“თქვენ ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ” – ჭიათურელის წერილი ციხიდან

“თქვენ ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ” – ჭიათურელის წერილი ციხიდან

თენგო გველესიანი

31 ოქტომბერი 2025

6 თვეა, დაუსაბუთებელი ბრალდებით 4 ჭიათურელი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი “ქართულმა ოცნებამ” ციხეში ჩასვა. შსს-მ ისინი 29 აპრილს დააკავა. პროკურატურა სარალიძეს და ნეფარიძეს ძალადობის ორგანიზებას ედავება, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ჭუმბურიძეს და გველესიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

 

უკვე 9 თვეა მაღაროელები სამსახურიდან უკანონო მასობრივ დათხოვნას, ღირსებაშემლახავ სამუშაო პირობებს და ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ, პასუხისმგებლობის აღებას კი მოითხოვენ სახელმწიფოსგან, რომელსაც კომპანიაში სპეციალური მმართველი 2017 წლიდან ყავს დანიშნული. “ქართული ოცნება” არათუ პასუხისმგებლობას გაურბის, არამედ თავისი ლიდერებით ჭიათურელების გაშავების კამპანიაშია ჩართული, მათ დაქვემდებარებული მედია არხებით. ჩართული. პატიმრების წინააღმდეგ არარსებული მტკიცებულებების გამო კი სასამართლო თვეობით იწელება.

 

გიზიარებთ ერთ-ერთი პატიმრის, თენგო გველესიანის მიერ ციხიდან გაამოგზავნილ წერილს, რომელიც გამოქვეყნდება მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” გაზეთის ნოემბრის ნომერში:

 

 

„Black City“ ა.ი.ე.ო.უ

 

გამარჯობა საქართველო, უპირველეს ყოვლისა მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ მომეცა საშუალება ჩემი სათქმელის მინიმუმი მაინც მივიტანო საზოგადოებამდე. ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად ავირჩევ და გამოვიყენებ იმ ფორმას, რომლითაც შედარებით გამიადვილდება ჩემივე სათქმელის გადმოცემა. ამისთვის გამოვიყენებ ჟურნალისტს, რომელიც დამეხმარება ამ წერილის დაწერაში, ანუ მე (ჭიათურელი) და ჟურნალისტი.

 

ჟურნალისტი: გამარჯობა, მოდი, პირველ რიგში დავიწყებ ამ ინტერვიუს თქვენი იდენტიფიკაციით.

 

ჭიათურელი: გამარჯობა, ზოგადად არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, თუმცა ეხლა საჭიროა და ამიტომ მინიმუმი სათქმელი უნდა გადმოგცეთ.

ვარ ჭიათურელი გველესიანი, ქართველი, დაბადებული 1989 წლის 12 ნოემბერს (ქალაქი ჭიათურა). პროფესია: ეკონომისტი (ბიზნეს ადმინისტრირება და მართვა), დაოჯახებული, ორი პრინცესას მამა. და რომ ვამბობ ორი პრინცესა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა.

მე მინდა დავიწყო ბოდიშით. ეს ბოდიში ეკუთვნის იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მე დამნაშავე ვარ, დამნაშავე ვარ იმიტომ, რომ არ ვიყავი მის გვერდით, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინა და ამისთვის ბოდიში, ლიტა. თუმცა პირობას გაძლევ, აუცილებლად ყველაფერს მოგიყვები და აუცილებლად გამოვასწორებ. მჯერა, რომ მაპატიებ. (ლიტა დაიბადა 30 ივნისს, როდესაც მე ვიყმოფებოდი ამ უკანონო პატიმრობაში). ამით ამოვწურავს თქვენს პირველ კითხვას.

 

ჟურნალისტი: მოგეხსენებათ, ეს გაზეთი შეიქმნა პოლიტპატიმრებისთვის და რატომ თვლით, რომ ხართ პოლიტიკური პატიმარი?!

 

ჭიათურელი: მინდა, რომ ამომწურავად გიპასუხოთ. ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ახლა და არც არასდროს. ყოველთვის, როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ვიდექი, სადაც საჭირო იყო, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დამეფიქსირებინა და გვერდში დავდგომოდი იმ ადამიანებს, რომელთაც ხმა აიმაღლეს უსამართლობაზე, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიდექი ჩემი თანამოქალაქეების, ჩემი მეგობრების, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უპირველესად, მშრომელი ადამიანების უფლებების დასაცავად.

