ქვემოთ წარმოდგენილ მოსაზრებებში მინდა ვფოკუსირდე იმაზე, თუ როგორ აღიწერება ისრაელის მიერ პალესტინელებზე ძალადობა. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ენა კომპლექსურად არის დაკავშირებული მოქმედებასთან – არა მხოლოდ რეალობის აღწერისა და ცრუაღწერის, არამედ სიტყვების აღქმისა და ქმედებების მოტივირების თვალსაზრისითაც. დავიწყებ შთამბეჭდავი ნაწყვეტით ბრაიან კლუგეს სტატიიდან, რომელიც ღაზაში ბოლო პერიოდის ხოცვა-ჟლეტას ეხება: „ხანდახან უმჯობესია – წერს ის – რომ სიტყვებმა ვერ გიპოვონ“. შესაძლოა, ჩვენ სულ უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთ ეს. შეიძლება, ენას კბილი უნდა დავაჭიროთ, სანამ არ ვიპოვით იმ სიტყვებს, რომლებიც უფრო ახლოსაა რეალობასთან – ადამიანური ტანჯვის, მწუხარების, დანაკარგისა და სასოწარკვეთის სასტიკ რეალობასთან. ეს ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ საკუთარი მიზნების სასარგებლოდ ფაქტების მითვისების ცდუნებაზე, ისევე, როგორც უარი უნდა ვთქვათ სურვილზე, შევავსოთ ეს ფაქტები სიტყვებით, რომლებიც მათ ზემოქმედებას ამსუბუქებენ, ევფემიზმებით, რომლებიც არბილებენ მათ დარტყმას. ხანდახან უნდა ვიდგეთ ღია პირით, ჩვენს ტუჩებს მომწყდარი სრულად ფორმირებული პოლიტიკური ანალიზის გარეშე. არის მომენტები, როცა ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ, რათა ფიქრი დავიწყოთ – პოლიტიკურად ფიქრი. ახლა სწორედ ასეთი დროა“. მაგრამ მოცემულ ვითარებაში, როცა ხორციელდება წინასწარგანზრახული სისასტიკე, რომელიც ურცხვად უარიყოფა, აუცილებელია, არა მხოლოდ ვიფიქროთ, არამედ ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ მორალურად. ამის გაკეთება უფრო ძნელია, ვიდრე შეიძლება მოეჩვენოს ზოგიერთ ჩვენგანს, ვისაც უბრალოდ სურს, გაწმინდოს ჩვენი პოლიტიკური ენა.
როგორ უნდა გავიგოთ, მაგალითად, გამოთქმა „ისრაელ-ჰამასის ომი“? ვფიქრობ, რომ ის არა მხოლოდ არაზუსტად აღწერს იმას, რაც ღაზაში ხდება, არამედ ახალისებს ისრაელის შეუბრალებელ შეტევას უდანაშაულო მოქალაქეებზე, ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. „ომი“ როგორც წესი, ეს არის განგრძობითი, წინასწარ განუჭვრეტელი კონფლიქტი დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის – აქედან „ომის კანონები“ და „სახელმწიფოთა უფლება თავი დაიცვან“, განსაკუთრებით მაშინ, თუკი არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე. სწორედ ამ კონტექსტში გვესმის ზოგიერთი დასავლელი კომენტატორისგან, რომ ცახალის მიერ ღაზას დაბომბვა „ჰამასის თავდასხმაზე პასუხია“. ისრაელს უნდა, რომ ჰამასი, ორგანიზაცია, რომელმაც 7 ოქტომბრის საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინა, სრულად გაანადგუროს. უნდა მივიღოთ თუ არა მხედველობაში, რა შეიძლება იყოს მოტივი იმის, რაც ინდივიდუალურ აქტად ითვლება? თუ უნდა ვეძებოთ რაღაც, რაც შეგვეძლება ჩავთვალოთ „საომარი მოქმედებების“ დასაწყისად, მოტივის მიუხედავად?
სიტყვა „პასუხის“ გამოყენება აქ რა თქმა უნდა გადამწყვეტია, რადგან მისი გავლით ცდილობენ ახსნან ისრაელის შეტევა ღაზაზე, რომელიც ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმამ გამოიწვია და ამდენად, ეს „პასუხი“ უნდა იყოს გაგებული, როგორც ერთდროულად რაციონალური და სამართლიანი. ისრაელის აპოლოგეტები მიზანმიმართულად გაურბიან ფაქტს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო იმ დღეს, ისრაელის მიერ პალესტინელების დასჯა (რომელიც „პასუხს“ მირჩევნია), წარმოადგენს სამხედრო მოქმედებების ისტორიის ნაწილს, რომელიც არახალია, ხოლო მოცემულ ვითარებაში უაღრესად არაპროპორციული და რომელთა განმავლობაშიც ისრაელმა განზრახულად ჩაიდინა ბევრად მეტი სამხედრო დანაშაულები, ვიდრე ეს 7 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ, რომ ამ დანაშაულებს არასდროს მოჰყოლია და არც მოჰყვება ისრაელისთვის დამაზიანებელი შედეგები.
როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმა (რაც იმ დღეს მოხდა, ჰამასის აზრით დამოუკიდებელმა მესამე მხარემ უნდა გამოიძიოს), ჩნდება კითხვა, წარმოადგენდა თუ არა ის „ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელისთვის“, რომელზეც ისრაელს ჰქონდა უფლება, თავდაცვით ეპასუხა. ისრაელი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა განვითარებული ეკონომიკით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არმიით და სამხედრო-საჰაერო ძალებით რეგიონში და მსოფლიოში. და მას ასევე აქვს ბირთვული იარაღი. მეორე მხრივ, ჰამასი მცირერიცხოვანი, ცუდად აღჭურვილი წინააღმდეგობის ჯგუფია ოკუპირებულ, ღატაკ ტერიტორიაზე, თავისი უპირატესობებით და ნაკლოვანებებით, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ ჰამასი ჩაშენებულია (შერწყმულია) მშვიდობიან მოსახლეობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა წარმოადგენდა „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ისრაელისთვის, იმის მიუხედავად, ისრაელის სახელმწიფო ასე ფიქრობს თუ არა. (იმაზე, თუ რა იყო ეს სინამდვილეში, ვეცდები ქვემოთ ვილაპარაკო). ძალთა უთანასწორობა ჰამასსა და ისრაელს შორის აშკარაა: ჰამასს არ შეუძლია ჰაერიდან დაბომბოს ისრაელის ქალაქები, როგორც ისრაელს ეს მრავალჯერ გაუკეთებია ღაზაში. ჰამასს არ შეუძლია გადაუკეტოს ისრაელს წყალი, საკვები, წამლები და ელექტროენერგია (როგორც ამას ნაწილობრივ აკეთებდა ისრაელი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში და ახლა თითქმის სრულად აკეთებს). ჰამასს, ისრაელისგან განსხვავებით არ შეუძლია ყველაზე მდიდარი და მრისხანე ევრო-ამერიკული სახელმწიფოების მხრიდან უსასრულო სამხედრო და ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს, ისევე როგორც პოლიტიკური მფარველობის.
გამოთქმა „ისრაელ-ჰამასის ომი“ საშუალებას აძლევს მათ, ვინც მას იყენებს, ეძებოს პარალელები სხვა, ნამდვილად ეგზისტენციალურ კონფლიქტებთან, (როგორიც იყო მაგ. მეორე მსოფლიო ომი), რომლებიც ახლა სრულიად კანონიერად ითვლება. მაგ. ისრაელი ამტკიცებს, რომ მოკავშირეების მიერ გერმანული და იაპონური ქალაქების დაბომბვა ისეთივე მოვლენაა, როგორიც ისრაელის მიერ ღაზას დაუცველი მოსახლეობის დაბომბვა, რომელიც საშინელ (თუმცა „სამწუხაროდ აუცილებელ“ ) ადამიანურ დანაკარგებს იწვევს. (ავიწყდებათ, რომ მოკავშირეების მიერ დაბომბვას წინ უსწრებდა გერმანელების მიერ ბრიტანული, ხოლო იაპონელების მიერ ჩინეთის ქალაქების დაბომბვა. ომის ანგარიშებში, რომელსაც გამარჯვებულები წერდნენ, დავიწყებულია, რომ გერმანელებისა და იაპონელების მიერ უდანაშაულო მოსახლეობის განადგურება დაგმობილი იყო, როგორც „ბარბაროსობა“, მაგრამ არა მოკავშირეების მიერ „საპასუხო“ დაბომბვები). ამგვარი ენა („ეს ომია“) იყენებს ზუსტ თარიღებს (მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 3 სექტემბერს, ხოლო ისრაელ-ჰამასის ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს), ისევე, როგორც განსაკუთრებულ მორალურ ანალოგიას (რაც ნაცისტური გერმანია და მილიტარისტული იაპონია იყვნენ მოკავშირეებისთვის, იგივეა ჰამასი ისრაელისთვის). და მას იყენებენ ისრაელის მიერ მრავალგზის ჩადენილი ბოროტმოქმედებების გასამართლებლად, რომლებსაც არა თავდაცვითი, არამედ სადამსჯელო უნდა ეწოდოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არა „ომი“, არამედ თავდასხმაა, რომელიც სავარაუდო განგრძობითი გენოციდია.
ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებთან დაპირისპირებაში ისრაელი იყენებს პერიოდულ დასჯას (რომელსაც „გაზონის კრეჭას“ უწოდებს), როგორც საკუთარი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელს – ანუ აუცილებელს იმისთვის, რომ ზედმეტად არ შეაწუხონ. დასჯის მთავარი მიზანია, ერთდროულად დაამციროს და შიში ჩაუნერგოს არა მხოლოდ პირდაპირ ადრესატებს, არამედ მათაც, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, დაუპირისპირდეს არსებულ წესრიგს. „ჰოლოკოსტის შემდეგ ჩვენ დავიმსახურეთ უსაფრთხოება“ – ამბობენ ისრაელის მოქალაქეები – „და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ, თუ პალესტინელებს ჩვენი შიში ექნებათ“. ისრაელის ძალიან ბევრ მოქალაქეს დასჯა ერთადერთ სწორ პასუხად მიაჩნია მიმდინარე კონფლიქტზე: მათი ხედვით, ამ პრობლემას გადაწყვეტა არ აქვს, ის მხოლოდ უწყვეტი შემაკავებელი ოპერაციის სახით უნდა არსებობდეს.
როცა ვინმე ცდილობს თქვას, რომ ისრაელ-ჰამასის ე.წ. ომის დაწყების ათვლის წერტილი 7 ოქტომბერი არ არის („დაწყება“ სულაც არაა იგივე, რაც „კონტექსტი“), მაშინვე აწყდება ლიბერალი სიონისტების მტკიცებას, რომ „ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ძალიან ჩახლართულია“. ცხადია, მცირე გამჭრიახობაც საკმარისია, რომ ნებისმიერი კონფლიქტი წარმოიდგინო, როგორც „ძალიან ჩახლართული“, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც იცნობს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს, იცის, ან უნდა იცოდეს, რომ ამ სირთულეს საფუძვლად უდევს მარტივი ისტორიული ფაქტი: დასავლეთის ქვეყნების (განსაკუთრებით იმპერიული ბრიტანეთისა და ნეო-იმპერიული ამერიკის) აქტიური დახმარების გარეშე სიონისტური მოძრაობა ვერ შეძლებდა, უკვე დასახლებულ მიწაზე შეექმნა და შემდეგ შეენარჩუნებინა სახელმწიფო ებრაული უმრავლესობით.
ევროპულ ქვეყნებში, სადაც ებრაელები დიდი ხნის განმავლობაში აწყდებოდნენ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას (და ბოლოს გენოციდს) ქრისტიანული და პოსტ-ქრისტიანული მოსახლეობისგან, ქრისტიანული ანტისემიტიზმი დაუახლოვდა პოლიტიკურ სიონიზმს იმ აზრით, რომ მის მომხრეთა შორის იყვნენ როგორც ევროპელი ანტისემიტები, ისე ევროპელი სიონისტები. ორივე თანხმდებოდა იმაზე, რომ ებრაელების ადგილი ევროპაში არაა. ხშირად ავიწყდებათ, რომ თეოდორ ჰერცლი, სიონიზმის დამფუძნებელი მიესალმებოდა ამ დაახლოებას: „ანტისემიტები ჩვენი ყველაზე საიმედო მეგობრები გახდებიან – წერდა ის – ხოლო ანტისემიტური ქვეყნები – ჩვენი მოკავშირეები. ჩვენ გვსურს ვემიგრირდეთ, როგორც პატივცემული ხალხი“. როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, სიონიზმმა ებრაელების, როგორც ევროპისთვის უცხოს ინტერნალიზება მოახდინა და ევროპული ანტისემიტური „ებრაული პრობლემის“ გადაწყვეტა პალესტინაში „ახალი ებრაელების“ სახელმწიფოს შექმნით განიზრახა.
