მტრული დაზვერვა: ფიქრები დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ

მტრული დაზვერვა: ფიქრები დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ

ავტორი: დევიდ გრებერი

15 თებერვალი 2024

ანი გიორგაძის თარგმანი

ნაბლუსში ყველა ქუჩაზე, ფაქტობრივად, მამაკაცის ათასობით თმის სალონია. მათი უმრავლესობა მინიმუმ ღამის 2 საათამდეა ღია. ხშირად, მეჩეთების გარდა, მხოლოდ ეს სალონებია ღამის ორ საათამდე განათებული. ნებისმიერ სალონთან ჩავლისას, თითქმის ყოველთვის დაინახავთ, ოთახში ოთხ ან ხუთ ლამაზად დავარცხნილ ახალგზარდა კაცს, რომლებიც თმის შეჭრის პროცესს უყურებენ. უცნაური ის არის, რომ ქალების თმის სალონები არსად ჩანს. დროდადრო დაინახავთ ქალების კოსმეტიკისა და თმის მოვლის პროდუქტების შთამბეჭდავ პოსტერებსაც, ხშირად, ეს ქალები ქერები არიან (ნაბლუსში პალესტინელების გასაოცარი რაოდენობა ქერაა; ბავშვებიც), მაგრამ მაღაზიები არსად ჩანს. ჩემს მეგობარს ვკითხე, რატომ იყო ასე. მან ამიხსნა, რომ ბეირუთის შემდეგ, პალესტინელები ტრადიციულად ყველაზე ლიბერალურ არაბულ საზოგადოებად ითვლებოდნენ, ახალგაზრდა ქალები თმას არასდროს იფარავდნენ. 90-იან წლებში, ჰამასის პოლიტიკურ აღზევებასთან ერთად, ცვლილებები დაიწყო. თუმცა, ქალების თმის სალონების შემთხვევაში, სხვა, უფრო გადამწყვეტი ფაქტორი არსებობდა. 80-იან წლებში, ისრაელის დაზვერვის აგენტებმა, სალონების ათვისება დაიწყეს, ტკბილ ჩაიში გამთიშავი ნარკოტიკების გარევის შემდეგ, ქალებს შიშველ ფოტოებს უღებდნენ, რომ მათი ქმრები დაეშანტაჟებინათ და კოლაბორაციონისტებად ან ინფორმატორებად გადაექციათ. ასე რომ, დღეს ქალების სალონები არსებობს, მაგრამ ქუჩიდან მათ ვეღარ დაინახავთ, ხოლო ქალები უცხო ადამიანისგან შემოთავაზებულ ჩაის აღარ სვამენ.

ამ ამბავზე ჩემი პირველი რეაქცია იყო: ეს მართლა მოხდა? ეს ხომ პარანოიდული ფანტაზიის პირდაპირ მაგალითს ჰგავს. მაგრამ პალესტინელები ნაბლუსში ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც სიგიჟეები ნამდვილად ხდება, სადაც რეალურად არსებობენ მათ წინააღმდეგ შეთქმულები; ჯაშუშები, ინფორმატორები, სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ძალები, მათგან ბევრი აკადემიურ ხარისხს ფლობს ფსიქოლოგიასა და სოციალურ თეორიაში, აქტიურად ცდილობენ მოიფიქრონ სოციალური ნდობის განადგურებისა და საზოგადოებრივი ქსოვილის რღვევის ხერხები. უთვალავი ამბავი ვრცელდება. მხოლოდ ზოგიერთი მათგანია სიმართლე. როგორ შეიძლება ზუსტად იცოდე, რომელი?

მსგავს სიტუაციებში, ესეც ამოცანის ნაწილია. “სტასიმ”, აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციამ, დისიდენტების სახლებში ღამით შეპარვისა და ავეჯის გადაწყობის ტექნიკა შეიმუშავა, რომელიც მსხვერპლს შეუძლებელ სიტუაციაში ტოვებდა. ან ხალხს უყვები, რომ შენს სახლში ჯაშუშები შემოიჭრნენ და ავეჯი გადაგილაგეს, რითაც ბევრისთვის შეშლილის შთაბეჭდილებას დატოვებ, ან არაფერს ამბობ და თანდათან საკუთარ ადეკვატურობაში გეპარება ეჭვი. პალესტინაში ზოგჯერ შეგრძნება გაქვს, რომ მთელ ქვეყანას ასე ექცევიან.

ამ შემთხვევაში, მოარული ხმები ნაწილობრივ მაინც მართალი აღმოჩნდა. ვიღაცამ, მოსადის სინდისშელახული აგენტებისთვის, ვებ გვერდი გააკეთა, სადაც ანონიმური აღსარებების განთავსებაა შესაძლებელი. ერთმა მათგანმა მართლაც ახსენა სილამაზის სალონებში ჩაიში ნარკოტიკების გარევის ფაქტი.

