19 მარტს თურქეთი ოპოზიციის ლიდერების დაკავების ამბავმა გააღვიძა. დააკავეს ასამდე პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის სტამბულის მერი, ექრემ იმამოღლუ – ერდოღანის მთავარი კონკურენტი, რომელიც მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა.
მზარდი სახალხო ბრაზის პირისპირ აღმოჩენილი ერდოღანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სულ უფრო მეტად იხრება რეპრესიებისაკენ. თუმცა, რეჟიმი მუშებისა და ახალგაზრდების ბრაზის პროვოცირებით რისკავს. საპასუხო რეაქცია დაწყებულია, ქუჩებში ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
რეპრესია
ოთხშაბათს დილით პოლიციამ ალყაში მოაქცია ოპოზიციის ასამდე ლიდერი. დაჭერების პირველი ტალღა უკვე თებერვალში დაიწყო, როდესაც მემარცხენე, მემარჯვენე და ცენტრისტი დისიდენტები დააკავეს. მათ შორის – ქალაქის მერები და ადგილობრივი პოლიტიკოსები; მემარცხენე ჟურნალისტები, აქტივისტები, არტისტები და აკადემიის წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი 2013 წელს გეზის პარკის პროტესტებში იყო ჩართული; პატივსაცემი ცენტრისტი პოლიტიკოსები; მემარჯვენე დემაგოგები; ინფლუენსერები, იმ ასტროლოგის ჩათვლით, რომელმაც ერდოღანის ელექტორალური მარცხი იწინასწარმეტყველა!
თუმცა 19 მარტს ესკალაციის ახალი ეტაპი დაიწყო. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ექრემ იმამოღლუ – თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქის მერი და ოპოზიციის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. ის თურქეთის მეორე ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა ერდოღანის შემდეგ. წლების განმავლობაში, რეჟიმი ცდილობდა მის შესუსტებას გამოძიებების წარმოებითა და სხვადასხვა დაბრკოლებების შექმნით, თუმცა იმამოღლუმ დასხლტომა ყველა ჯერზე მოახერხა. 2019-ში ის სტამბულის მერად აირჩიეს, ეს იდეალური პლაცდარმია პრეზიდენტობის კანდიდატისათვის. 90-იანებში სტამბულის მერი თავად ერდოღანი იყო. კვირას იმამოღლუ ფორმალურად დააკავეს, მას სტამბულის მერობაც შეუჩერდა.
დაკავების დრო განზრახ იყო შერჩეული. იმამოღლუ აპირებდა საპრეზიდენტო რბოლისთვის საკუთარი კანდიდატურა ქემალისტური სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) პრაიმერში დაეყენებინა, რომელიც კვირას 23 მარტს იყო ჩანიშნული. იმამოღლუ სრულად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის ჩანიშნული, თუმცა ყველა ვადამდელ არჩევნებს ელოდება. რადგან სხვა შემთხვევაში ერდოღანს არ ექნება საკუთარი კანდიდატურის დაყენების უფლება, ამიტომ მას ან ვადამდელი არჩევნები სჭირდება, ან კონსტიტუციის ცვლილება. კანდიდატურის დაბლოკვის მიზნით, ერდოღანის მორჩილმა მოსამართლეება იმამოღლუ შეკერილი ბრალდებით დააკავეს. სტამბულის მერს ბრალად ქურთების შეიარაღებული ჯგუფის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დახმარება და „კრიმინალური ჯგუფის“ შექმნა ედება. მანამდე სტამბულის სახელმწიფო უნვიერსიტეტმა იმამოღლუს უნივერსიტეტის ხარისხი გააუქმა, რომელიც აუცილებელი წინაპირობა იყო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
