ოდესმე გიფიქრიათ, რომ სიტყვა მეხანძრეს შესაძლოა უარყოფითი კონოტაცია ჰქონდეს?
2016-17 წელია, ზუსტად არ მახსოვს. სტუდენტები ტყიბულში ვართ, ან ჭიათურაში, ან რუსთავში აზოტის ქარხნის მუშების გაფიცვაზე. ჩვეულებრივი საგაფიცვო მომენტია, როცა მდუმარებას ადამიანების ახალი ჯგუფის მოსვლა არღვევს.
–„მეხანძრე მოვიდა თავის ხალხთან ერთად“, ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
თავიდან მართლა ვიფიქრე, რომ მეხანძრეების ჯგუფი სოლიდარობის გამოსახატად მოვიდა. ამაზე მშრომელებმა ბევრი იცინეს და შემდეგ ამიხსნეს, რომ პეტრიაშვილმა იმდენი საგაფიცვო მუხტი და დანთებული კოცონი ჩააქრო, რომ დიდი ხანია, ამ კაცს მეხანძრეს ვეძახითო.
მიმდინარე პროტესტების ფონზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საყოველთაო დემონსტრაციებმა წინააღმდეგობის უწყვეტი პროცესი შექმნა. ამ წინააღმდეგობამ თვითორგანიზების ახალი, ანაც კარგად დავიწყებული ძველი მეთოდები და ფორმები იპოვა. მათ შორის, უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანთა ჯგუფების მარში, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო, მათი სამუშაო პროფესია ჰქონდათ. ამან უკანასკნელ 30 წელში დომინანტური ეკონომიკური და პოლიტიკური იდეოლოგიის კარნახით საზოგადოებრივ ცხოვრებასა და წინააღმდეგობაში მარგინალიზებული, უარყოფილი და გამორიცხული, საყოველთაო გაფიცვის, როგორც ბრძოლის სტრატეგიის მნიშვნელობა და საჭიროება პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში დააბრუნა. გაფიცვაზე ლაპარაკი მხოლოდ მემარცხენეების და ცალკეული, დამოუკიდებელი პროფკავშირების სააზროვნო არეალით აღარ შემოიფარგლება. უკვე 3 დეკემბერს, ხელოვნების სფეროში დასაქმებულები – თეატრალები გაიფიცნენ. ფაქტობრივად, ერთი წელია გაფიცულები არიან კინოს მუშაკები. 5 დეკემბერს გაფიცვის პირველი მერცხლისთვის საპასუხო სამაგიერომაც არ დააყოვნა – დააკავეს და ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ გაფიცულთაგან ერთ-ერთი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე (სოლიდარობა და მალე გათავისუფლება მას და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს). გაფიცვისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების კვალდაკვალ, კიდევ უფრო ხშირად ისმის კითხვა – სად არის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ირაკლი პეტრიაშვილი?!
პეტრიაშვილის „იმედი“
ირაკლი პეტრიაშვილი ტელეეკრანებთან ბოლოს არჩევნების წინა დღეებში, ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერის საინფორმაციო გამოშვებაში გამოჩნდა. მშრომელთა ყველაზე დიდი გაერთიანების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე, დასაქმების ადგილზე მიმდინარე შრომით ექსპლუატაციაზე. ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდში მუშათა ინტერესების ერთგულებას და შესაბამისად, სამთავრობო და ძირითადი ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა მსხვილ კაპიტალთან გარიგებაში, მუშათა კლასის და ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ბატონმა ირაკლიმ ბევრი ისაუბრა საგადასახადო უთანასწორობაზე, პროგრესული გადასახადების კრიტიკულ მნიშვნელობაზე, მიწის და სხვა რესურსებზე საზოგადოებრივი უფლების დაბრუნების აუცილებლობაზე, „ევოლუშენის გაფიცვაზე“ და ა.შ.