ჩემმა მეგობარმა ამინმა თქვა: “ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რელიგიური კონსერვატიზმისკენ შემოტრიალება, თავსაბურავები, სახის დაფარვა – მხოლოდ 80-იანებსა და 90-იანებში ჰამასის პოლიტიკური აღზევების შედეგი არ არის. ვფიქრობ, ნაწილობრივ, ეს არის რეაქცია მუდმივი დაკვირვების ქვეშ ყოფნაზე, რომელიც გაცნობიერებული გაქვს. მიმოიხედე გარშემო. პრაქტიკულად, ყოველ ბორცვზე ებრაული დასახლებაა[1]. მაგრამ მაღლა აიხედავ და მხოლოდ არქიტექტურას ხედავ, წინასწარ მოწყობილი, ჩაკეტილი საზოგადოების ცარიელ სახეს, ხალხი არსად ჩანს. მის გვერდით კი ყოველთვის სამხედრო ბაზაა, შემოღობილი, კოშკებით, რთულია დაადგინო იქიდან გაკვირდებიან თუ არა. შემდეგ კედელია. კედელს მოძრაობის დაბრკოლებად განიხილავენ. ეს მართალია, და საოცრად გამაღიზიანებელია, მაგრამ კედელი ხედვაშიც გიშლის ხელს. ვერასდროს ხედავ, რა ხდება შენ გვერდით. მათ საკუთარი საავტომობილო გზები აქვთ. უფრო სწორად, მათ აქვთ ორი კატეგორიის გზები: არსებობს ებრაელი ახალმოსახლეების გზები და სამხედრო გზები. ვერასოდეს ნახავ, რომ ამ გზებს არაბები ვიყენებდეთ, მხოლოდ აქა-იქ თუ მოჰკრავ თვალს. ან არის გარკვეული ადგილები, სადაც ებრაული დასახლების გადაკვეთა გიწევს, და იქ შეხვდები გუშაგებს, ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსების პოსტერებს და ავტოსტოპზე მდგარ ბავშვებს თავზე კიპით (ტრადიციული ებრაული ქუდი- მთარგმნელი). სხვაგან მათ ვერსად დაინახავ. მაგრამ შენ იცი, რომ ისინი გხედავენ, როცა საჭესთან ზიხარ, ან ფეხით მოძრაობ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გაკვირდებიან ათასობით სხვადასხვა კუთხიდან და ადგილიდან, რომელთა შესახებაც არ იცი. პატარა იზოლირებულ ადგილებში ხარ გაჭედილი, სადაც ხედავთ ერთმანეთს, მაგრამ ვერასდროს პანოპტიკურ ხედს, ეს არის ნაკუწი იმ ქალაქის, რომელშიც ცხოვრობ, ნაკუწი იმ სოფლის, სადაც ცხვარს მიერეკები, ეს წყვეტილი კუნძულებია; ნორმალური რუკაც კი არ გაქვს, რუკები, რომლებსაც გაძლევენ ან შეცდომებითაა სავსე, ან ძველია, შენ ვერასდროს გადმოიხედები გაბატონებულის სიმაღლიდან. ამიტომ იწყებ დამალვას. გარეთ ხშირად აღარ გადიხარ, ქალები ვარცხნილობებსაც კი მალავენ. ეს მხოლოდ ჟესტია, ერთი პატარა საშუალება კონტროლის დასამყარებლად.”

ასეთია პალესტინაში ცხოვრება. მუდმივი განცდით, რომ არსებობს სასტიკი, მტრული დაზვერვა, რომელიც იმ მოსახლეობის არსებობის პირობებს აორგანიზებს, რომლისადმი არაკეთილმოსურნე განზრახვა აქვს. მათ ვერავინ ხედავს, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა ყველას აქვს. უსაზღვროდ განათლებული და დახვეწელი მამაკაცები და ქალები ხვდებიან კონდიცირებულ ოფისებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, აჯამებენ კვლევებს, ავითარებენ დახვეწილ გეგმებსა და სცენარებს. შენ ზუსტად იცი, რომ ეს ხალხი მტრულად არის განწყობილი შენი არსებობის მიმართ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს, რისი მთქმელი და გამკეთებელია. შენ მხოლოდ ჭორებსა და ანალოგიებს შეგიძლია დაეყრდნო.

ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა 50-იან წლებში წამების საოცრად ეფექტური მეთოდები შეიმუშავა; ეს მეთოდები ისეთი შედეგიანი იყო, რომ დატყვევებულ ამერიკელ მფრინავებს, აიძულებდა ეღიარებინათ ყველანაირი სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენიათ, ამასთანავე მფრინავებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ მათ რეალურად არავინ აწამებდა. მეთოდი მარტივი იყო. უბრალოდ შეუქმენი მსხვერპლს მცირე დისკომფორტი – მაგალითად, აიძულე, დაჯდეს სკამის კიდეზე ან კედელს მიეყრდნოს ოდნავ უხერხულ პოზაში – ოღონდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რვა საათის შემდეგ მსხვერპლი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ეს დასრულდეს. მაგრამ სცადე და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იჩივლე, რომ მთელი დღე სკამის კიდეზე ჯდომა გაიძულეს. როგორც წესი, თავად მსხვერპლებსაც კი არ სურდათ, მათი ბადრაგების მწამებლებად დახასიათება. როცა აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ამ მეთოდების შესახებ შეიტყო, რაც ჩემი კორეელი მეგობრების თქმით, პატარა ბავშვების დასჯის კლასიკური კორეული მეთოდების განსაკუთრებულად სადისტური ვერსიები იყო, მაშინვე დაინტერესდნენ და, როგორც ჩანს, ჩაატარეს ვრცელი კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა აეთვისებინათ ეს მეთოდები საკუთარ საპატიმროებში.

კიდევ გავიმეორებ, ხანდახან, პალესტინაში ყოფნისას, გიჩნდება განცდა, რომ მთელ ქვეყანას ასე ექცევიან. რა თქმა უნდა, ზოგ პალესტინელს პირდაპირ აწამებენ, ესვრიან, სცემენ, და სასტიკად შეურაცხყოფენ. მაგრამ ახლა საზოგადოების სხვა ნაწილზე ვსაუბრობ. უმრავლესობისთვის, ყოველდღიურობის ისეთი ტექსტურაა შექმნილი, რომ ცხოვრება აუტანელი იყოს – ოღონდ ისე, რომ ვერასდროს თქვა ზუსტად, სად და როდის ირღვევა ადამიანის უფლებები. არასდროს არის საკმარისი წყალი. შხაპის მიღება თითქმის სამხედრო დისციპლინას მოითხოვს. ნებისმიერი ნებართვის მიღება იწელება. მუდმივად რიგში დგახარ. რამე თუ გაფუჭდა, შესაკეთებლად ნებართვის მიღება გიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილებს ვერ იშოვი. არსებობს ოთხი სხვადასხვა კანონმდებლობა (ოსმალური, ბრიტანული, იორდანიული, ებრაული), რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ სამართლებრივ სიტუაციას მიესადაგოს; უნდა გამოიცნო, რომელი სასამართლო იტყვის რა სად ვრცელდება, რა საბუთია საჭირო, ან მისაღები. წესების უმრავლესობა განზრახ სრულიად გაუგებარია. შეყვარებულთან მისასვლელად, რომელიც 20 კილომეტრში ცხოვრობს, რვა საათი დაგჭირდება, ესეც სახესთან იარაღის ტრიალისა და შენთვის ნახევრად გაუგებარ ენაზე ყვირილის თანხლებით, იმ ხალხისგან, ვინც არაადამიანად გთვლის. ასე რომ, ურთიერთობის განვითარების მთავარი ასპარეზი სატელეფონო კომუნიკაციაა. როცა ამისთვის წუთები გაქვს. საგუშაგოებთან დაუსრულებელი საცობებია, მძღოლები მუდმივად ილანძღებიან და იგინებიან, თან ცდილობენ, აგრესია ერთმანეთზე არ გადაიტანონ. ყველანი ხმელთაშუა ზღვიდან 12 ან 15 მილის მოშორებით ცხოვრობენ, მაგრამ ყველაზე ცხელ დღესაც კი, სანაპიროზე გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კედელზე გადაძვრები, არის ადგილები, სადაც ამის გაკეთება შეგიძლია. მაგრამ მზად უნდა იყო, რომ უსაფრთხოების სამსახური შენზე ინადირებს. რა თქმა უნდა, თინეიჯერები ამას მაინც აკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ ცურვას ყოველთვის თან ახლავს დახვრეტის შიში. თუ ვაჭარი, მუშა, მძღოლი, თამბაქოს ფერმერი, ან მოხელე ხარ, მთელი შენი ცხოვრება პატარ-პატარა დამცირებების უწყვეტი ნაკადია. შენს პომიდვრებს კბილებდაკრეჭილი გუშაგი ჩამოგართმეს და ორი დღით ლპობისთვის გადადებს. სულ სახვეწარი გაქვს, რომ შენი შვილი პატიმრობიდან გამოუშვან. და თუ გუშაგებთან ხვეწნით მიხვედი, შესაძლოა, დაუსაბუთებლად, შენი შვილისგან ქვის სროლის აღიარების მიღების მიზნით დაგიჭირონ და მოულოდნელად ბეტონის საკანში სიგარეტის გარეშე აღმოჩნდე. შენი უნიტაზი იჭედება. აცნობიერებ, რომ სამუდამოდ ასე ცხოვრება მოგიწევს. არანაირი “პოლიტიკური პროცესი” არ არსებობს. ეს არასდროს დამთავრდება. ამას მხოლოდ ღვთაებრივი ჩარევა შეაჩერებს, სხვა შემთხვევაში უნდა ელოდო, რომ ზუსტად ასეთ ტერორსა და აბსურდში მოგიწევს ცხოვრების გატარება.