დაკავებების შემდეგ, სტამბულის გუბერნატორმა ოთხი დღით აკრძალა ყველანაირი პროტესტი, მასობრივი შეკრება და პრესკონფერენცია. ქალაქში ათასობით პოლიციელი განალაგეს. მთავრობამ დახურა ცენტრალური მეტროს სადგურები და სხვა სატრანსპორტო კვანძები, ალყაში მოაქცია მნიშვნელოვანი მოედნები და გამზირები. შეიზღუდა სოციალურ მედიაზე წვდომაც. ამ მოვლენების მასშტაბი უზარმაზარია. CHP-ს თავმჯდომარე ოზგურ ოზელის თქმით ეს „გადატრიალების“ ტოლფასია. ოზელის სიტყვები ექოსავით გაიმეორეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც რეჟიმის წინაღმდეგ გაერთიანდნენ. მოვლენებმა კაპიტალისტები დაზაფრა. ოთხშაბათს ლირას ღირებულება სწრაფად დაეცა, ცენტრალურმა ბანკმა მისი სტაბილიზაციისთვის მილიონები გამოყო. თურქული საფონდო ბირჟების ინდექსი ასევე ჩამოიშალა. ინვესტორებს ეშინიათ, რომ რეპრესიები არასტაბილურობასა და არეულობას გამოიწვევს. მეტიც, ისინი ღელავენ, რომ ერდოღანის მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკური გადარჩენაა, რომელსაც კაპიტალისტების ეკონომიკურ ინტერესებზე მაღლა აყენებს.
ეჭვგარეშეა, რომ ოთხშაბათის მოვლენები ერდოღანის რეჟიმის ბონაპარტისტული ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. უკვე მარტივი წარმოსადგენია, რომ რეჟიმი მთელ ძალას CHP-ს წინააღმდეგ მიმართავს. პარტიის ბოლო კონგრესს უკვე შესაბამისი სამსახურები იძიებენ. თუმცა ამ მძიმე მეთოდების გამოყენებისას ერდოღანი პანდორას ყუთის გახსნის რისკზე მიდის, რომელიც მორღვეული რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ მოძრაობას გამოიწვევს.
რეჟიმის კრიზისი
რამდენიმე წლის განმავლობაში თურქული რეჟიმი ღრმა კრიზისში იყო. ერდოღანი ძალაუფლებაში 2002 წლის შემდეგ არის. პირველ წლებში, ის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოებებით სარგებლობდა. ცვლილებები 2008 წლის კრიზისის შემდეგ დაიწყო. 2013 წელს ერდოღანის პოზიციები სერიოზულად შეირყა გეზი პარკის პროტესტების შემდეგ. 2014-2016 წლებში ეს ოპოზიციური განწყობა მემარცხენე, პრო-ქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) გაძლიერებაში აისახა.
თუმცა, გეზის მოძრაობის საპასუხო რეპრესიებმა, სირიის სამოქალაქო ომმა, ომიდან გამომდინარე დევნილების კრიზისმა და 2016 წელს ქურთული კონფლიქტის განახლებამ სახალხო პროტესტი შეაჩერა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2016 წლის ივლისში ერდოღანი ჩაშლილ სამხედრო გადატრიალებას გადაურჩა, რომელსაც ბრუტალური რეპრესია მოჰყვა. ერდოღანმა ეს მოვლენები სახელმწიფო აპარატზე კონტროლის გასამყარებლად გამოიყენა, რომელშიც საფუძვლიანი წმენდა ჩატარდა. ეს გადამწყვეტი დარტყმა იყო ძველი ქემალისტური ისტებლიშმენტისთვის, რომელიც რესპუბლიკას დასაბამიდანვე მართავდა. მმართველი კლასის ერდოღანის ფრთამ ყოვლისმომცველი კონტროლი დაამყარა.
