გეოპოლიტიკური ლიტურგია: 2096

გეოპოლიტიკური ლიტურგია: 2096

ავტორი: დავით გალაშვილი

6 მარტი 2026

გეოპოლიტიკა ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა.

არქაული პოეტი, კარლო მარქსი

 

მას შემდეგ რაც ქალაქის თავზე უზარმაზარი მბზინავი პანელები აღმართეს, სუნთქვა შეუძლებელი გახდა. პრიალა, წითელი და მწვანე ხაზებით დასერილი ეკრანიდან დილის ოპიუმის დოზა გამოყვეს. მათრობელა ულუფას დღეში ორჯერ, დათქმულ დროს იძლევიან. ქალაქის მცხოვრებლებისთვის ეს სავალდებულო რიტუალია, სხვა საკვების ან სასმლის მიღება აკრძალულია. დილის ბანგის ზემოქმედების ქვეშ მყოფებს, ეკრანზე უსახო შავფორმიანებს გვაჩვენებენ, ისინი ერთმანეთს ნაპალმებს უშენენ. მეტი ეფექტისთვის ნაპალმის სუნი პირდაპირ პანელებიდან გამოიყოფა ჩვენი ყნოსვის რეცეპტორების გამოსაწრთობად.

ეს 2096 წლის გეოპოლიტიკური ლიტურგიაა. ჩვენ აღარ ვლოცულობთ, ჩვენ ვიწოვთ ინფორმაციულ ოპიუმს. პანელებზე გამოსახული რუკა — ჩვენი ახალი ხატი — გვეუბნება, რომ მსოფლიო ხუთ სექტორად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანს საკუთარი, უცვლელი ვერტიკალი იცავს. ოპიუმი გვაჯერებს, რომ თუ ჩვენს სექტორში სიმშვიდეა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც შორს, მეოთხე სექტორი „სტრატეგიული აუცილებლობით“ იბომბება.

პანელის სიღრმეში, იქ, სადაც სადენები ადამიანის ვენებივით იხლართება, დიდი მემანქანე ზის. ის სულიერი არ არის, უბრალოდ ალგორითმის ხორციელი დანამატია. როცა ეკრანზე რომელიმე სექტორის „სიცოცხლისუნარიანობის გრაფიკი“ ეცემა, მისი თითები ნაზად ეხება ღილაკებს და პანელში ჩაშენებული რუპორები გეოპოლიტიკის მრწამსის წარმოთქმას იწყებენ. ახალ წმინდა წერილში, რომელსაც გეოპოლიტიკის საფუძვლებს ვუწოდებთ, სამი მცნება (მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება) და მისი განმარტებებია. ერესი მკაცრად აკრძალულია და თუკი რომელიმე სექტორში ახალი ღმერთების შესახებ ქადაგებენ, მეშვიდე ესკადრილიის პილოტები მუდმივად მზადყოფნაში არიან, შერისხულს ცეცხლის წვიმა დაატეხონ თავს.

სექტორში ასე ვცხოვრობთ: არც საჭმელი, არც სასმელი, არც სახლი, არც მომავალი, მხოლოდ პრიალა პანელი, მასში ჩაშენებული რუპორი, მემანქანე, წმინდა წერილის ექსპერტები, ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ავიამზიდები გვაქვს. როგორც კი რომელიმე Error 404-ს წინა ცხოვრებისგან შემორჩენილი სურვილები ან ოცნებები მოგვეძალება, საღამოს დოზას ზრდიან, როდესაც რაიმე კითხვა გვიჩნდება ჩვენი სექტორის კურსის შესახებ, მაშინ საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ და ეკრანზე უზანაესი ლიდერი გამოისახება ხოლმე. ის მანტრასავით იმეორებს სამ მცნებას, მოგვიწოდებს მათი დაცვისკენ და გვეუბნება, რომ მათ აღსასრულებლად, ხან ომის შიშია საჭირო, ხანაც ომში ჩართვა.

იმ დილას პანელები ჩვეულებრივზე მეტად ხმაურობდნენ. ჰაერში დამწვარი ოზონის სუნი იდგა. სწორედ მაშინ, როცა ნეონური ნათება თვალის გუგებს მიწვავდა, ერთმა Error 404-მა ძველ ნანგრევებში ნაპოვნი ფრაგმენტი მომიტანა. ეს იყო არქაული პოეტის, ვინმე კარლო მარქსის მივიწყებული პოემა. მასში სიტყვები ისე ლაგდებოდა, თითქოს, ჩვენს ალგორითმს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე ახსნოდა ჯადო:

„რელიგია ხალხის ოპიუმია“, — ეწერა გაყვითლებულ ციფრულ ფირფიტაზე.

საღამოს დოზის ზარი რომ დაირეკა, ყველა ავდექით. კუნთის მეხსიერებით მივდიოდით. დერეფანში ჩვენი განყოფილების სხვა მცხოვრებლები უკვე მიეწყვნენ კედლებს, სახეები პანელისკენ. ნეონი თვალებში ეცემოდათ და გუგები უფართოვდებოდათ.

Error 404 გვერდით ამომიდგა.

„რას ნიშნავდა?” — ჩუმად ვკითხე, პირი პანელისკენ ვიბრუნე, თითქოს, მას ვესაუბრებოდი.