ეხლანდელი ამ ფაქტიდან გამომდინარე ვარ პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ დაკავებული, თუმცა ჩემი შეხედულებით მე ვარ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის მსხვერპლი (ამ ყველაფერზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად სხვა დროს ვისაუბრებ).

 

ჟურნალისტი: რას გედავებიან? რატომ ხართ დაკავებული?

 

ჭიათურელი: მედავებიან ადამიანის ცემას, კონკრეტულად, ჯგუფურ ძალადობას, ადამიანის, რომელიც ნანახიც კი არ მყავს. შესაბამისად, რაღაც პირადი ინტერესებიც კი ვერ მექნებოდა „დაზარალებულის“ მიმართ, რადგან „დაზარალებულს“ არ ვიცნობ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყოველივე ამ ფაქტს ვიგებ ტელევიზიიდან, კონკრეტულად „TV იმედი“-დან.

თუმცა აქაც რაღაც კომიკური ფაქტი დაფიქსირდა: პირველად მოწოდებულ ინფორმაციაში ეწერა აქციის სხვა მონაწილე პიროვნებების სახელი და გვარები, თუმცა მალევე გაიგეს, რომ ის პიროვნებები თბილისში იმყოფებოდნენ და ამიტომ ისინი ამოიღეს ბრალდებულთა სიიდან და ორი სხვა პიროვნებით ჩაგვანაცვლეს, რომლებიც ახლოსაც კი არ ვყოფილვართ ამ ინციდენტის შემთხვევის ადგილზე.

 

ჟურნალისტი: ამ ინტერვიუს თითქმის მთელი საქართველო ნახავს. რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი, რაც გინდათ, რომ საზოგადოებამდე მივიდეს?

 

ჭიათურელი: კი, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მთელი საქართველო ნახავს და სწორედ ამიტომ ვწერ თქვენთან ინტერვიუს. სასაუბრო და სათქმელი არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა როგორც უკანონოდ დაკავებულმა პიროვნებამ, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური ნიშნით თუ რაიმე სხვა ინტერესებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სამშობლოში ამჟამად მრავლად სუფევს ამ სახის პრობლემები. მინდა, რომ შევეხო ამ პრობლემების მოგვარების საკვანძო და საწყის წერტილს, რომლის აღმოფხვრის გარეშე ეს ყველაფერი უბრალოდ ვერ გამოსწორდება. ამ საწყის წერტილს ქვია „სიყვარული“ და ვფიქრობ, რომ ამ გაზეთის მკითხველთათვის სიყვარულის განმარტება საჭიროებას არ მოითხოვს.

 

ჟურნალისტი: უცნაური პასუხია. თუ შეიძლება, ცოტა მეტი განმარტებით, რომ უფრო მეტად გასაგები გახდეს საზოგადოებისთვის.

 

ჭიათურელი: გასაგებია. შევეცდები უფრო კონკრეტულად გადმოგცეთ. არა მარტო ამ საქმეში, არამედ ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის, საჭირო და საწყისი წერტილი არის სიყვარული და ზუსტად ამ სიყვარულის დასაფარად და გასაგლეჯად შეგვიქმნეს პრობლემები. ამიტომ გვიჭირს ამ ეტაპზე ამ პრობლემებიდან თავის დაღწევა, მაგრამ საბედნიეროდ უფრო რთული და მძიმე პრობლემებიდან დაუღწევია ქართველ ერს თავი.

ამისთვის ეს საწყისი წერტილი კარგად უნდა გავიაზროთ … [ხელნაწერი არ იკითხება] … და ამ ყოველივედან თავის დაღწევა იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. კიდევ უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ჩემი პასუხი, მცირე პარალელს გავავლებ, თუ როგორ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

წარმოვიდგინოთ გვაწუხებს გული და ჩვენ ვმკურნალობთ ხელზე. შესაბამისად, ჩვენი მდგომარეობა უფრო რთულდება და გვიწევს ამ რაღაც „მოჯადოებულ“ წრეზე სიარული. ამიტომაც რაც უფრო დროულად დავსვამთ სწორ დიაგნოზს, მით უფრო მალე დავიწყებთ სწორ მკურნალობას, რაც, საბოლოოდ, მიგვიყვანს დროულ გამოჯანმრთელებამდე.

