სრული ტექსტი იხილეთ აქ
დღეს დილით, ჯერ კიდევ ნახევრად გამოღვიძებულს, სოციალურ ქსელში ღონისძიებაზე მოწვევა მომივიდა, სადაც ემიგრაციაში წასვლის შესახებ რჩევებს გასცემენ. ცხადია, ახალგაღვიძებულზე სოციალური ქსელების შემოწმება ცუდი ჩვევაა, რადგან, ზოგჯერ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეტყობინებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღის განწყობა განგისაზღვროს – უსუსურობისა და ფრუსტრაციის განცდა გაგიმძაფროს. თუმცა, შეიძლება 9-წლიანი ემიგრაციის გამოცდილების გამოცაა, რომ ეს თემა ჩემთვის ზედმეტად მგრძნობიარეა. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერმა ერთ რაღაცასაც მიმახვედრა – რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ერთად ყოფნაზე ფიქრი და საუბარი; იმის ანალიზი, კრიტიკა, შეფასება და წარმოსახვა, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ ნგრევის ფონზე ის ადამიანები, ვისაც ქვეყნიდან წასვლა არ გვინდა, არ შეგვიძლია და საერთოდ არ განვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულ გარემოში, ემიგრაციის პერსპექტივა მუდმივად სადღაც ახლოს ტრიალებს. ალბათ, სწორედ აქ ჩნდება უფრო ფართო აღქმისა და კითხვების დასმის საჭიროება, რომელიც მხოლოდ პირადი განცდა კი არა, ჩვენი საერთო გამოცდილებაა.
ხანდახან, ყველაზე რთული კითხვა შეიძლება არც ის იყოს, თუ როგორ ვიცხოვროთ, არამედ – ვისთან ერთად შეგვიძლია ცხოვრება. რა თქმა უნდა, საკუთარ თავთან კომფორტული თანაარსებობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ადამიანის სოციალური არსებიდან გამომდინარე – არასაკმარისი. ამიტომ, მარტოობა ხშირად თავისუფლებაზე მეტად მძიმე ტვირთად იქცევა ხოლმე. ჩვენ მაშინაც კი ერთმანეთს ვეძებთ, როცა ერთმანეთით ვიღლებით; მივისწრაფვით სოციალური ერთობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება დაგვაზიანოს. ამგვარი პარადოქსული ბუნების სახელდება არაა მარტივი, მაგრამ დაკვირვებამ შეიძლება მოგვცეს პასუხები. იქნებ არა ამომწურავი და არც მტკიცებითი, მაგრამ მსჯელობისა და ახალი პერსპექტივის გასახსნელად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისკენ მივილტვით, თან გვდევს ერთგვარი შიში, რომ ერთად ყოფნა შეიძლება სულაც არ იყოს უსაფრთხო.
უბუნტუ
ფილოსოფიაში იშვიათად გვხვდება იდეები, რომლებიც ერთდროულად ჰგავს ნუგეშსაც და გაფრთხილებასაც. აფრიკული კონცეფცია „უბუნტუ“, ხშირად წარმოდგენილი ფორმულით, როგორც „მე ვარ, რადგან ჩვენ ვართ“, შეიძლება სწორედ ასეთი გამონაკლისი იყოს. ნგუნის ენებში გავრცელებული გამოთქმა umuntu gnumuntu ngabantu – „ადამიანი ადამიანია სხვა ადამიანების მეშვეობით“ – გვთავაზობს ადამიანის რელაციურ ხედვას, სადაც სუბიექტი არ არის თვითკმარი, არამედ ყალიბდება ურთიერთობებში – ზრუნვის, ურთიერთაღიარების, დამოკიდებულებებისა და კონფლიქტების ქსელში. ამიტომ უბუნტუს ფილოსოფიაში „ჩვენ“ შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს ჰარმონიულ სივრცეს.
აფრიკელი ფილოსოფოსი მოგობე რამოსე უბუნტუს აღწერს, როგორც მდგომარეობას, სადაც „ყოფნა უკვე ყოველთვის არის თანაყოფნა“ (being with). ეს ფორმულირება თითქოს ტრივიალურია, მაგრამ მის უკან საკმაოდ რადიკალური იდეა შეიძლება იდგეს, რომ ადამიანი ვერ იარსებებს იზოლაციაში და რომ ღირსება არ არის მხოლოდ ინდივიდის საკუთრება; ის ჩნდება მაშინ, როდესაც ვიღაც გვხედავს, გვისმენს და გვპასუხობს (Ramose, 1999). ამ გაგებით უბუნტუ არც ინდივიდუალიზმის უარყოფაა და არც კოლექტიურობის იდეალიზება. ის უფრო ჰგავს მცდელობას, დავაფიქსიროთ ის საზღვარი, რომელიც „მე“-სა და „ჩვენს“-ს შორის შეიძლება გავავლოთ ან პირიქით, უკვე გავავლეთ და ახლა მისი ახლიდან გააზრება და ხელახლა პოვნა გვჭირდება.