თუ ვინმემ ზეწოლას ვერ გაუძლო და, ვთქვათ, საგუშაგოზე ჯარისკაცი დაჭრა, ან შეუერთდა ჯგუფს, რომელიც ებრაელ ახალმოსახლეებს ესვრის, არ არსებობს კონკრეტული აქტი, რომელიც ამ, ერთი შეხედვით, არათანაზომიერ სიგიჟეს ახსნის.

ბოლოს და ბოლოს პალესტინა ხომ გნოსტიციზმის სამშობლოა – რწმენის, რომლის მიხედვითაც, ადამიანები მტრულად განწყობილი დემიურგის შექმნილ სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც სავსეა თვითნებური მორალური რეგულაციებით, რომლებიც მხოლოდ ჩვენი დაბნევისა და დემორალიზების მიზნით არსებობს, რადგან ნამდვილი ღმერთი სადღაც სხვაგან, აბსოლუტურ შეუცნობელშია. მაგრამ რა შესაძლო მიზეზით უნდა შექმნას პოლიტიკურმა რეჟიმმა მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც სინამდვილეში ასეთი კორუმპირებული და უაზრო სამყაროს სიმულაციას რეალობად აქცევს?

სტრატეგია განსაკუთრები დამაბნეველი ჩანს, რადგან მას ლოგიკა ისრაელის პერსპექტივიდანაც კი არ აქვს. ჯერ კიდევ 1990-იანებში, ისრაელს მეზობლებთან მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა ჰქონდა. შეთავაზებული პირობები უაღრესად მომგებიანი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. არც არავინ ელოდა, რომ ისრაელი 1948 წლის ლტოლვილების მნიშვნელოვან ნაწილს მისცემდა დაბრუნების უფლებას. საკმარისი იქნებოდა იმდროინდელი რამდენიმე ისეთი ებრაული დასახლების დაცლა, რომელთა მკვიდრებსაც ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა მაშინ მოძალადე რელიგიურ ფანატიკოსებად თვლიდა, და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციისთვის (PLO) რაღაც უხერხემლო სახელმწიფოს ნარჩენების გადაცემა. ამის ნაცვლად, ისრაელის მთავრობებმა დიპლომატიურ შირმად ორი სახელმწიფოს იდეა გამოიყენეს – გამოსავალი, რომლისაც დღეს აღარავის სჯერა, მიუხედავად ასობით შემოსავლიანი ბიუროკრატიული კარიერისა, რომელიც ამ იდეის განხორციელებისთვის შეიქმნა – რათა დასავლეთ სანაპირო სამხედრო ბაზებისა და ექსკლუზიურად ებრაული დასახლებების ლაბირინთად გადაექციათ, რასაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა გმობს. უაღრესად რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ეს პროექტი კატასტროფით არ დასრულდეს. მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის, ჰოლოკოსტს გადარჩენილი უდაბნოს ამყვავებელი იდეალისტების ქვეყანა, უკვე გადაიქცა აღრენილი ფანატიკოსების ჯგროდ, რომელმაც 12 წლის ბავშვების წამების ტექნიკები მეცნიერებად აქცია. მათ უკვე მოახერხეს გამწარებული მტრებით გარშემოტყმულ ერად ქცევა, ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც კი ისინი თითქმის მთლიანად დამოკიდებული გახდნენ ერთი იმპერიული ძალის უპირობო მხარდაჭერაზე, რომელიც სწრაფად სუსტდება.

როგორ შეიძლება ეს კარგად დამთავრდეს?

მაშასადამე: როგორია რეალურად ისრაელის გრძელვადიანი სტრატეგია?

ბოლო ინფორმაციით, ისრაელს ასეთი სტრატეგია არ აქვს. ისრაელის ხელისუფლებას რეგიონში ცხოვრების გრძელვადიანი სტრატეგია ისევე არ აქვს, როგორც “ექსონ მობილს” კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისათვის. როგორც ჩანს, მხოლოდ ის დადგინდა, რომ აშშ-ს ძალაუფლების კრახისა ან ისრაელზე ხელის ჩაქნევის შემთხვევაში, რამეს მოახერხებენ. ეჭვგარეშეა, რომ მათ ჰყავთ მოაზროვნე ხალხი, ვინც მუდმივად ამაზე ფიქრობს, რეპორტებს და სცენარებს ამზადებს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შემდგომი ფიქრის საგანია. 1967 წელს პალესტინის კოლონიზაციის მამოძრავებელი ძალა რაიმე გრანდიოზული სტრატეგია არ ყოფილა; ეს მოკლევადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობის საშინელი შერწყმის ნაყოფი იყო.

