სიღარიბის მენეჯმენტი

სიღარიბის მენეჯმენტი

ავტორი: ანა ქინქლაძე

5 ივლისი 2024

ტექსტს, ადლობის ნიშნად, ჩემს მეგობარს და სათაურის ავტორს ვუძღვნი, რომელმაც მიბიძგა საკუთარი აზრების ამ ფორმით ამოთქმისკენ.

 

დასაწყისისთვის რამდენიმე ფსიქოლოგიურ ფაქტს გეტყვით, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანებს თანაბრად გვეხება, განურჩევლად სად და როგორ ვცხოვრობთ, ან როგორ აღვიქვამთ სამყაროს.

 

ფაქტი #1 დოპამინი დამოკიდებულს გხდის ინფორმაციის მუდმივ ნაკადზე. (dopamine seeking-reward loop)

ფაქტი #2 შეყვარებულობა ბიოქიმიურად იგივეა რაც ობსესიურ-კომპულსური აშლილობა.

ფაქტი #3 მარტოსულობას ისეთივე უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც თამბაქოზე მუდმივ დამოკიდებულებას.

 

რა საერთო აქვს ამ სამ ფაქტს ერთმანეთთან, თუ ჩვენს ყოველდღიურობასთან მიმართებით განვიხილავთ?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური მედია ჩვენში დამოკიდებულებას იწვევს. დროისა და ემოციური რესურსის უმეტეს ნაწილს ციფრულ სამყაროში ვხარჯავთ. შეყვარებულობის მსგავსი ინტენსიური, ყოვლისმომცველი განცდების უნარი კი გვიქვეითდება. თანამედროვე სამყარო, თავისი პოლიტიკური თუ სოციალური წესრიგითა და ტექნოლოგიური პროგრესით, გამეტებით გვიბიძგებს მარტოობისკენ. მარტოობის განცდა თავის მხრივ, კატალიზატორგამოცლილი მანქანის გამონაბოლქვივით გვახრჩობს და ისევ ციფრული სამყაროს მორევის სიღრმისკენ მიგვაქანებს.

“1930 წელს ჯონ მეინარდ კეინზმა იწინასწარმეტყველა, რომ საუკუნის ბოლოსათვის დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების მსგავს ქვეყნებში ტექნოლოგია ისე განვითარდებოდა, 15-საათიანი სამუშაო კვირის შემოღება გახდებოდა შესაძლებელი. მართალიც იყო. ტექნოლოგიური მიღწევები ამის საშუალებას უდავოდ იძლევა. არადა, მსგავსიც არაფერი ხდება. ტექნოლოგიას ისე უცვალეს სახე, რომ უფრო მეტი საშუალება გაჩნდეს, რომ ჩვენ, ყველამ უფრო მეტი ვიმუშაოთ. ამის მისაღწევად ისეთი სამსახურების შექმნა გახდა საჭირო, რომლებიც, უბრალოდ, უაზროა. ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მთელი ცხოვრება ასრულებს სამუშაოს, რომელიც გულის სიღრმეში იცის, რომ სულაც არაა აუცილებლად შესასრულებელი. ამ ვითარებით გამოწვეული მორალური და სულიერი ზიანი მეტად დიდია – იარად ატყვია ჩვენს კოლექტიურ სულს. და მაინც, მასზე თითქმის არავინ საუბრობს.” – წერს დევიდ გრებერი თავის სტატიაში, უაზრო სამსახურების ფენომენზე.

კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი მუშაობს ერთადერთი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მიზნისთვის – გახდეს უკეთესი მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია იყიდოს ყველაფერი, რასაც ბაზარი შესთავაზებს. გინდა გქონდეს უფრო და უფრო მაღალი შემოსავალი, იშოვო უფრო მეტი ფული, რომ შემდეგ დაუნანებლად ხარჯო უსარგებლო ნივთებში. იყიდო ყველაფერი, რამდენიმე ცალი და  ნაირფერი, მუდმივად განახლებადი ვერსიებით. ყველაფერი, რაც ისედაც გაქვს, ან რაც არც არასდროს გჭირდებოდა და ამისთვის გაუთავებლად იმუშაო, გაატარო ცხოვრების უმეტესი ნაწილი სამსახურში, სადაც შენი სასიცოცხლო რესურსი, ისედაც წარმოუდგენელი კაპიტალის მფლობელ კონგლომერატებს მოხმარდება. მსხვილი და მცირე კორპორაციები კი, ორმაგად სარგებლობენ ამ ყველაფრით. მათ ჰყავთ როგორც მუდმივი, მათზე დამოკიდებული მუშახელი, ასევე მათი პროდუქციის მუდმივად წარმოების გარანტი –  მომხმარებელი, რომელიც ყოველ ხელფასზე ახლიდან იჯერებს “ბედნიერების ყიდვის” იდეას.