შეიძლება, სწორედ ამიტომ იძენს უბუნტუ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისეთ საზოგადოებებში თუ სივრცეებში, სადაც ცხოვრება მუდმივი დაუცველობის ფონზე მიდის – კოლონიური მემკვიდრეობის, ეკონომიკური სიმწირისა და სტრუქტურული უთანასწორობის პირობებში. ასეთ სივრცეებში ურთიერთდახმარება მხოლოდ ეთიკური ჟესტი აღარ არის; ის გადარჩენის პრაქტიკა ხდება. სწორედ ამ პერსპექტივიდან დანახული უბუნტუ აღარ ჰგავს მშვიდ ჰარმონიას, არამედ ყოველდღიურ მცდელობას, შეიქმნას თუნდაც დროებითი უსაფრთხოების ქსელი იქ, სადაც სტაბილურობა არასდროსაა გარანტირებული. თანაცხოვრების ამგვარი ლოგიკა არც ქართული საზოგადოებისთვისაა უცხო ან ძალიან შორეული. ჩვენი კოლექტიური მეხსიერება ჯერ ისევ მკაფიოდ ინახავს ე.წ. „90-იანების ყოფას“ და ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებელი საქართველოს დაბადება, გარდა ერთმანეთთან ომისა, ერთმანეთის გადარჩენის ისტორიაცაა – ერთი „კერასინკის“ ირგვლივ შემომსხდარი სამეზობლოს, გაზიარებული საკვების თუ ემოციური მხარდაჭერის სახით, რამაც, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრა როგორც ჩვენი სოციალური, ისე კულტურული ცნობიერება.
სამხრეთ აფრიკელი თეოლოგი დესმონდ ტუტუ უბუნტუს აღწერს, როგორც მდგომარეობას, სადაც „ადამიანი არის ის, ვინც ღია და ხელმისაწვდომია სხვებისთვის, რადგან იცის, რომ თვითონაც სხვების მეშვეობით არის ჩამოყალიბებული“ (Battle, 1997). ამ ინტერპრეტაციაში უბუნტუ არ ჰგავს გმირულ თვითკმარობას, ის უფრო ჰგავს ჩუმ აღიარებას, რომ ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ადამიანობის საწყისი მდგომარეობაც კი იყოს. სწორედ აქ იწყება მისი ერთგვარი შიდა „დაძაბულობაც“. თუ უბუნტუ ერთდროულად არის გადარჩენის ფილოსოფია და ურთიერთზრუნვის ეთიკა, მაშინ მისი რომანტიზება, როგორც ბუნებრივად ჰარმონიული, კონფლიქტისგან თავისუფალი კოლექტიურობის იდეალის, შესაძლოა თავად ამ კონცეფციის გამოფიტვის მიზეზად იქცეს. უბუნტუ არ გვპირდება თანასწორობას. არ გვაძლევს გარანტიას, რომ ყველა ურთიერთობა სამართლიანი ან არაძალადობრივი იქნება. პირიქით, მისი კრიტიკულად წაკითხვა ნიშნავს ვიკითხოთ, რა ტიპის ურთიერთობები ქმნის „ადამიანობას“ და რა ტიპის ურთიერთობები შეიძლება ზღუდავდეს მას.
ამ თვალსაზრისით, უბუნტუ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღია კითხვა და არა დახურული პასუხი – როგორ შეიძლება კოლექტიურობა იყოს ზრუნვაზე დაფუძნებული და არა კონფორმიზმზე? როგორ შეიძლება „ჩვენ“ ნიშნავდეს ურთიერთაღიარებას და არა განსხვავების ჩახშობას ან იერარქიულ ექსპლუატაციას? როგორ ავიცილოთ თავიდან, რომ ურთიერთდამოკიდებულების ეთიკა და სოციუმთან თანაცხოვრება არ გადაიქცეს მუდმივი თვითდათმობისა და თვითგაჩუმების მორალურ ვალდებულებად?
