სერბეთის სტუდენტური მოძრაობა ბნელ დროში იმედს იძლევა

სერბეთის სტუდენტური მოძრაობა ბნელ დროში იმედს იძლევა

ავტორი: ფილიპ ბალუნოვიჩი

გიორგი ღვინჯილიას თარგმანი

12 აპრილი 2025

გასულ შაბათს, პროტესტის წინა კვირას, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს დონალდ ტრამპ უმცროსი ეწვია. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ტრამპი საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია –  ანდრიჩევ ვენაცზე, რომელიც იუგოსლავიის ყველაზე ცნობილი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ივო ანდრიჩის სახელს ატარებს. ვუჩიჩს, რომელსაც ლიტერატურული ნიჭი ნაკლებად აქვს, თუმცა პოლიტიკურ ფიქციებშია ძლიერი, ბელგრადის სანაპიროსკენ მიუთითებია – სავას მდინარეზე აშენებულ ფეშენებელურ კომპლექსზე, რომელიც კორუფციასთან არის ასოცირებული. თუმცა ვუჩიჩმა კომპლექსი პროგრესის სიმბოლოდ წარმოადგინა. შემდეგ პრეზიდენტი პროტესტის მონაწილეებს გადასწვდა, რომლებიც ამ პროგრესის დაბრკოლებად გამოაცხადა.

 

ტრამპს უნდა სცოდნოდა – როგორი უმნიშვნელოც არ უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი მისთვის – რომ მისი მასპინძელი თვეებია ებრძვის წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყნის ყველაზე ნათელი ახალგაზრდა ტვინებისა და ყველაზე გონიერი მოქალაქეებისგან მოდის. ინსტიტუციური სისტემის მიღმა დარჩენილმა – რადგან უკვე თხუთმეტი წელია, რაც ქვეყანაში არჩევნები ყალბდება და სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს – სერბმა სტუდენტებმა კარდაკარ კამპანიის თანამედროვე ვერსია წამოიწყეს, დადიოდნენ სოფლიდან სოფელში და ქალაქიდან ქალაქში.

 

შაბათს კამპანიამ პიკს მიაღწია –  სხვადასხვა შეფასების თანახმად, ბელგრადში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა. ყველგან საოცარი ატმოსფერო სუფევდა – პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის გარდა, სადაც ვუჩიჩმა საკუთარი კრიმინალები და ხულიგნები შეკრიბა, რომლებიც შეტევისთვის იყვნენ წინასწარ მომზადებულები. მიტინგს მაინც დაესხნენ თავს, სწორედ მაშინ, როცა ნოვი სადის სარკინიგზო სადგურზე გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თხუთმეტწუთიანი დუმილის მეთორმეტე წუთი იწურებოდა. გამოყენებულ იქნა სპეციალური იარაღი, რომელიც ინფრაბგერით ზარბაზნად მიაჩნიათ.

 

სტუდენტური მოძრაობის მომენტუმი ნოვი სადის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დადგა. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ მშვიდობიანი პროტესტი გამართეს. სიტუაცია მალევე გამწვავდა, როდესაც მომიტინგეებს შავ ქუდებსა და ჰუდებში ჩაცმული ხულიგნები დაესხნენ თავს. ძალადობის ამ აქტს პროტესტის ტალღა და ოთხივე სერბული უნივერსიტეტის ბლოკირება მოჰყვა.

 

ამის შემდეგ, მშვიდობიანი მომიტინგეები მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტების ოთხი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ. ეს მოთხოვნები სტუდენტებზე თავდამსხმელებისა და რკინიგზის სადგურის ჩამოშლისას ადამიანების გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოიცავს.

