სიყვარულის ნეირობიოლოგია

სიყვარულის ნეირობიოლოგია

ავტორი: ქეთი თუთბერიძე

12 ოქტომბერი 2024

“სიყვარულის საპირისპირო გრძნობა არა სიძულვილი, 

არამედ გულგრილობაა”. 

 

რობერტ საპოლსი – ამერიკელი ნეირობიოლოგი

 

 

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კატომ ორი კვირა გაატარა. ერთადერთი საკვები წყალი და ტკბილი ნალექიანი ყავა იყო. მუქი მელნისფერი ფარდებიდან ოქტომბრის მზის სხივები ოთახამდე ვერ აღწევდა. კატოს ეგონა, რომ ფანჯრებს მიღმა არსებულ სამყაროს ის აღარ ეკუთვნოდა. მხოლოდ ქუჩის ხმაური თუ ახსენებდა, რომ ჯერ ისევ ცოცხალია, ხოლო დროებითი სიჩუმე ახალი დღის დადგომას ამცნობდა.

 

 

ცხოვრება მიტოვების შემდეგ 

ამბავი #1

  

“ზოგჯერ დროისა და სივრცის შეგრძნებას საათების განმავლობაში ვკარგავდი. მავიწყდებოდა სად ვიყავი, რატომ ვიყავი და საერთოდ რატომ უნდა მეცოცხლა. ახლა ვხვდები, რომ ეს აზრები დროებითი იყო, თუმცა მაშინ დედამიწის ზურგზე ერთი ადამიანიც ვერ მოიძებნებოდა, ვინც დამარწმუნებდა, ფეხზე დადგომას, ქუჩაში გასვლას და ხელახლა შეყვარებას ისევ მოახერხებო”. – იხსენებს კატო ათი წლის წინანდელ პერიოდს. 

 

იგი 23 წლის იყო, როცა ალექსანდრემ მიატოვა. სამწლიანი ურთიერთობა შეყვარებულთან მოულოდნელად, – ნახევარსაათიანი შეხვედრით დასრულდა. 

 

“არ ვიცოდი, რა იქნებოდა შემდეგ. საერთოდ სიტყვა “შემდეგ” აღარ არსებობდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ აუტანელი სასოწარკვეთა და თვითგვემა. მას გადავუყვარდი და სხვა შეუყვარდა იმაზე ადრე, ვიდრე მე მივხვდებოდი. მერე მის გარეშე ცხოვრების სწავლა მომიწია”.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციის კვლევის თანახმად, პარტნიორთან დაშორების შემდეგ ქალების 26% დეპრესიის მსუბუქი, საშუალო ან მწვავე სიმპტომებით იტანჯება. ეს პერიოდი, დაახლოებით, 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება. ამავე კვლევაში წერია, რომ დეპრესიის რისკს მიტოვების შემდგომ ორი ფაქტორი განაპირობებს: “მოულოდნელი დაკარგვის ეფექტი” და “რომანტიკული ურთიერთობის ნაკლებობა”. 

 

კატო იხსენებს იმ დღეს, როცა დაშორების შემდეგ პირველად გავიდა გარეთ.  ადგილები, სადაც ყოფილ შეყვარებულთან ერთად სეირნობდა, შფოთვას იწვევდა. ამ მოგონებებთან გამკლავება მისთვის ახალი სირთულე აღმოჩნდა. 

 

“იყო წუთები, როცა სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. თუ წარმოვიდგენდი, რომ ახლა სხვასთანაა ზუსტად ისე, როგორც ჩემთან იყო, სუნთქვა მიჭირდა. მინდოდა ხოლმე დამერეკა, მაგრამ დამამცირებელი პასუხი მისგან კიდევ უფრო მეტად დამაზიანებდა”.

 

მერე იყო საკუთარი თავისადმი სრული უნდობლობა, დანაშაულის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასების გამო ახალი ნაკლოვანებების ძიება საკუთარ გარეგნობასა და ხასიათში. 

