ისრაელ-პალესტინის „ომის“ უახლესმა ეპიზოდმა ისრაელის ნამდვილი სახე გამოააშკარავა. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ისრაელი არ არის და არც არასდროს ყოფილა ერი-სახელმწიფო. ისრაელი, რომელიც ერთი შეხედვით ებრაული იდენტობის თავშესაფარად თუ ტექნოლოგიური და ცივილიზაციური პროგრესის მაგალითად წარმოჩინდება, რეალურად დაარსების დღიდან ომის, რასიზმისა და კოლონიალური მენეჯმენტის აპარატი აღმოჩნდა. საბოლოოდ კი თანამედროვე რუსეთის მსგავს ტერორისტულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
მე „ომს“ ბრჭყალებში ვსვამ, რადგან სინამდვილეში ეს არ არის ომი. ომში, მოგეხსენებათ, მინიმუმ ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ებრძვიან ერთმანეთს. პალესტინელები კი უმეტესად ქვებით იგერიებენ ისრაელის ტანკებს. შესაბამისად, ამ საქმეთა ვითარებას ომს ვერავინ უწოდებს. რასაც დღეს საერთაშორისო საზოგადოება უყურებს (და სხვა არაფერს აკეთებს), ეს არის, ცალსახად, გენოციდი.
1948 წლის 14 მაისს დაარსდა ეგრეთ წოდებული ისრაელის სახელმწიფო და დიდი ბრიტანეთის ჯარმა დატოვა ალ-ქუდსი (იერუსალიმი). მე არ ვარ ისტორიკოსი, არაფერი ვიცოდი ისრაელისა და პალესტინის წარსულისა თუ აწმყოს შესახებ, შესაბამისად, ბევრი გულუბრყვილო კითხვა გამიჩნდა. მაგალითად: რას აკეთებდა იქ ბრიტანეთის ჯარი და რა იყო მისი როლი ან საჭიროება ისრაელის დაარსებაში? აქვე მეორე, უფრო ხშირად დასმული კითხვა: რა ხდებოდა „წმინდა“ მიწაზე ისრაელის დაარსებამდე?
ამ ორივე კითხვის შესანიშნავი პასუხი მოიძებნება ნაომი შეფერდის წიგნში „ქვიშის დამუშავება: ბრიტანეთის მმართველობა პალესტინაში 1917-48“ და უსამა მაკდისის წიგნში „თანაცხოვრების ეპოქა“. შესაბამისად, არც 7 ოქტომბერს დაწყებულა ეს ყველაფერი და არც 1948-ში, არამედ 1917 წლის 2 ნოემბერს ბალფურის დეკლარაციის გამოქვეყნებით.
ბრიტანეთის ჯარის პალესტინაში შეჭრის შემდგომ გამოქვეყნდა ბალფურის დეკლარაცია, რომელიც პალესტინაში ებრაელი ხალხის ეროვნული კერის დაარსებას მოიაზრებდა, მაგრამ რატომ დაინტერესდა მოულოდნელად ინგლისი ებრაელი ხალხისთვის ახალი „ეროვნული კერის“ (National Home) დაარსებაში? ამ დოკუმენტს ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა: სიონიზმის სტრატეგიული გამოყენება, რისი მიზანიც პალესტინის ტერიტორიაზე ბრიტანულ ინტერესებს მორგებული ადმინისტრაციული ერთეულის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა იყო.. ამ ყველაფერმა სამომავლოდ (1948 წლიდან დღემდე) პალესტინელი ხალხის ეთნიკური წმენდისა და გენოციდისთვის იდეალური პირობეი შექმნა. ნაციონალისტი სიონისტები, 1917 წლიდან, სწორედ ამ დანიშნულებას ასრულებდნენ ინგლისისთვის და დღეს უკვე ამერიკის სახელით განაგრძობენ. თუმცა, არც რუსეთისა და მანამდე არც საბჭოთა კავშირის ინტერესების მიღმა ყოფილა, პალესტინის სიონისტებით მომარაგება.
დღეს ცნობილი ფაქტია რომ მანდატების სისტემა ომისა და კოლონიური პროექტის ნაწილი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მანდატების სისტემა გაეროს სამეურვეო საბჭომ ჩაანაცვლა, თუმცა ამის შედეგად ძალთა ასიმეტრიაში არავითარი რეალური ცვლილება არ მომხდარა. სიონიზმის იდეასა და ისრაელის დაარსებას 1917 წლიდან მოყოლებული ებრაული საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა. სიონიზმსა და ებრაელობას არაფერი ჰქონდათ საერთო, ეს ყალბი იდენტობა ყოველთვის იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურებოდა. ვფიქრობ, პარალელის გავლება შეიძლება სიონიზმსა და პუტინის რუსიფიკაციის პროექტს შორის, სადაც ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის გენეალოგია, მოულოდნელად რუსულ ელემენტს ატარებს. თუ სიონიზმი ებრაული იდენტობის გაყალბებასა და სამხედრო მობილიზაციას გულისხმობს, პუტინის რიტორიკა პოსტსაბჭოთა იდენტობებს მსგავსი პრინციპით აყალბებს.