 

შეუძლებელი გახდა ხულიგნებსა და მთავრობის მიერ დაფინანსებულ კრიმინალურ ჯგუფებს შორის კავშირის უარყოფა – იმავე ხულიგნებს, რომლებმაც პირველი თავდასხმის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად განაგრძეს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნა სერბეთის მასშტაბით.  ასევე შეუძლებელია იმ გულგრილობისა და კორუფციის ფაქტების უარყოფა, რომლებმაც ნოვი სადის ტრაგედია გამოიწვია. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სადგურის რეკონსტრუქცია ჩინელ კონტრაქტორებს მიანდვეს,  უნგრული და ფრანგული კომპანიების ზედამხედველობის ქვეშ. შესრულებულმა სამუშაომ სერიოზული კითხვები გააჩინა როგორც კეთილსინდისიერების, ისე  ყოვლისმომცველი კრონიზმის შესახებ. სერბეთის პოლიტიკურ ეკოსისტემაში პასუხისმგებლობა ყოველთვის ზედა ეშელონებამდე აღწევს, სადაც ფესვგადგმული ოლიგარქია ყველა დიდი პროექტიდან იღებს სარგებელს, იქნება ეს სახელმწიფო ინიციატივა თუ გარედან შემოსული ინვესტიციები.

 

ავტორიტარების წინააღმდეგ

 

თუმცა სერბეთის სტუდენტური მოძრაობა მხოლოდ ავტორიტარიზმს, კორუფციასა და კრიმინალურ მმართველობას არ უპირისპირდება. ის უფრო ფართო ტენდენციის წინააღმდეგ არის მიმართული – ტენდენციის, რომელიც არც სერბეთში დაწყებულა და არც ამ დღეების მოვლენებით იწყება. მთელს მსოფლიოში, ყველაზე შემდგარ ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპამდე – იკვეთება ოლიგარქიისა და ავტორიტარიზმისაკენ დაღმასვლის შემაშფოთებელი ტენდენცია. სწორედ ამიტომ, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტური მოძრაობა, შეიძლება ითქვას, თითქმის მარტოდმარტო იბრძვის.

 

მოძრაობა ახალგაზრდა ადამიანებისგან შედგება, მათი ახალგაზრდული ენერგია თანხვედრაში არ მოდის მათსავე დახვეწილ სტრატეგიასა და დისციპლინასთან, რომლითაც მოქმედებენ. ორგანიზების ეს დონე  გააოცებდა მსოფლიოს ყველაზე შემდგარ პოლიტიკურ მოძრაობებსაც კი. სტუდენტების ბრძოლა საშინაო პოლიტიკის ფარგლებს სცდება. მოძრაობის ყველაზე დიდი გამოწვევა გეოპოლიტიკურ მომენტში ნავიგაციაა, რომელიც თითქმის სრულად ვუჩიჩისა და მისის ოლიგარქიული ქსელის სასარგებლოდ მუშაობს.

 

ვუჩიჩი ძალაუფლებაში 2012 წელს მოვიდა, გლობალური ეკონომიკური არეულობისა და იმედების პერიოდში, როდესაც მოძრაობების ახალი ტალღა შეინიშნებოდა: ქვევიდან წამოსული მოძრაობებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროგრესულ გამოღვიძება ხმელთაშუა ზღვის ევროპაში, ესპანეთისა და საბერძნეთის მოძრაობები, არაბული გაზაფხული და გეზის პარკის პროტესტები თურქეთში.  თუმცა სერბეთმა ეს პროგრესული ტალღა გამოტოვა, ისევე როგორც 1990-იანებში სლობოდან მილოშევიჩის მმართველობისას. ამის ნაცვლად ქვეყანამ რეაქციული კურსი აირჩია.

 

დღეს მთელი მსოფლიო რეგრესულ მოსახვევშია შესული. ზოგი ამას „ტრამპიზაციას“ უწოდებს, თუმცა რეალურად საქმე გაცილებით  ფართო, კომპლექსურ და სისტემურ ტენდენციასთან გვაქვს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთამდე, უნგრეთიდან ისრაელამდე, ჩინეთიდან თურქეთამდე, ავტორიტარიზმი და პოლიტიკური არასტაბილურობა განმსაზღვრელ ფაქტორებად იქცა.