ამ უწყვეტი ჯაჭვის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე ისევ იგივე სისტემა ზრუნავს. “ბედნიერების მექანიზმები” ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აღწერს ზიგმუნდ ფროიდის დის შვილის – ედვარდ ბერნაისის ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალებს. ბერნაისი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება. 1947 წელს გამოიცა მისი, ფაქტიურად ავტობიოგრაფია, წიგნი სახელად “პროპაგანდა,” რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ მასების ფსიქოლოგიის მართვის ერთგვარ სახელმძღვანელოდ. წიგნში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ იყენებს კაპიტალიზმი პროპაგანდას მართვის მექანიზმად, სწორედ ტოტალიტარული მმართველობის რეჟიმების მსგავსად და რადგან ტერმინი “პროპაგანდა” დროთა განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი გახდა, ის მარტივად ჩანაცვლდა თანამედროვე, მოდური და პრესტიჟული ტერმინებით, როგორიცაა მაგალითად, მარკეტინგი, პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

გრძელი შესავალი გამოვიდა, თუმცა დროა უფრო საინტერესო ნაწილზე გადავიდე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით მოგიყვეთ, როგორი გემო აქვს სიღარიბის მენეჯმენტს ჩემს კაპიტალისტურ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობ, სახელმწიფო სადავეები კი, პრორუსი ავტოკრატიისკენ გადახრილი ხელისუფლების ხელშია, რომელიც რეპრესიული რეჟიმისა და ერთპიროვნული მართველობის დაკანონებას ცდილობს.

 

მოკლედ, თემას რომ არ გადავუხვიო, დავუბრუნდები ფაქტს #1 – ინფორმაციის მუდმივი წაყროს შესახებ.

 

გამოდიხარ სამსახურიდან, საშინლად შეღონებული და დაღლილი, იღებ ტელეფონს, ხსნი სოციალურ მედიას და თითოეული ინფორმაცია ენით აღუწერელ ტკივილსა და სევდას გგვრის. ტკივილის წყაროა როგორც ლოკალურად, შენს ქვეყანაში მიმდინარე ამბები, ისე გლობალურად მიმდინარე მოვლენები. ყველაფერზე მიგიწვდება ხელი, ყველანაირი საშინელებისგან ერთი ასქროლვა გაშორებს და თუ მაინც ჯიუტად უსწორებ თვალს ასეთ რეალობას, ესკაპიზმს არ ეძლევი და განაგრძობ ზღვა ინფორმაციის ანალიზს, ამ პროცესში მხოლოდ საკუთარ უძლურობას აცნობიერებ, უიმედობისა და უსამართლობის განცდა გიპყრობს. ისედაც უსაზღვროდ დაღლილი ტვინის ნეირონებს ეუბნები, რომ სამყაროში, რომელიც ახლა შენი ერთადერთი რეალობაა, კარგს არაფერს უნდა ელოდო. მიუყვები გზას სახლისკენ, სადაც ზღურბლიდანვე ახალი მოვალეობების მთელი წყება გეგებება, შენ კი იცი, რომ ხვალაც ზუსტად იგივე დღე გელის, ზეგაც, მაზეგაც.

სწორედ ამ დროს და ამ მომენტში, უსასურულო ინფორმაციის უწყვეტ, ციფრულ ფურცელში, როგორც მატრიცაში “glitch”  შენს თვალწინ, შენი საყვარელი ფერისა და სასურველი სილუეტის მქონე სპორტული მაისური ჩნდება. დიახ! აი ისიც!  მომავლის ნათელი წერტილი!  ასეთ დროს, სპორტული მაისური, რომელიც ფასდაკლებით მხოლოდ 59 ლარი ღირს, უბრალო მაისური არ არის. ეს იმედის სიმბოლოა და თავის თავში ყველა იმ ცნების მომცველი ხდება, რაც სიამოვნებასთან, თავისუფლებასთან, ბედნიერებასთან იგივდება. წარმოიდგენ რომ შენია. ხედავ გაცვია და როგორ გიხდება! როგორი თავდაჯერებული, მტკიცე ნაბიჯით შეხვალ სავარჯიშო დარბაზში. რამხელა მოტივაციას მოგცემს, რომ დაუზარებლად შეასრულო ყველაზე დამქანცველი ვარჯიშებიც კი. შემდეგ წარმოიდგენ შენს უკვე ნავარჯიშებ, ლამაზ სხეულს საცურაო აუზზე, როგორ აპარებენ შურითა და აღფრთოვანებით შენსკენ თვალს. ასევე, ეს მაისური შეიძლება გეცვას იმ დღეს, როდესაც სპონტანურად შეხვდები შენს რჩეულს და გულის სიღრმეში კმაყოფილებას იგრძნობ რომ სწორედ ეს მაისური გაცვია და არა ძველი, მობეზრებული, რომელიც უკვე არაერთხელ უნახავს მას. თუ წარმოსახვის უნარს არ უჩივი, ამ სამწამიანი რეკლამის ნახვისას კიდევ ბევრი რამის წარმოდგენას მოასწრებ. ბოლოს ხელფასიდან დარჩენილ უკანასკნელ ლარებს გადაიხდი პროდუქტში, რომელის რეკლამის სამიზნე აუდიტორაშიც მოხვდი. ეს აუდიტორია კი, სათუთად გაიწერა ბრენდის კონტენტის სტრატეგიაში, მარკეტინგის სფეროში დასაქმებული “წარმატებული” Cონთენთ Cრეათორისა და Adვერთაიზერის მიერ.