სუბიექტურობის წარმოება, მმართველობის ახალი ფორმა და ტაქტიკაა, რომელსაც მიმართავდნენ სხვა იმპერიები, მათ შორის საბჭოთა რეპრესიული აპარატიც, მაგრამ მისი ტაქტიკისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიას ჩვენ უშუალოდ ლიბერალური მართვის ტექნიკა შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოს კონტექსტში, რუსეთი მას ბევრად უფრო აქტიურად (თუმცა არაეფექტურად) იყენებს ვიდრე დასავლეთი. რუსული ნეოლიბერალიზმისა და პუტინისტური რეიგანომიკის საკითხს ცალკე განხილვა სჭირდება. ამ ეტაპზე უნდა გადავდოთ.
სიონიზმი გულისხმობს ებრაული იდენტობის „მდუმარე ხორცად“ გადაქცევას, მის დადუმებას და მის ნაცვლად სხვა, ყალბი იდენტობის წარმოებას. სიონიზმი, როგორც იდეოლოგია, დისკურსის და ერთგანზომილებიანი შაბლონების უწყვეტი წარმოებაა, მისი მიზანია სიმართლის გაყალბება. ასე მაგალითად, გენოციდის კრიტიკის საპასუხოდ, ისინი აცხადებენ: „ეს არის ანტისემიტიზმი, პალესტინელებს არ ადარდებთ საკუთარი ხალხის სიცოცხლე, ისინი ბავშვებს ტერორისტებად ზრდიან, ისინი საკუთარ მოსახლეობას ფარად იყენებენ, ჰამასი უნდა განადგურდეს.“ თუ თავდაპირველად სიონიზმი ომის წარმოების საშუალება იყო, დღეს ის საკუთარი კოლონიალური ცოდვების შენიღბვას ემსახურება. ომი უკვე გენოციდად გადაიქცა, რომელიც თვითუარყოფას უფრო ჰგავს ვიდრე თავდაცვას. იმდენად შემზარავია დღევანდელი ვითარება, რამდენადაც სიმპტომატური.
ბალფურის დეკლარაციის შინაარსის პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის დაარსება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება სრულიად ახალი მექანიზმების ამოქმედება, სადაც დასავლეთი საკუთარი კოლონიალური ცოდვების დამალვას აგრესიული სამხედრო-ინდუსტრიული და იდეოლოგიური მეთოდებით ცდილობს. არაერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ თავად ისრაელის დაარსება დასავლური ანტისემიტიზმის (კიდევ ერთი) გამოხატულება იყო. ასევე, ისტორიულიად აღიარებული ფაქტია, რომ სიონიზმის პოლიტიკური დანიშნულება, ბრიტანეთის მიერ ამერიკისა და რუსეთის ებრაული საზოგადოების მობილიზაცია იყო, რათა მათ გავლენა მოეხდინათ საკუთარ მთავრობებზე ომში მონაწილეობის გასაგრძელებლად. სიონიზმი ყოველთვის ომის და პოლიტიკური მობილიზაციის სტრატეგია იყო.
ნაომი შეფერდი თავის ისტორიულ კვლევას პალესტინაში მყოფი ბრიტანელი ადმინისტრატორების და საჯარო მოხელეების (კოლონიალისტი მმართველების) წერილებს, დღიურებს, ოფიციალურ დოკუმენტებსა და მემუარებზე აფუძნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ებრაული და არაბული იდენტობის კოლონიზაციის ისტორიას და მის „მდუმარე ხორცად“ ქცევის პროცესს აღწერს. ეს კოლონიალისტური მზერა ომის წამაქეზებელ ერთგანზომილებიან იდენტობებს აწარმოებდა.
პალესტინა მიეკუთვნებოდა იმ რიგ მიწებსა და ტერიტორიებს, რომელიც ერთა ლიგამ (League of Nations) სამანდატოდ გადასცა ბრიტანეთს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. დროთა განმავლობაში, არაბული და სიონისტური შეხედულებების შეუთანხმებლობის შედეგად კონფლიქტი ეტაპობრივად მზარდი და დაუმორჩილებელი ხდებოდა. ასეთივე მზარდი და დაუმორჩილებელი გახდა კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის იმპერიული მმართველობის ქვეშ, რომელიც აყალიბებდა აფხაზურ იდენტობას. ბრიტანეთი ნათლად ხედავდა, რომ „პალესტინა-ისრაელი“ ყველაზე პრობლემურ კოლონიად იქცეოდა. ამრიგად, 1948 წელს „ისრაელის დაარსების“ აქტი, სინამდვილეში ინგლისის მიერ მისივე გაუბედურებული კოლონიის, მისივე წინდაუხედავი პოლიტიკური რიტორიკის შედეგად შექმინილი დაპირისპირების, უპასუხიმგებლოდ მიგდების და მიტოვების აქტი აღმოჩნდა. ომი მოგებული იყო და სიონიზმს დანიშნულება აღარ ქონდა. „პალესტინა-ისრაელი“ ამ მომენტიდან გაერთიანებული ერების (United Nations) მმართველობის ქვეშ მოექცა.
