გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი
პუტინის რუსეთი რიგითი ავტორიტარული სახელმწიფო არაა. ის არც „საბჭოთა კავშირის მსუბუქი ვერსიაა“. მეორე მხრივ, მას ვერც ლიბერალურ დემოკრატიას ვუწოდებთ. თუმცა თავისუფლად შეგვიძლია თანამედროვე რუსეთი (სტატია დაიწერა 2006 წელს) „მართულ დემოკრატიად“ დავახასიათოთ. ეს დასახელება კარგად წარმოაჩენს ძალაუფლების კვლავწარმოების იქაურ ლოგიკასა და მექანიზმებს; ამასთან ის აღწერს მეთოდებს, თუ როგორ გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.
თუმცა რუსეთის პოლიტიკური სისტემის აღსაწერად „მართული დემოკრატიის“ ცნება არასაკმარისიცაა. ის ვლადიმერ პუტინის რუსეთს უფრო ძალაუფლების მანქანად წარმოაჩენს და არა მის პოლიტიკურ ამბიციად. ის ვერ ხსნის, თუ რატომ ამბობს პუტინი უარს საკუთარი საპრეზიდენტო ვადის უსასრულოდ გახანგრძლივებაზე; ცენტრალური აზიის ქვეყნების მმართველებისგან განსხვავებით, პუტინი მზადაა 2008 წელს, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, თანამდებობიდან გადადგეს. „მართული დემოკრატიის“ კონცეფცია ვერ წარმოაჩენს სხვაობას სუვერენული დემოკრატიის პუტინისეულ და უგო ჩავესისეულ მოდელებს შორის.
პუტინის რუსეთის ანალიზისას დასავლეთში თვალთახედვის მიღმა რჩებათ მოსკოვის დღევანდელი ელიტის პოლიტიკური რწმენა-წარმოდგენები. დასავლეთში ნაკლებად ინტერესდებიან რა არგუმენტაციას ემყარება ამჟამინდელი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ალბათ კარლ შმიტი მართალი იყო, ორმოცდაათი წლის წინ რომ ამბობდა, „გამარჯვებულს ცნობისმოყვარეობა არ გააჩნიაო“.
პუტინის ელიტის პოლიტიკური რწმენა-წარმოდგენების გასაცნობად კარგ მასალას გვაძლევს ბოლო პერიოდში ნიკიტა გარადიას რედაქტორობით გამოქვეყნებული იდეოლოგიური შინაარსის მქონე ტექსტების კრებული, სახელით „სუვერენიტეტი“.
კრებულში თავმოყრილია ნაწყვეტები ქვეყნის პრეზიდენტის საანგარიშო სიტყვებიდან, საგაზეთო ინტერვიუები პუტინის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრესთან (ვიცე-პრემიერ დიმიტრი მედვედევთან), თებერვლის გახმაურებული თეზისები წარმოთქმული კრემლის მთავარი იდეოლოგის, ვლადისლავ სურკოვის მიერ პარტია „ერთიანი რუსეთის“ მხარდამჭერთა წინაშე და კიდევ ათიოდე ესე და ინტერვიუ, შესრულებული ინტელექტუალური ქვეშევრდომობის ტრადიციების დაცვით.
წიგნის მთავარი მიზანი კრემლის ახლად მიგნებული იდეოლოგიის საკვანძო კონცეფციის – სუვერენული დემოკრატიის – განსაზღვრა და განვითარებაა. ტექსტების ავტორები – ფილოსოფოსები, ჟურნალისტები, სამხედრო სტრატეგები – პუტინის იდეოლოგიური სპეცდანიშნულების რაზმის მთავარ წევრებს წარმოადგენენ.
თუმცა, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა ამ წიგნში ფრანსუა გიზოს ნახვას (1787-1874), ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისა ივლისის მონარქიის პერიოდში. ცხადია გიზო პუტინის შიდა წრეში მოხვედრას ვერ მოახერხებდა, თუმცა ის ფაქტი რომ რედაქტორმა წიგნში სუვერენიტეტის შესახებ მისი ნაწერებიდან ამონარიდების შეტანა გადაწყვიტა, მრავლისმეტყველია.