 

ფსიქოთერაპიამ კატოსთვის შედეგი გამოიღო, მაგრამ ახალი ურთიერთობის დაწყების ყველა მცდელობა უშედეგო იყო მანამ, სანამ შერიგების იმედი საბოლოოდ არ გადაეწურა. 

 

“იცით ყველაზე მეტად რა აფერხებს დავიწყებას? შერიგების იმედი. ესაა სატყუარა და ძალიან ცუდი რამე. იქამდე ვიტანჯებოდი, სანამ ყველაფერი ჩემ გონებაშივე არ დავამთავრე. რამდენიმე წლის შემდეგ თავიდან შეყვარებაც შევძელი”, – ამბობს კატო. 

 

ჰორმონების მოლეკულური ქაოსი

 

გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი წერდა, რომ ადამიანის ცხოვრება ერთი სიყვარულისთვის  ზედმეტად ხანგძლივია. თანამედროვე ნეიროენდოკრინოლოგიაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბევრი რამ სიყვარულში ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადამტანი მოლეკულების, იგივე ჰორმონების ბრალია. 

 

ეს ჰორმონები თავის ტვინის ლიმბურ სისტემასთან მჭიდრო კავშირშია. ლიმბური სისტემა, როგორც ტვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსი, პასუხისმგებელია სწავლის, მეხსიერებისა და ემოციების ნაწილზე. შესაბამისად, ამ სისტემის შემადგენელ ჰიპოთალამუსთან, ჰიპოკამპუსთან, ბაზალურ განგლიასთან და ამიგდალასთან დაკავშირებული შვიდი ჰორმონი ადამიანის ემოციებსა და გრძნობებს განსაზღვრავს. ეს ჰორმონებია: ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, დოპამინი, ტესტოსტერონი, ესტროგენი, ნორადრენალინი და სეროტონინი. ყველა მათგანი სიყვარულის პროცესში უნიკალურ ქიმიურ როლს ასრულებს. მთავარი მაინც ოქსიტოცინია, ხოლო რომანტიკულ დადებით ემოციებს და “მუცელში პეპლებს” დოპამინი და სეროტონინი განსაზღვრავს. 

 

კლივლენდის კლინიკის (ოჰაიო, აშშ) ნეიროფსიქოლოგი სინტია კუბუ ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ადამიანში სეროტონინისა და დოპამინის დონის მატებას ყველაზე მეტად რომანტიკული სიყვარული განაპირობებს, რაც თავის მხრივ, ეიფორიის შეგრძნებებს აღძრავს. თავდაპირველად, ოქსიტოცინის, დოპამინის და სეროტონინის გადაჭარბებული დოზით წარმოქმნამ შესაძლოა ყურადღების დეფიციტი და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გამოიწვიოს, თუმცა რამდენიმე თვეში ამ ჰორმონებს ადამიანის ორგანიზმისთვის დადებითი შედეგი მოაქვს. 

 

“ამ ჰორმონებით ე.წ. ინტოქსიკაცია ექვს თვეში დადებით შედეგს გვაძლევს. ხანგძლივი ურთიერთობა ადამიანის ორგანიზმში სტრესს და სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებს ამცირებს. შესაბამისად, ხანგძლივი ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხანმოკლე.  სწორედ ამ ჰორმონების ერთობლიობა ზოგჯერ გვიქმნის განცდას, რომ პარტნიორი, რომელიც ახლახანს გავიცანით, ჩვენი მონათესავე სულია, – ის, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გვინდა”, – ამბობს სინტია კუბუ. 

 

“სიყვარულის ქიმია” სახიფათო მაშინ ხდება, როცა საყვარელ ადამიანს კარგავენ. მოულოდნელი დაშორების შემდეგ ორგანიზმში მომატებული ჰორმონების დონე სწრაფად ეცემა, რაც სტრესს, შფოთვას და მორალურ ტკივილს იწვევს. 