1948 წელს ინგლისის მანდატი დასრულდა. ამერიკამ და საბჭოთა რუსეთმა აღიარეს ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანებით, ამერიკამ დეტალურად დაიწყო პალესტინის სიტუაციის შესწავლა. შეიქმნა სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის UNSCOP ‘გაერთიანებულ ერთა პალესტინის სპეციალური კომიტეტი’ და ‘ანგლო-ამერიკული საგამოძიებო კომიტეტი’ (Anglo-American Committee of Inquiry), რომლებიც კონკრეტულად „ისრაელი-პალესტინის“ მართვის საკითხებით დაკავდნენ. ამ დროს შეიქმნა „გაყოფის გეგმა“, რომელიც პალესტინის ორ ნაწილად დაყოფას მოიაზრებდა. ბუნებრივია, პალესტინის არაბი და არასიონისტი ებრაელების მოსახლეობა თავიდანვე წინააღმდეგი იყო მსგავსი შეთანხმების, მაგრამ როგორც აღმოჩნდა დროთა განმავლობაში, სიონისტებიც აღარ კმაყოფილდებოდნენ მსგავსი მორიგებით.
1948 წლიდან კოლონიალური ესტაფეტა და სიონისტი მენეჯერების არმია ნაწილობრივ გადაეცა ამერიკას. აღსანიშნავია, რომ სიონიზმი სრულიად ევრო-ატლანტიკური და რუსული კოლონიალური აზროვნების პროდუქტია და არ წარმოადგენს ებრაულ იდენტობას. ‘საკუთარი ქვეყნის სხვის მიწაზე დაარსება’ ფუნდამენტურად იმპერიალისტური აზროვნების სტილია და ამ ფართო იმპერიული ლოგიკის ნაწილია რუსეთი და ჩინეთის სხვა მხრივ განსხვავებული სტრატეგიები.
აღსანიშნავია, რომ პალესტინა მრავალფეროვანი რელიგიური და კულტურული გარემოთი გამოირჩეოდა. საწყის ეტაპზე აშკენაზი რუსი და ევროპელი სიონისტების ემიგრაცია პალესტინაში სრულიად შეუმჩნეველი იყო, მეტიც, პალესტინის მულტიკულტურულ გარემოში, სადაც უკვე პალესტინელი ებრაელები და არაბი ქრისტიანები ცხოვრობდნენ, სიონისტებს დადებითი განწყობითაც მიესალმნენ. ასე თუ ისე, ეთნოსი და რელიგია პრობლემას არ წარმოადგენდა. დაპირისპირებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სიონიზმმა თავისი რადიკალური, ნაციონალისტური და კოლონიური სახე გამოავლინა. რუსი და ევროპელი ებრაელების ყოველ ახალ ემიგრაციულ ტალღას მეტი რადიკალიზმი და ნაციონალიზმი მოჰყვებოდა. ის ყოველ ჯერზე არსებულ იმპერიალისტურ ძალასთან კოლაბორაციონიზმის გზით, პალესტინელი ებრაელის იდენტობას, საკუთარი სიონისტური ვარიაციით ანაცვლებდა.
ზემოაღწერილი იმპერიალისტური პრაქტიკებით და რელიგიური მითოსით მოცული რიტორიკით, რომელიც „წმინდა მიწისა“ და „რჩეული ხალხის“ გარშემო ტრიალებს, დროთა განმავლობაში პალესტინა ისრაელის სასაკლაოდ გადაიქცა. დღეს ისრაელი რელიგიური ფანატიზმით არა მხოლოდ მიმდინარე გენოციდის, არამედ გლობალური და ისტორიული კოლონიალური წარსულის გამართლებას ცდილობს. უკვე ევროკავშირის წევრმა სამმა ქვეყანამ აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა: ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ. ევროკავშირსა და ისრაელს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო იძაბება, ამერიკაში სტუდენტური პროტესტები არ ცხრება. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მალე ყველა პროგრესულ დასავლურ ქვეყანას მოუწევს მღელვარე უკმაყოფილებისთვის თვალის გასწორება. სხვა შემთხვევაში, რთული იქნება საუბარი საერთაშორისო სამართალსა თუ დემოკრატიაზე.
ბიბლიოგრაფია
- Makdisi, U. (2019). Age of coexistence: The ecumenical frame and the making of the modern Arab world. Univ of California Press.
- Shephard, N. (1999). Ploughing sand: British rule in Palestine, 1917-1948. Rutgers University Press.