ამასობაში, გადატრიალებამ მუშათა კლასისა და ახალგაზრდობის დაბნეულობა და დემორალიზაცია გამოიწვია. სახალხო პროტესტი რამდენიმე წლით მინელდა, თუმცა განწყობის ცვლილება პანდემიის შემდეგ დაიწყო, თურქეთი ღრმა სოციალურ კრიზისში ჩაეფლო, ინფლაციის დრამატული სპირალით, რომელმაც ხელფასების შემცირება გამოიწვია. პანდემიის შემდეგ ინფლაცია ყველა კაპიტალისტურ ქვეყანას შეეხო, თუმცა თურქეთში სიტუაცია ერდოღანის დაბალ პროცენტებზე ფიქსაციამ დაამძიმა, რომელიც გამარტივებულ სესხებს სთავაზობდა კრონი კაპიტალისტებს უძრავი ქონების სექტორში. ერდოღანმა ეს პოლიტიკა 2024 წელს შემოატრიალა, მაშინ როდესაც ლირას ღირებულება დაასტაბილურა და ეკონომიკა მძიმე სიმკაცრის (austerity) გამოყენებით „დაამშვიდა“. ეს სასიამოვნო იყო კაპიტალისტებისათვის, თუმცა მშრომელთა და ღარიბების ცხოვრების დონე კიდევ უფრო მძიმდებოდა. ცხოვრება გართულდა წვრილი ბურჟუაზიისთვისაც. ამან ოპოზიციური განწყობების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
2022-23 წლები გაფიცვების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდით იყო გამორჩეული. ელექტორალურად, სახალხო ბრაზი საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის მცირე სხვაობით გამარჯვებაში გამოიხატა, რომელშიც მთავრობამ ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენა. 2024 წლის არჩევნები დარტმა იყო ერდოღანისათვის, რომლის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (AKP) ყველა დიდი ქალაქი წააგო, სტამბულის, ანკარას, ბურსას და იზმირის ჩათვლით, ისევე როგორც ისტორიულად AKP-ს მხარდამჭერი ქალაქები ანატოლიაში, ისეთები როგორიც დენიზლია. ქემალისტურმა CHP-მ გამოკთხვებში AKP-ზე მაღალი შედეგების ჩვენება დაიწყო.
ძალაუფლებაში გატარებული ოცი წლის შემდეგ ერდოღანი ძალას კარგავს. მიმდინარე რეპრესიების ტალღა ამით იხსნება. AKP-ს მარტის კონგრესზე ერდოღანი დაიმუქრა, რომ მოაგვარებს „ოპოზიციის პრობლემას, რომელიც დემოკრატიას წამლავს“. CHP-ს ლიდერის დაჭერით, რეჟიმი იძლევა სიგნალს, რომ მას აღარ აქვს პრეტენზია თავი ბურჟუაზიულ დემოკრატიად წარმოაჩინოს. ერდოღანი მოტივირებულია ძალაუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩეს, თუნდაც ეს უხეში ძალა იყოს.
სასწორზე არა მხოლოდ ერდოღანის პირადი მომავალია, არამედ მდიდარი ნეპოტიზმის მიწისქვეშეთიც და ნალოლიავები ინტერესები, რომლებიც AKP-ს 23 წლიანი მმართველობისას საიმედოდ იყო დაცული. ეს მომენტალური გადაწყვეტილებაა. თუმცა ერდოღანი გამჭრიახი მმართველია, რომელსაც განვითარების სხვადასხვა გზები უნდა ჰქონდეს განხილული.
ოპოზიციის გაყოფისა და დაბნევის მიზნით, ის ჩაერთო ახალ სამშვიდობო პროცესში ქურთული PKK-ს ლიდერ აბდულა ოჯალანთან. გვიან თებერვალში, ოჯალანმა ქურთებს შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტისა და PKK-ს დაშლისკენ მოუწოდა. ეს ისტორიული ჟესტია. ამ შედეგის მისაღწევად ერდოღანს გარკვეული დათმობები უნდა შეეთავაზებინა, თუნდაც მხოლოდ კოსმეტიკური.