 

ჟურნალისტი: თითქოს თავს არიდებთ კონკრეტული პასუხების გაცემას. ამითაც რამის თქმა ხომ არ გსურთ? თუ როგორ გავიგოთ ეს ყოველივე?

 

ჭიათურელი: თავს ნამდვილად არ ვარიდებ, უბრალოდ არ მინდა, ჩემი ეს საუბარი სხვა რამე ინტერესებისთვის ვინმემ ბოროტად გამოიყენოს. ამიტომ მიწევს წითელი ხაზების გავლება, თუმცა, როდესაც მომეცემა ნორმალურად საუბრის საშუალება, აუცილებლად ამომწურავად ვისაუბრებ.

როგორც მოგეხსენებათ, ვიდექი მშრომელი ადამიანების, „მაღაროელების“, გვერდით მათი უფლებების დასაცავად. მართალია, მათ აქვთ თავიანთი საინფორმაციო წყარო სოციალურ ქსელში სახელწოდებით „მ ა ღ ა რ ო ე ლ ი“, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომაც გვიწევდა სხვადასხვა ტელევიზიებთან, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, რათა ჩვენი სათქმელი მისულიყო საზოგადოებამდე.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ეს პრობლემები პრობლემად რჩება ქალაქში და დღემდე არ გადმოსცემენ საინფორმაციო წყაროები იმ ფორმით და იმ დოზით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას სჭირდება. ამიტომაც ჯერ ზუსტად მინდა დავრწმუნდე ამ გაზეთის საიმედოობაში და დაველოდები ამ ინტერვიუს გამოქვეყნებას.

 

ჟურნალისტი: მინდა დავაზუსტოთ, რაზე გაქვთ სასაუბრო, რაზეც ეხლა არ საუბრობთ.

 

ჭიათურელი: (იცინის) ეს, ჩათვალეთ, სათაურია, და არ მინდა, რომ რაღაც ზედმეტად თავს მომეხვია ეს უსამართლობა, რაც დღეს ჩემს თავს ხდება. უცნაური იქნება, რასაც ეხლა ვიტყვი, მაგრამ ესეა და ამიტომაც ვამბობ: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც რომ წვლილი შეიტანა ჩემს აქ გამოკეტვაში. მათ კიდევ უფრო კარგად დაგვანახეს იმ პიროვნებების ნამდვილი სახე, ვინც ვითომ „ჩვენს გვერდით“ იდგა და „იბრძოდა“ ჩვენთან ერთად.

ამ დიდმა უსამართლობამ კიდევ უფრო მეტად დამამეგობრა ღმერთთან, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნეს, რომ ეს გზა სწორია და აქ მხოლოდ სიმართლე გაიმარჯვებს. არც საქართველო და არც ჭიათურა (ქალაქი ზემო იმერეთში) არ შექმნილა და არ იწყება ჩვენით და მით უმეტეს არც იმ ადამიანებით, ვინც აქ ესე უსამართლოდ გამომკეტა. თუმცა დრო ყველას დაარქმევს თავის სახელს, თუ უკვე არ დაარქვა. მინდა გამოვიყენო ერთი შესანიშნავი აფორიზმი, რომელიც ჩვენს ქალაქში ძეგლის ფორმით არის:

„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!…“

 

ჟურნალისტი: რა შეფასებას გაუკეთებდით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, იმ ფაქტს, რაც დღეს საქართველოში ხდება?

 

ჭიათურელი: ძნელია, რაიმე სათანადო სახელი მოუძებნო ამ ყველაფერს, რომ ზუსტად შეესაბამებოდეს ეხლანდელ სიტუაციას. ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ბრალი ან მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის, ეს მთლიანად ამ პოლიტიკური სპექტრის დაუდევრობაა. მათი რაღაც მახინჯი პოლიტიკის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანა და ქართველი ერი. თავიანთი სიბოროტით, თავიანთი უცოდნირობით რაღაც საშინელი ვირუსი შეჰყარეს ჩვენს ქვეყანას, ხო, ვირუსი, ალბათ ეს ყველაზე ზუსტად და სწორად შეესაბამება ამჟამინდელ სიტუაციას.

 

ჟურნალისტი: ისევ რაღაც უცნაურია თქვენი პასუხი, თუმცა ამაზე მეტს არ გკითხავთ. უბრალოდ, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, სად და როგორ ხედავთ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებს?