კიდევ ერთი თეორეტიკოსი, ვისი სახელიც რუსული სუვერენისტებსის ოფიციალური იდეოლოგიის გაცნობისას უეჭველად გაგახსენდებათ, კარლ შმიტია (1888-1985), მესამე რაიხის მთავარი იურისტი და თანამედროვე ევროპული ანტილიბერალური ტრადიციის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა. მის გავლენას წიგნის არაერთ გვერდში იგრძნობთ, თუმცა „ნაციზმთან კავშირის“ გამო შმიტის ნაწერების კრემლთან ასოცირებულ წიგნში შეტანა შეუძლებელი აღმოჩნდა.
სინამდვილეში, იდეოლოგიური ლიტერატურის ისეთ შედევრებთან შედარებით, როგორიცაა სტალინის „მოკლე კურსი რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) ისტორიაში“, „სუვერენიტეტი“ ტლანქ და საშუალო ხარისხის საკითხავად მოგეჩვენებათ. კრემლის ახალი იდეოლოგები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები არიან და არა ფილოსოფოსები. სუვერენული დემოკრატიის სიკეთეებზე მათი ნაშრომების კითხვით ინტელექტუალურ შიმშილს ვერ დაიკმაყოფილებ.
მაგრამ მათზე მხოლოდ სარკასტულად საუბრით თვალთახედვის მიღმა დაგვრჩებოდა მთავარი საკითხი. სუვერენული დემოკრატიის ცნებას საკმაოდ დიდი იდეოლოგიური პოტენციალი აქვს. მის მიზანს სამყაროს შეცვლა წარმოადგენს და არა მისი ახსნა. და ის საკმაო წარმატებით უპირისპირდება კრემლის ორ მთავარ იდეოლოგიურ მეტოქეს: დასავლეთში დამკვიდრებულ ლიბერალურ დემოკრატიას და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მხარდაჭერილ სახალხო დემოკრატიასაც.
„სუვერენული დემოკრატია“: პოლიტიკური საფუძვლები
სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია უკრაინიდან იღებს სათავეს. მის საწყისებს ჯერ კიდევ კრემლის მიერ 2004-2005 წლების ნარინჯისფერი რევოლუციის (კრემლის ტერმინებს თუ ვიხმართ ნარინჯისფერი ტექნოლოგიების) კონცეპტუალიზაციაში შეიძლება მივაგნოთ. მისი პოვნა შეიძლება სურკოვის თეზისებშიც, რომელიც „სუვერენიტეტშიც“ დაიბეჭდა. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის შემოტანა მოსკოვის პასუხს წარმოადგენდა ერთდროულად ქვევიდან წამოსული სახალხო ზეწოლისა და ზევიდან წამოსული საერთაშორისო ზეწოლის იმ სახიფათო კომბინაციაზე, ცოტა ხნით ადრე ლეონიდ კუჩმას რეჟიმი რომ იმსხვერპლა.
კიევში განვითარებული მოვლენები – შორეული მანძილიდან კონტროლირებული სახალხო ამბოხი – მოსკოვისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ამ მოვლენებზე პასუხად პუტინმა პრევენციული კონტრრევოლუცია განახორციელა, რითიც საფუძვლიანად გარდაიქმნა რუსეთში მანამდე არსებული მართული დემოკრატიის რეჟიმი.