ეს ქემალისტებისა და ქურთი ნაციონალისტების გაყოფის მცდელობაა, რომლებმაც AKP-ს წინააღმდეგ ფაუსტისეული პაქტი გააფორმეს. ქურთული ხმა გადამწყვეტია, არა მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქურთული უმრავლესობის რეგიონებში, არამედ ყველა დიდ ურბანულ ცენტრშიც. უფრო მეტიც, ქურთი დეპუტატები გადამწყვეტ როლს თამაშობენ პარლამენტში, რომელიც მკვეთრად არის გაყოფილი AKP-სა და ქემალისტებს შორის. ერდოღანის გათვლით ქურთებთან კონფლიქტის მოგვარება ქემალისტებს მარტოს დატოვებდა, რაც რეჟიმს მეტი თავდაჯერებით დარტყმის საშუალებას მისცემდა.
ეს ტიპური ერდოღანია. რამდენიმე წლის წინ როდესაც ქურთული მოძრაობა და HDP ანტი-ესტაბლიშმენტური სენტიმენტების ცენტრად იქცნენ, ერდოღანმა შექმნა გაერთიანებული ფრონტი CHP-სთან და წამოიწყო ბრუტალური ომი ქურთების წინააღმდეგ თურქეთსა და სირიაში. ამ პროცესში, მან აკრძალა HDP და დააპატიმრა მისი ლიდერები. ახლა ის ამობრუნებული კომბინაციის გათამაშებას ცდილობს.
ერდოღანი საერთაშორისო კონტექსტზეც ფიქრობს. თურქეთის ძლევამოსილმა არმიამ და სამხედრო ინდუსტრიამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა ევროპელი იმპერიალისტების მიმდინარე გადაიარაღების პროცესში. ერდოღანი ამ კარტს ათამაშებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან პოზიციები გაიმყაროს. ბრიუსელმა გამოხატა ჩვეული პროტესტი იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანის ავტორიტარიზმი მათ დაახლოებას შეუშლის ხელს.
ასადის დაცემის შემდეგ თურქეთი ყველაზე გავლენიან მოთამაშედ იქცა სირიაში, სადაც ევროპელებისათვის ბევრი რამ წყდება (სირიელი დევნილების საკითხით დაწყებული). სახლში ქურთებთან კონფლიქტის მოგვარება სავარაუდოდ გახსნის სირიელ ქურთებთან გარიგების შესაძლებლობას და კიდევ უფრო გააძლიერებს ერდოღანის გავლენას დამასკოზე.
ერდოღანს ასევე სურს საკუთარი როლი შეასრულოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში და გავლენა მოახდინოს ტრამპსა და პუტინზე. ერდოღანი გრძნობს, რომ საერთაშორისო დონეზე საკმაროდ ძლიერია და თურქეთში რეპრესიების გაძლიერება შეუძლია. როგორც Financial Times ამბობს: „ანკარას ახლად აღმოჩენილი მნიშვნელობა ევროპის თავდაცვისათვის და ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში, შესაძლოა ის ფაქტორები იყოს, რომლებმაც ერდოღანს მოტივაცია მისცეს […] რომ მისი მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ ემოქმედა.“
ერდოღანის გამბიტი საკმაოდ რისკიანია. სანამ ბურჟუაზიული მედია „strongman“-ად მოიხსენიებს, მისი რეჟიმის საფუძვლები ძალიან მსხვრევადი გახდა. დაპატიმრებებს დიდი ხმაურო მოჰყვა.
ოთხშაბათს საღამოს, სტამბულის უნივერსიტეტის ასეულობით სტუდენტი მარშით გაემართა კამპუსისკენ და პოლიციას დაუპირისპირდა. სტუდენტები არა მხოლოდ სახელმწიფო რეპრესიას აპროტესტებდნენ, არამედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის როლს იმამოღლუს აკადემიური ხარისხის გაუქმებაში. სტუდენტური მოძრაობა სტამბულს, ანკარას და სხვა ქალაქებს მოედო. პროტესტების ოთხი დღით აკრძალვისა და სატრანსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, საღამოს მასობრივი პროტესტი სტამბულსა და ანკარაში დაიწყო. მოძრაობა კვირის ბოლოსაც გაგრძელდა, სასტიკი რეპრესიების მიუხედავად ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა.