 

ჭიათურელი: დიახ, გიპასუხებთ. მე ტყუილად არ ვახსენებ და ვადარებ ვირუსს შექმნილ სიტუაციას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სწორედ აქედან დავიწყებ: ვირუსისგან განსაკურნებლად, როგორც მედიცინაშია, ისევ ვირუსისგან აღებული შრატით თუ განგკურნავენ და სწორედ ესე უნდა მოხდეს. სხვა ნებისმიერი მცდელობა ფუჭია, და კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდება ეს ვირუსი ჩვენი ქვეყნისთვის.

უფრო დეტალებში რომ ავხსნა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ზუსტად იქ და იქიდან უნდა შეიქმნას ეს შრატი, სადაც ყველაზე მეტად მძიმე და კრიტიკულია ეს მდგომარეობა. სწორედ იქ ვიდექით მე და ჩემი თანამებრძოლები. უფრო მეტად ცხადი რომ იყოს ეს ყველაფერი, გაეცანით ჭიათურის დღევანდელ ვითარებას და ამ ქალაქში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თავისუფლებაზე მყოფ ჩვენს თანამებრძოლებს აქვთ თავიანთი საინფორმაციო წყარო სოციალურ ქსელ „facebook“-ში სახელწოდებით „მაღაროელი“ და იქიდან უფრო ზუსტად გაერკვევით, თუ რასთან გვაქვს საქმე.

 

ჟურნალისტი: იყო თუ არა თქვენს პროცესში უფრო მეტად ყურადღებაგასამახვილებელი ფაქტები და თუ შეძლებთ ამ ფაქტების გახსენებას?

 

ჭიათურელი: დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო. სიმართლე გითხრათ, ისეთებიც იყო, რაც ყველანაირი მორალური, ზნეობრივი ჩარჩოებიდან გადის, თანაც ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც უბრალოდ თანამდებობრივად ვალდებულნი არიან ამ ჩარჩოებს არ გასცდნენ. მაგრამ გასცდნენ კი არა, საერთოდ მორალთან კავშირშიც არ ყოფილან. კიდევ ერთხელ ავარიდებ თავს იმ კონკრეტულ ადამიანებზე საუბარს. იმედია, არც არასდროს მომიწევს მათზე საუბარი.

ეხლა იმ დადებითზე ვიტყვი, რაც ძალას გვმატებდა ამ უთანასწორო ბრძოლაში. მაშინ, როცა უხელფასოდ, საკვების გარეშე დატოვებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ამ ყველაფერს თან დაურთვეს მათი უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლება და ამ ყველაფერს ემატება ქვეყანაში გამეფებული პრობლემა  ბ ა ნ კ ი ს  ვალი და ფიქრები, რომ მალე უბრალოდ ქუჩაში დარჩენა მოუწევდათ.

სწორედ ამ დროს მოგვეცა იმ რაღაც მინიმუმის კეთების შესაძლებლობა, რა დროსაც პირველად დავინახე იმედის ნაპერწკალი მათ თვალებში. ეს იმდენად დიდი ბედნიერება იყო, დღემდე რაღაც კადრებად მომყვება, თითქოს გუშინ მოხდა და ამ ნაპერწკალს მალე დიდ ცეცხლად ვაქცევთ. ცეცხლი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მყოფ ხალხს დაანახებს იმ რეალობას, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ერთობის ხელი უნდა გავუწოდოთ.

 

ჟურნალისტი: საინტერესოა, ესეთ დროს რა ყურადღება გამოიჩინა სახელმწიფომ?

 

ჭიათურელი: ყურადღება? ყურადღება ნაკლებად ერქვა იმ ყველაფერს, თუმცა იყო გამოხმაურება, რომელიც ერთი-ერთში გავდა კომპანიის ინტერესებს. მეტიც, მთელი რიგი სამინისტროები იყო ოფიციალურად ჩართული, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატიც და აქვე ვიტყვი, რომ თითქმის აქეთ დასაცავია ეს ვითომ სახალხო დამცველი.