ცოტა ხანს გაჩუმდა. პანელზე მეოთხე სექტორის „სიცოცხლისუნარიანობის გრაფიკი” ეცემოდა ისევ, ნელ-ნელა, გამოზომილად.

„ოპიუმი მაშინ წამალი იყო,“ — თქვა Error 404-მა. — „ავადმყოფებს აძლევდნენ. ტკივილს აყუჩებდა. მხოლოდ… ვერ გრძნობდი. ვერ ხვდებოდი, სად გტკიოდა.”

„და ჩვენ?“ — ვკითხე.

Error 404-მა პანელს გადახედა. გრაფიკს. ლიდერს. შემდეგ იატაკს დააცქერდა.

„ჩვენც გვტკივა რაღაც. უბრალოდ აღარ ვიცით — რა.“

დოზამ გამაბრუა. პანელი უკვე მეოთხე სექტორის „სტრატეგიული ოპტიმიზაციის“ შესახებ გვიყვებოდა. სიტყვები ჰაერში იშლებოდა, სახეზე ყველას სიმშვიდე ეწერა. Error 404 კედელს მიეყრდნო. ხმას ჩაუწიეს, ის კი, თითქოს, ძილისპირულს მიმღეროდა, მაგრამ თვალები ფხიზელი ჰქონდა — ლითონის ორი ნამსხვრევივით.

„სწორედ ამას წერდა პოეტი. ამბობდა — ადამიანი ქმნის ღმერთს, რადგან სამყარო ასეთია, მას ღმერთი სჭირდება. ცივია. უსამართლოა. მარტოა. და სანამ სამყარო ასეთია, მანამ ოპიუმიც იქნება. გამოსავალი სამყაროს შეცვლაა. ამასაც ამბობდა, მაგრამ ეს ნაწილი, როგორც ჩანს, ფირფიტაზე აღარ იყო.“

პანელზე ახლა რუკა გამოჩნდა. ხუთი სექტორი, ისრები, ხაზები. მივხვდი, რომ ჩემი სხეულიც ნელ-ნელა მოდუნდა. დოზა მოქმედებდა. ბანგი სასიამოვნო იყო, რუკა —ლამაზი, ლიდერის ხმა — დამამშვიდებელი.

„შენ რატომ არ გაბრუებს?”

დიდხანს არ უპასუხია. პანელის ნათება მის სახეზე ეცემოდა — წითელი და მწვანე.

„მაბრუებს,“ — თქვა ბოლოს. — „უბრალოდ… ვიცი, რომ მაბრუებს. ჩემსა და დანარჩენებს შორის ეს ერთადერთი განსხვავებაა.“

ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ დაბალი ხმით დაიწყო:

„როცა გშია — გაბრუებენ. როცა გწყურია — გაბრუებენ, როცა გცივა — გაბრუებენ, როცა კითხვას სვამ — ვინ წაგვართვა სახლი, პური ან წყალი — გაბრუებენ. და გაბრუების შემდეგ გჯერა, რომ მეოთხე სექტორის საზღვარი შიმშილზე უფრო გადაუდებელი პრობლემაა.“

პანელზე რუკა ტრიალებდა. ხუთი სექტორი. ისრები.

„ოდესმე გინახავს სხვა სექტორი?“ — მკითხა.

„არა.“

„არც მე მინახავს. არც ერთ ჩვენგანს არ უნახავს. მაგრამ ყველამ ვიცით, რა ხდება იქ. ვინ არის მტერი. რატომ ვიბომბებით. ვინ იმსახურებს ცეცხლის წვიმას.“ — გაჩერდა. — „ოდესმე გიფიქრია, რა ემართებათ იქაურ Error 404-ებს მეშვიდე ესკადრილიის გადაფრენის შემდეგ?“

არ მიპასუხია. ვიცოდი, კითხვა რიტორიკული იყო.

„თუკი ამ კითხვას ხმამაღლა დასვამ, გაგაბრუებენ. და დაიჯერებ, რომ სტრატეგიული მიზანშეწონილობა პასუხია. რომ ნგრევა აუცილებელია. რომ სექტორები მარადიულია — სამყარო ასე დაიბადა, ასე მოკვდება.“ — ხმა ჩაუწყდა — „მაგრამ მგონი პოეტი იმას გულისხმობბდა, რომ მხოლოდ ოპიუმის დოზების შეწყვეტით, არაფერი გამოვა. ილუზიის წართმევა ტკივილს აორკეცებს. მისგან თავის დაღწევა მაშინ იწყება, როცა გულგატეხილი ადამიანი, გონს მოსული, თავის სინამდვილეს პირველად საკუთარი თვალით უყურებს — არა პანელით, არა სამი მცნებით, არა მეშვიდე ესკადრილიის აჩრდილით…“

დოზის ნარჩენები ხარბად ჩაისუნთქა და განაგრძო:

„პანელი ყალბი მზეა, შენ გარშემო ტრიალებს და გგონია, რომ ნათება მისგან მოდის. რომ მეოთხე სექტორის ბომბები შენს შიმშილს ხსნის. რომ ლიდერის ხმა შენს მარტოობას ავსებს.“

გაჩუმდა.

პანელზე „სიცოცხლისუნარიანობის გრაფიკი“ ისევ ანათებდა, ნელ-ნელა, გამოზომილად. ჩვენ ვიძინებდით.