პირველ რიგში, ებრაულ დასახლებებზე შევჩერდეთ; თავდაპირველად, ეს რელიგიური ფანატიკოსების თავმოყრის, შედარებით იზოლირებული, მაგრამ კარგად დაფინანსებული, პროექტი იყო. ახლა ყველაფერი მათ გარშემოა ორგანიზებული. სახელმწიფო უსაზღვრო რესურსებს დებს მათში. რატომ? საქმე იმაშია, რომ მინიმუმ 1990-იანებიდან მოყოლებული, ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსები მიხვდნენ, ებრაული დასახლებები ერთგვარი პოლიტიკური სასწაულია. რაც უფრო მეტ ფულს ჩადებ, მით უფრო მარჯვნივ გადაიხარება ისრაელის ელექტორატი. მიზეზი მარტივია. ისრაელი ძვირია. 1948 წლის დროინდელ საზღვრებში ცხოვრება ბევრად ძვირი ჯდება. თუ ახალგაზრდა ხარ და სახსრები არ გაქვს, მხოლოდ ორი გზა გრჩება: 30 წლამდე მშობლებთან ერთად იცხოვრო, ან არალეგალურ დასახლებაში იშოვო ადგილი, სადაც ბინები, იმის მესამედი ღირს, რაც ჰაიფასა და თელავივში. რომ აღარაფერი ვთქვათ უმაღლესი დონის გზებზე, სკოლებზე, კომუნალურ ინფრასტრუქტურაზე და სოციალურ სერვისებზე. ამ ეტაპზე ახალმოსახლეთა დიდი უმრავლესობა დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს ეკონომიკური და არა იდეოლოგიური მიზეზების გამო (ეს განსაკუთრებით იერუსალიმის შემოგარენს ეხება). წარმოიდგინეთ, ვინ არის ეს ხალხი. წარსულში, რთულ გარემოებებში ჩავარდნილი ახალგაზრდები, სტუდენტები, განათლების მქონე ახალგაზრდა მშობლები, ტრადიციულად მემარცხენე ამომრჩეველს წარმოადგენდენ. მაგრამ აცხოვრე იგივე ხალხი დასახლებაში, და ისინი, უეჭველად და გაუცნობიერებლად ფაშისტებივით დაიწყებენ ფიქრს. თავისებურად, ებრაული დასახლებების ქსელი, მემარჯვენე ცნობიერების მწარმოებელ გიგანტურ მანქანას ქმნის. ძალიან რთულია, რომ ეთნიკური ნაციონალიზმი თანდათან გასაგები არ გახდეს მტრულ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანისთვის, რომელიც ავტომატური იარაღის ხმარებაშია გაწვრთნილი, და, რომელსაც მუდმივად აფრთხილებენ გამწარებული ადგილობრივი მოსახლეობისგან მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელსაც შენი მეზობლები ხან ცხვრებს უკლავენ, ხან ზეთისხილის ხეებს უნადგურებენ. ყოველი არჩევნების შემდეგ, ძველი მემარცხენე ელექტორატი თანდათან ქრება, ხოლო რელიგიურ, ფაშისტურ, ან ნახევრად ფაშისტურ პარტიებს ხმების უფრო და უფრო დიდი ნაწილი მიაქვთ. ეს დიდი ცდუნებაა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც არჩევნების იქით ვერ იხედებიან.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას პალესტინელების მიმართ პოლიტიკაზე? არის მანდ რამე გასაგები?