 

კინსის უნივერსიტეტის (ინდიანა, აშშ) რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერი, სიუ კარტერი განმარტავს, რომ განშორების გამო მომატებულ ოქსიტოცინზე  უარის თქმა ხშირად ძვირი გვიჯდება: “ურთიერთობის დასრულება ტვინისთვის და სხეულისთვის იმდენად დიდი სტრესია, რომ შესაძლოა, ტკივილი ფიზიკურდაც იგრძნოს ადამიანმა. ხშირი სიმპტომებია უძილობა, უმადობა და შფოთვა, მოტივაციის დაკარგვა. აგრეთვე ოქსიტოცინი გულის ქსოვილებისთვის იმდენად სასარგებლო ჰორმონია, რომ დაშორება გულს გვტკენს არა მხოლოდ მეტაფორულად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით”. 

 

ნეიროფსიქოლოგი სინტია კუბუ ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ დაშორებით გამოწვეული სტრესი ყველაზე მძიმე გადასატანი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაშია. “შემდეგ ორგანიზმი თვითგადარჩენის ინსტინქტს რთავს და სიყვარულის ჰორმონების დარეგულირებასაც თავად ცდილობს”. 

 

უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მედიცინაში დამკვიდრდა ტერმინი “გატეხილი გულის სინდრომი”, იგივე ტაკოცუბოს კარდიომიოპათია. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი დაავადება, როცა პაციენტი საყვარელი ადამიანის დაკარგვით (მიტოვება, გარდაცვალება) გამოწვეულ ძლიერ სტრესს განიცდის. ამ სინდრომის დროს გულის კუნთის მუშაობა ნელდება. 

 

დაავადება პირველად 1990 წელს იაპონიაში აღმოაჩინეს, ხოლო სიტყვა “ტაკოცუბო” იაპონურად რვაფეხას მახეს აღნიშნავს. 

 

“გატეხილი გულის სინდრომი”, როგორც წესი, სამი კვირიდან ექვს თვემდე გრძელდება, ფატალური შედეგი 0%-დან 8%-მდე მერყეობს. 2021 წელს აშშ-ის კარდიოლოგიის ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ეს სინდრომი 2006 წლიდან 2017 წლამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. სინდრომის სამიზნე უმეტესწილად, ქალები არიან, თუმცა გარდაცვალების საფრთხე მამაკაცებში უფრო მაღალია. 

 

 

ცხოვრება მიტოვების შემდეგ 

ამბავი #2

 

მარი და რატი ერთმანეთს 2022 წლის თებერვალში შეხვდნენ. მაშინ რატი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა და მის დაბრუნებამდე ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა. 

 

თავიდან იყო მეგობრობა, თუმცა ყველა სხვა დანარჩენი ურთიერთობისგან განსხვავებული, როგორც მარი ახასიათებს. 

 

“მეშინოდა, რომ ჩემი წარსული ტრავმებით ამ ადამიანს ტვირთად დავაწვებოდი. თან ვაცნობიერებდი, ასეთი ძლიერი მიჯაჭვულობა არცერთ კაცთან არ მქონია. დიდი ხანი თავს ვარიდებდი, ის კი მარწმუნებდა, რომ ვუყვარდი, რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. გაცნობიდან თითქმის ორი წლის თავზე მართლაც დავიჯერე,” – ამბობს მარი.

 

სასიყვარულო კავშირმა რამდენიმე თვე გასტანა და ზაფხულის ერთ საღამოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დასრულდა, – ნახვის, ახსნისა და კითხვა-პასუხის გარეშე. მარი იხსენებს, რომ ყოფილი შეყვარებულისგან მოგვიანებით შეთავაზებულ შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან დამშვიდობების სცენა ემოციურად მძიმე გადასატანი იქნებოდა. 