ამ ევროპული პერსპექტივის ე.წ. გადაწყვეტის მკაფიო მაგალითი (პატარა, მაგრამ არატრივიალური) ასახულია გერმანელი დამკვირვებლების მიერ დაწერილ ანგარიშში, რომელიც იერუსალიმში 1961 წელს, აიხმანის სასამართლო პროცესის დროსაა დაწერილი. ამ ანგარიშში ისინი აღფრთოვანებით აღწერენ „ახალ ებრაელს“, რომელიც „ებრაელი ახალგაზრდობის ახალი და ძალიან მომგებიანი ტიპია…. მაღალი, როგორც წესი, ქერა და ლურჯთვალება, თავისუფალი და თავდაჯერებული მოძრაობებში, მკაფიო ნაკვთებით“, და „არ აქვს არცერთი ნიშანი, რომელიც ებრაელისთვის დამახასიათებლად მიიჩნეოდა“. აზრი, რომ ევროპელი ებრაელები „რასობრივად“ განსხვავდებოდნენ ევროპელი არაებრაელებისგან, ცხადად უარყოფილია ომისშემდგომი მონანიე გერმანელების მიერ, რომლებიც თავიანთ სინანულს შესაბამისი რასობრივი ტერმინებით გამოხატავენ. (ჰიტლერი და მისი მეგობრები ალბათ საფლავში ცეკვავენ: მართალია, ომი წავაგეთ, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მიღწეულია – გერმანია ებრაელებისგან გაწმენდილია (“Judenrein.”)).
რატომ არ გაჩნდა სიონიზმი პალესტინელ ებრაელებში (“აღმოსავლეთის ებრაელებში”), რომლებიც ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობასთან ერთად, იზიარებდნენ მათთან საერთო კულტურას და ენას? პასუხი გასაგებია: სიონიზმი არსებითად ევროპული მოვლენა იყო საკუთარი თავის, პოლიტიკისა და კულტურის გაგების თვალსაზრისით, რომელიც პალესტინაში ჩამოიტანეს მდგმური სახელმწიფოს ფორმით. ებრაელი ნაციონალისტები პალესტინაში მაშინ გამოჩნდნენ, როცა იქ უკვე დაბადებული იყო “არაბული” ნაციონალიზმი – თავის მხრივ ევროპული კულტურული იმპერიალიზმის შედეგი. არაბებთან თანამშრომლობის ადრეულ მომხრეთა გამოკლებით, სიონიზმი ყოველთვის მიიჩნევდა ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს, როგორც დაბრკოლებას აზიაში ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. არაბ ებრაელებსაც კი სთხოვდნენ დეარაბიზაციას, სანამ ისინი მეტ-ნაკლებად სრულად ჩაერთვებოდნენ სიონისტურ მოძრაობაში, ხოლო 1948 წლის შემდეგ ისრაელის ევროპული “ცივილიზებული” სახელმწიფოს სრულყოფილი მოქალაქეები გახდებოდნენ.
ხშირად გვარწმუნებენ, რომ ებრაელების მისწრაფება, სრულად დაიკავონ პალესტინის ტერიტორია, ისრაელის ისტორიის შედარებით გვიან ეტაპზე ჩნდება, მაგრამ ეს ასე არ არის. იდეა ებრაელების უპირატესობის შესახებ არსებობდა სიონისტური პროექტის დასაწყისიდანვე. ფრაზა “მდინარიდან ზღვამდე” ყოველთვის გამოხატავდა მეინსტრიმული სიონიზმის ტერიტორიულ მისწრაფებას. რა თქმა უნდა, პალესტინელები, რომლებსაც სურთ ერთიანი დემოკრატიული სახელმწიფო პალესტინის მთელ ტერიტორიაზე, რომელშიც პალესტინელები და ებრაელები ერთად იცხოვრებენ, როგორც თანასწორი და თავისუფალი მოქალაქეები, ასევე იყენებენ ფრაზას “მდინარიდან ზღვამდე”.