ალბათ ხაზგასასმელია, რომ დღევანდელ უკიდურესად რთულ პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, როგორშიც ქართული საზოგადოება აღმოჩნდა, ურთიერთდამოკიდებულების კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისში ცხოვრება თითქოს უკვე დასწავლილი გვაქვს, თანამედროვე ოლიგარქიულ-ავტორიტარული სისტემები ადამიანებს ხშირად ისეთი დაუცველობის წინაშე აყენებს, რომ მობილიზება და გაერთიანება აუცილებლობა ხდება. ეს აუცილებლობა ეხება როგორც ფიზიკურ და ფსიქიკურ გადარჩენას, ასევე პოლიტიკური აზრისა და ქმედების ფორმირებას. კოლექტიური ყოფა აქ აღარ არის მხოლოდ იდეოლოგიური პოზიცია, არამედ პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს გაუძლონ დაუცველობას, შიშსა და ქრონიკულ არასტაბილურობას. ასეთ კონტექსტში, უბუნტუს მსგავსი ფილოსოფიური ენაც შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ერთგვარი სოციალური წარმოსახვის რესურსი – იდეა, რომ ადამიანი მარტო არ არის. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გაერთიანებისკენ სწრაფვა ყოველთვის ავტომატურ გაძლიერებას არ ნიშნავს. კოლექტივები, დიდი თუ პატარა, იქმნება კონკრეტულ პირობებში, კონკრეტული ძალაუფლებრივი ურთიერთობების შიგნით და მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა სახის წნეხი, დაუწერელი ვალდებულებები, გამორიცხვის მექანიზმები და ა.შ.
ულმობელი ოპტიმიზმი
ლორენ ბერლანტის „ულმობელი ოპტიმიზმის“ კონცეფცია საშუალებას გვაძლევს კოლექტიურ გაერთიანებებს კრიტიკულად შევხედოთ: ბერლანტი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ადამიანები იდეების გარშემო ისეთ საქმიანობებში ერთვებიან, რომლებიც მათ უკეთესი ცხოვრების, თვითრეალიზების, აღიარებისა და დაფასების დაპირებას შეიძლება აძლევდეს, მაგრამ ეს პროექტები ხშირად ვერ ამართლებს მოლოდინებს და თავადვე ხდება გამოფიტვისა და ტკივილის წყარო (Berlant, 2011). პარადოქსი. კოლექტიური გაერთიანებები, განსაკუთრებით წინააღმდეგობის კონტექსტში, შეიძლება სწორედ ასეთი ორმაგი ფენომენი იყოს – ერთდროულად – იმედისა და იმედგაცრუების რისკის მატარებელი სივრცე. დღევანდელ კრიზისულ რეალობაში, როდესაც მომავალი ბუნდოვანი და არასახარბიელოა, გადარჩენის, ისევე როგორც ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობად, ხშირად, შეიძლება ერთმანეთი გვესახებოდეს. ამიტომ, ერთად ყოფნის კულტურასა და იმ გამოწვევებზე საუბარი, რომლებსაც საერთო სივრცეები წარმოშობს, განსაკუთრებით რელევანტური ხდება, რადგან ასეთ დროს აუცილებლად გვიჩნდება კითხვა – უფრო მარტივი ხომ არ არის ინდივიდუალური გადარჩენა, ვიდრე სხვებთან ერთად? ან იქნებ, მარტო გადარჩენაც ისეთივე მყიფე და ილუზორულია, როგორც კოლექტიური თანაცხოვრება? ყოველ შემთხვევაში, ეს ის კითხვებია, რომლებიც მე თავად გამიჩნდა რაღაც ეტაპზე და ეს ესსეც, გარკვეულწილად, თვითრეფლექსიის მცდელობაა – იმ გამოცდილებების, ფიქრებისა და შინაგანი დაძაბულობების გადახედვა, რომელიც სხვადასხვა ტიპის კოლექტივებთან ურთიერთობისას გამოვიარე 2023-2025 წლებში და შეიძლება, ემოციურად, დღემდეც თან დამყვება. ამგვარი თვითრეფლექსია მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს ამ დროისათვის დაგროვებული გამოცდილებების გადმოცემას – შეიძლება ხშირად ფრაგმენტულს და ზოგ შემთხვევაში მწირსაც, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ღირებულს. ამიტომ, თუ მაინც ვამბობთ, რომ კოლექტიურობის იდეა დღეს საჭირო და ხშირად გარდაუვალია, მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ ის არა რომანტიზებული ენით, არამედ სიფრთხილითა და თვითკრიტიკით, რომ ადამიანი სწორედ იქ არ დაზიანდეს, სადაც გადარჩენასა და მხარდაჭერას ელის.
სრული ტექსტის წასაკითხად დააჭირეთ აქ