როდესაც ეს თავისუფლებისა და ბედნიერების სიმბოლო საბოლოოდ შენი კარადის თაროზე დაიდებს ბინასა და მტვერს, მიხვდები, რომ შენი წარმოდგენილი ცხოვრებისთვის, სადაც ეს მაისური უნდა გეცვას და ბრწყინავდე, სწორედ იმ ცხოვრებისთვის, არც დრო გაქვს და აღარც ენერგია. რადგან ამ შაბათ-კვირას აქციებია, შემდეგ კი ისევ ორშაბათი.

 

ამოცანა

როგორ გადავრჩეთ რეალობაში, სადაც თუ არ იმუშავებ, შიმშილით კვდები და თუ მუშაობ სამსახური გკლავს.

 

ამოხსნა

“აკეთე ის საქმე, რაც გიყვარს და არც ერთი დღე მოგიწევს მუშაობა (!)

ჰომ კარგად ჟღერს? – იდეალურად!

 

და რა ვქნათ, როცა საყვარელი საქმის დასაწყებად მოცემულობები არ გვიწყობს ხელს? რა ვქნათ, როცა საკმარისი არც დანაზოგი გვაქვს და არც მემკვიდრეობა, რა ვქნათ, როცა ისედაც გადარჩენისთვის ვიბრძვით?!

 

“ცხოვრება ბრძოლაა, უნდა გარისკო, უნდა გააკეთო, ყველაფერი შენზეა, შენ განაგებ შენს ბედს ბიძი.”

 

მგონი ფაქტი #2-ის დროა.

 

სიღარიბისა და კონსუმერიზმის სამსარადან თავის დაღწევას თუ შეძლებ, ალბათ დრო შეყვარებულობისთვისაც დაგრჩება. დროზე მეტად კი, სიცოცხლის სურვილი და ხალისი, რომ საერთოდ მოახერხო მეორე ადამიანთან ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჯანსაღში იდეალურს არ მოვიაზრებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ მდგომარეობას ვგულისხმობ, როცა არც შენ ხარ სიგიჟის ზღვარზე, ასეთი რეალობის გადამკიდე და არც შენი პარტნიორი. თუმა, სიყვარულს რას გაუგებ, ზოგჯერ ყველაზე მძაფრად სწორედ სიგიჟემდე მისული გაჭირვების დროს შევიგრძნობთ. ამასთანავე, პირველ რიგში სწორედ ასეთი ემოციური მამოძრავებელი ეცლება ხოლმე ურთოერთობებს დროში განგრძობითი, ყოველდღიური პრობლემების პირისპირ. და თუ მაინც, ძალიან გაგვიმართლა და შეგვიყვარდა თავდავიწყებით, მუდმივად გვიწევს საკუთარი თავისთვის შეხსენება, რომ არაფერია გარშემო სტაბილური, ვერაფერს დავეყრდნობით, ვერავის მივენდობით. არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ადამიანების ნდობაზე ვთქვით უარი, არა, უბრალოდ თავადაც ვგრძნობთ როგორი სუსტია ჩვენი შინაგანი საყრდენი ღერძი, როგორი ცვალებადია გარემო და შემაწუხებლად ჩქარი დროის დინება.

 

ყველაზე რეალური ასეთ რეალობაში თავად ეს რეალობაა. რელობა, რომელიც თავისთავად მარტო გამყოფებს, ხანდახან გაიძულებს კიდეც ამ მარტოობას. და აი, მივადექით ფაქტს #3

 

მარტოსულობისა და თამბაქოს კავშირზე ჩარლზ ბუკოვსკის სახე ამომიტივტივდა გონებაში. ბევრი არაფერი ვიცი მასზე, გულწრფელად რომ ვთქვა, დიდად არც არასდროს დავინტერესებულვარ, თუმცა ბავშვობაში წაიკითხული ერთი ციტატა კარგად დამამახსოვდა: “and when nobody wakes you up in the morning, and when nobody waits for you at night, and when you can do whatever you want. What do you call it, freedom or loneliness?”

მეცნიერები მარტოსულობას თამბაქოზე დამოკიდებულებას იმიტომ ადარებენ, რომ ადამიანის ორგანიზმზე ორივე ერთნაირად მოქმედებს: თანდათან წამლავს, იმუნიტეტს უქვეითებს, ასუსტებს, ხალისს აკარგვინებს და ბოლოს სხვა, არაბიოლოგიური განზომილებისკენ მიუძღვება.