უნდა აღინიშნოს, რომ არენდტის მიერ “ნებაყოფლობითი ემიგრაციის” გამოყენება (ისევე როგორც მისი გამოყენება სიონიზმის მიერ) წარმოადგენს ევფემიზმს ეთნიკური წმენდის – სპეციფიკური ენით მხარდაჭერილი პოლიტიკური პროექტის, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დეჰუმანიზაცია და დემონიზაცია, რომ შემდეგ მისგან ტერიტორია გაწმინდოს. ადამიანებს უწევთ საცხოვრებელი გარემოს დატოვება, რადგან არ სურთ მჩაგვრელ პირობებში ცხოვრების გაგრძელება, ან კიდევ უარესი – რადგან სიცოცხლის განადგურების ეშინიათ. როგორც ცნობილია, მილიონი პალესტინელის ¾ გაყარეს 1947-48 წლებში გაეროს მიერ ისრაელისთვის გამოყოფილი ტერიტორიიდან, ისევე, როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორიიდან, რომელიც ისრაელმა დაიქვემდებარა. 1948 წლის ეთნიკური წმენდა არ ყოფილა ერთადერთი – ყოველი მომდევნო ომს (1956, 1967, 1973) ახლდა ტერიტორიის წართმევა და/ან პალესტინელების გაძევება თავიანთი მიწებიდან. და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
სიონისტები ამტკიცებენ, რომ ისრაელი მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელების სამშობლოა. ეს მტკიცება საჭიროებს განვსაზღვროთ “ებრაელი”. რელიგიური ებრაელები ამბობენ, რომ ებრაელად არ უნდა ჩაითვალოს ის, ვისაც არ აქვს მიკუთვნებულობა მათი რელიგიური ტრადიციის მიმართ, რადგან ისინი, ვინც თავს ებრაელს უწოდებს, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ენით, კულტურით და ცხოვრების წესით. მეორე მხრივ, პოლიტიკური სიონისტებისთვის იუდაიზმი არ არის არსებითი კრიტერიუმი ვინმეს ებრაელად იდენტიფიცირებისთვის, თუნდაც ებრაელების ნაციონალური პრეტენზიების გამამართლებელ ისტორიულ ნარატივს ბიბლია წარმოადგენდეს. (რელიგიური მორწმუნე ებრაელი მეგობარი ბენ-გურიონს მიაწერს ფრაზას: “მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მან მოგვცა პალესტინა”). პოლიტიკური სიონიზმი არ განმარტავს ებრაელს, როგორც ადამიანს, რომელსაც სწამს იუდაისტური ტრადიციის და მისდევს მას, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც უფლებამოსილია “დაბრუნდეს” ისრაელში, როგორც საკუთარ სახლში. ყველა, ვინც თავს ებრაელად გრძნობს, არ არის უფლებამოსილი ისრაელში დაბრუნდეს. ამას მოწმობს ისრაელის ბევრი მოქალაქის ნეგატიური რეაქცია ეთიოპიელი ებრაელების სურვილზე, ისრაელში ემიგრირებულიყვნენ. ამდენად, “ებრაელი” სოციალური კონსტრუქტია, რომელიც იუდაიზმის აუცილებელ მიმდევრობას კი არ ეფუძნება, არამედ წარმომავლობის იუდაისტურ წესს – ებრაელი არის ის, ვისაც დედა ჰყავს ებრაელი. ერი-სახელმწიფოსთვის აუცილებელია მკაფიო ობიექტური კრიტერიუმები, თუ ვის შეუძლია იცხოვროს მასში და არა სუბიექტური გრძნობები.
სახელმწიფო ისრაელი უნიკალურია იმით, რომ ერთი მხრივ ის მხოლოდ ერთ (ებრაელ) ერს წარმოადგენს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ მისი წარმომადგენლები, და მეორე მხრივ ის უარყოფს, რომ წარმოადგენს მის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ არ მიეკუთვნებიან ამ ერს (ანუ ებრაელებს). ამ მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ ისრაელს უდგას სერიოზული ამოცანა, პასუხი გაეცეს ძველ კითხვას: „ვინ არიან ებრაელები?“ სიონისტური სახელმწიფოს პასუხი ნაწილობრივ ნეგატიურია: „ებრაელი არ ეკუთვნის ევროპას ან ამერიკას, მაშინაც როცა იქ ცხოვრობს. ისინი ეკუთვნიან თავიანთ სახლს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ისრაელია“ და ნაწილობრივ ტავტოლოგიური: „ებრაელები ეკუთვნიან ებრაელ ერს და უფლებამოსილნი არიან დაბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლო პალესტინაში“. ვვარაუდობ, რომ „სახლი“ ამ შემთხვევაში გულისხმობს არა მხოლოდ დაცულობის განცდას, რომელსაც როგორც წესი სახლი გვაძლევს, არამედ ძალის მიმზიდველობასაც, რომელიც ამართლებს სახელმწიფოსთან ჩაკეტილ იდენტობას. ძალის, რომელიც სჯის და ხელს კრავს მათ, ვინც სახლის გარეთ იმყოფება და ამ მიზეზით უკვე საშიშები არიან.
