არავინ არის მოწყენილი, ყველაფერი მოსაწყენია

არავინ არის მოწყენილი, ყველაფერი მოსაწყენია

ავტორი: მარკ ფიშერი

გუჯი გოგობერიშვილის თარგმანი

5 იანვარი 2026

გასულ წელს (2013) პოლიტიკასა და კულტურაზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ და პროვოკაციულ ტექსტად შეიძლება ჩაითვალოს ნაშრომი, რომელიც პრეკარიატული ცნობიერების ინსტიტუტმა გამოსცა, „ჩვენ ყველანი ძალიან მშფოთვარენი ვართ“ (We Are All Very Anxious).  ესე დიდი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც Plan C-ის ვებგვერდზე ხელახლა გამოქვეყნდა. ტექსტი, უმეტესწილად იმ საკითხს ეხება, რომ დღესდღეობით კაპიტალიზმის მიერ ნაწარმოები მთავარი ემოციური აფექტი სწორედ შფოთვაა. უფრო ადრე, ფორდისტულ ეპოქაში, „დომინანტურ რეაქციულ აფექტს“ მოწყენილობა წარმოადგენდა.  საწარმოო დანადგარებთან შესრულებული მუდმივად განმეორებადი, ერთფეროვანი შრომა წარმოქმნიდა მოწყენას, რომელიც ფორდიზმის პირობებში ერთდროულად იყო დაქვემდებარების საფუძველიც და ახალი, ოპოზიციური პოლიტიკის წყაროც.

 

შესაძლებელია ითქვას, რომ ტრადიციული მემარცხენეობის კრახი ნაწილობრივ უკავშირდება მის უუნარობას, ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა „მოწყენილობის პოლიტიკაზე.” ეს  პოლიტიკა გამოიხატებოდა არა პროფესიული კავშირებისა თუ პოლიტიკური პარტიების, არამედ კულტურის პოლიტიკის  –  სიტუაციონისტებისა და პანკების მოძრაობების – მეშევეობით. სწორედ ნეოლიბერალებმა შეძლეს მოწყენილობის ამ კრიტიკის ათვისება და ინსტრუმენტალიზაცია და არა მემარცხენეებმა.  ნეოლიბერალებმა ფორდისტული ქარხნები, სოციალ-დემოკრატიული სტაბილურობა და უსაფრთხოება სწრაფადვე დაუკავშირეს ერთფეროვნებას, პროგნოზირებადობას, მოწყენას და ზემოდან მართულ ბიუროკრატიას. მემარცხენე კრიტიკის ნაცვლად, ნეოლიბერალებმა საზოგადოებას  მღელვარება და მოულოდნელობა შესთავაზეს. თუმცა, ამ ახალ, არამდგრად პირობებს თავისი ფასი ახლდა  და ეს ფასი სწორედ შფოთვა აღმოჩნდა. შფოთვა არის ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც თან სდევს იმ ეკონომიკურ, სოციალურ და ეგზისტენციურ გაურკვევლობას, რომელიც ნეოლიბერალურმა მმართველობამ ნორმად აქცია.

 

ზემონახსენებ სტატიაში მართებულად არის აღნიშნული, რომ თანამედროვე ანტიკაპიტალისტური პოლიტიკა ხშირად იმ  სტრატეგიებსა და ხედვებში იკეტება, რომლებიც იმ ეპოქაში ჩამოყალიბდა, როცა ბრძოლა მოწყენილობის წინააღმდეგ იყო მიმართული.  შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ კაპიტალიზმმა, ფაქტობრივად, გადაჭრა მოწყენილობის პრობლემა, ხოლო მემარცხენეობისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია შფოთვის პოლიტიზების გზების პოვნა. ნეოლიბერალური კულტურა, რომელიც ანტიფსიქიატრიული მოძრაობის დასუსტების ფონზე გაბატონდა, შფოთვასა და დეპრესიას მხოლოდ ინდივიდუალურ პრობლემად გვისახავს.  თუმცა, ამ განცდების მნიშვნელოვანი ნაწილი ნეოლიბერალიზმის იმ ტენდენციის შედეგია, რომელიც სტრესის პრივატიზაციას ახდენს და პოლიტიკურ დაპირისპირებებს სამედიცინო დიაგნოზებად გარდაქმნის.

 

ამავდროულად, ვფიქრობ, რომ მოწყენილობაზე მსჯელობა უფრო მრავალშრიანი უნდა იყოს. სავსებით შესაძლებებია, ადამიანები  ნოსტალგიითაც კი იხსენებდნენ “მოწყენილობას 1.0” ვერსიას – კვირა დღის მოსაწყენ სიცარიელეს, ღამის საათების იმ მომენტს, როცა ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტდა, ან რიგში დგომისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინში უსასრულოდ გაწელილ წუთებს. ყველა ეს „ცარიელი დრო,“ ფაქტობრივად, გაქრა სმარტფონის მქონე თანამედროვე ადამიანისთვის. კაპიტალისტური კიბერსივრცის ინტენსიურ, 24/7 გარემოში ტვინს აღარ ეძლევა უქმად ყოფნის დრო; ამის ნაცვლად, მას უწყვეტად მიეწოდება დაბალი ინტენსივობის სტიმულების დაუსრულებელი ნაკადი.

