ატომური ომი და კაცობრიობის დასასრული

ატომური ომი და კაცობრიობის დასასრული

ავტორი: ჯორჯო აგამბენი

გიორგი ჯავახიშვილის თარგმანი (კინოს მკვლევარი, cinexpress-ის რედაქტორი)

9 აპრილი 2026

1958 წელს, კარლ იასპერსმა გამოსცა წიგნი სათაურით ატომური ბომბი და კაცობრიობის მომავალი, რომელშიც მიზნად ისახავდა რადიკალურად დაეყენებინა ეჭვქვეშროგორც ამას ქვესათაური მიუთითებსჩვენი დროის პოლიტიკური ცნობიერება. ავტორი შენიშნავს, რომ ატომურმა ბომბმა კაცობრიობის ისტორიაში სრულიად ახალი ვითარება წარმოშვა, რითაც იგი გარდაუვალი ალტერნატივის წინაშე დააყენა: „ან მთელი კაცობრიობა ფიზიკურად განადგურდება ან ადამიანმა უნდა გარდაქმნას საკუთარი ეთიკურპოლიტიკური მდგომარეობა.“ თუ წარსულში, როგორც ეს ადრეული ქრისტიანული თემების შემთხვევაში ხდებოდა, ადამიანები სამყაროს აღსასრულისარარეალურ წარმოდგენებსიქმნიდნენ, დღეს, თავის ისტორიაში პირველად, კაცობრიობას აქვსრეალური შესაძლებლობაგაანადგუროს საკუთარი თავი და ყოველივე ცოცხალი დედამიწაზე. ეს შესაძლებლობათუნდაც ადამიანები, როგორც ჩანს, სრულად ვერ აცნობიერებენ მასპოლიტიკური ცნობიერებისთვის მხოლოდ ახალ დასაწყისს შეიძლება აღნიშნავდეს დაკაცობრიობის მთელ ისტორიაში გარდამტეხ მომენტსგულისხმობდეს.

 

თითქმის სამოცდაათი წლის შემდეგ, კაცობრიობის თვითგანადგურებისრეალური შესაძლებლობა“, რომელმაც, როგორც ჩანს, შეარყია ფილოსოფოსის სინდისი და მყისიერად მიიპყრო მკითხველთა ყურადღება (წიგნი ფართოდ განიხილებოდა), თითქოს აშკარა ფაქტად იქცა, რომელსაც გაზეთები და პოლიტიკოსები ყოველდღიურად იხმობენ, როგორც აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენას. საგანგებო მდგომარეობაზე[1] საუბრის შედეგადრომელშიც გამონაკლისი, როგორც მოგეხსენებათ, წესად იქცევამოვლენა, რომელსაც იასპერსი გაუგონრად მიიჩნევდა, მეტისმეტად ტრივიალურ მოვლენად წარმოგვიდგება, რომლის მიზანშეწონილობისა და მოახლოებულობის შეფასება ექსპერტთა განსჯის საგანია. ვინაიდან ბომბმა შეწყვიტა კაცობრიობის ისტორიის გადამწყვეტშესაძლებლობადყოფნა და, ნაცვლად ამისა, უშუალოდ გვეხება, როგორც საომარი ვითარების განმსაზღვრელი ერთერთიშანსი“, უმჯობესი იქნება ხელახლა განხილულ იქნეს საკითხი, რომელიც, შესაძლოა, სათანადო ცნებებით არც ყოფილა დასმული.

 

ცამეტი წლის შემდეგ, ესეიში ნიშანდობლივი სათაურითაპოკალიფსი იმედს აცრუებს[2], მორის ბლანშო კაცობრიობის აღსასრულის პრობლემის საკითხს დაუბრუნდა. და ეს მან იასპერსის თეზისების მოკრძალებული, თუმცა არანაკლებ ქმედითი კრიტიკისადმი დაქვემდებარებით გააკეთა. თუკი წიგნის თემა ეპოქალური ცვლილების აუცილებლობა იყო, გასაკვირია, რომ

 

