთან ეთიკური უპირატესობის სურათმა წლების განმავლობაში ძალა დაკარგა. რეჟიმის ცვლას სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი პრაქტიკის აღმოფხვრა არ მოჰყოლია. ინსტიტუტებმა მხოლოდ დროებით, ახალი სურათის შესაქმნელად შეაჩერეს სისტემური ძალადობა და მოგვიანებით ახალმა რეჟიმმაც ჩაწერა თავისი ფურცლები საქართველოს ძალადობის უახლეს ისტორიაში.

 

ამჟამინდელმა რეჟიმმა დროთა განმავლობაში ავტორიტარიზმის ხარისხის მომატებით მისი წევრები დაიყვანა ინსტრუმენტებამდე, რომლებსაც ავტონომია სრულად აქვთ დაკარგული. ისინი პარტიის ქსელში გადაწყვეტილების უბრალოდ გამტარი ელემენტები არიან და მასზე არანაირი გავლენა არ აქვთ. ისინი წარმოადგენენ საბროკერო რგოლს, რომლის ფუნქცია სახელმწიფო რესურსებისა და ინსტიტუტების პოტენციალის წარმატებული მონეტიზაციაა. ავტონომიის არქონის გამო ამ რგოლის პირადი იდენტობები საჯარო სივრცეში მთლიანად რეჟიმის იდენტობაზეა მიბმული. რეჟიმი მუდმივად აპელირებს მორალურ უპირატესობაზე, მაგრამ ამ უპირატესობას დროთა განმავლობაში მიწა სრულად გამოეცალა, რამაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა ისიც, და მისი წევრებიც.

 

ნებისმიერი ცნობიერების მთავარი ამოცანაა ჩამოაყალიბოს და დროში შეინარჩუნოს სტრუქტურული წყობა, რაც მას საშუალებას აძლევს ადაპტაციის გზით გარე რეალობასთან თანხვედრაში მოვიდეს. ეს წყობა იდენტობის სიმყარეზეა დამოკიდებული, რადგან იდენტობა ცნობიერებას შესაბამის სივრცეში განსაზღვრულ პოზიციას ანიჭებს და ამით ქმნის თანმიმდევრულობისა და სტაბილურობის პირობებს. თუ ეს იდენტობა მყიფეა, მაშინ ცნობიერება სისტემურ დესტაბილიზაციას და შფოთვას განიცდის. დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის კოლექტიური ცნობიერება იდენტობის კრიზისმა სწორედ ასეთი შფოთვის მდგომარეობაში ჩააყენა.

 

იდენტობის დაშლისა და მისით გამოწვეული შფოთვის გამო რეჟიმისთვის საჭირო გახდა ახალი ტიპის ცნობიერების ჩამოყალიბება, რომელიც ხელახლა მოსაზღვრავს საკუთარ თავს შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში. თუ მისი ყოფილი იდენტობა თავს განსაზღვრავდა “კარგისა და ბოროტის” დიქოტომიაში პოზიციით, ახალი იდენტობა ძველის უარყოფის  მეშვეობით ყალიბდება. რეჟიმის ახალი ცნობიერება მოექცა იმ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც მისი განმსაზღვრელი სახელმწიფოს გამყიდველობის იდეაა, რაც მის „ეთიკურ“ იდენტობას უარყოფს. ის ამ იდეას როგორც მისი იდენტობის განმსაზღვრელ კონცეპტუალურ ველს მისი სიძლიერის გამო ვერ სცდება. ახალი იდენტობა მთლიანად განსაზღვრულია გამყიდველობა-არგამყიდველობის დიქოტომიით. სწორედ ამიტომ, ამ იდენტობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ახალი ცნობიერება არის გამყიდველის ცნობიერება, რადგან მას მხოლოდ ამ ცნების ფარგლებში შეუძლია ოპერირება.