ეხლა ისევ დავუბრუნდეთ იმ კონკრეტულად ჩართულ სამინისტროებს და ხაზს გავუსვამ: რომ ვამბობ „ჩართული“, ჩვენთან მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია, ისე მოაწყვეს და ყველამ ერთად იმ მიმართულებით წაიყვანეს ეს ვითარება, რომ ჩვენს ზურგს უკან იმ ადამიანებს დაუწყეს საუბარი (ვითომ და საუბარი), ვინც სპეციალურად შექმნა კრიტიკულად გამწვავება, საბოლოოდ რომ ეს ყოველივე მომხდარიყო. ყველამ ერთად მიიღო ღვაწლი, რომ ესე უსამართლოდ გამოგვკეტეს უკვე მეხუთე თვეა.

ამ ყველა ფაქტის შეკრებით საბოლოოდ გამოდის, რომ ყველა ჩართულია და დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელიც საშინლად ექცევა ქალაქს და მომუშავე ადამიანებს. კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მათი ბინძური ინტერესები, რომ რეალურად ერთნი არიან სხვა და სხვა სახელებით და ვიწრო ბინძური ინტერესებით. ესეც მათი პირდაპირი ჩართულობაა, რაც ჩანდა მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ირიბად ყველანი დაკავშირებული იყვნენ ამ პროცესთან. ერთადერთი პირდაპირი კავშირი არ ყოფილა.

მეც არანაირი შეხება არ მქონია სასამართლოსთან. თუმცა სწორედ აქ ვართ ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულოდ ვიმყოფები ციხეში. უკვე რაღაც ფორმით ვფლობ კონსტიტუციას, მათ შორის სისხლის სამართალსაც. შეიძლება ითქვას, აქამდე რომ მოვედით, კიდევ რაღაცნაირად ჯდებოდა კანონის უზენაესობის ჩარჩოში; შეიძლება ითქვას, რომ კანონი ჩვენს წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით აამუშავეს. თუმცა უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ეს ყველაფერი გასცდეს სამართლებრივ, მორალურ, ჰუმანურ ზღვარს. ეს ცუდია და საბოლოოდ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, მაგრამ ეხლა აქ ამაზე საუბარი არ მინდა.

 

ჟურნალისტი: უამრავი კითხვა მიჩნდება თქვენი პასუხებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ სხვა დროსაც მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი. განვაგრძოთ ეხლა იმაზე საუბარი თუ ესეთი კრიტიკული იყო მდგომარეობა, გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ დაგიჭერდნენ?

 

ჭიათურელი: (იცინის) რა თქმა უნდა, კი, რადგან მათი მხრიდან იყო უამრავი პროვოკაციული ფაქტი, რომლებიც პირდაპირ მიმართული იყო იმისკენ, რომ, საბოლოოდ, აქ მოვხვედრილიყავით. ამ ყველაფერს ისე ვუმკლავდებოდით, სხვა რომ ვერაფერი მოიმოქმედეს, „კაცის ცემა ჩაგვიდეს“ (იცინის).

ესეც მათ უსუსურობას უსვამს ხაზს და კიდევ ერთხელ გვანახებენ თავიანთ სახეს, თუმცა მათ ხელშია ძალაუფლება და ამით ბოროტად სარგებლობენ და, საბოლოოდ, თავიანთ „გაცვეთილ ოინს“ მიმართეს.

 

ჟურნალისტი: თქვენს ირგვლივ იქნებოდა ფაქტები, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში ესეთ პროცესებს თან ახლავს. ვგულისხმობ დეზინფორმაციას, პროპაგანდას, რაც თქვენი პროცესის საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიმართული. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

ჭიათურელი: დიახ, რა თქმა უნდა, ამ პროცესის პირველი დღიდან მიმდინარეობდა საინფორმაციო ომი. სწორედ ამიტომ ამ ინტერვიუში ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენს პროტესტს აქვს თავისი საინფორმაციო წყარო სოციალურ ქსელ facebook-ში სახელწოდებით „მ ა ღ ა რ ო ე ლ ი“ და კარგი იქნება, თუ ამ საქმით დაინტერესებული პიროვნებები აქედან მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, რაც პროპაგანდას უკავშირდება, აქაც იმდენად უსუსურები იყვნენ, რომ ყველანაირ სიბინძურეს კადრულობდნენ. ამიტომ რაღაცეებს უბრალოდ არც ვისაუბრებ და აქაც დადებითს ვიტყვი, რაც ჩვენ უფრო გვაძლიერებდა. მათ მიერ წამოწყებულ პროპაგანდას ჩვენთვის სასიკეთოდ ვიყენებდით, თუმცა ერთ ფაქტს განსაკუთრებულად გავუსვამ ხაზს:

ადამიანები ამ უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს, ქალაქი განადგურების პირასაა, რასაც უბრალოდ სიტყვაც არ შეესაბამება, რომ სწორი სახელი შეუსაბამო. ამ რეალურ პრობლემებზე ვითხოვდით სახელმწიფოს ჩართულობას, რომ გვერდში დადგომოდა მაღაროელთა პატარა, ლამაზ ქალაქს.