უფრო მეტიც, თუ ერდოღანს ქურთულ სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიასა (DEM) და CHP-ს შორის განხეთქილების ჩამოგდება უნდოდა, ამ მოვლენების შედეგად ისინი მხოლოდ დაახლოვდნენ. იმამოღლუს სავარაუდო გადაკვეთა PKK-სთან კავშირშია მისი და DEM-ის კოლაბორაციასთან, რომელიც რეპრესიიების სიაში შემდეგია.
სახალხო რეაქცია უკვე სახეზეა, მისი შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს ის არის, რისიც კაპიტალისტებს თურქეთში და საზღვარგარეთ ყველაზე მეტად ეშინიათ. სანამ ჩვენ ვწერთ, პროტესტი სწრაფად ვითარდება. მოძრაობის ავანგარდში სტუდენტები არიან. ეს დამთხვევა არ არის. ეს ახალი სისხლია, რომელიც არ ატარებს გეზი პარკის მარცხის სიმძიმეს და არ გამოუცდია რეპრესიები, რომლებიც 2016 წლის გადატრიალებას მოჰყვა.
ოპოზიცია
თუმცა, ერდოღანს ყველაზე მეტად ოპოზიციის უსუსურობა აძლიერებს. ის ფსონს ოპოზიციის მიერ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობაზე დებს. ეს აღქმა დაუსაბუთებელი სულაც არ არის.
გამოკითხვების მიხედვით CHP-ს რეიტინგი სწრაფად იზრდება, მათ კარგი შედეგები აჩვენეს გასული წლის ადგილობრივ არჩევნებში. თუმცა ეს ერდოღანის სისუსტიდან გამომდინარეობს და არა თურქეთის ტრადიციული ბურჟუაზიული პარტიის მასობრივი მხარდაჭერის ზრდიდან. იმამოღლუ კაპიტალისტი პოლიტიკოსია, რომლის ეკონომიკური პროგრამაც ფუნდამენტურად არ განსხვავდება ერდოღანის პროგრამისგან. ის ბიზნესმენია, მისი ოჯახი დიდ უძრავი ქონების კომპანიას ფლობს. CHP ერდოღანს კონსტიტუციის, რესპუბლიკის, სეკულარიზმის და (ბურჟუაზიული) დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის გამო აკრიტიკებს. ის იცავს ძველ სტატუს კვოს, რომელიც ერდოღანამდე არსებობდა.
საპირწონედ AKP-მ მოიპოვა მხარდაჭერა საზოგადოების რელიგიურ და კონსერვატიულ სეგმენტებს შორის, რომლებიც გაუცხოვებული იყვნენ ქემალისტების ტრადიციული სეკულარისტული პოლიტიკისაგან (თუმცა ბოლო პერიოდში AKP-მ მხარდაჭერა ამ სეგმენტშიც დაკარგა). ეს იდენტობის პოლიტიკის თურქული ვერსიაა, რომელიც მუშათა კლასს სეკულარისტებად და ისლამისტებად ჰყოფს.
ამ ხლეჩის გადალახვის ერთადერთი გზა კლასობრივი პოლიტიკაა: ყველა მშრომელის გაერთიანება, მათი რელიგიური რწმენის მიუხედავად, საზოგადოების რადიკალური ტრანსფორმაციის სოციალისტური პროგრამის ირგვლივ, კაპიტალისტი მძარცველების და მათი პოლიტიკური წარმომადგენლების წინააღმდეგ, იქნებიან ისინი ქემალისტები თუ ისლამისტები. პრობლემა იმაშია, რომ თურქული (და ქურთული) მემარცხენეობა, რომელსაც ასეთი პროგრამის წარმოდგენა შეუძლია CHP-ს კუდად იქცა, ერდოღანის ელექტორალურად ჩანაცვლებისათვის მიმდინარე ბრძოლაში. მემარცხენეები ყველაფერს CHP-ს ელექტორალურ გამარჯვებაზე დებენ, ბოლო წლებში ქუჩის მობილიზაციები იშვიათობად იქცა, თუნდაც მდუღარე ბრაზის, გაფიცვებისა და ინდუსტრიული კონფლიქტებისას. ეს ნაკლები ბოროტების არჩევის თურქული ნაირსახეობაა.