 

გამყიდველის კოლექტიური ცნობიერება ერთის მხრივ შეცვლილი იდენტობის გამოა ახალი. ცნობიერება იდენტობის დროში მუდმივობას ეფუძნება, არსებული იდენტობის ჩამოშლა კი ცნობიერებისთვის ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროებას აჩენს. მაგრამ ნებისმიერი ცნობიერება ამავდროულად მუდმივად გარდაქმნის პირობებშია, რათა გარემოსთან ადაპტაციის გამოწვევებს უწყვეტად პასუხობდეს. ამიტომ, ეს ფუნდამენტურად შეცვლილი ცნობიერება ადაპტაციის ახალ მექანიზმებს აფუძნებს, რომლებმაც ჩვენს კონტექსტში ახალი მასშტაბის საზოგადოებრივ წნეხს უნდა უპასუხოს. ეს მექანიზმი რეჟიმის კოლექტიურ ცნობიერებაში გამყიდველის იარლიყით გამოწვეულ ფრუსტრაციას ფარავს რეალობის უარყოფით და მისი ალტერნატიული აღქმით, ილუზიით. ილუზიების მეშვეობით კოლექტიურ ცნობიერებაში ეს ეთიკური პრობლემა ლოკალიზდება და მის ჩასახშობად მის გარშემო იქმნება დამცავი ბარიერი. ეს ბარიერები ალტერნატიული რეალობის სურათებია, რომლებითაც რეჟიმი სახელმწიფოს გამყიდველის ნაცვლად მისი სუვერენიტეტის დამცველად ცდილობს თავის წარმოჩენას. რეალობის გადაფარვისა და რეპრესირების ეს მცდელობა ფიზიკურ სივრცეში საპროტესტო მასის ბარიკადირების გაგრძელებაა მენტალურ სივრცეში. აქტივისტების მხრიდან საჯარო მხილებები გამყიდველის ცნობიერებას აბრუნებს ფრუსტრაციაში და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ მენტალური ბარიკადების მდგრადობას. ეს თავის მხრივ ზრდის შინაგან დაძაბულობას და აძლიერებს შფოთვას, რომელიც შემდგომში ფიზიკურ ძალადობაში გადადის. რეჟიმი ასევე ცდილობს გამყიდველი-არაგამყიდველის დიქოტომიურ ველში პოზიციები გადაალაგოს. ეს სხვადასხვა ორგანიზაციისა და აქტივისტის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში გამოიხატება, სადაც მათი ოფისებისა და სახლების კარებზე “მოღალატეს” აწერენ. თუმცა, ბოლო პერიოდში რეჟიმის მხრიდან საზოგადოების წევრებზე ძალადობრივი რეპრესიების ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მისი ეს რეალობასთან ადაპტაციის სტრატეგიები რეჟიმის შინაგან სტაბილიზაციას ვერ უზრუნველყოფს. გამყიდველის ცნობიერება შფოთავს ახალ პოლიტიკურ რეალობაში რეჟიმის საგრძნობლად შესუსტებული პოზიციების გამო. ძალადობა კი მის ამგვარად შემცირებულ პოლიტიკურ გავლენაზე ფრუსტრირებული რეაქციაა.    

 

ამ მშფოთვარე ცნობიერებამ ძალადობა ჯერ იმ პირებისკენ მიმართა, ვინც მას გამყიდველობაში ამხელს და რომლებსაც ის პოლიტიკურ ველში ოპონენტებად მოიაზრებს. ეს პირები მის წარმოდგენაში მას ძალაუფლების მონოპოლიზაციაში ეცილებიან. მისთვის ეს ეგზისტენციალური მნიშვნელობის მქონე საფრთხეა, რადგან მხოლოდ ძალაუფლების მონოპოლიზაციით შეუძლია საკუთარი არალეგიტიმური მიზნების განხორციელება. თუმცა გარდა მამხილებლისა, რომელიც მას მატერიალურ სივრცეში იდეოლოგიურ ნიადაგზე უპირისპირდება, არსებობს მეორე მოწინააღმდეგეც, რომლის შემთხვევაშიც ეს დინამიკა განსხვავებულია: ის მატერიალურ ნადაგზე და მატერიალურ სივრცეში უპირისპირდება რეჟიმს. ამ მეორე ტიპის მოწინააღმდეგის მაგალითი სოფელ ბალდის თემია, რომლისთვისაც კონფლიქტის პირველადი სახე ფიზიკურია: მათ პრივატიზაციის გზით წაერთვათ მიწა, რომელიც ყოველთვის თემის ნაწილი იყო. მათი დავა რეჟიმთან სწორედ ამ ნიადაგზეა.