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ისრაელის პოლიტიკას დასავლეთ სანაპიროზე, ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ იდიოტების გარდა. მათი უმრავლესობა ძალიან ჭკვიანია. დიდ ნაწილს მაღალი აკადემიური ხარისხი აქვს და კარგად არიან განსწავლული სამხედრო ისტორიაში, სოციოლოგიასა და სამოქალაქო მმართველობის მეცნიერებაში. ისინი კარგად იცნობენ საოკუპაციო ძალების მიერ წარსულში წარმატებით გამოყენებულ ტექნიკებს, რომლებიც მიზნად დაპყრობილი ხალხის დამშვიდებას და გადაბირებას ისახავდა. ეს რთულად გასაგები არ არის. არსებობს სტანდარტული სახელმძღვანელო: მოსყიდვა, დაყოფა და ბატონობა, საჩუქრის/ჯილდოსა და სასჯელის ფრთხილად ნიუანსირებული ბალანსი, დამოკიდებულებებისა და შერეული ერთგულებების შესაქმნელად გარკვეული სტრატეგიების გამოყენება… თითქოს ისრაელის სტრატეგიის შემქმნელები ამ ტექნიკებს არ იყენებენ. ისინი მოწადინებული არიან, რაც შეიძლება მცირე მოწყალება გაიღონ და რაც შეიძლება დიდი მათრახი გამოიყენონ, ოღონდ ისე, რომ დიდი ხანძარი არ გამოიწვიონ. კოოპტაციის შედეგად პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ძველ ხელმძღვანელობას, პალესტინური დიასპორის მთავარ პოლიტიკურ ძალას, მისცეს ნებართვა, ლიბანის და ჩრდილოეთ აფრიკის ყოფილი ბაზებიდან, კონკრეტულ ტერიტორიაზე დაბრუნებულიყვნენ. ამასთან, არაბი მოსახლეობის საპოლიციო კონტროლში დახმარების სანაცვლოდ, მათ სპეციალური პრივილეგიებიც უბოძეს. საპასუხოდ, მათ ქვეყანაში შემოსული დახმარება ისე დააორგანიზეს, რომ მემარცხენე რადიკალები არასამთავრობო ორგანიზაციებში შეესრუტათ.

რამდენიმე მდიდარი არაბი ბიზნესმენი თავისუფლად კვეთს საგუშაგოებს და სარფიან საბინაო გარიგებებსაც დებს. აქ უძრავი ქონების მცირე ბუშტიც კი არსებობს, დიასპორის ექიმები და იურისტები ფულს ურიცხავენ ნათესავებს, რომლებსაც ფულის დახარჯვის სხვა საშუალება არც აქვთ, და შედეგად, პალესტინურ ნაწილში, ცემენტის შენობების უსასრულო როდენობა ჩნდება, ჩინური წითელი სახურავებით, რომლებშიც წყლის დეფიციტის გამო, ტუალეტები ჯერაც არ მუშაობს (მთელი წყალი, რასაკვირველია, ებრაელ ახალმოსახლეთა საცურაო აუზებში მიდის). ბედის ირონიით, ისრაელის უდიდესი საექსპორტო ბაზარი ამ ტერიტორიებზეა, და რადგან მტრული “რეგულაციების” გამოყენებით, ისრაელმა ძველი სასოფლო მეურნეობის, ვაჭრობის და მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკის დიდი ნაწილი გაანადგურა, ეს ფაქტობრივად პალესტინელების ფულადი გზავნილებიდან წილის ნებისმიერი ხერხით მითვისებას ნიშნავს. და მაინც, ყველაზე გასაოცარი ამ “დაყავი და იბატონე” სტრატეგიებში მისი მასშტაბის სიმცირეა. ეკონომიკურად, ძალიან ადვილი იქნებოდა, საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობაში დიდი საშუალო კლასის შექმნა, ძლიერი ეკონომიკური ინტერესით. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებებმა თითქოს შეგნებულად გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ.

ვფიქრობ, სანაცვლოდ, უნდა დავსვათ იგივე კითხვა, რომელიც ებრაული დასახლებების შემთხვევაში დავსვით. ფაქტობრივად, ეს დასახლებები პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით დაფინანსებული მანქანებია, მათი ამოცანა გარკვეული სახეობის ეთნო-ნაციონალისტური ცნობიერების წარმოებაა. როგორი ტიპის პალესტინელების შექმნას ცდილობენ საოკუპაციო ძალები? აშკარად, არა – მორჩილის და დამყოლის. თუ მიზანი ყოფილი მტრის დამშვიდებაა, მაშინ რატომ უნდა შექმნა ცხოვრება, რომელიც გაჭირვებით, ტერორითა და დამცირებით არის სავსე, რატომ უნდა გაწირო ყველა პალესტინელი დედა და მამა იმაზე ნერვიულობისთვის, რომ მათი 12 წლის შვილი უსაფრთხოდ დაბრუნდება სკოლიდან და უკვე ბორკილებდადებული, თვალახვეული ცემენტის საკანში არ წევს. ერთადერთი გასაგები პასუხი ისაა, რომ ისრაელს პალესტინელების გამწარება სურს; მათ უნდათ, რომ არსებობდეს წინააღმდეგობა; ოღონდ ასევე უზრუნველყონ, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა სრულიად უშედეგო იყოს. მათ უნდათ მოსახლეობა, რომელიც დამყოლი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ დროდადრო, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, არასტრატეგიული და არაკოორდინირებული ფორმით აფეთქდება, რასაც დანარჩენ სამყაროს ირაციონალური დემონური შეშლილობის ფორმად წარმოუდგენენ.