ჩვენ არ გვაქვს სიმპათია იმამოღლუს მიმართ, ის ბურჟუა პოლიტიკოსია, რომელიც კაპიტალისტური კლასის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, მისი დაპატიმრება სერიოზული თავდასხმაა დემოკრატიულ უფლებებზე, რომელიც მშრომელებისა და ახალგაზრდების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ამ თავდასხმაზე პასუხის გაცემა მუშათა კლასის ვალია. თუმცა მშრომელებმა ეს საკუთარი მეთოდების გამოყენებით, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით უნდა გააკეთონ.
CHP-ს ირგვლივ გაერთიანება გარდაუვალი მარცხის ფორმულაა. თუმცა მემარცხენე ლიდერების განცხადებები მიანიშნებს, რომ ისინი სწორედ ამის გაკეთებას აპირებენ, DEM ვერ გვთავაზობს დამოუკიდებელ სლოგანებს და აბსტრაქტულ მოწოდებას აკეთებს – „დემოკრატია, დემოკრატია, დემოკრატია“.
ანალოგიურად, მშრომელთა პარტია მოუწოდებს „ხალხს აიმაღლონ ხმა ამ თავდასხმის წინააღმდეგ“. მშრომელთა პარტიის სამი მოთხოვნაა: „მუნიციპალური დემოკრატია, მშვიდობიანი წინააღმდეგობის უფლება გეზის მოძრაობაში, უფლება მიიღონ ინფორმაცია პრესის და სოციალური მედიის მეშვეობით“, CHP მარტივად თანხმდება ამ მოთხოვნებს. მშრომელთა პარტიის გენერალურმა მდივანმა საჯარო შეხვედრა გამართა CHP-ს ლიდერებთან.
საპასუხოდ პროფკავშირების ფედერაციამ (DISK) საკმაოდ ზუსტი განცხადება გაავრცელა. ის ამტკიცებს, რომ ერდოღანი რეპრესიას იყენებს მუშათა კლასის ექსპლუატაციის გასაძლიერებლად. თუმცა, მათ ისევ არ აქვთ მკაფიო სლოგანები, ერთის გარდა „გავერთიანდეთ სამართლიანობის, დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნისათვის“. მათი ლიდერები ასევე ეწვივნენ CHP-ის ოფისებს სიახლოვის საჩვენებლად. მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ მოუწოდებენ საყოველთაო გაფიცვისკენ.
ეს პოლიტიკა მხოლოდ ეხმარება CHP-ს ინიციატივის შენარჩუნებაში, რომელსაც ისინი მოძრაობის ლიანდაგებიდან გადასაყვანად გამოიყენებენ. CHP-მ იმამოღლუს დაკავებას „გადატრიალება“ უწოდა, თუმცა მათ ცოტა რამ გააკეთეს ამ გადატრიალებისათვის პრაქტიკული წინააღმდეგობის გასაწევად. წინა დღეების განმავლობაში, მათ ჩადეს დიდი ენერგია პარტიის პრაიმერში, რომელიც იმამოღლუს დაპატიმრებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად ყველა მოქალაქისათვის გაიხსნა. პრაიმერებში ხმა თხუთმეტმა მილიონმა ადამიანმა მისცა, რომელთაგანაც 13 მილიონი პარტიის წევრი არ იყო. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რომელიც სახალხო ბრაზის მასშტაბზე მიუთითებს. თუმცა, ეს სიმბოლურ ჟესტად რჩება, რომელსაც მოქმედებები უნდა უმაგრებდეს ზურგს.