საბოლოოდ, მათი პროპაგანდა იყო ის, რომ ჩვენ თვალი და ენა თუ გვაქვს, თუ რეალურ პრობლემებზე ხმა ავიმაღლეთ, მათი თქმით, ვიღაც გვმართავდა, თუმცა ვისგან ვიმართებოდით ან როგორ, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ.

არ იმჩნევდნენ და არ აღიარებდნენ, რომ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდნენ და გვისმენდნენ. ვფიქრობ, რომ ამ ინტერვიუსაც გაეცნობიან და მინდა მივმართო მათ:

 

კი, მართლები იყავით, „ვიმართებოდით“, მაგრამ არა იქედან, თქვენი ფიქრები და აზროვნება რომ ვერ ცდება, არამედ ჩვენ ვიმართებოდით ჩვენი ოჯახებიდან, მშობლებიდან, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, გვასწავლეს ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მათ არ უსწავლებიათ, ზურგი გვექცია გაჭირვებაში მყოფი მეგობრებისთვის, მიგვეტოვებინა და დავმალულიყავით.

ამიტომაც თქვენ ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ. შეიძლება ბრძოლა სადღაც დავთმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გვიადვილებს საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ ცოტა მეტი ღირსეული ხერხებით გირჩევთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ბოლოს ჩვენი ამოსაყვანი იქნებით მაგ ფსკერიდან, საითაც თქვენ დიდი სისწრაფით მიექანებით.

 

ჟურნალისტი: მინდა ერთი უცნაური კითხვა დაგისვათ, რადგანაც თქვენგან ესეთ უცნაურ პასუხებს ვიღებ. ვთქვათ, მიადექით ამ პრობლემის მოგვარების საწყისს და ამოსავალ წერტილს და ამისთვის დიალოგია საჭირო, როგორ დაიწყებდით ამ დიალოგს?

 

ჭიათურელი: გასაგებია. ამაზე ასე არ მიფიქრია, თუმცა ჩვენ თუ სამართლიანობას ვითხოვთ და სიმართლეს ვიძახით, მაშინ ეს სიმართლე არის „ბ ო დ ი შ ი“. ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს სამშობლოს, რადგანაც მთელ რიგ ადამიანებს მივეცით და ვაძლევთ უფლებას, რომ ესეთ მდგომარეობაში არის ჩვენი ქვეყანა.

პირადად ჩემთვის, სამშობლო ჩემი დიდი ოჯახია. როდესაც ოჯახში პრობლემები სუფევს, მუშტი-კრივით, ლანძღვით ვერ დაალაგებ სიტუაციას და ვერც სხვა მეზობლის ჩარევით, რაც არ უნდა კარგი მეზობელი გვყავდეს. ვერც იმით მოაგვარებ, თუ ამ პრობლემაზე ხმამაღლა იყვირებ და იწუწუნებ. ვერც დუმილით, რა თქმა უნდა. ანუ მცდარია, ჩემი აზრით, ყველა ის გზა, თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რა ცუდი ოჯახის წევრი გვყავს და „მოდი შენ, ჩვენო მეზობელო, დაგვილაგეთ ოჯახში საქმეები“.

ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ გულწრფელი ბოდიშით და ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ. ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება ამ პრობლემებიდან თავის დაღწევაში. პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი: როდესაც მართალ საქმეს აკეთებ, რაც უფრო მძიმეა სიტუაცია, ღმერთი მით უფრო შენთან ახლოსაა. მაგრამ გაჩერებით ერთი წუთით არ უნდა გაჩერდე, რადგანაც მერე უფრო ნაკლებ დროში გიწევს მეტი და უფრო რთული საქმის კეთება.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უმჯობესია, თუ დასასრულისკენ გავალთ, მაგრამ სანამ ინტერვიუს მოვრჩებით, მინდა ერთი კითხვა თქვენც დაგისვათ, როგორც ჟურნალისტს და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქართველს: რას იტყვით ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებზე?