 

მტრული კლიმატის მიუხედავად სერბი სტუდენტები არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობას აორგანიზებენ, რომელიც ეყრდნობა პირდაპირი დემოკრატიულ ასამბლეებს, შთამბეჭდავ დისციპლინას და გამძლეობას. ისინი სერბული საზოგადოების გამამთლიანებელ ძალად იქცნენ და შთაგონებას აძლევენ დანარჩენ მოქალაქეებს იმისათვის, რომ მათაც დაიწყონ საკუთარი ასამბლეების ჩამოყალიბება. პარადოქსულია, თუმცა მაშინ როდესაც იმედის ნაპერწკლები დღეს გაცილებით მკრთალია ვიდრე 2012 წელს იყო, სერბი სტუდენტები აძლიერებენ მოძრაობას, რომლის სლოგანიც – „ამოქაჩეთ“ (pump it up) – ასახავს სინათლის შექმნის ძალისხმევას ჩაბნელებულ სამყაროში.

 

თუმცა წინააღმდეგობის ამ სინათლეს სერბეთის მიღმა თითქმის არავინ ეგებება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო მედიამ მაინც დაიწყო მოვლენების გაშუქება მას შემდეგ, რაც ბელგრადის ქუჩებში ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ოფიციოზი, ისევე როგორც რუსები და ჩინელები ვუჩიჩის მხარდაჭერას აგრძელებენ – მოვლენათა უგულებელყოფით, ან რეჟიმის პირდაპირი მხარდაჭერით. ამ სიტუაციამ სტუდენტების ტვირთი კიდევ უფრო დაამძიმა,  ისინი გლობალურ გოლიათთან დაპირისპირებული დავითის როლში აღმოჩნდნენ.

 

რატომ ვეჩეხებით სიჩუმეს – ან სულაც თანამონაწილეობას – ორივე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან? პასუხი გლობალური ძალების ინტერესებშია. ვაშინგტონიდან მოსკოვამდე, ბერლინიდან პეკინამდე, ბალკანეთში დიდი მოთამაშეების ეკონომიკური და სტრატეგიული პრიორიტეტები იკვეთება – განსაკუთრებით კი სერბეთში. სისტემური ცვლილება, რომელსაც სტუდენტები ითხოვენ ამ გეგმებს აფერხებს. გლობალური ეკონომიკის პერიფერიაში, დიდი ძალები კომპრადორულ ელიტებს ეძებენ – ადგილობრივ ლიდერებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ხალხის ხარჯზე ემსახურონ გარე ინტერესებს. სანაცვლოდ ელიტები იღებენ მოგების წილს და გარანტირებულ დაცვას  – მაშინ, როდესაც სახლში დემოკრატიული აჯანყებები იფეთქებს.

 

ვუჩიჩი კომფორტულად გრძნობს თავს გეოპოლიტიკური ბალანსირების ცენტრში. მან სერბეთის ნავთობის ინდუსტრია რუსებს გადასცა, ბელგრადის სანაპირო არაბ ინვესტორებს, სახელმწიფო აეროპორტი ფრანგებს, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინელებსა და უნგრელებს. ის იმედოვნებს მოიპოვოს ლითიუმის მოპოვების უფლებები – პოტენციური კატასტროფული შედეგებით გარემოსთვის – გერმანიის მწვანე ენერგიის ტრანზიციისათვის. ხოლო ამერიკელებს, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციას, ვუჩიჩი მზადაა ყველაფერი მისცეს რასაც მოითხოვენ, ბევრად მეტი ვიდრე ფეშენებელური სასტუმროები ბელგრადის ცენტრში, რომლებსაც ტრამპსა და ჯარედ კუშნერს უკვე შეჰპირდნენ. თუ ღაზას „რივიერას“ პროექტი ჩავარდა, მოულოდნელობა არ იქნება თუ ვუჩიჩი ამერიკელებს სანაცვლოდ სერბეთს შესთავაზებს. „ჩვენ ზღვა არ გვაქვს“, იტყვის ვუჩიჩი , „თუმცა მისი აშენება შეგვიძლია“.