თავად იასპერსის მხრიდან, წიგნში, რომელიც, წესით, ამ ცვლილების ცნობიერება, განახლება და კომენტარი უნდა იყოს, არაფერი შეცვლილაარც ენაში, არც აზროვნებაში და არც პოლიტიკურ ფორმულებში, რომლებიც შენარჩუნებული და, მეტიც, ჩაკეტილია მთელი ცხოვრებისეული წინასწარგანწყობების ირგვლივ; რომელთაგან ზოგიერთი მეტად კეთილშობილურია, სხვები კიმეტად ვიწროროგორაა შესაძლებელი, რომ საკითხმა, რომელიც კაცობრიობის ბედს სასწორზე დებს და რომელთან შეჭიდებაც მხოლოდ სრულიად ახალ აზროვნებას შეიძლება გულისხმობდეს, არ განაახლა მისი გამომხატველი ენა და პოლიტიკურ წესრიგში მხოლოდ ნაწილობრივ და მიკერძოებულ მოსაზრებებს წარმოშობს, ან გადაუდებელსა და ამაღელვებელსსულიერ წესრიგში, თუმცა იდენტურს იმათი, რომელთა ამაო გამეორებასაც უკვე ორი ათასი წელია ვისმენთ?

 

ეს შენიშვნა, ცხადია, მართებულია, რადგან იასპერსის წიგნი არა მხოლოდ წარმოდგენილია, როგორც ვრცელი აკადემიური მონოგრაფია, რომელიც პრობლემის ყველა ასპექტში გამოკვლევას ისახავს მიზნად, არამედ ის, რასაც ავტორი გადანდგურებას უპირისპირებს, სხვა არაფერია, თუ არა ბანალურობა: „საყოველთაო მშვიდობა ატომური ბომბების გარეშე, ბირთვულ ენერგიაზე ეკონომიკურად დაფუძნებული ახალი ცხოვრებით.“ არანაკლებ უცნაურია ისიც, რომ ატომური ბომბი, როგორც თანაბრად მომაკვდინებელი საფრთხე, ერთ სიბრტყეზეა განთავსებული ბოლშევიზმის ტოტალიტარულ მმართველობასთან, რომელთან მორიგებაც შეუძლებელია. ფაქტი ისაა, როგორც ჩანს, მიგვანიშნებს ბლანშო, რომ ასეთი აპოკალიფსური პერსპექტივა უეჭველად იმედგამაცრუებელია, რადგან ის კაცობრიობის ხელთ არსებულ ძალაუფლებად წარმოაჩენს იმას, რაც სინამდვილეში ასეთი სულაც არ არის. ფაქტობრივად, ეს არის

 

ძალაუფლება, რომელიც ჩვენი ძალაუფლების მიღმაა და მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომლის ბატონებიც არ ვართ; ალბათობაზემოდი, ის ალბათურარაალბათურად მივიჩნიოთრომელიც ჩვენს ძალაუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოხატავდა, თუკი მას უსაფრთხოდ დავეუფლებოდით. თუმცა, ამჟამად, მისი დამორჩილება ისევე არ ძალგვიძს, როგორც მისი სურვილი, და ეს ერთი აშკარა მიზეზის გამო: ჩვენ საკუთარი თავის ბატონებიც არ ვართ, რადგან ეს კაცობრიობა, რომელიც შესაძლოა ტოტალურად განადგურდეს, როგორც მთლიანობა, ჯერ კიდევ არ არსებობს.

 

ერთი მხრივ, ძალაუფლება, რომლის ამოქმედებაც შეუძლებელია; მეორე მხრივ, როგორც ამ ძალაუფლების სავარაუდო სუბიექტი, ადამიანთა თემი,

 

რომელიც შეიძლება ჩაიხშოს, მაგრამ  მისი არსებობა არ გაცხადდეს, ან რომელიც, რამენაირად, მხოლოდ გაუჩინარების შემდეგ თუ გაცხადდებოდაამავე გაუჩინარების ჩაუწვდომელი სიცარიელის მეშვეობით; შესაბამისად, რაღაც ისეთი, რისი განადგურებაც კი შეუძლებელია, რადგან ის არ არსებობს.

