საქართველოში მასობრივი პროტესტები ძირითადად მაშინ იწყება, როდესაც საქმე უკიდურესად ცუდად არის, დიდი საფრთხე გველოდება და ამ საფრთხეზე კალეიდოსკოპური სიჩქარით ვრეაგირებთ. საქართველოს მოსახლეობა ერთგვარ შემაკავებელ ბერკეტად გვევლინება. ასეთი უკიდურესი შემთხვევების გარდა იგი გამორიცხულია პოლიტიკური დისკურსისგან, რომელმაც უნდა წარმოქმნას სასაუბრო და სამოქმედო ველი, რომელიც ჯანსაღ მსჯელობაზე უნდა იქნას დაფუძნებული.
საქართველოში საუნივერსიტეტო მასობრივი პროტესტებიც ეროვნულ აღტკინებას ეფუძნება, ეს მოტივი სწორი იყო 1978 წელს, როდესაც ენას დაემუქრა საფრთხე, სწორი იყო 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. და სწორია დღესაც, როდესაც თავსმოხვეული მავნებლური კანონი შემოაქვთ. თუმცა რამდენად საკმარისია ეს?
სტუდენტურ პროტესტებს მნიშველობას შესძენს იმ მთავარ ფუნდამენტურ ღირებულებებზე საუბარი, როგორიც არის სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება მატერიალური თუ აკადემიური თვალსაზრისით. სტუდენტებს უამრავი არგუმენტი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია უნივერსიტეტებს მოვთხოვოთ მთელ რიგ იმ სიკეთეებზე წვდომა, რომელიც სტუდენტებს მისცემს ღირსეული ცხოვრებისა და სწავლის გარანტიებს.
საქართველოს განათლების სისტემა საბაზრო ეკონომიკური პრინციპებით იმართება, რაც გულისხმობს იმას რომ მეცნიერება არ ვითარდება. ის დარგებიც, რომლებიც ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული ხმარდება ქვეყნის ეკონომიკური რესურების გაზიდვას. ის მწირე ცოდნაც, რომელიც შემოგვრჩა, დიდი კაპიტალის მსახურებაშია. ამაში შეუქცევადად არიან ჩართულები ლექტორები და კარიერული წინვლის იმედით გატაცებული სტუდენტები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2023 წელს მემორანდუმი გააფორმა ‘’არემჯი გოლდთან,’’ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ორწლიანი მეგობრობა აკავშირებს ‘’ჯორჯიან მანგანეზთან’’.
ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე სუვერენიტეტზე ვერ ვისაუბრებთ. დღეს სტუდენტურ პროტესტებს უნდა დაემატოს: საუნივერსიტეტო სივრცის მიერ მავნებლური კომპანიებთან კავშირის გაწყვეტა, რუსული კომპანიების ხელში არსებული ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია.
რუსული კომპანია ‘’არემჯი გოლდი’’ მთლიანად ფლობს ქვემო ქართლში – კაზრეთში არსებულ ოქროსა და სპილენძს. ენგურჰესი საიდუმლო მემორანდუმის საფუძველზე გადაეცა რუსეთს. ოფშორული ზონის გამოცხადების შემდგომ საქართველოში არსებობს რისკი იმისა, რომ რუსული ფულის ბრუნვა გაიზრდება და ეს მოხდება ყველანაირი ეკონომიკური წესის დარღვევით.
მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ არ უნდა დავთმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, კბილებით უნდა დავიცვათ თავისუფლება, თუმცა თავისუფლების ცნება ფიქციურ ელემენტებამდე დადის თუ მას თან არ ახლავს ეკონომიკური თავისუფლება. საქმე იმაშია რომ რუსეთი და რუსული პოლიტიკა დიდი ხანია უკვე ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს არღვევს. იგი ითვისებს იმ სიკეთეს, რომლითაც უნდა სარგებლობდეს მოსახლეობა. იგი ფეხქვეშ აცლის მიწას ქართველ მოსახლეობას საკუთარი მოგების გამო.
ჩვენ ხშირად ემოციებს ვეყრდნობით, რომელიც ერთგვარად სასიამოვნოც არის და საჭიროც, თუმცა ლოგიკას უფრო დიდი ადგილი უნდა დავუთმოთ იმისათვის, რომ მტრები მხოლოდ 84 დეპუტატში არ ვეძებოთ. მტრები არიან ისინიც, ვინც სახლკარიდან გყრის, ვინც გართმევს ფუნდამენტური პირობების დაკმაყოფილების საშუალებას. ამიტომაც ჩვენი ბრძოლა უფრო ფართოა, მასშტაბურია და უფრო ბევრ საუბარს მოითხოვს.
ამჟამად სტუდენტების გაფიცვა ყველაზე სწორია და ამ ბრძოლაში გაფიცვამ უნდა მოახერხოს ზემოხსენებული საკითხების დაყენება, რათა არსებულ რეალობას რაციონალური მეთოდებით დავუპირისპირდეთ.