 

ევროპული ეჭვები

 

თუმცა სერბი სტუდენტები არ ემორჩილებიან გეოპოლიტიკურ მოლოდინებს. მათი მოძრაობა უარყოფს სტანდარტულ ბინარობას პრორუსულ და პროამერიკულ სწორებებს შორის. საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი პროტესტებისგან განსხვავებით, სერბეთის დემონსტრაციებზე ევროკავშირის დროშებს ვერ ნახავთ. ის ფასეულობები, რომლებიც სტუდენტებს ამოძრავებთ – დემოკრატია, სამართლიანობა და თავისუფლება – დღეს უკვე  აღარ ეკუთვნის ევროკავშირსა და მსოფლიოს სხვა შემდგარ დემოკრატიებს.

 

ერთ-ერთ ბანერზე ვკითხულობთ, „ჩვენ დავიმახსოვრებთ მათ, ვინც ჩუმად იყო“. სლოგანი პირველ რიგში სერბეთის ელიტისკენაა მიმართული, თუმცა ის საერთაშორისო დონეზეც რეზონირებს. გლობალური ძალების სიჩუმე – სტრატეგიული თუ თანამონაწილეობრივი – დამახსოვრებული იქნება.

 

ამასობაში დონალდ ტრამპ უმცროსმა ვუჩიჩს მამის მოკითხვა გადასცა – სავარაუდოდ, ისევე როგორც მხარდაჭერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვუჩიჩის პირადი მხარდაჭერა გააძლიერეს, ეს გასულ ზაფხულს მოხდა, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს დაუპირისპირდა.

 

თუ სერბი სტუდენტები წარმატებას მიაღწევენ და მოახერხებენ ფესვგადგმული ავტოკრატიისგან გათავისუფლებას, რათა  საფუძველი ჩაუყარონ უფრო სამართლიან სისტემას, ისინი ამას მხოლოდ საკუთარი ძალებით მოახერხებენ. ამ აზრით, ეს „ფერადი რევოლუცია“ არ არის, რომელსაც გარედან აძლევენ მიმართულებას ან აფინანსებენ. ხშირად მთავრობა სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. ფაქტი, რომ სტუდენტები მარტო დარჩნენ, მეტიც  – მიატოვეს, აუცილებლად ცუდი ამბავი არ არის. ისინი ავთენტურები არიან და არა სხვისი ინსტრუმენტები. ამიტომ მათი წარმატების შანსები შესაძლოა ბევრად უფრო დაბალი იყოს, მაგრამ  გამარჯვების შემთხვევაში, შედეგი ბევრად განსხვავებული იქნება მილოშევიჩის დაცემისას განვითარებული მოვლენებისაგან.

 

ეს ნიშნავს, რომ სერბეთს აქვს შანსი თავიდან ააშენოს საკუთარი საზოგადოება სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფუნდამენტზე, მტაცებლური თავისუფალი ბაზრის პოლიტიკისა და დაუნდობელი კონკურენციის ნაცვლად. უფრო მეტიც, ერთი ავტოკრატისა და მისი კომპრადორული ოლიგარქიის დაცემამ შესაძლოა სულაც არ გამოიწვიოს სხვა ავტოკრატის აღზევება – ისეთის, რომელიც პირობას დებს „იხსნას ღარიბები“ თუმცა მათ ორმაგად ამონებს: უქვემდებარებს გლობალურ ფინანსურ ინტერესებსა და შინაურ ავტოკრატიულ და ოლიგარქიულ კანონებს. ასეთი წარმატება სერბულ გამოსვლებს 1968 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტუდენტურ მოძრაობად აქცევდა და გაუთანაბრებდა ჩილეში კონსტიტუციური რეფორმის მოთხოვნით მომხდარ მობილიზაციას.

 

როგორც ანდრიჩმა თქვა: „ხალხი შიშისგან მოკვდება, თუ გაიგებს, რამდენად დაბალი ინტელექტი მართავს სამყაროს“. ეს სტუდენტები იცნობენ – და შესაძლოა გრძნობენ კიდეც შიშს, თუმცა წინ ისე მიიწევენ, თითქოს ეს ასე არ არის.