 

თუმცა მოწყენენილობა ამბივალენტური იყო; ის  არ აღიქმებოდა მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებად, რომლის მოშორებაც გვსურდა.  პანკ კულტურისთვის მოწყენილობით შექმნილი სივრცე ერთდროულად გამოწვევაც იყო  და  შესაძლებლობაც: თუ მოწყენილები ვართ, შეგვიძლია რაღაც ახალი მოვიფიქროთ, დავწეროთ ან შევქმნათ ის, რაც ამ სიცარიელეს შეავსებს. და სწორედ ამ მოთხოვნებით –  “მიიღე მონაწილეობა,” “გააკეთე,” “იმოქმედე” და  “არ გაჩერდე” – მოახერხა კაპიტალიზმმა მოწყენილობის განეიტრალება. დღეს, იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზონ სანახაობა, რომელიც დაგვაწყნარებს, კაპიტალისტური კორპორაციები ყველანაირად ცდილობენ შეგვიტყუონ გაურკვეველ ინტერაქციებში, გვეუბნებიან შევქმნათ საკუთარი “კონტენტი” და ჩავერთოთ დაუსრულებელ დისკუსიებსა თუ განხილვებში. ამის გამო, დღეს აღარ არსებობს არც საბაბი, არც შესაძლებლობა და არც დრო მოწყენილობისთვის.

 

თუმცა, თუ თანამედროვე კაპიტალიზმმა გააქრო  მოწყენილობა, როგორც მდგომარეობა, მან ვერ შეძლო  ‘’მოსაწყენის’’ განდევნა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ “მოსაწყენი” ყველგანაა და ყველაფერში აღწევს. ჩვენ, მეტწილად, დავნებდით და აღარ ველით, რომ კულტურა რაიმე ახლით გაგვაკვირვებს – ეს ეხება როგორც “ექსპერიმენტულ,” ისე პოპ კულტურას. მაგალითად,  მუსიკა, რომელიც ოცი, ოცდაათი, ორმოცი წლის წინანდელ ნამუშევრებს მოგვაგონებს; ჰოლივუდური ფილმები, რომლებსაც გამუდმებით გადაამუშავებენ და თავიდან იგონებენ ერთხელ უკვე ნაცად და ამოწურულ კონცეფციებზე დაყრდნობით; ან თუნდაც თანამედროვე ხელოვნების დაღლილი ჟესტები –  „მოსაწყენი“ ყველგანაა. უბრალოდ, დღეს არავინ არის მოწყენილი, რადგან აღარ ვარსებობთ, როგორც სუბიექტები, რომლებსაც მოწყენის უნარი შესწევთ.

 

მოწყენილობა მთლიანად შთანთქმის მდგომარეობაა და სწორედ ამიტომაც არის ასეთი დამთრგუნველი. იგი მთლიანად მოიცავს  ჩვენს არსებას და გვეჩვენება, რომ მას ვერასოდეს დავაღწევთ თავს. თუმცა, სწორედ ეს შთანთქმის უნარია დღეს საფრთხის ქვეშ, რადგან კაპიტალისტური კიბერსივრცე მუდმივად გვიფანტავს ყურადღებას. თუ მოწყენილობა არის დაცარიელებული შთანთქმის ფორმა, მაშინ მისი საპირწონე შეიძლება იყოს შთანთქმის პოზიტიური ფორმები. სწორედ ამას ვერ უზრუნველყოფს კაპიტალიზმი – მას არ შეუძლია შემოგვთავაზოს ნამდვილი შთანთქმის მდგომარეობა, იგი უბრალოდ გვიფანტავს ყურადღებას „მოსაწყენისგან.“

 

შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე დამახასიათებელი განცდა მოწყენილობისა და იძულების ნაზავი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, რამდენად მოსაწყენია ეს ყველაფერი, მაინც ვგრძნობთ იძულებას, კიდევ ერთი ფეისბუქის ტესტი შევავსოთ,  სხვა ვიდეოზე გადავიდეთ, ან წავიკითხოთ ჭორები ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც, სინამდვილეში, საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენ უსასრულოდ ვმოძრაობთ მოსაწყენ სივრცეში, მაგრამ ჩვენი ნერვული სისტემა იმდენად გადატვირთულია სტიმულებით, რომ მოწყენილობის განცდის ფუფუნებაც კი აღარ გვაქვს. ამიტომაც, დღეს არავინ არის მოწყენილი, მაგრამ ყველაფერი მოსაწყენია.