 

 

თუ უდავოა ის, რომ კაცობრიობის განადგურება არ არის შესაძლებლობა, რომელსაც კაცობრიობა შეგნებულად განკარგავს, არამედ მინდობილი რჩება ამა თუ იმ სახელმწიფო მეთაურის, მეტწილად, შემთხვევითი გადაწყვეტილებებისა და შეფასებების კონტიგენტურობას[3], მაშინ იასპერსის არგუმენტი საფუძვლიანად ინგრევა, რადგან ადამიანები, რომელთაც სინამდვილეში არ შესწევთ საკუთარი თავის განადგურების უნარი, ვერც კი გააცნობიერებენ ამ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ეთიკურად და პოლიტიკურად გარდაქმნან საკუთრივ ცნობიერება. როგორც ჩანს, აქ იასპერსი იმავე შეცდომას იმეორებს, რაც ჰუსერლმა დაუშვა, როდესაც 1935 წელს, ლექციაში ფილოსოფია და ევროპული კაცობრიობის კრიზისი[4], მან მაინც განუსაზღვრელ ევროპულ „გონებას“ მიანდო სიმწიფისკენ კაცობრიობის უსასრულო პროგრესის წარმართვის ამოცანა. თუმცა, მართალია, კრიზისის მიზეზად „რაციონალიზმის გადახრებს“ ასახელებდა.  აქ უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ალტერნატივა „საკუთარი თავისა და თავისი რაციონალური მოწოდებისგან სულ უფრო მეტად გაუცხოებული ევროპის გაქრობასა“ და „გონების გმირობის“ წყალობით „ევროპის ხელახალ დაბადაებას“ შორის, ამჟღავნებს იმ უთქმელ შეგნებას, რომ იქ, სადაც „გმირობის“ საჭიროებაა, აღარ რჩება ადგილი ამ „რაციონალური მოწოდებისთვის“ (რომელიც, როგორც დაზუსტებულია, ევროპულ კაცობრიობას „ველური პაპუასისგან“ განსხვავებს, სულ მცირე, იმდენადვე, რამდენადაც ეს უკანასკნელი განსხვავდება მხეცისგან).

 

რისი აღიარების გამბედაობაც კეთილგანწყობილ გონებას არ ყოფნის, არის ის, რომ ევროპული კაცობრიობის ან თავად კაცობრობის დასასრული, რომელიც მინდობილია უწყინარ და ამაო მისწრაფებებს, რაც ხელუხლებელს ტოვებს ამავე დასასრულის გამომწვევ პრინციპს, საბოლოოდ, როგორც ბლანშომ ინტუიციურად განჭვრიტა, დაიყვანება „მარტივ ფაქტამდე, რომლის შესახებაც არაფერია სათქმელი, გარდა იმისა, რომ ის თავად საზრისის არარსებობაა — რაღაც, რაც არც აღტაცებას იმსახურებს, არც სასოწარკვეთას და, შესაძლოა, არც ყურადღებას.“ ვერცერთი ისტორიული მოვლენა — ვერც ატომური ომი (ან, ჰუსერლის აზრით, პირველი მსოფლიო ომი), ვერც ებრაელთა განადგურება და, მით უმეტეს, ვერც პანდემია —  ვერ ჰიპოსტაზირდება[5] ეპოქალურ მოვლენად, თუკი ის არ იქცევა ჩაუწვდომელ და ფუყე idolum historiae[6]-დ, რომელზე ფიქრი და რომელთან გამკლავება უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ, აუცილებელია ყოველგვარი დათქმის გარეშე უარვყოთ იასპერსის არგუმენტი, რომელიც უგულებელყოფს დასავლური გონების უუნარობას, ბოლომდე გაიაზროს იმ აღსასრულის პრობლემა, რომელიც თავად წარმოშვა, მაგრამ რომლის დამორჩილებაც არანაირად არ შეუძლია. საკუთარი აღსასრულის რეალობის პირისპირ მდგომი, იგი ცდილობს დრო მოიგოს ამ რეალობის ისეთ შესაძლებლობად გარდაქმნით, რომელიც მიუთითებს სამომავლო რეალიზაციაზე — ატომურ ომზე, რომლის თავიდან აცილებაც გონებას ჯერ კიდევ შეუძლია. შესაძლოა, უფრო თანმიმდევრული ყოფილიყო იმის დაშვება, რომ კაცობრიობა, რომელმაც ბომბი შექმნა, სულიერად უკვე მკვდარია, და რომ აზროვნება უნდა დავიწყოთ სწორედ ამ სიკვდილის რეალობის და არა მისი შესაძლებლობის გაცნობიერებიდან. თუკი აზროვნებას არ შეუძლია გონივრულად დასვას სამყაროს აღსასრულის პრობლმეა, ეს იმიტომ, რომ აზროვნება ყოველთვის აღსასრულშია მოთავსებული; ის მუდამ რეალობის განცდაა და არა აღსასრულის შესაძლებლობის. ომი, რომლისაც გვეშინია, ყოველთვის მიმდინარეობს და არასდროს სრულდება, ზუსტად ისევე როგორც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ერთხელ ჩამოცვენილი ბომბის ვარდნა არასდროს შეწყვეტილა. მხოლოდ ამგვარი გაცნობიერების შემდეგ შეწყვეტს კაცობრიობის აღსასრული, ატომური ომი და კლიმატური კატასტროფები იმ ფანტომებად ყოფნას, რომლებიც აშინებენ და პარალიზებენ გონებას, რომელსაც მათთან გამკლავება არ შეუძლია; ამის ნაცვლად, ისინი წარმოჩნდებიან ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან: პოლიტიკურ ფენომენებად, რომლებიც თავიანთი კონტინგენტურობითა და აბსურდულობით უკვე მუდმივად სახეზეა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მათი, როგორც უალტერნატივო ფატალურობის, არამედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ისინი იჩენენ თავს, და იმ ძალების გამოყენებით, რომლებიც ხელთ გვაქვს მათთან საბრძოლველად ან მათგან თავის დასაღწევად. ეს არის ის, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვისწავლეთ და, იმ ძალაუფლების მფლობელთა პირისპირ, რომლებიც სულ უფრო მეტად ავლენენ უუნარობას –  მართონ მათ მიერვე შექმნილი საგანგებო მდგომარეობა – ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს გამოცდილება სათანადოდ გამოვიყენოთ.