 

ბალდაში, სადაც ადგილობრივები ხელისუფლების მიერ მიწის ჩუმად გასხვისებას აპროტესტებდნენ, საპროტესტო კარავს თავს დაესხა ავაზაკთა ჯგუფი, რომლებმაც ერთ-ერთ მონაწილეს დანით ჭრილობები მიაყენეს. შემდეგ დღეს კი ფაქტის გამოძიების ნაცვლად საპროტესტო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დააკავეს და მოგვიანებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სახელმწიფომ უკანონოდ, თემისგან დაუკითხავად გაასხვისა დაცული ტერიტორია და ახალმა მფლობელმა ის საუკეთესო ოკუპანტური ტრადიციების დაცვით, მავთულის ღობით შემოსაზღვრა. ბალდის მოსახლეობას სამართლებრივადაც და ფიზიკურადაც ჩამოერთვა ამ ტერიტორიაზე წვდომა და შედეგად რეჟიმის მატერიალურ მოწინააღმდეგედ გადაიქცა. ამ მიწაზე ტექნიკური თვალსაზრისით თავად რეჟიმი არ მოქმედებს. თუმცა, დღესდღეობით ჩვენთვის ცხადია, რომ ბალდის ინვესტორის ინტერესი რესურსისადმი ჩნდება რეჟიმის ნებით, მისი კარნახითა და პირობებით. ინვესტორი რეჟიმის ისეთივე ორგანული ფრთაა, როგორც პოლიცია და მისი პოლიტიკური ნების ერთ-ერთი აღმასრულებელია. ამიტომ ამ კონფლიქტში სახელმწიფო მხარეა.

 

ინვესტორისთვის რესურსების ათვისებასა და მითვისებას შორის სხვაობა არ არის. მას რეჟიმმა გაუწოდა კარტ-ბლანში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის არ არსებობს ვალდებულება რესურსისადმი და მასზე დამოკიდებული თემისადმი. მისთვის არსებობს მხოლოდ საკუთარი ნება მიწაზე, რომელიც თავის მხრივ, რეჟიმის ნებას ექვემდებარება. იქ, სადაც თემი ამ (ქვე)ნებას წინააღმდეგობას უწევს, ინვესტორი მიუთითებს მიწაზე მის დაკანონებულ საკუთრებაზე. თუმცა ეს საკუთრების დაკანონება თავად უკანონო პრაქტიკაა და ამას ნამახვანჰესის პროექტის და რაჭის ტყის გასხვისების შემთხვევებიც ადასტურებს. აქედან გამომდინარე, თემისთვის ეს პრეტენზია საკუთრებაზე ერთმნიშვნელოვნად ბათილია. ინვესტორისათვის ერთადერთი გზა თავისი ნების აღსასრულებლად არის ავაზაკობა. ის თავს ესხმის და უსწორდება სათემო აქტივისტებს, რათა ძალისმიერი მეთოდით დაეპატრონოს მიწას. თუმცა ეს ავაზაკობა რეჟიმის ნებართვის და წახალისების გარეშე შეუძლებელია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მსგავსი ინვესტორი რეჟიმის გაგრძელებაა, ხოლო მის მიერ საკუთრების დაკანონება ძალადობის ფორმაა.

გამყიდველის ცნობიერება მუდმივად კონფლიქტის პირობებში იმყოფება, რადგან მისი და ხალხის ინტერესები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ის ხალხს მტრად აღიქვამს, რომლის პოლიტიკური პოტენციალიც მხოლოდ საფრთხის შემცველია რეჟიმის ორი უმთავრესი ინტერესისთვის: ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის და რესურსების წარმატებით მონეტიზაციისთვის. რეპრესიებისა და ძალადობის ნაკადი აჩვენებს, რომ რეჟიმი იძენს ავაზაკის სახეს, რადგან მისთვის ერთადერთი დარჩენილი გამოსავალი, საკუთარი ნების აღსასრულებლად და გავლენების გასაზრდელად წართმევაა: იქნება ეს გამოხატვის უფლებები, თუ სათემო მიწა ბალდის შემთხვევაში. თუმცა ეს რეპრესიების ტალღა იმაზეც მიუთითებს, რომ რეჟიმის კოლექტიური ცნობიერება შფოთვასა და დესტაბილიზაციაშია და ახალ პოლიტიკურ ველში მისი პოტენციალი საგრძნობლადაა შემცირებული. მისი კოლექტიური ცნობიერების განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ მას მდგრადობის მიღწევა უჭირს. ხალხის მხრიდან ორგანიზება ტოვებს იმის იმედს, რომ გამყიდველის ცნობიერების სიკვდილის სპირალამდე მიყვანა შესაძლებელია.