CHP-მ მოწოდება გააკეთა მიტინგების გაგრძელებისკენ, თუმცა ისინი აშკარად მოუმზადებლები არიან პროტესტის იმგვარი ესკალაციისთვის, რომელიც მასობრივ მოძრაობას რეჟიმის დამხობით დაასრულებდა. ეს კავშირშია CHP-ს ლიდერების კლასობრივ ბუნებასთან. ყველა მათგანი ბურჟუა პოლიტიკოსია. მათი იერი ლეგალური, სიმბოლური და ინსტიტუციური ბრძოლის გამოცდილებას ასხივებს. თუმცა ეს რეალურ საფრთხეს ვერ უქმნის ერდოღანს. თუ მოძრაობა მიტინგებისა და სიმბოლური ხმების საზღვრებში დარჩება, მაშინ მარცხი თითქმის გარდაუვალია.
მასობრივი ბრძოლა
ქუჩაში გამოსული მასები კარგად ხედავენ ქემალისტური ელიტის უუნარობას. CHP-ს ლიდერებს სტამბულისა და ანკარას მიტინგებზე უსტვინეს, მას შემდეგ, რაც მათ პროტესტის მონაწილეებს ენერგიის პრაიმერებზე დახარჯვა ურჩიეს. ხალხმა სამართლიანად უპასუხა, რომ „გამოსავალი ქუჩაშია და არა ხმის მისაცემ ყუთებთან“. ამასთანავე CHP ეწინააღმდეგება პროტესტის მონაწილეთა ინიციატივას მარშით გაემართონ სტამბულის ცენტრალური, ტაქსიმის მოედნისკენ, პარტიის ლიდერთა აზრით აქციები სარაჩანეს უბანში უნდა გაგრძელდეს.
ქემალისტები ასევე ვერ ახერხებენ ქურთი ხალხის ენერგიის გამოყენებას, რომელიც ამ ბრძოლისათვის გადამწყვეტია. სულ რამდენიმე დღის წინ, ანკარას მერმა CHP-დან (რეაქციონერმა თურქმა ნაციონალისტმა) ქურთების დროშას „ჩვარი“ უწოდა, რაც ლოგიკური აღშფოთების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, ქურთული ნოვრუზის აღნიშვნისას CHP-ს გენერალური მდივნის გამოსვლას ხალხმა უსტვინა.
თურქეთი გადამწყვეტ ბრძოლაში შედის. მისი შედეგი ცოცხალი ძალების დაპირისპირებაში გადაწყდება. ერდოღანის დამარცხების პოტენციალი არსებობს, ამის ყველაზე უეჭველი გზა ქუჩების მასობრივი მობილიზაციაა, რომელიც ყველა სამეზობლოში, კამპუსში და სამუშაო ადგილზე ორგანიზებული კომიტეტების გავლით მოხდება. პროტესტები საყოველთაო გაფიცვისკენ უნდა ვითარდებოდეს, სადაც მუშათა კლასი მოახერხებს გამოიყენოს მისი უზარმაზარი ძალა და დააჩოქოს რეჟიმი. ბრძოლა ვუჩიჩის რეჟიმის წინააღმდეგ სერბეთში და მიცოტაკისის წინააღმდეგ საბერძნეთში მოდელად უნდა გადაიქცეს.
მსგავსი მოძრაობა უნდა აღიჭურვოს რევოლუციური პროგრამით სოციალური ტრანსფორმაციისთვის. ასეთი პოლიტიკა მოითხოვს CHP-ს მერყევ ლიდერებთან დამშვიდობებას, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ბრძოლის პარალიზებისათვის. მებრძოლი მემარცხენეობა, პროფკავშირები და სტუდენტური მოძრაობა პროტესტის სათავეში იმ შემთხვევაში მოექცევიან თუ საკუთარი სლოგანებითა და სამოქმედო გეგმით გამოვლენ.
არა რეპრესიას!
გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!
ძირს ერდოღანის რეჟიმი!
მასობრივი მობილიზაციისა და საყოველთაო გაფიცვისკენ!
მშრომელთა ერთობისთვის სოციალისტური პროგრამის ირგვლივ!