დასავლური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ისრაელის მოქალაქეები ხშირად ახსენებენ “შოკს, შიშსა და დამცირებას”, რომელსაც ისინი 7 ოქტომბრის შემდეგ განიცდიან. “თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობთ ჩვენს სახლში” – თქვა ერთმა რესპონდენტმა. მსხვერპლად თავის გრძნობა – რაც ნიშნავს მოწყვლადობას ახალი ტკივილების მიმართ – უაღრესად საშიშად მიმაჩნია.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაული დიასპორის დიდმა ნაწილმა (განსაკუთრებით ამერიკელმა ებრაელებმა), რომელიც მანამდე სკეპტიკურად იყო განწყობილი სიონიზმის მიმართ, ისრაელთან თვითიდენტიფიცირება 1967 წლის თავბრუდამხვევი გამარჯვების შემდეგ დაიწყო. ჩემი აზრით, ეს მოხდა არა შიშისა და მოწყვლადობის, არამედ უძლურების განცდის გადალახვის გამო – რაც განსხვავდება უძალობისგან, რომელიც უბრალოდ სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობის დროს სხვა ადამიანის საშუალებად გამოყენების საჭიროების არარსებობაა. მსხვერპლის ძალაუფლება, სხვებზე გაავრცელოს ტანჯვა, განსხვავდება შურისძიებისგან მასზე, ვინც ზიანი მიაყენა (რადგან ეს გულისხმობს დამზიანებლის დაზიანებას). ის ასევე განსხვავდება სადიზმისგან, რომელიც სიამოვნების გამო სხვისთვის ტკივილის მიყენებაა. მსხვერპლის ასეთ ძალაუფლებას აქვს უნარი, მოიხელთოს (მიითვისოს) სხვადასხვა მოტივი და გამოცდილება, სადაც ყველა მათგანში მთავარია თვითდადასტურების სურვილი.
“ახალი ებრაელი”, რომლის შექმნაშიც სიონიზმს ლომის წილი მიუძღვის, არც დევნილია და არც ბიბლიური პერსონაჟი. ის სეკულარული ევროპელია, რომელიც ძალაუფლების თავისებურ ტიპს ასხივებს. ისრაელის შესაძლებლობა, დასაჯოს სხვები, წარმოადგენს მისი პოლიტიკური ძალის უმაღლეს დადასტურებას. სწორედ ეს ფაქტია მიმზიდველი უამრავი ადამიანისთვის. ისრაელის ბევრი პოლიტიკური, კულტურული თუ ტექნოლოგიური მიღწევა კიდევ უფრო აძლიერებს მის ტრანსნაციონალურ სტატუსს და ხელს უწყობს ებრაელების სურვილს, თავი გააიგივონ ისრაელთან. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ კოლექტიური მსხვერპლობა (ჰოლოკოსტის გამოცდილება) ეხმარება ერის იდენტობის ფორმირებაში და მისი, როგორც ერის თვითგამორკვევაში. აქ ასევე მნიშვნელოვანია ხალხის მიერ ნაგემი ძალაუფლება, რომელსაც ქრისტიანული ევროპა “ისტორიის მიღმა” მყოფად მიიჩნევდა და რომელიც ხარბად ეტანება ქრისტიანული ისტორიის ამ ვერსიას, მიაჩნია რა, რომ ებრაელების ისტორიაში დაბრუნება ბოლოსდაბოლოს აღსრულდა ძლიერი და შურისმაძიებელი ებრაული სახელმწიფოს შექმნით. ისტორია ებრაელის, როგორც მსხვერპლის გამოცდილებაზე საქრისტიანეთში, თანამედროვე ებრაელის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ებრაელთა უმეტესობისთვის (ისრაელელი ებრაელების ჩათვლით) ისტორიული გამოცდილებით გამოწვეული შფოთი რჩება თვითობის არაცნობიერ ნაწილად და ძლევამოსილი სახელმწიფოს ქონა აძლიერებს (მეხსიერების ინსტიტუციონალიზებულად ფორმირების გავლით) მსხვერპლად ყოფნის და პოტენციური მსხვერპლობის განცდას.
პოლიტიკურად, ცხადია სახელმწიფოა ძალაუფლების ის წყარო, რომელიც საშუალებას აძლევს მსხვერპლს (მოქალაქეთა კოლექტივს), ტანჯვა სხვას გადასდოს. ამ აქტს აუცილებლად არ სჭირდება პირდაპირი კავშირის ქონა იმათთან, ვინც გამოიწვია თავდაპირველი ტანჯვა. სხვა ეს არის უბრალოდ მისაწვდომი ობიექტი (საშუალება), რომლის მეშვეობითაც მსხვერპლს შეუძლია, გადალახოს მემკვიდრეობით მიღებული უძლურება. ფაქტი, რომ ებრაელები გაჟღენთილები არიან უძლურების დისკურსით, აძლიერებს ისრაელის ებრაელი მოქალაქეების უმეტესობის ტენდენციას, მხარი დაუჭიროს – იზეიმოს კიდეც – ცახალის მისწრაფებას, პალესტინელებში გავრცელდეს ებრაელების შიში.