 

“დაშორებიდან სამი კვირის შემდეგ მომწერა, რომ ურთიერთობა არ გამოგვდიოდა, რომ სათანადოდ არ მიყვარდა და მხოლოდ გამოსამშვიდობებლად უნდოდა ჩემი ნახვა. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ ჩემთან ურთიერთობას ნანობდა თურმე. ძალიან გამიკვირდა, რადგან კონფლიქტი არასდროს გვქონია. ეს ყველაფერი 10-წუთიანი ხმოვანი შეტყობინებით გამიმხილა და მოულოდნელად გულში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. იმდენად მეტკინა, ჩანაწერის მეორედ მოსმენა ვეღარც გავბედე”. 

 

დაშორების შემდგომ პერიოდს მარი დღიურში ასახავდა. 30 ივლისით დათარიღებულ ფურცელზე წერს: 

 

“უცხო ადამიანი მგონია, სხვა ადამიანივით მელაპარაკება, თითქოს არც არასდროს ვიცნობდი. მესიჯებზე პასუხებსაც კი არ მწერს. გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი დასრულდა, იმდენად მტკივნეულია, ამ ტკივილს ფიზიკურად ვგრძნობ. მეოთხე დღეა ვერაფერს ვჭამ, ისევ სიცხე მაქვს. მგონია, რომ ჯოჯოხეთში ჩამიყვანა, ხელი გამიშვა და იქ დამტოვა. მე მისთვის არაფერი დამიშავებია. არ ვიცი რატომ, რის გამო ან ვის გამო უარმყო ასეთი გულგრილი, ასეთი სასტიკი, ასეთი ცივსისხლიანი მეთოდით”. 

 

მარი იხსენებს, რომ მონატრებასთან გამკლავება ყველაზე მეტად უჭირდა. თან ფიქრობდა, არ შეიძლებოდა ჰყვარებოდა ის, ვისთვისაც მხოლოდ მივიწყებულ გრძნობად ქცეულიყო. 

 

“დავაჯერე საკუთარი თავი, რომ აღარ მიყვარდა, მაგრამ შინაგანად მაინც უზარმაზარი სიცარიელე დამრჩა. დროთა განმავლობაში ბრაზმაც გადამიარა. მივხვდი, ესეც ადამიანური მერყევი ბუნების ნაწილია, – ჯერ გაღმერთებდეს, შემდეგ დაგივიწყოს. რაღაც პერიოდი საკუთარ თავსაც ვადანაშაულებდი, მერე ჩემ თავსაც ვაპატიე. ისაა გულდასაწყვეტი, რომ მიზეზი არ უთქვამს, რატომ ამომძირკვა მისი ცხოვრებიდან. იქნებ არც თვითონ აქვს ამაზე პასუხი?!”

 

მონოგამიის და ერთგულების ჰორმონი 

 

“სიყვარულის ქიმიურ ფორმულაში” ერთ-ერთი ელემენტი ვაზოპრესინია, – ჰორმონი, რომელიც პარტნიორისადმი მიჯაჭვულობას და ერთგულებას განაპირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჰორმონის პირველადი დანიშნულება ორგანიზმის გაუწყლოებისგან დაცვაა, – კერძოდ, მისი ზემოქმედებით წყურვილის გრძნობა, ხოლო თირკმელებში რეაბსორბციის (წყლის გაფილტვრის და შარდის წარმოქმნის) პროცესი ძლიერდება. 

 

კინსის უნივერსიტეტის მეცნიერი სიუ კარტერი ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის ურთიერთზემოქმედებას მოცეკვავე წყვილს ადარებს: “ვაზოპრესინის და ოქსიტოცინის დინამიური ცეკვა სიყვარულის ყველა ასპექტში ჩანს”. 

