პალესტინის საკითხი და სისტემური ჩაგვრა

პალესტინის საკითხი და სისტემური ჩაგვრა

ავტორი: კოტე გაბულდანი

4 ივლისი 2025

 

პალესტინის საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და მწვავე გეოპოლიტიკურ კონფლიქტს თანამედროვე სამყაროში. ის სცდება ტერიტორიული დავის ფარგლებს და ეფუძნება კოლონიური და იმპერიული პოლიტიკის საუკუნოვან მემკვიდრეობას. ისრაელის სახელმწიფოს მიერ პალესტინელი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული პოლიტიკა   ხშირად ფასდება, როგორც ეთნიკური წმენდა და აპართეიდი.

 

1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას თან ახლდა ე.წ. “ნაქბა” (არაბულად: “კატასტროფა”) – პროცესი, რომლის შედეგადაც 700,000-ზე მეტი პალესტინელი იძულებით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

 

სიონისტურმა ძალებმა დაიკავეს ისტორიული პალესტინის 78 პროცენტზე მეტი, ეთნიკურად გაწმინდეს და გაანადგურეს დაახლოებით 530 სოფელი და ქალაქი, მოკლეს დაახლოებით 15.000 პალესტინელი.[1]

 

ბრიტანული მანდატის პერიოდის დასრულების შემდეგ, სიონისტურმა მოძრაობამ მიზნად დაისახა ებრაული სახელმწიფო ჰომოგენური მოსახლეობით, რაც ნიშნავდა ადგილობრივი არაბული მოსახლეობის გადასახლებას. ეს ისტორიული ძალადობა დღემდე განსაზღვრავს ისრაელ-პალესტინის ურთიერთობას.

 

1967 წლის შემდეგ, “ექვსდღიანი ომის” შედეგად, ისრაელმა დაიკავა დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზა. ეს ტერიტორიები დღესაც ითვლება საერთაშორისო სამართლის მიხედვით ოკუპირებულად.

 

ისრაელის მიერ შექმნილი მდგომარეობა მოიცავს: მუდმივ სამხედრო საკონტროლო პუნქტებს (checkpoint); თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას; პალესტინელების სახლ-კარის ჩხრეკას; ბავშვებისა და მოზარდების თვითნებურ დაკავებებს; მიწის კონფისკაციას ებრაული დასახლებებისთვის.

 

2021 წელს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით: „A Threshold Crossed”, რომლის თანახმადაც:

 

“ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკა წარმოადგენს აპართეიდსა და დევნას. პალესტინელებს სისტემურად ართმევენ უფლებებს ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე.”[2]

 

2007 წელს ჰამასის მიერ ღაზას კონტროლის აღების შემდეგ, ისრაელი და ეგვიპტე რეგიონს უწესებენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბლოკადას. ღაზას მოსახლეობას არ აქვთ წვდომა საკვებზე, მედიკამენტებზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე. ამ ბლოკადას გაერო აფასებს, როგორც კოლექტიური დასჯის ფორმას, რაც საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევაა.

 

2023-2025 წლებში ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში ათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 2025 წლის მაისის მონაცემებით, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) და პალესტინის ჯანმრთელობის სამინისტროს მიხედვით, ისრაელის სამხედრო კამპანიების შედეგად ღაზაში დაღუპულია 35,000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 14,500 ბავშვი და 9,000 ქალი.[3]

 

ისრაელის კანონმდებლობა, განსაკუთრებით, 2018 წლის “ეროვნული სახელმწიფოს შესახებ კანონი,” განსაზღვრავს ისრაელს, როგორც მხოლოდ ებრაელი ხალხის სამშობლოს. არაებრაელ მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პასპორტი აქვთ, ართმევენ მიწის ფლობის, განათლების, ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობის და სხვა ძირითად უფლებებს.

 

მიუხედავად დოკუმენტირებული უფლებადარღვევებისა, დასავლური ქვეყნების დიდი ნაწილი თავს არიდებს მკაცრ პოლიტიკურ შეფასებებს. აშშ, როგორც ისრაელის მთავარი სამხედრო და ფინანსური მხარდამჭერი, ვეტოს ადებს გაეროს რეზოლუციებს, რაც აძლიერებს დაუსჯელობის განცდას.

 

პალესტინის საკითხი უნდა იქნეს დანახული არა როგორც თანასწორი მხარეების კონფლიქტი, არამედ როგორც უთანასწორო ძალაუფლებრივ ურთიერთობათა სისტემა, სადაც ერთი სახელმწიფო – ისრაელი – ახორციელებს კოლონიალურ, ოკუპაციურ და რასისტულ პოლიტიკას მეორის – პალესტინის – მიმართ. სისტემური ჩაგვრა მჭიდროდ არის ჩაწერილი ისრაელის სამართლებრივ, სამხედრო და იდეოლოგიურ სტრუქტურებში.

 

სოლიდარობა პალესტინის მიმართ არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური და ჰუმანიტარული აუცილებლობა, რადგან ის ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ძალადობის, რასიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

 

 

შენიშვნები:

[1] https://www.aljazeera.com/news/2023/5/15/the-nakba-five-palestinian-towns-massacred-75-years-ago

[2]  https://www.hrw.org/report/2021/04/27/threshold-crossed

[3] https://reliefweb.int/report/occupied-palestinian-territory/hostilities-gaza-strip-and-israel-flash-update-144-may-2025-ocha