შიში, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი განიცდის, ხშირად სიტყვა “ტერორისტის” ხმარების მიზეზი ხდება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს შიში გამოიწვია. როცა ისრაელის მოქალაქეები იწვევენ შიშს და დამცირებას პალესტინელებს შორის, (ანუ იმათ შორის, რომლებიც სახლის (ისრაელის) გარეთ იმყოფებიან), დასავლურ მედიებში ეს არ აღიწერება, როგორც ტერორიზმი. თანამედროვე ინგლისურში სიტყვა “ტერორისტი” მოლაპარაკის მიერ საკუთარი თავის აღსაწერად არ გამოიყენება: სწორედ იმიტომ, რომ ეს ერთდროულად აღწერაცაა (ფაქტის) და დაგმობაც (მორალური განსჯა), მას საკუთარი თავის მიმართ ადვილად ვერ გამოიყენებ. დასავლური მედია ისრაელის პერსპექტივით ხელმძღვანელობს, როცა ჰამასს ღაზაში “ტერორისტებად” მოიხსენიებს, ხოლო პალესტინის მიმართ სოლიდარობას – “ჰამასის მიმართ სოლიდარობად”, “ჰამასის მიმართ სოლიდარობა” კი ანტისემიტიზმს უდრის. (ისინი, ვინც ამ აზრს იზიარებენ, არ სვამენ კითხვას, რატომ არ არსებობდა ოსმალეთის იმპერიაში არანაირი ჰამასი, რომელიც “ყველა ებრაელის” მოკვლას განიზრახავდა).
ყოველ ჯერზე, როცა ჰამასის წევრები ცდილობენ დააშინონ ან დაამცირონ თავიანთი მჩაგვრელი, რამდენად უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ეს მცდელობა, ისრაელი მორალისტური პოზიციიდან მაშინვე იწყებს მათთვის ანტისემიტებისა და “ტერორისტების” ძახილს და ამგვარად წარმოადგენს “ისრაელი-ჰამასის ომს”, როგორც ძალადობის დაუსრულებელ ციკლს ბოროტ ტერორისტებსა და უმანკო სახელმწიფოს შორის, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებას იცავს.
იყო დრო, როცა სიტყვა „ტერორი“ გამოიყენებოდა როგორც არასახელმწიფოებრივი აქტორების, ისე სახელმწიფოთა აქტივობების მიმართ. ეს ეხება როგორც ლიბერალურ დემოკრატიებს (ამერიკის იმპერიული ომები), ისე ტოტალიტარულ სახელმწიფოებს (ნაცისტური გერმანია). ნაცისტების ცნობილი დევიზი „ტერორი ტერორის წინააღმდეგ“, გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან უკომპრომისო ძალადობას იმათ მიმართ, ვისაც მოკავშირეები პარტიზანებს უწოდებდნენ. მაგრამ ნაცისტების მიერ სიტყვა „ტერორიზმის“ გამოყენება ტექნიკური იყო და არა მორალური. ბოლო ხანებში ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში „ტერორიზმის“ ქვეშ არასახელმწიფოებრივ აქტორებს გულისხმობენ, რაც დასავლურ მედიაში პოლიტიკისა და დისკურსის ფორმირებაზე აშშ-ს და ისრაელის გავლენით აიხსნება. „ტერორიზმის“ ამგვარი შერჩევითი ხმარების ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი ისლამოფობიის მკვეთრი ზრდაა.
იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო ახდენს ინდივიდებისა და ორგანიზაციების კატეგორიზაციას “ტერორისტებად”, სწორედ სახელმწიფოსავე შეუძლია მათ კანონიერი უფლებები ჩამოართვას – სასამართლოს გარეშე დასაჯოს ისინი უვადო პატიმრობით და წამებით (“გაძლიერებული დაკითხვით”). სუვერენული სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ის კანონზეა დაფუძნებული, თუმცა ასეთ ქმედებას წინააღმდეგობრივად არ მიიჩნევს, რადგან სუვერენულობა, როგორც შმიტი აღნიშნავდა, გამონაკლისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა.
11 სექტემბრის ტერაქტამდე, „ტერორისტებით“ და „ტერორიზმით“ გატაცება აშშ-ში მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ისრაელის დაინტერესებით, შური ეძია პალესტინურ წინააღმდეგობის მოძრაობებზე. რემი ბრულინის თქმით, ცივი ომის პირველ წლებში ამერიკელი პრეზიდენტები იშვიათად იყენებდნენ სიტყვა „ტერორიზმს“. მისი ხელახალი პოპულარობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ორ კონფერენციას, რომელიც ტერორიზმის საკითხს მიეძღვნა: 1979 წელს იერუსალიმში და 1984 წელს ვაშინგტონში გამართულ კონფერენციებს, რომლებზეც ამერიკელი და ისრაელელი ნეოკონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წინააღმდეგობა „ტერორისტული ძალადობის“ მიმართ, რომელიც მსოფლიოში ამერიკის სამხედრო უპირატესობის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ აუცილებელია „ტერორიზმი“ განიხილებოდეს მთავარ საფრთხედ ისრაელის არსებობისთვის. მაგრამ ამ კონფერენციებამდე დიდი ხნით ადრეც, ეს ორი სახელმწიფო თანხმდებოდა იმაზე, რომ აუცილებელია „ტერორიზმთან“ ბრძოლა ყველგან.