ერთი სიტყვით, მისი გამოსვლა ჰგავდა კაცის გამოსვლას, რომელსაც სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვნისთვის მიუგნია, თვალებში ნაპერწკლები დანთებია და რომელიც იდეას უერთგულებს სიკვდილამდე და მის მერეც.[1]
სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა. ირაკლი პეტრიაშვილმა დაახლოებით 10 წუთიან გამოსვლაში ერთხელ ახსენა და დაახლოებით 10 წამის განმავლობაში ილაპარაკა პროგრესულ გადასახადებზე. სამაგიეროდ, საუბრის ნახევარი დაუთმო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მუშებისა და პროფკავშირელების პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხს. ამ მომენტში წამყვანსა და პეტრიაშვილს, ცოტა არ იყოს, მოუსრიალდათ. საუბარი გააგრძელეს შახტებში მაღაროელების სიკვდილის ამბებზე, როგორც მიშისტური წარსულის მონაკვეთებზე და თანამედროვე, გარემონტებულ (გადაღებილი ფასადებით) ტყიბულზე, როგორც ახალ შვეიცარიაზე: „ ი.პ. – „ტყიბული არის, რომ გაივლი რემონტის თვალსაზრისით ერთი პატარა გერმანული, ან შვეიცარიული ქალაქი“ (რამე ხომ არ გეცნობათ, მიშისტური წარსულიდან?). თითქოს, „ქართული ოცნების“ პერიოდში ყველაფერი კარგად მიდის. თითქოს, 2012 წლიდან მუშების სიკვდილი საქართველოში შეწყდა და შრომით ურთიერთობებში რაღაც კოსმეტიკური პრობლემებიღაა შემორჩენილი. არადა, მხოლოდ 2018 – 2023 წლების პერიოდში საქართველოში სამუშაო ადგილზე დაიღუპა 249, ხოლო დაშავდა 1546 ადამიანი.[2] აგრეთვე, მხოლოდ 2018 წელს, 5 აპრილს ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა, ივნისში კიდევ 2 და 16 ივლისს კიდევ 4. ეს ყველაფერი ოცნების მმართველობის პერიოდში, გასაოცარი დემოკრატიის მეექვსე წელს მოხდა, 2 წელი იყო მას შემდეგ გასული, რაც ბატონმა ირაკლიმ 2016 წლის ტყიბულის გაფიცვაზე, მხარდასაჭერად ჩასულ სტუდენტებზე მეშახტეებს ჭორი ჩაუგდო, ნაცები არიანო.
ბატონი ირაკლი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების წინა დღეებში ასეთ რამეს ამბობდა:
ი.პ.: „ჩემთვის ევროპა არ არის ნების გამოხატვის ჩახშობა დუბინკებითა და დაჭერებით და ნარკოტიკების ჩადებით….
ჟურ: 2012 წლამდე პერიოდზე აკეთებთ ხომ აქცენტს?
ი.პ. : – დიახ, დიახ, დიახ.“
პეტრიაშვილი და ნაცები
სხვათა შორის, მიშისტურ წარსულზე გამახსენდა, თუკი ინტერნეტში კარგად დაძებნით მიშიზმთან შეურიგებლად მებრძოლი პროფკავშირელის სახელს, შესაძლოა, 2007 წლით დათარიღებულ „ვიკილიქსის“ დოკუმენტებს წააწყდეთ, რომელშიც პეტრიაშვილი ამერიკელ დიპლომატებსა და საელჩოს თანამშრომლებს უხსნის, თუ როგორი ჯანსაღი ურთიერთობა არსებობს მშრომელთა გაერთიანებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას შორის.[3]
2007 წელს ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატებთან საუბრობს მოდერნული მთავრობის პროგრესულ და სამართლიან ურთიერთობაზე პროფკავშირთან. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში ბენდუქიძის დაწყებული რეფორმებით დასაქმებულთა ფენა მსხვილი კაპიტალის მძევლობაში სრულიად განიარაღებული აღმოჩნდა. ქვეყანაში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამსახური. შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის გაუქმებას არ მოჰყოლია ამ ორგანოს უფლებამონაცვლე ინსტიტუციის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში მიღებულმა ახალმა შრომითმა რეგულაციებმა სახელშეკრულებო ურთიერთობების პრივატიზება მოახდინა, გამოთიშა რა სახელმწიფო დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობის მარეგულირებლის პოზიციიდან. ახალი შრომის კანონის მიღებით, სახელმწიფომ გააუქმა მანამდე არსებული ისედაც ნაკლოვანი შრომითი უფლებების უმრავლესობა. აღნიშნულმა ქმედებამ, ერთი მხრივ, ბიზნესის კეთების ინდექსი გააუმჯობესა, რადგანაც თითქმის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ დაუტოვა დამსაქმებელს, თუმცა, მეორე მხრივ, საშინელი შედეგები მოუტანა დასაქმებულებს.
ამავე დოკუმენტში, პროფკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავრობის ბრძოლამ კორუფციასთან, პროფკავშირებს მისცა შესაძლებლობა, რომ კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჩამოეშორებინათ მმართველობიდან:
„პროფკავშირების წარმომადგენლების უმეტესობა ამბობს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მათი გაერთიანებები გაიზარდა, რადგან თავიდან მოიშორეს კორუმპირებული ხელმძღვანელობა, რაც განპირობებული იყო ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლით.“
სხვა სიტყვებით, ისინი ირიბად ადასტურებენ მთავრობის ჩარევას 2005 წლის პროფკავშირების გაერთიანების შიგნით მიმდინარე მოვლენებში, რაც საბოლოო ჯამში, პეტრიაშვილის პრეზიდენტად არჩევით დასრულდა.