 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ სტრესმა, უძილობამ, სამსხურის საქმით გადაღლამ (ე.წ. ბარნაუთი), დეპრესიამ და ნარკოტიკულმა საშუალებებმა შესაძლოა, ვაზოპრესინის შემცირება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობა და სექსუალური ლტოლვა წყვილს შორის იკლებს და დროთა განმავლობაში რომანტიკულ ურთიერთობაში ბზარი ჩნდება. 

 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ) ლექტორი, მოლეკულური ნეიროენდოკრინოლოგიისა და ბიოქიმიის პროფესორი თომას შერმანი ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში ვაზოპრესინის “მონოგამიურ” უნარს აღწერს.

 

მისი თქმით, წყვილს შორის სოციალური ქცევის განსაზღვრასა და მონოგამიური ურთიერთობის განმტკიცებაში უმთავრეს როლს სწორედ ვაზოპრესინი თამაშობს, მის “მეგობარ” ოქსიტოცინთან ერთად. 

 

“ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი სექსუალური კავშირის დროს ყველაზე მეტად აქტიურდება და მიჯაჭვულობაც პარტნიორისადმი მაშინ ყველაზე მეტად ძლიერდება. რაც უფრო ხანგძლივია სასიყვარული კავშირი წყვილს შორის, მით უფრო მეტად ეჩვევა ადამიანის ორგანიზმი ვაზოპრესინის ნორმალიზებულ დონეს და მის ზემოქმედებას. ამიტომაცაა ხანგძლივი ურთიერთობა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც ნეირობიოლოგიას უკავშირდება და არა მორალს”, – წერს თომას შერმანი. 

 

მართლაც, 2023 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Scientific American გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ემორის უნივერსიტეტის (აშშ) ნეირობიოლოგიურ კვლევებს ეფუძნება. მღრღნელებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ცდებმა გამოააშკარავა, რომ მათ ორგანიზმში ვაზოპრესინის ხელოვნურად გაზრდის შედეგად, მღრღნელებს შორის უფრო მჭიდრო “მეგობრული” კავშირი მყარდებოდა. 

 

“მღრღნელების ბაზალურ განგლიაზე (ნერვული კვანძი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში თალამუსსა და ჰიპოთალამუსს შორის) ვაზოპრესინის რეცეპტორების ზემოქმედებამ დაგვანახა, რომ მათ ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვე უნდოდათ, სხეულებით ეკვროდნენ ერთმანეთს. რაც უფრო მაღალი იყო ვაზოპრესინის ზემოქმედება, მით უფრო მეტად უჭირდათ განცალკევება”, – წერს Scientific American. 

 

სიყვარულის “მარადიულობის” ქიმიური ფორმულა

 

პირველად იყო ოქსიტოცინი, – 1909 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჰენრი დეილმა აღმოაჩინა, რომ მშობიარობის შემდგომ საათებში დედის ჰიპოთალამუსში გამომუშავდება დიდი რაოდენობით ნივთიერება, რაც სარძევე ჯირკვლებში რძის ჩადგომას ეხმარება. 

 

მოგვიანებით, 1950-იან წლებში ბიოქიმიკოსმა ვინსენტ დიუ ვინიომ, მომავალში ნობელის პრემიის ლაურეატმა, დაადგინა, რომ “დედობრივი სიყვარულის” გარდა ცხრა ამინომჟავისგან შემდგარი ჰორმონი ოქსიტოცინი რომანტიკული სიყვარულის დროსაც გამომუშავდება. უფრო მეტიც, ყველაზე ძლიერად ეს ჰორმონი სქესობრივი კავშირის შედეგად მიღებული სიამოვნების დროს გამოიყოფა, განსაკუთრებით ორგაზმის განცდისას. 

 

როგორც ირკვევა, ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის გამომუშავების ხარისხი ადამიანებს ორ ჯგუფად ჰყოფს. ხანგძლივმა კვლევებმა და დაკვირვებამ “სიყვარულის მარადიულობა” სხვა პრიზმიდან დაგვანახა. 