პალესტინელი მებრძოლების მიერ მიუნხენში ისრაელის ოლიმპიური გუნდის წევრების მკვლელობის შემდეგ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართული დებატები სიმპტომატური იყო იმით, რომ ამ დებატებმა აჩვენა, რომ აშშ-სა და ისრაელის შეფასებები ძალიან განსხვავდებოდა იმ ქვეყნების შეფასებისგან, რომლებიც მათ პოზიციას არ იზიარებდნენ. აშშ-სა და ისრაელის შეფასებით „ტერორიზმი“ ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ ექვემდებარებოდა დაგმობას და მიუნხენის შემთხვევა სწორედ ასეთი იყო. მაგრამ როცა გაეროს წარმოამდგენელმა ახლო აღმოსავლეთში, მიუთითა ფაქტზე, რომ ირგუნი, ჰაგანა და ლეჰი (სიონისტური პარამილიტარისტული ჯგუფები, რომლებიც ბრიტანეთის მანდატის ადმინისტრაციის მიერ „ტერორისტებად“ მოიხსენიებოდნენ) მიზანმიმართულად კლავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას სიონისტური პროექტის მხარდაჭერის მიზნით და რომ მათ ანტიპალესტინურ ტერორისტულ გამოცდილებას დაეფუძნა ისრაელის სამხედრო მანქანა, სიტყვა ბანზე აუგდეს.
ვუბრუნდები კლუგის დამაფიქრებელ სტატიას, რომლითაც დავიწყე: „ენას შეუძლია შეაფერხოს ის,“ წერს კლუგი, „რისი განვითარებაც მასვე ძალუძს: პოლიტიკურად ფიქრი. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სიტყვები, რომლებიც ამოავსებენ ნაპრალს კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის ისე, რომ არც ფაქტების უგულებელყოფა მოხდეს და არც მათი გამოყენება რომელიმე მომხიბლავი თეორიის ან დღის წესრიგის სახელით. მხოლოდ ასე შევძლებთ, მივუდგეთ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხს: როგორ გავიზიაროთ საერთო სივრცეები, რომელშიც ვცხოვრობთ, ისე, რომ საერთო სიკეთე გამრავლდეს“. მაგრამ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ვერ მივალთ, სანამ არ გავიგებთ, რა დევს სასწორზე მორალურად – როგორ ვცხოვრობთ და რატომ მოვედით აქამდე. ისრაელის ბევრი მოქალაქისთვის ამ კონფლიქტს გადაწყვეტა არ აქვს, არსებობს მხოლოდ მისი მინიმიზაციის შესაძლებლობა. ზუსტად ისე, როგორც არ არსებობს გადაწყვეტა კოღოების შემოსევის წინააღმდეგ ყოველ ზაფხულს, არსებობს მხოლოდ მისი მინიმიზაციის ტექნიკები.
მან, ვინც იმედოვნებს, რომ ისრაელელებს და პალესტინელებს საბოლოო ჯამში შეუძლიათ გაიზიარონ საერთო სივრცე, უნდა დაიწყოს ფაქტის გახსენებით, რომ ისინი არ იზიარებდნენ საერთო სივრცეს სულ მცირე 75 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახლობდნენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე და რომ ეს ფაქტი ნიშნავდა მუდმივ წარმატებას ერთისთვის და მუდმივ ჩავარდნას მეორესთვის. ისრაელის პალესტინელი მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად იწოდებიან „არაბებად“ და არა „პალესტინელებად“ და ისინი ნამდვილად სახლობენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მაგრამ არ იზიარებენ მას. და ამ გაუზიარებლობის მიზეზი იმალება უზარმაზარ ძალაუფლებრივ უთანასწორობაში ისრაელელ ებრაელებსა და პალესტინელებს შორის, იმის მიუხედავად, ეს უკანასკნელნი ისრაელის მოქალაქეები არიან თუ არა და ასევე იმალება ებრაელების სრულ დარწმუნებულობაში, რომ შეუძლიათ დასაჯონ პალესტინელები, როცა მოუნდებათ.