 

ჟურნალისტი: საინტერესოა. სიმართლე გითხრათ, თქვენგან კითხვას არ მოველოდი და, შესაბამისად, არც მომზადებული გახლდით ამ კითხვისთვის, მაგრამ შევეცდები, ჩემი გულწრფელი აზრი გამოვხატო ამ კითხვის ირგვლივ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მტკიცე სოლიდარობა გამოვუცხადო იმ პატიმრებს, რომლებმაც თავიანთი თავი მედგრად და ვაჟკაცურად შესწირეს თავიანთ მიწა-წყალს და ამ შეუპოვრობის, ამ სიმართლის გამო, საბოლოოდ, უსამართლო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები – და ახლოს ვარ პროფესიიდან გამომდინარე – ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია ეს ყველაფერი. ვიმედოვნებ, ამ ყველაფრის დასასრული ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საწინდარი იქნება და არა – ის, რომ ისტორია „წითელი“ ასოებით დაიწერება, როგორც ახლო წარსულში უნახავს ჩვენს სამშობლოს.

კარგი იქნებოდა, თუ ჩემი კოლეგები მეტი სიზუსტით გადმოცემენ მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რადგან კრიტიკულია დღევანდელი მდგომარეობა და ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, მით უმეტეს, როდესაც ესეთი დიდი როლი გვაქვს ჟურნალისტებს მოცემულ სიტუაციაში.

რაც შეეხება ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს, წლებია ვაკვირდები ამ ქალაქში არსებულ ვითარებას და თითქმის სულ პროტესტია. აქვე მინდა გამოვყო, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ჭიათურიდან თითქმის სულ ისმის თავისუფლების ამოძახილი. თითქმის სულ ჟღერს ის რეალური პრობლემები, რაც ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა მშრომელთა უფლებების უხეში დარღვევა, გაურკვეველი ჯანდაცვა, მახინჯი საბანკო სისტემა, ეკოლოგიის კრიტიკული პრობლემები, შიდა მიგრაცია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დუმილი სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც მახსოვს, წლების წინ დედაქალაქში პარლამენტთანაც ისმოდა ეს ხმა და ჟღერდა ჭიათურის პრობლემები, მაგრამ, როგორც ვხედავთ, სახელმწიფო ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც პრობლემებზე ხმას ამოიღებს. რადგან სახელმწიფოს ვახსენებ, მახსოვს, წლების წინ პროტესტის ფონზე მოვიდა ადგილობრივი მერი და იმედი მქონდა, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებოდა. ვთვლი, რომ პირველი ადგილობრივმა მთავრობამ უნდა ამოიღოს ხმა და მიაწვდინოს ინფორმაცია ცენტრალურ მთავრობას და, როგორც ვიცი, ეხლაც იგივე კანდიდატურა გყავთ, სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს მერამდენე ვადით.

რეალუად რაც ეხლა ქალაქში ხდება, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ. ქალაქი ყოველ ჩამოსვლაზე დაპატარავებული მხვდება. მეტიც, ქალაქის სტატუსიც კი აღარ აქვს, მოსახლეობა უბრალოდ გარბის ქალაქიდან. ქალაქი, რომელიც უმდიდრეს წიაღისეულს მოიპოვებს, ამ ქალაქის 70 % სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონეა. ჩემ მიერ მოპოვებული ზუსტი ინფორმაციით, ბოლო წლებში რაც ქალაქიდან სიმდიდრე (მანგანუმი) გავიდა, ეს უბრალოდ ღალატია ქალაქის (ლიცენზიის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რაზეც სახელმწიფო დუმს).

რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, კიდევ ერთხელ გაისმა მშრომელი ხალხის თავისუფალი ხმა ჭიათურიდან და კიდევ ერთხელ გასცდა ჭიათურას და მიაკითხა ცენტრალურ მთავრობას. მაგრამ საბოლოოდ ამუშავდა იგივე ბოროტი მანქანა.

