2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინური სამხედრო ფორმირებები, ისლამისტური და პალესტინური ნაციონალისტური ორგანიზაცია „ჰამასის“ მეთაურობით, თავს დაესხნენ ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, მოკლეს და მძევლად აიყვანეს ისრაელის ასობით მოქალაქე, რომელთა შორისაც დიდ ნაწილს სამოქალაქო პირები შეადგენდნენ. ამის საპასუხოდ, ისრაელმა აქტიური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორში, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა პალესტინურ მოსახლეობაში და ისრაელის მიერ არაერთი სამხედრო დანაშაული იქნა ჩადენილი. საერთაშორისო ტრიბუნალმა კი გამოძიება დაიწყო ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გამო, რომელთაც პოტენციურად გენოციდის ხასიათი გააჩნდათ.
კონფლიქტმა სწრაფად მიიღო რეგიონული და გლობალური ხასიათი და მასში სწრაფად აღმოჩნდნენ ჩართული როგორც ისრაელის მთავარი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ლიბანი, რომლის ტერიტორიიდანაც ოპერირებს შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლა,“ რომელიც რეგიონში ირანის მთავარ მოკავშირედ და ამ უკანასკნელის სპონსორობით ორგანიზებული «წინააღმდეგობის ღერძის» ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მოიაზრება. კონფლიქტში ასევე ჩაერთო თავად ირანიც, რომელიც, ისრაელის სპეცსამსახურების მიერ მის ტერიტორიაზე „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის – ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ირანი, როგორც „ჰამასის“ და „ჰეზბოლას,“ ასევე ირანის და სირიის ტერიტორიაზე მოქმედი შიიტური ფორმირებების მთავარი სპონსორი, კონფლიქტში ისედაც იყო ჩართული, მაგრამ ისრაელის მიერ მოვლენების ამდაგვარმა ესკალაციამ ირანი მორალური დილემის წინაშე დააყენა, რომელიც მას აიძულებს ან გაზარდოს კონფლიქტში ჩართულობის დონე ისე რომ ეს უკვე მისთვის ხელსაყრელი არ იყოს ან თავი შეიკავოს ესკალაციისაგან და ამით, რეგიონში საკუთარ პრესტიჟს დიდი დარტყმა მიაყენოს. ამავე დროს, როგორც ისრაელის ხელისუფლების, ისე ჰამასის რიგებში პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო, ცეცხლის შეწყვეტის და შემორჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია.
მიუხედავად ისრაელ-არაბთა ხანგრძლივ კონფლიქტში პალესტინის ცენტრალური როლისა, არაბული ქვეყნების უმრავლესობა, პალესტინელების რაიმე სახის სამხედრო მხარდაჭერისაგან დიდი ხანია თავს იკავებს და გამონაკლისი არც ამჯერად მოხდა. ერთადერთ გამონაკლისად იემენში მოქმედი, ჰუსიების სახელით ცნობილი ორგანიზაცია „ანსარულლაჰი“ იქცა, რომელიც ირანის ახლო მოკავშირეა და ამავე დროს აკონტროლებს თითქმის მთელ ყოფილი ჩრდილოეთ იემენის რესპუბლიკის ტერიტორიას. თუმცა ამ უკანასკნელის მოქმედებებიც უმეტესწილად წითელ ზღვაში საზღვაო ტრაფიკის საბოტირებით შემოიფარგლება. არაბული ქვეყნების, პირველ რიგში კატარის და ეგვიპტის ფოკუსი მთლიანად ისრაელს და ჰამასს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებითაა შემოფარგლული. რაც შეეხება სხვა ტიპის მხარდაჭერას, იქნება ეს პალესტინელი ლტოლვილების მიღება, ისრაელზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება თუ სხვა რამ, არაბული ქვეყნების უმეტესობა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას და საკუთარი მოსახლეობის პრო-პალესტინურ განწყობებს და საკუთარ წმინდა პრაგმატულ ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ამჯობინებს.