„ვიკილიქსის“ გარდა, ასევე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ ძველი ჟურნალისტური გამოძიება საპყრობილეში მყოფი სანდრო გვირგვლიანის მკვლელების უდარდელ ცხოვრებაზე, სადაც მკვლელების მოსანახულებლად მისულ სტუმართა სიაში ერთმანეთის მიყოლებით ორი სახელი და გვარი ფიგურირებს, ბაჩო ახალაია და ირაკლი პეტრიაშვილი.[4]
პეტრიაშვილი და 2017 წლის არჩევნები
პეტრიაშვილის მიშისტური წარსული ბოლოს ყურადღების ცენტრში 2017 წლის პროფკავშირების წინასაარჩევნო პერიოდში მოექცა. იმ არჩევნებზე ერთმანეთს 3 კანდიდატი ებრძოდა. ამ სამი კანდიდატიდან ორი, სახელისუფლებო ძალებთან დაახლოებული პირი იყო. როგორც ჩანს, იმ წლებში გახშირებული გაფიცვებისა და მანიფესტაციების გამო (რაც გამოწვეული იყო მემარცხენე სტუდენტური მოძრაობის და ახალგაზრდული პროფკავშირების გააქტიურებით), უსაფრთხოების სამსახურები აქტიურად განიხილავდნენ პეტრიაშვილის კანდიდატურის ჩანაცვლებას სხვა, მათთან დაახლოებული პიროვნებით. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა ვარსკვლავების გახსნის უზადო სპეციალისტი – დათო ოქიტაშვილი. საბოლოოდ, დახურულ კარს მიღმა ისე დალაგდა, რომ ოქიტაშვილმა, რომელიც პეტრიაშვილს პროფკავშირში, სასამართლოში და პროკურატურაში ერთდროულად ებრძოდა, საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დღეს, პეტრიაშვილის სასარგებლოდ მოხსნა.[5]
პეტრიაშვილის ვნება (დასკვნის მაგიერ)
მის დიდებულ ინტერვიუს რომ დავუბრუნდეთ, საუბრის მეორე ნაწილში, ბატონმა ირაკლიმ ღმერთმა უწყის, საიდან მოტანილი, გასაფერადებელი წიგნების ფრიალსა და „სოდომიტურ ძალებთან“ ბრძოლას დაუთმო. ცუდი თამადის მეთორმეტე სადღეგრძელოსავით უშნოდ ჩახუჭუჭებულ სიტყვაში მან, ასევე, ისაუბრა ომზე, როგორც მოსალოდნელ საფრთხეზე და მშვიდობაზე, როგორც აუცილებელ მომავალზე „ოცნების“ შემოხაზვის მინიშნებით.
ყოველთვის, როცა პეტრიაშვილი ტელეეკრანებთან ჩნდება, ნიშნავს, რომ მას რაღაც სურს, რაღაც პირადი ვნება ამოძრავებს. რა ვნება ამოძრავებდა ამჟამად მას?
საქმე იმაშია, რომ გაისად 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის პირველად აირჩიეს პროფკავშირის პრეზიდენტად. დამრგვალებული თარიღი კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ვადა ამოეწურება და შესაბამისად, მორიგი ყალბი არჩევნების ჩატარება მოუწევს, ისევე ჩუმად და მოტყუებით, როგორც წინა, 2021 წლის არჩევნებზე (ვისაც 2021 წლის არჩევნების დეტალური მიმოხილვა გაინტერესებთ, იხ. „მაუწყებლის“ სიუჟეტი[6]). ირაკლიმ გადაწყვიტა, ვადის კიდევ ერთხელ გასახანგრძლივებლად, ოფიციოზის ერთგული მეომარივით, ყვითლად შემოსილი სიტყვებით მხარი დაეჭირა მმართველი პარტიისათვის. მისი ეს მცდელობა მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ მიიღოს მთავრობისგან ის ლეგიტიმაცია, რომელსაც, წესით, მშრომელთა ორგანიზაციებისგან უნდა იღებდეს. პრეზიდენტმა იცის, რომ ასაკი ემატება, რიგში კი ბევრი ახალგაზრდა კონკურენტი გამოუჩნდა, ისინი, ვინც მზად არიან მასზე იაფად გაყიდონ მშრომელთა ინტერესები და მასზე ერთგულად ემსახურონ მსხვილი კაპიტალისა და სამთავრობო პარტიის ინტერესებს.
ასევე, თანამედროვე საქართველოში გაჩნდნენ დამოუკიდებელი პირველადი პროფკავშირები და ამ პროფკავშირების გაერთიანებები, რაც, აგრეთვე, სერიოზული პრობლემაა „ყვითელი კაცისთვის“. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პრეზიდენტად არჩევა, ალბათ, ამ ჯერზე ყველა წინა შემთხვევასთან შედარებით, ბევრად რთული იქნება და შესაბამისად, მისგანაც ბევრად უფრო აქტიურ პროსამთავრობო რიტორიკასა და მოქმედებებს უნდა ველოდეთ, რადგან მეხანძრის თავგადასამალი ყოველთვის უსაფრთხოების სამსახურის კაბინეტებში მოინახება.
შენიშვნები
[1] https://www.youtube.com/watch?v=JOcDN3YJG2s&t=268s
[2] https://shroma.ge/workplace-deaths-injuries/
[3] https://wikileaks.org/plusd/cables/07TBILISI927_a.html
[4] https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8
[5] https://www.youtube.com/watch?v=0U2QylXI-b4
[6] https://www.facebook.com/mautskebeli.ge/videos/355107619452817