პუტინმა ბორის ელცინისგან „იმიტირებული დემოკრატიის“ რეჟიმი გადაიბარა, რომელშიც ელიტები დემოკრატიის ტრადიციულ ინსტიტუტებს – პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებსა და პლურალისტურ მედია გარემოს – ერთადერთი მიზნისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, იყენებდნენ. რუსეთში არჩევნები რეგულარულად იმართებოდა, თუმცა ისინი მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას იძლეოდა, და არა მისი სხვისთვის გადაბარების. მართული დემოკრატიის სხვა ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, 1990-იანი წლების „იმიტირებული დემოკრატიის“ რუსულ მოდელში მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პროცესების წარმართვის საჭიროება არ იდგა. სისტემა უბრალოდ პარალელურ პოლიტიკურ რეალობას ქმნიდა. მიზანს არა უბრალოდ ძალაუფლებაზე მონოპოლიის მოპოვება, არამედ თვით ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლის გზების მონოპოლიზება წარმოადგენდა.
რუსეთის „იმიტირებული დემოკრატიის“ მოდელში რეჟიმის ლეგიტიმაციის წყარო დასავლეთიდან მომდინარეობდა. აქ დემოკრატიის გაყალბების ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ გამყალბებელი თანხმდება გაყალბებული მოდელის უპირატესობას. დასავლეთისგან დარიგებების მოსმენა ის საფასური იყო, რომელიც რუსეთის ელიტას დასავლეთისგან საჭირო რესურსების მისაღებად უნდა გადაეხადა. ეს რესურსები მას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად სჭირდებოდა.
ელცინის რუსეთის იმიტირებული დემოკრატიის მოდელი სოციალურ დონეზე მმართველთა და მართულთა საკმაოდ უცნაურ ურთიერთდამოკიდებულებას ემყარებოდა. სტივენ ჰოლმსმა ეს დამოკიდებულება ზუსტად აღწერა: „სათავეში მყოფნი მართულთ არც ჩაგრავენ და არც ექსპლოატაციას უწევენ მათ; ისინი მათ არც კი მართავენ; მართულნი უბრალოდ უგულებელყოფილნი არიან მმართველთა მხრიდან.“
იმიტირებული დემოკრატია ისეთი პოლიტიკური რეჟიმი იყო, რომელიც ელიტებს მართვის საჭიროებისგან ათავისუფლებდა და მათ პირად ბიზნესზე ზრუნვის დროსა და საშუალებას აძლევდა. მიიჩნეოდა, რომ ეს სისხლიანი რევოლუციის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალება იყო; ამასთან, იმიტირებული დემოკრატია „კრიმინალური რევოლუციის“ განხორციელების შესაძლებლობასაც იძლეოდა, რომლის შედეგადაც ქვეყნის სიმდიდრე და რესურსები რამდენიმე გავლენიანი პირის ხელში აღმოჩნდა. „იმიტირებული დემოკრატია“ ყველაზე შესაფერისი რეჟიმი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, სადაც „გადასახადები არ იკრიფებოდა“.
როცა მთავრობა მოქალაქეებისგან გადასახადს კრეფს, მან ქვეყნის მოსახლეობისთვის სანაცვლო სიკეთეების მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს: დაწყებული სერვისებით, ანგარიშვალდებულებითა და კარგი მმართველობით, დასრულებული თავისუფლებითა და წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. თანამედროვე სამყაროში სწორედ გადასახადებისა და წარმომადგენლობითობის ეს ბარტერი ანიჭებს მთავრობას ლეგიტიმაციას. 1990-იანი წლების რუსეთში იმიტირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებით ეს ლოგიკა დაირღვა და გადაგვარდა.
რუსეთში გადასახადები არსებობდა, თუმცა მათ ასაკრეფად თავს არავინ იწუხებდა; არსებობდა არჩევნებიც, თუმცა მისი შედეგები რეალურ სურათს ვერ ასახავდა. პოსტ-კომუნისტურმა ელიტებმა სუსტი სახელმწიფოს ხიბლს გემო გაუსინჯეს და მისით მოიხიბლნენ. ამასთან რუსეთი სუსტი, მაგრამ ცბიერი სახელმწიფო იყო და ის საკუთარ სისუსტეებს სწორად არჩევდა; მშრომელებს ხელფასს ვერ უხდიდა, თუმცა, როცა ელიტებს დასჭირდათ, კერძო საკუთრების გადანაწილება და უცხოური ვალების გადახდაც კი უპრობლემოდ მოახერხა. რეჟიმი ერთი მხრივ, ცდილობდა წარმომადგენლობითობის ილუზია შეექმნა, მეორე მხრივ კი ყველაფერს აკეთებდა, რომ პოლიტიკური ტრანზიციის პროცესისას წაგებულთა ინტერესები და სენტიმენტები იგნორირებულიყო.