 

წყარო:

https://bluelabyrinths.com/2023/01/16/giorgio-agamben-atomic-warfare-and-the-end-of-humanity/

https://www.quodlibet.it/giorgio-agamben-la-guerra-atomica-e-la-fine-dell-u2019umanita

 

შენიშვნები:

[1] საგანგებო მდგომარეობა და გამონაკლისი (Stato di eccezione) – ჯორჯო აგამბენის პოლიტიკური ფილოსოფიის მთავარი კონცეპტი, რომელიც ეყრდნობა კარლ შმიტის თეორიას, რომლის მიხედვითაც სუვერენია ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის (გამონაკლისის) შესახებ. აგამბენის მიხედვით, თანამედროვე პოლიტიკაში გამონაკლისი იქცა ნორმად; ხელისუფლებები, ატომური ომის, ტერორიზმის ან პანდემიის საფრთხის საბაბით) აწესებენ საგანგებო მდგომარეობას, რითაც ზღუდავენ კანონის მოქმედებას და მოსახლეობაში შიშის დანერგვით მართავენ.

[2] ფრანგი ფილოსოფოსის, მორის ბლანშოს ესე, რომლითაც ავტორი აკრიტიკებს იასპერსის ნააზრევს. კრიტიკის საგანია იდეა, რომ ატომური განადგურება (აპოკალიფსი) არ წარმოადგენს საზრისის მომტან ისტორიულ მოვლენას, რომ ის აბსოლუტური სიცარიელეა, რომელიც თავად აზროვნების შესაძლებლობას ანადგურებს.

[3] ამ ტერმინით ხაზი ესმება იმას, რომ კატასტროფები არა ისტორიული ფატალობა, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია.

[4] ფენომენოლოგიის ფუძემდებლის, ედმუნდ ჰუსერლის მოხსენება. ჰუსერლი ევროპული სულის კრიზისის მთავარ გამომწვევად თვლიდა პოზიტივისტურ მეცნიერებას და ნატურალიზმის გავლენებს. მისთვის გამოსავალი ტრანსცენდენტურ გონებაში — გონების გმირობაში იყო.

[5] აბსტრაქტული ცნების, იდეის ან მოვლენის დამოუკიდებელ, ობიექტურ რეალობად გამოცხადება. აქ ჰიპოსტაზირება გამოყენებულია ისტორიული მოვლენის პოლიტიკური კონტექსტიდან ამოგლეჯის, მის საკრალურ კატასტროფად ქცევის მნიშვნელობით.

[6] ისტორიის კერპი ამ ტექსტის კონტექსტში აღნიშნავს ისტორიულ მოვლენას, რომელიც რეალური არსისგან, შინაარსისგან დაცარიელდა, დოგმად იქცა, რაც რაციონალური აზროვნების და, შესაბამისად, პოლიტიკური მოქმედებების შესაძლებლობას ზღუდავს.