და რატომ აკეთებენ ამას? თითქმის ყველა არაბი პოლიტიკის ანალიტიკოსი, რომელსაც ვესაუბრე, პასუხს თავისთავად ცხადად მიიჩნევს. ისრაელის ეკონომიკა დიდწილად მაღალტექნოლოგიური იარაღებით ვაჭრობასა და კომპლექსური ელექტრონული “უსაფრთხოების” სისტემების მიწოდებაზე გახდა დამოკიდებული. დღეს ისრაელი იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, აშშ-ს, რუსეთის და ბრიტანეთის (ცოტა ხნის წინ გადააჩოჩა საფრანგეთი მე-5 ადგილზე) შემდეგ. სხვათაშორის, ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა ასეთი პატარა ქვეყნისათვის. თუმცა, ყველა დაჩქარებით ამატებს: ისრაელის იარაღებს და უსაფრთხოების სისტემებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ კონკურენტებთან შედარებით, საკუთარ სარეკლამო ლიტერატურაში ამის ხაზგასმას ისრაელის არცერთი კომპანია არ ივიწყებს. ისინი მასიურ საველე ტესტირებას გადიან. ეს ახალი ტიპის ჭურვი ღაზაში გვირაბების განადგურებისთვის გამოიყენებოდა. ეს ახალი ტიპის ცრემლსადენი გაზის გამფანტავი დანადგარი წარმატებით იქნა გამოყენებული ბალატაში, ლტოლვილთა ბანაკში, მომიტინგეების წინააღმდეგ. ამ ახალი ტიპის ლაზერულ დეტექტორიანმა მოწყობილობამ არაერთხელ აღკვეთა ახალმოსახლეებზე თავდასხმები. არაბული წინააღმდეგობა ისრაელის კაპიტალის ძირითად ეკონომიკური რესურსად იქცა, წინააღმდეგობის შეწყვეტის შემთხვევაში, საექსპორტო ეკონომიკა მყისიერ დარტყმას მიიღებს.

თუ ბულინგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც აგრესიის ფორმა, რომელზე მსხვერპლის რეაქციაც, შეიძლება, აგრესიის საწყისი აქტისთვის რეტროაქტიულ გამართლებად იყოს გამოყენებული, მაშინ ისრაელის ოკუპაციამ ბულინგი მართვის პრინციპად გადააქცია. ყველაფერი პროვოცირებისთვისაა შექმნილი. პროვოკაციები ყოველდღიურია, მახინჯი და შეურაცხმყოფელი. მაგრამ ისეა გათვლილი, რომ მუდმივად ზღვარზე იყოს და უხეშ აგრესიაში არ გადაიზარდოს, რადგან ამგვარად ეს პროვოკაციები არა ცალსახა “თავდასხმას”, არამედ სკოლის ბულინგს ემსავსება, სადაც მოძალადე გამუდმებით შეუმჩნევლად უჩხიკინებს, ჩხვლეტს და ურტყამს თავის მსხვერპლს იმ იმედით, რომ პასუხად უშედეგო ბრაზი ამოხეთქავს.

პალესტინური სიტუაციის აგონიურობა საბოლოოდ მაშინ გავიაზრე, როდესაც მთავარს მივხვდი – ტრადიციულ პალესტინურ საზოგადოებაში ცხოვრების არსი უცხოებისადმი გულუხვობაა. აქ სტუმართმოყვარეობა ყველაფერს ნიშნავს. როდესაც ამერიკელ გადამღებ ჯგუფთან ერთად პირველად შევედი ნაბლუსში, მთელმა სამეზობლომ (ოღონდ ეს მერე გავიგე) ტელეფონები ამოიღო, რომ გაერკვიათ რა ხდებოდა. ვინ იყვნენ ეს უცხოელები? რა აღჭურვილობას ატარებდნენ? რატომ იყვნენ აქ? როგორც კი ერთ-ერთ სახლში შევედით, ყველაფერი შეიცვალა. სამეზობლოს კომიტეტმა სწრაფად შეკრიბა 30 ან 40 ახალგაზრდა მოხალისე, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ფიზიკურად დაგვიცავდნენ, თუ პალესტინის ხელისუფლების კორუმპირებული ელემენტები, ან ისრაელის უსაფრთხოების ძალები რაიმე საფრთხეს შეგვიქმნიდნენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიღაცის სტუმრები ვიყავით, და ჩვენი უსაფრთხოების საკითხი სამეზობლოს კოლექტიური ღირსების საკითხი იყო.

რა თქმა უნდა, მაშინ წარმოდენა არ გვქონდა, რა ხდებოდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, როდესაც ვიღაცამ ეს ამბავი ამინთან ახსენა.

გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი არაბაში იყო, სასოფლო-სამეურნეო ქალაქში, რომლის ცენტრიც ისლამური ჯიჰადის პოსტერებით, შავი დროშებით, შუა საუკუნეების მეჩეთებითა და ციხესიმაგრეების ნანგრევებით არის სავსე. თავიდან ხალხი თითქოს თავს გვარიდებდა, სახლების უმრავლესობაში დარაბები დახურული იყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, ჯერ მზე არ იყო ჩასული: რამადანი იყო და ხალხს ეუხერხულობდა სახლში სტუმრების მიპატიჟება, თუ საჭმელს ვერ შეთავაზებდნენ. შებინდებისას კი, სადაც არ უნდა წავსულიყავით უხვად გვიმასპინძლდებოდნენ ცხვრის ხორცით, ნამცხვრებით და სალბის ჩაით. ტერასაზე ჩამომსხდარი თავსაბურავიანი ასაკოვანი ქალები უსასრულოდ გვივსებდნენ ჭიქებს და თან ამბებს გვიყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს არქეოლოგებმა რომელიღაც უძველესი ებრაელი ლიდერების საფლავები – სახელები ვერ გავიგე, მგონი მაკაბები უნდა ყოფილიყვნენ – მას შემდეგ, ეს სამარხები მომლოცველთა ადგილად გამოცხადდა. როგორც წესი, რა თქმა უნდა, ასეთი ადგილსამყოფელის აღმოჩენა უცაბედი ეკონომიკური საჩუქარია ადგილობრივი საზოგადოებისთვის. პალესტინაში კი ამას შესაძლოა, მთელი სოფლის გაძევება მოჰყვეს. არაბა ამისთვის ზედმეტად დიდი იყო. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავდა, რომ პერიოდულად, ისრაელის ასობით ჯარისკაცი სრული საბრძოლო აღჭურვილობით შემოიჭრებოდა ქალაქში, სნაიპერები პოზიციებს სახურავებზე დაიკავებდნენ და 12 საათიანი კომენდანტის საათი დაიწყებოდა, სანამ მორწმუნე ახალმოსახლე ებრაელები მოსახსენიებელ რიტუალს ჩაატარებდნენ. მერე ყველა უკან მიდიოდა.

შემდეგ დაიწყეს სოფლის ბავშვების ისტორიების მოყოლა, რომლებიც ებრაელ ახალმოსახლეებზე თავდასხმის ბრალდებით ციხეში ისხდნენ.

ეს იყო მომენტი, როდესაც, როგორც ნიუ იორკში, ებრაულ ოჯახში, თითქმის მთლიანად სიონისტურ პროპაგანდაზე აღზრდილი ადამიანი, მოულოდნელად მივხვდი რა განსხვავებულად ჩანს ყველაფერი საპირისპირო მხრიდან. სადაც არ უნდა წავსულიყავით, პალესტინელები გვიყვებოდნენ სხვადასხვა ხალხზე, რომლებსაც ისტორიულად წმინდა მიწაზე მასპინძლობდნენ: სომხები, ბერძნები, სპარსელები, რუსები, აფრიკელები, ებრაელები… თავდაპირველად, სიონისტებსაც სახლში მოსულ სტუმრებად აღიქვამდნენ. თუმცა, ისინი ყველაზე ცუდი სტუმრები აღმოჩნდნენ, რაც შეიძლება წარმოიდგინო. სტუმართმოყვარეობის ყველა აქტი მითვისების ლიცენზიად გადაიქცა, სამყაროს ყველაზე ნიჭიერი პროპაგანდისტები მთელი მსოფლიოს დასარწმუნებლად დაირაზმნენ, რომ მათი მასპინძლები გახრწნილ, არაადამიანურ მონსტრებად წარმოეჩინათ, რომლებსაც საკუთარ სახლზე უფლებაც არ გააჩნდათ. ამ სიტუაციაში, რა შეიძლება გააკეთო? აღარ იყო გულუხვი? მაგრამ ეს ხომ აბსოლუტური, ეგზისტენციალური დამარცხება იქნება. ამას გულისხმობდნენ, როცა გაანგარიშებულ დეგრადაციაში ცხოვრებაზე საუბრობდნენ. ხალხს სისტემურად ართმევდნენ ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საშუალებებს, რომ დიდსულოვნების უნარი დაეკარგათ. დაკარგო ამ დიდებული ჟესტის ჩვენების უნარი, ცოცხალმკვდრად გადაქცევას ნიშნავს.

 

 

შენიშვნები

 

[1] საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებით, არალეგალურად გამოცხადებული დასახლებები, რომლებშიც ებრაული იდენტობის მქონე ისრაელის მოქალაქეები ცხოვრობენ. ამჟამად, ებრაული დასახლებები დასავლეთ სანაპიროზე (რომელიც პალესტინის მიერ საკუთარი სუვერენული ტერიტორიის ნაწილადაა გამოცხადებული) და გოლანის მაღლობებზე მდებარეობს.