იმიტირებული დემოკრატიის მოდელმა ელიტები რიგით მოქალაქეთა ლეგიტიმური მოთხოვნებისგან ხელშეუხებლად აქცია. ამ პერიოდში გატარებული არცერთი რეფორმა პოლიტიკური სისტემის ქვედა დონიდან წამოსული ინიციატივის ნაყოფი არ ყოფილა. სწორედ მოქალაქეთა ბაზისური საჭიროებების ეს სრული უგულებელყოფა წარმოადგენს რუსული სისტემის აქილევსის ქუსლს.
რუსეთის გარეშემო შექმნილ თანამედროვე დასავლურ დისკურსში, პუტინის ავტორიტარიანიზმს ხშირად უპირისპირებენ ელცინის რუსეთის არასრულყოფილ დემოკრატიას, როგორც კონტრასტს ტირანიასა და თავისუფლებას შორის. თუმცა სინამდვილეში, ელცინის ლიბერალიზმი და პუტინის სუვერენიზმი მართული დემოკრატიის ორ მკვეთრად განსხვავებულ, თუმცა მონათესავე ფორმას წარმოადგენს.
ელცინისეული „დემოკრატიის გაყალბების“ მცდელობა პუტინის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების კონსოლიდაციამ ჩაანაცვლა. ამის მიღწევა ელიტების ნაციონალიზაციითა და იმ ჯგუფების სრული გაქრობით ან მარგინალიზებით გახდა შესაძლებელი, რომლებსაც სურკოვი „ოფშორული არისტოკრატიის“ სახელით იხსენიებს.
რუსეთში ელიტების ნაციონალიზაცია ენერგო სექტორის de facto ნაციონალიზაციით, მედიაზე ტოტალური კონტროლის დაწესებით, კრემლის ოპონენტების უკანონო დევნითა(მიხაილ ხადარკოვსკის საქმე) და ისეთი სტრუქტურების შექმნით განხორციელდა, რომლებსაც კრიზისის შემთხვევაში რეჟიმისთვის მხარი უნდა დაეჭირათ (მაგ. მოძრაობა Наши (ჩვენები)).
კრემლის ხედვით, სუვერენიტეტი ის უფლება არ არის, რომლის ძალითაც გაეროს სხდომაზე წევრის სტატუსით მოხვდები. კრემლისთვის სუვერენიტეტი უნარია; უნარი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა, სამხედრო ძლიერებისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა.
სუვერენული სახელმწიფოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი „ეროვნული ცნობიერების მქონე“ ელიტაა. კრემლის იდეოლოგთა ხედვით, ელიტა სუვერენული სახელმწიფოს საკვანძო შემადგენელია. ხოლო სუვერენული დემოკრატიის ასაშენებლად უმთავრესი ამოცანა „ეროვნული ცნობიერების მქონე“ ელიტის შექმნაა. თუმცა, ეროვნული ცნობიერების მქონე ელიტის არსებობა ეროვნული ცნობიერებით შთაგონებულ დემოკრატიულ თეორიას საჭიროებს.
სუვერენული დემოკრატია: ინტელექტუალური საწყისები
სუვერენული დემოკრატიის კონცეფციაზე საუბრისას ჩვენთვის იმდენად საინტერესო არა უშუალოდ ის რეჟიმია, რომლის ლეგიტიმაციისთვისაც იქმნება ეს კონცეფცია, არამედ ინტელექტუალური ჩარჩო, რომლის საშუალებითაც ამართლებს ის ამ რეჟიმს. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის „იდეათა ბაზარი“ არ უჩიოდა ისეთი თეორიების სიმწირეს, რომლებიც რუსული კულტურისა და ისტორიის გამორჩეულობას ამტკიცებდნენ და სწამდათ მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის განსაკუთრებული მისიისა. ამ პერიოდში არაერთხელ გაჟღერებულა მოწოდებები, რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ გაეწყვიტა დასავლურ თეორიებზე საკუთარი იდეოლოგიური დამოკიდებულება.