 

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნეირობიოლოგმა და ნეიროენდოკრინოლოგმა რობერტ საპოლსიმ ადამიანებისა და პრიმატების ქცევის შესწავლას 40 წელი მოანდობა, რის შედეგადაც არაერთი წიგნი და სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა. სიკეთის და ბოროტების ნეიორობიოლოგიური ასპექტების, სიყვარულისა და სიძულვილის მიზეზშედეგობრივი კავშირი ადამიანის ტვინთან და ჰორმონებთან, – საპოლსკის კვლევები მრავალფეროვანია. რამდენიმე წლის წინ კი სტენფორდის უნივერსიტეტში წაკითხულ ერთ-ერთ ლექციაზე მან თქვა, რომ “სიყვარულის ქიმია” კაცობრიობას ორად ხლეჩს: “ის, ვინც მზადაა მისი პარტნიორის ხელებში გარდაიცვალოს ღრმად მოხუცებული და ის, ვინც ხუთ წელზე დიდხანს ერთ პარტნიორთან ვერ ძლებს”. 

 

“როდესაც კვლევაში მონაწილე ადამიანების ტვინი გადავიღეთ, კარგად გამოჩნდა, რომ შეყვარებულის ფოტოს დანახვისას სიყვარულის ჰორმონები ძალიან დიდი და სწრაფი რაოდენობით გამომუშავდებოდა. გავიდა ხუთი წელი და ამ კვლევაში მონაწილე ადამიანებს ხელახლა დავუკავშირდით. ნაწილს ისევ ვაჩვენეთ მათი შეყვარებულების ფოტოები და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანის ტვინი და ჰორმონები ყოფილ პარტნიორებზე ან საერთოდ არ რეაგირებდა ან უარყოფითი, შფოთვითი რეაქცია ჰქონდა”, – თქვა რობერტ საპოლსკიმ. 

 

—————————-

 

სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, კატომ საკვებისა და ძილის გარეშე ორი კვირა გაატარა. დღეს ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაზე რთულად გადასალახი პერიოდი იყო, მაგრამ ძალების აღდგენა იმაზე ადვილი ყოფილა, ვიდრე თავიდან წარმოედგინა. 

 

“თუ ვინმე ახლა ამ გზას გადის, ვეტყოდი, რომ მიტოვებით გამოწვეული ტკივილი აუტანელია, მაგრამ მომავლის ვერდანახვა მხოლოდ იმ მიჯაჭვულობითაა განპირობებული, რომლის გაწყვეტაც შენზეა დამოკიდებული. ასეთ დროს თავს ვიიმედებთ, რომ პარტნიორის გულგრილობა დროებითია ან მოჩვენებითი. სინამდვილეში, უბრალოდ აღარ უნდიხარ და შენც უნდა დაასრულო, უბრალოდ ხელი უნდა გაუშვა”. 

 

სასიყვარულო კავშირის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფაზა გულგრილობა რომ არის, ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემიც წერდა. იგი გადაყვარებას სიკვდილზე დიდ ტრაგედიად ასახელებდა: “საშინელი განცდაა უყურო მას, ვინც მთელი გულით გიყვარდა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგედგინა, დღეს კი აცნობიერებ, რომ მასთან სამუდამო განშორება აღარც გადარდებს. სიყვარულის ყველაზე დიდი ტრაგედია ხომ გულგრილობაა?!”

 

*რესპონდენტების სახელები უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია. დღიურის ჩანაწერი გამოყენებულია ავტორის თანხმობით.  

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

რობერტ საპოლსკის წიგნი “A Primate’s Memoir: Love, Death and Baboons in East Africa”, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუ თომას შერმანთან, Scientific American-ის სამეცნიერო სტატიები, National Geographic-ის ინტერვიუ სინტია კუბუსთან, სამეცნიერო ნაშრომი: “A Neuroscientist’s Journey Through Romance, Loss, and the Essence of Human Connection”.