ყველამ ერთად ვნახეთ, რაც მოხდა: როგორც წინათ აღვნიშნე, ბევრი პროტესტი მინახავს ჭიათურაში, თუმცა ამ მასშტაბის – არასდროს. ეს რაღაც კანონზომიერებაა, რადგან პრობლემებიც არ ყოფილა ამ მასშტაბის. ამ პროტესტს შეუერთდა სოფელ „შუქრუთის“ მოსახლეობა, რომელიც წლებია ითხოვს სამართლიანობას, მაგრამ იქაც დუმილი სახელმწიფოს მხრიდან.

 

პირადად მე გული მეწვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას ამ მდგომარეობაში ვხედავ. ხალხი დაყოფილია მაშინ, როცა ამ პრობლემების სათავე სადღაც ერთი წერტილიდან მოდის. გულწრფელი ვიქნები და ავიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი, რადგან ფაქტია, ვერ მოვახერხეთ ამ მოვლენების ადეკვატური გაშუქება, ვერ მივიტანეთ სათქმელი ფართო აუდიტორიამდე, რაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობა იყო.

და ბოლოს მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს. მე გულდასმით გავეცანი თქვენს საქმეში არსებულ მასალებს და იმ მოწმეებს, რომლებიც პირდაპირ ხელს გადებენ, მაგრამ მიზანმიმართულად აღარაფერს ვიტყვი თქვენს „თანაქალაქელებზე“. მოდი, ვთქვათ, რომ მაინც შიდა სამზარეულოა და არ ჩავერევი.

ძალიან სამარცხვინოდ მომეჩვენა იმ ორი რუსი ეროვნების ადამიანის ჩვენებები. ისე ჩანს, რომ სპეციალურად ჩვენების მისაცემად ჩამოიყვანეს წინა დღით  ო კ უ პ ა ნ ტ ი  ქვეყნიდან, რასაც აღნიშნავენ კიდეც თავიანთ ჩვენებაში, რომ კომპანიის მოწვევით ჩამოფრინდნენ და ეს ცალკე ქვეყნის სირცხვილია, თუმცა ყველაფერი აშკარაა ამ ფაქტით.

ამ ყველაფერზე ბევრია სასაუბრო, მაგრამ ეხლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ინტერვიუს ბოლოს რაიმე თავისუფალი სათქმელი თქვით, როგორც თქვენ გსურთ, რომ ეს ინტერვიუ დასრულდეს.

 

ჭიათურელი: უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ მადლობით და ეს მადლობა გეკუთვნით თქვენ, რადგან მომეცით საშუალება, ეს ჩემი მინიმუმი სათქმელი გადმომეცა ფართო მასისთვის. გეთანხმებით, სასაუბრო და კითხვები არის ძალიან ბევრი. მაგრამ ყველაფერი ერთად ვერ გამოვა. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ყოველივე საკმარისად ჩავთვალოთ.

არა მგონია, რომ ეს ინტერვიუ რაიმე გადამწყვეტის მთქმელი იქნება ან რაიმე რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ადრეც მითქვამს და მისაუბრია ამ ყველაფერზე რაღაც დოზით, თუმცა ისე გამოყავდათ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩვენი საქმე არაა და არავინ გვეკითხება ჩვენ ამ ყველაფერს. მაგრამ მერე ისე გამოდიოდა, რომ თითოეული ეს გაჩუმება უფრო გვიღრმავებს და გვირთულებს პრობლემას. ამიტომ ვმოქმედებ ესე.

 

მე მინდა მივმართო ჩემს თანამებრძოლებს და ვუთხრა: ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვიდექი, როდესაც თავისუფლებაზე ვიყავი, როდესაც ამ დიდ უსამართლობას დავუპირისპირდით. ეს იყო და არის ერთადერთი სწორი გზა და ფორმა, რაც კი ჩვენს ხელთ არსებობს.

ჩვენ ვერავის მოვთხოვთ გმირობას, ვერც დავავალებთ ამას. ჩვენ შეგვიძლია სარკე ვიყოთ და თავიანთი თავი დავანახოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ საერთო ბრძოლას ზურგი აქცია.

ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რატომ, რის გამო მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ისევ და ისევ ჩვენი ვალია, მათ სწორი მხარე ვაჩვენოთ, არ გავწიროთ იმ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე, საითაც ის ბოროტი ძალები მიექანებიან.

მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან (ჩვენგან) განაწირსა…!

 

          მე რუსთველის ქვეყნიდან ვარ!!!

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა!!!

საკანი N ???

ავტორი: თ. გველესიანი