საინტერესოა, რომ სუვერენული დემოკრატიის იდეოლოგები საკუთარი პროექტის განხორციელებაში „რუსეთის განსაკუთრებულობის“ იდეას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. კრემლის ამბოხი ინდივიდის თავისუფლებაზე და ძალაუფლების მაკონტროლებელ მექანიზმებზე დაფუძნებული ლიბერალური დემოკრატიის ანგლო-საქსური თეორიის წინააღმდეგ, სათავეს არც დემოკრატიული მმართველობის ფორმის მაკრიტიკებელი თეორიებიდან იღებს და არც რუსეთის განსაკუთრებულობის იდეიდან.
სუვერენული დემოკრატიის იდეოლოგებმა თავიანთი მოდელის ინტელექტუალური დაცვისთვის კონტინენტური ევროპის ინტელექტუალურ ტრადიციას – ფრანსუა გიზოს პოლიტიკურ რაციონალიზმსა და კარლ შმიტის „დეციზიონიზმს“ – მიმართეს.
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა კრემლის სუვერენული დემოკრატიის იდეის ინტელექტუალურ საყრდენს სწორედ გიზოსა და შმიტის ნააზრევი წარმოადგენს. ის რაც სურკოვს და მის თანამოაზრეებს გიზოსა და შმიტისკენ უბიძგებს, ეს მათი ანტირევოლუციონიზმი და თანამედროვე დემოკრატიული ხანის ორი საკვანძო ცნების მიმართ ფუნდამენტური უნდობლობაა. მათ შორის პირველია წარმომადგენლობითობის იდეა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებას პლურალისტურ ერთობად მოიაზრებს; ხოლო მეორეა სახალხო სუვერენიტეტის იდეა, რომლის მიხედვითაც, დემოკრატია საყოველთაო ნების გამოხატულებისა და განხორციელების საშუალებაა. სწორედ ანტიპოპულიზმი და ანტიპლურალიზმია მოსკოვის ამჟამინდელი რეჟიმის ორი ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი.
შმიტის (1888-1985) იდეების მიდევნებით, სუვერენული დემოკრატიის თეორეტიკოსები დემოკრატიას „მმართველთა და მართულთა იგივეობად“ განსაზღვრავენ.[3] ხოლო გიზოს იდეების მიდევნებით, სუვერენი მათთვის ხალხი და ამომრჩეველი კი არაა, არამედ ნაციონალური ელიტის კონსენსუსში გამოხატული მართვის ლოგიკა.[4]
გიზოს ანტიპოპულიზმისა და შმიტის ანტილიბერალიზმის კრემლისეულ ნაზავში არჩევნები განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესების გამოხატვის ასპარეზი კი აღარაა, არამედ მმართველთა და მართულთა იგივეობის დემონსტრირებისა; მოქალაქეთა ინტერესების წარმოჩენის მექანიზმი კი აღარაა, არამედ თვით მოქალაქეთათვის ძალაუფლების დემონსტრირების საშუალებაა.
სუვერენის შმიტისეული განსაზღვრება, „ის ვინც წყვეტს რომელია საგანგებო მდგომარეობა“, იდეალურად ერგება თანამედროვე რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის მინიჭებულ თითქმის მეტაფიზიკურ როლს. შმიტის მიერ დემოკრატიის იგივეობის და არა წარმომადგენლობითობის მიხედვით განსაზღვრა საშუალებას არ იძლევა თვალსაჩინო გამყოფი ხაზი გაივლოს დემოკრატიასა და დიქტატურას შორის. ცხადია, ეს დამატებით უპირატესობას წარმოადგენს კრემლისა და დემოკრატიის მის მიერ მხარდაჭერილი თეორეტიკოსებისთვის.