რა განაპირობებს არაბული ქვეყნების უმეტესობის ასეთ განწყობას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც რეგიონის ისტორიულ წარსულს, ისე თანამედროვე გეოპოლიტიკურ ფაქტორებს და რეგიონის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არსებულ ძალთა ბალანსს და დინამიკას.
პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, არაბული ქვეყნების შიშია რომ პალესტინელი დევნილებისათვის საზღვრების გახსნა ღაზას სექტორის და ნაწილობრივ, დასავლეთ სანაპიროს მასობრივ დეპოპულაციას გამოიწვევს. პოტენციური ეთნიკური წმენდის ეს ალბათობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ისრაელი მისი განხორციელებით დაინტერესებული ჩანს, პირველ რიგში დიდი დარტყმა იქნება არაბული ქვეყნების, შემდგომ კი ირანის პრესტიჟზე და ყველანაირი პოტენციალი ექნება გამოიწვიოს იგივე რეაქცია რომელიც ისრაელ-არაბთა 1948 წლის ომს მოჰყვა, რომელმაც უშუალოდ შეუწყო ხელი თავისუფალ ოფიცერთა მოძრაობის შექმნას სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში და მათი ხელით ამ ქვეყნებში ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის ცვლილების მიზეზი გახდა. ამავე დროს, პალესტინური მოსახლეობის ეთნოწმენდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საყრდენს ართმევს როგორც არაბულ სამყაროს, ისე ირანს, რომლებიც პალესტინელების საკუთარ პროქსიდ გამოყენებისაგან არასოდეს იხევდნენ უკან.
მეორე ფაქტორი, რომლის გამოც არაბული ქვეყნები მაქსიმალურად ერიდებიან პალესტინელი დევნილების მიღებას, ისტორიული გამოცდილებაა, სადაც პალესტინელი დევნილების თუ დიასპორის მიერ არაერთ არაბულ ქვეყანაში შესრულებული როლი მკვეთრად უარყოფითი იყო და ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკაში საკმაოდ სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვია. მაგალითად, იორდანიაში, რომელიც თავდაპირველად ეგვიპტესთან ერთად პალესტინური ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო და პალესტინურ ფორმირებებს საკუთარ ტერიტორიაზე ბაზების განთავსების საშუალებაც მისცა. მიუხედავად 1968 წელს გაფორმებული შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც პალესტინური ორგანიზაციები და იორდანიის ხელისუფლება ადგენდნენ იმ წესებს, რომლის მიხედვითაც პალესტინელებს იორდანიის ტერიტორიაზე მოქმედების უფლება გააჩნდათ, პალესტინურმა ფორმირებებმა, რომლებიც პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სახელით იყვნენ გაერთიანებულები, არასწორად შეაფასეს საკუთარი ლეგიტიმაცია არაბულ სამყაროში და სხვა არაბული ქვეყნების მიერ შესაძლო მხარდაჭერის ალბათობა და იორდანიის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება დაიწყეს, რომელსაც პალესტინელების მხარეს სირიის სამხედრო ინტერვენცია და შავი სექტემბრის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომი მოჰყვა. საბოლოოდ, დაპირისპირება პალესტინელების მარცხით და იორდანიიდან გაძევებით დასრულდა. პალესტინის გამათავისუფლებელმა ორგანიზაციამ თავისი შტაბი ლიბანის ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც სექტარიანული პოლიტიკური სისტემა, ფაქციონალიზმი და ეფექტური ცენტრალური ხელისუფლების არარსებობა პალესტინურ ორგანიზაციებს მანევრირებისათვის საკმაოდ დიდ ზონას აძლევდა. მიუხედავად იმისა რომ ლიბანის ხელისუფლებამ პალესტინელ დევნილებს, არსებული მყიფე სექტარიანული ბალანსის დარღვევის შიშით, მოქალაქეობა და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლება არ მისცა, ამ უკანასკნელებმა, პირველ რიგში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის საშუალებით, ლიბანის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და რამდენადაც ლიბანის მოსახლეობის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვეს, იმდენად გაიუცხოეს ლიბანის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი და ქვეყნის დესტაბილიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. საბოლოოდ, პალესტინელების აქტიურობას სამხრეთ ლიბანში ისრაელის ინტერვენცია და რეგიონის ხანგრძლივი ოკუპაცია მოჰყვა. პალესტინელი დევნილები ლიბანში დღემდე რჩებიან თემად, რომლის იურიდიული და პოლიტიკური სტატუსი პრობლემურია და ადგილობრივ მოსახლეობას მათ მიმართ არაერთგვაროვანი აზრები გააჩნია. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც არაბული ქვეყნების ელიტებს შორის პალესტინელების უარყოფითი რეპუტაცია გაამყარა, ერაყის მიერ კუვეიტის ოკუპაცია და ერაყის პირველი ომი გახლდათ. ერაყის შემოჭრის მომენტისთვის, კუვეიტში დაახლოებით 450 000 პალესტინელი დევნილი და შრომითი მიგრანტი ცხოვრობდა, რომელთა არც ისე მცირე ნაწილმა ერაყის არმიასთან აქტიური თანამშრომლობის გზა აირჩია. სადამ ჰუსეინს მხარდაჭერა გამოუცხადა პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის და პარტია ფათაჰის ლიდერმა იასირ არაფატმაც. შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერვენციის და პირველ ერაყის ომში სადამ ჰუსეინის არმიის მარცხის შემდეგ კუვეიტის ხელისუფლებამ პალესტინელების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამავე დროს, პალესტინელების ამ გადაწყვეტილებამ, არამხოლოდ კუვეიტში არამედ მთლიანად ყურის არაბულ ქვეყნებში, პალესტინელების მიმართ ნდობა სერიოზულად შეარყია და მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება გააძლიერა. ისეთმა ქვეყნებმაც როგორებიცაა კატარი, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი საკმაოდ გაამკაცრეს პალესტინელების მიმართ დამოკიდებულება და მიუხედავად პალესტინის ადმინისტრაციის მცდელობებისა, რომლებიც 2005 წელს პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ საჯარო ბოდიშის მოხდით დასრულდა, პალესტინელების რეპუტაციამ ძალიან დიდი ზარალი განიცადა.
მიუხედავად რეგიონში და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებული განწყობისა, არაბული ქვეყნების ელიტების საკმაო ნაწილის ისტორიულ და პოლიტიკურ მეხსიერებაში პალესტინელები არასანდო და პრობლემურ სოციალურ ჯგუფად მოიაზრებიან. რის გამოც, მათი მთავარი პრიორიტეტი არა პალესტინის საკითხის მოგვარება, არამედ პალესტინური ფორმირებების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება და საკუთარი მოსახლეობის საკმაო ნაწილის პროპალესტინურ განწყობებს და საკუთარ პრაგმატულ ინტერესებს შორის მყიფე ბალანსის შენარჩუნებაა. მაგალითად, ეგვიპტე, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს სინას ნახევარკუნძულის კონტროლთან მიმართებაში, არანაირად არ არის დაინტერესებული მიიღოს პალესტინელი დევნილები, რომელთა დიდ ნაწილსაც იდეოლოგიურად მოტივირებულ და პოლიტიკურად რადიკალიზებულად თვლის და რომელთაც მის თვალში შავი სექტემბრის აჩრდილი უკან დაჰყვებათ. ყურის არაბულ ქვეყნებს კუვეიტის მოვლენები კარგად ახსოვთ და მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ნაკლებად სავარაუდოა რომ მათი ლიდერების მოსაზრებები რადიკალურად შეცვლილიყო. ამავე დროს, პალესტინაში კონფლიქტის მორიგი ცხელი ფაზის დაწყებამდე, არაბულ ქვეყნებს და ისრაელს შორის, პირველ რიგში დასავლეთის მიერ დასპონსორებული ნორმალიზაციის ტენდენცია შეინიშნებოდა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისრაელის და პირველ რიგში სუნიტური არაბული ქვეყნების დაპირისპირება ირანთან. აბრაჰამის შეთანხმებით ცნობილ ხელშეკრულებას, რომელიც ისრაელს და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად, კონფლიქტის დაწყებამდე, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, მაროკომ და სუდანმა მოაწერეს ხელი. დღის წესრიგში იდგა აშშ-ს სპონსორობით ისრაელს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაც, თუმცა იმ რეაქციის გამო, რომელიც პალესტინაში კონფლიქტის ახალი ფაზის დაწყებას არაბულ სამყაროში მოჰყვა, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ეს პროცესი ამ ეტაპზე შეაჩერა. იმის გათვალისწინებით რომ ისრაელს და არაბულ ქვეყნებს შორის ნორმალიზაციის პროცესი არაბულ ქვეყნებში სახალხო მხარდაჭერის გარეშე მიმდინარეობდა და სპარსეთის ყურის არაბულ მონარქიებს და ირანს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება, შეიძლება ითქვას რომ ის დინამიკა, რომელიც უშუალოდ ნორმალიზაციას განაპირობებდა ნარჩუნდება. შესაბამისად, მიუხედავად სირთულისა რომელიც საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას და პრაგმატულ ინტერესებს შორის ბალანსირებასთან არის დაკავშირებული, დიდია იმის ალბათობა რომ მიუხედავად ომის ხანგრძლივობის და ისრაელის ქმედებებისა, არაბული ქვეყნების ხელისუფლებების უმეტესობა, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მალევე დაუბრუნდება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკას.
მესამე ფაქტორი პალესტინური ფორმირებების, მათ შორის ტრადიციულად სუნიტური ისლამის მიმდევარი ჰამასის, სექტარიანული სხვაობის მიუხედავად, ირანთან დაახლოებაა. არაბული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი, საუდის არაბეთის მეთაურობით, ირანს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ კონკურენტად, მის მოკავშირეებს კი საკუთარი გავლენის წინააღმდეგ მიმართულ პრობლემად მოიაზრებს. შესაბამისად, მიუხედავად ოფიციალური განცხადებების და ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილის პალესტინის მხარდამჭერი განწყობებისა, ამ ქვეყნებისთვის მთავარი არა ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერება და პალესტინის მოსახლეობის დახმარება, არამედ წმინდა პრაგმატული ინტერესებია, სადაც ჰამასის და ოპტიმალურ შემთხვევაში, ჰეზბოლას მარცხი და ისრაელის სამხედრო ინტერვენცია ლიბანში, საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს საშუალებას მისცემს რეგიონში საკუთარი გავლენა ირანის ხარჯზე გააფართოოს.
ამგვარად, იმ უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად რომელიც დღეს პალესტინაში ხდება, არაბული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის პოლიტიკურ ინტერესებში პალესტინა საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობების გამო არაბული ქვეყნების ლიდერები იძულებულები არიან რიტორიკით თუ დიპლომატიურად პალესტინელებს მხარდაჭერა გამოუცხადონ, მაგრამ მათი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ისტორიული ფაქტების და რეგიონული დინამიკის გამო საკმაოდ განსხვავებულია და ამის გამო, რეალური პოლიტიკური ნება რომ არაბულმა ქვეყნებმა უფრო აქტიური როლი შეასრულონ კონფლიქტის გადაწყვეტაში ფაქტობრივად არ არსებობს. ასეთ რეალობაში, კონფლიქტს დასრულების ყველაზე რეალურ ვარიანტად ისევ პირველ რიგში დასავლეთის ქვეყნების მიერ ორგანიზებული ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება რჩება.
მთავარი ფოტო: ამანი, პალესტინის მხარდასაჭერი მიტინგი,
2023 წელი, ავტორი Annie Sakkab/Bloomberg/Getty Images