რუსული მოდელი ევროპაში?
პუტინის რუსი და არარუსი კრიტიკოსები „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის ინტელექტუალურ მნიშვნელობას ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. ისინი ძირითადად უშუალოდ რეჟიმის ბუნებით არიან დაინტერესებულნი და არა იმით, თუ როგორ ცდილობს რეჟიმი საკუთარი თავის წარმოჩენასა და ლეგიტიმაციის მოპოვებას. მათი ხედვით, „სუვერენულ დემოკრატიას“ მხოლოდ პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს და მისი ერთადერთი ამოცანა დასავლეთის კრიტიკისგან რუსეთის დაცვაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუვერენული დემოკრატია თავდაცვით იარაღს წარმოადგენს.
„სუვერენიტეტის“ უფრო გულდასმით წაკითხვა სხვა შთაბეჭდილებას შეგვიქმნის. კრემლი თავდაცვით განწყობაზე არაა. სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია საბჭოთა კავშირისათვის დამახასიათებელი იდეოლოგიური მიმზიდველობისადმი პუტინის რუსეთის ნოსტალგიას განასახიერებს. ენერგეტიკის სექტორის დინამიკური განვითარება და სუვერენული დემოკრატიის მომხიბლავი კონცეფცია რუსეთის მიერ ევროპაზე გასალაშქრებლად შერჩეული ორი იარაღია. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის შემოტანა ევროპული ტრადიციისგან წყვეტას სულაც არ მოასწავებს, როგორც ამას პუტინის კრიტიკოსები ამტკიცებენ. პირიქით, ის რუსეთის იდეოლოგიური ამბიციის განსახიერებაა – ამბიციისა იყოს „სხვა ევროპა“, იქცეს ევროკავშირის ალტერნატივად.
აქედან დაისმის მნიშვნელოვანი კითხვა: მოიპოვებს გიზოსა და შმიტის იდეების პუტინისეული ნაზავი მხარდაჭერას ევროპულ ელიტებში, რომელნიც ამჟამად, პოპულიზმის აღმავლობისა და გლობალიზაციისგან მომდინარე ზეწოლის პირობებში, დემორალიზებულნი არიან? იპოვის მხარდაჭერას ელიტისტური კონტროლისა და კლასიკური სახელმწიფო სუვერენიტეტის ეს რუსული კომბინაცია ევროპელ ხალხსა და ელიტებში, რომელნიც ევროკავშირის სახით განსხეულებული პოსტმოდერნული სახელმწიფოს მოდელით სულ უფრო ნაკლებად მოხიბლულნი ხდებიან?
პოლიტიკურად კორექტული პასუხი შემდეგია: დემოკრატიულ ევროპას პუტინის სუვერენული დემოკრატიის მოდელით ვერ აცდუნებ. სწორ პასუხს მხოლოდ დრო გვაჩვენებს. რისი ვარაუდიც უფრო დაბეჯითებით შეიძლება ისაა, რომ „სუვერენული დემოკრატია“, როგორც კონცეფცია და როგორც ხორცშესხმული რეალობა ევროპის ელიტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე ევროპელი ხალხისთვის.
შენიშვნები
[1] სტატია თავდაპირველად 2006 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა მედია პლატფორმა openDemocracy-ზე. https://www.opendemocracy.net/en/sovereign_democracy_4104jsp/
[2] ივან კრასტევი ბულგარეთში სოფიის „ლიბერალურ სტრატეგიათა ცენტრის“ თავმჯდომარეა.
[3] იხ. Jan-Werner Müller, A Dangerous Mind; Carl Schmitt in Post-War European Thought (New York: Yale University Press, 2003).
[4] იხ. Pierre Rosanvallon, Democracy Past and Future (New York: Columbia University Press, 2006).